სიახლენი შრომის კანონმდებლობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიახლენი შრომის კანონმდებლობაში

ვარ 23 წლის, შარშან ფრიადებზე დავამთავრე ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, სამსახურში დღემდე ვერ მოვეწყვე. ახლა კონკურსში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე, გასაუბრებაზე უფროსსაც შევხვდი და დღე-დღეზე ველოდები კერძო სტრუქტურაში მუშაობის დაწყებას. გთხოვთ, ამიხსნათ, რა სახის ინფორმაციის მიღების უფლება მაქვს დამსაქმებლისგან შესასრულებელი სამუშაოს თაობაზე. ბაქარ ანთიძე

- გილოცავთ კონკურსში გამარჯვებას და პირველ სამსახურს; უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ (რასაც თქვენი შრომისმოყვარეობაც უნდა დაემატოს) და გჯეროდეთ, მორიგი წარმატებაც არ დააყოვნებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გაცნობებთ, რომ 2013 წლის 4 ივლისიდან მოქმედი შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იყო, ჯერ კიდევ მუშაობის დაწყებამდე მოეწოდებინა თქვენთვის ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი ან ზეპირი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; შრომის პირობების შესახებ; შრომითი ურთიერთობისას თქვენი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; შრომის ანაზღაურების შესახებ. თუ ყოველივე ზემოაღნიშნულის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაცია დღემდე არ მიგიღიათ, გირჩევთ, მიმართოთ თქვენი სამსახურის ადამიანური რესურსების (იგივე კადრების) განყოფილებას ან უშუალოდ დამსაქმებელს. ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის მე-6 მუხლში (რომლითაც წესრიგდება შრომითი ხელშეკრულების პირობები) 2013 წლის 4 ივლისიდან შევიდა მთელი რიგი ცვლილებები და დამატებები. სახელდობრ: თუ ზემოაღნიშნულ დრომდე შრომითი ხელშეკრულება იდებოდა წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით, ცვლილებების შეტანის დღიდან იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, მხოლოდ განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, შრომითი ხელშეკრულება აუცილებლად იდება წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება სამ თვეზე მეტხანს. შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, თუ სამუშაოს შესრულება დაკავშირებულია: კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულებასთან; სეზონურ სამუშაოსთან; სამუშაოს მოცულობის დროებით ზრდასთან; შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლებასთან; სხვა ობიექტურ გარემოებებთან, რაც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების მიზანს.

5 წელია, ვმუშაობ ერთ-ერთ არასახელმწიფო დაწესებულებაში ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც უწყვეტ შრომით რეჟიმში ზოგჯერ 3 თვით განისაზღვრება, ზოგჯერ - მეტით, ხოლო ზოგჯერ - ნაკლებით. იმ უბანზე, სადაც მე ვსაქმიანობ, ასეთივე პირობით 4-5 წელია მუშაობს კიდევ 6 თანამშრომელი. ყველას გვაქვს ოჯახი (კმაყოფაზე გვყავს ცოლ-შვილი ან ქმარ-შვილი), ამიტომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თარიღის მოახლოებისას სულ შიში გვიპყრობს, არ ვიცით, გაგვიგრძელებს თუ არა მას დამსაქმებელი. ასე გრძელდება დღემდე; ამჟამად ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ერთ თვესა და 5 დღეში ისევ სანერვიულოდ გვექნება საქმე. გთხოვთ, აგვიხსნათ, ხომ არაფერი ცვლილება შესულა კანონში ჩვენ სასარგებლოდ. ვახტანგ თოდაძე

- დიახ, არის გარკვეული ცვლილება. მოქმედი შრომის კოდექსით, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ანდა შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. შეკითხვაში აღნიშნული პირობების მიხედვით, პირადად თქვენი და თქვენი თანამოსაქმეების მდგომარეობა აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, როგორც მიუთითეთ, ვადიანი ხელშეკრულებები გიგრძელდებოდათ განუწყვეტლივ და ამჟამად თქვენი შრომის საერთო სტაჟი 30 თვეს აღემატება. ამგვარ შემთხვევებში დამსაქმებლის მიერ დადებული ხელშეკრულება უვადო შრომით ხელშეკრულებად ჩაითვლება. მაგრამ აქვე აგიხსნით იმასაც, რომ, როგორც საქართველოს შრომის კოდექსის გარდამავალ და დასკვნით დებულებებშია (54-ე მუხლის 13 პუნქტი) აღნიშნული, ამ კანონით სარგებლობის უფლება მოგენიჭებათ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, ე. ი. 2014 წლის 4 ივლისიდან.


იქნებ მაცნობოთ, მოქმედ შრომის კოდექსში 2013 წლის ზაფხულში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, რა ითვლება შრომის ხელშეკრულების არსებით პირობად. ალექსანდრე კანკავა

- 2013 წლის 4 ივლისიდან მოქმედი შრომის კოდექსის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; სამუშაო დრო და დასვენების დრო; სამუშაო ადგილი; თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.

დამსაქმებელმა, რომელთანაც 4 წელი და 6 თვეა ვმუშაობ, 2013 წლის 27 აგვისტოს ყოველგვარი შეთანხმების გარეშე შემიცვალა შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობები, რამაც ჩემი სამუშაო პირობების გაუარესება გამოიწვია. გთხოვთ, ამიხსნათ, ჰქონდა თუ არა ამის უფლება, ასევე, მოქმედი კანონის თანახმად, რა მიიჩნევა და რა - არა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად. ლერი გიორგაძე

- შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რაც განპირობებულია კანონმდებლობის ცვლილებით, არ მოითხოვს დასაქმებულის თანხმობას. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ მიიჩნევა: დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ საზოგადოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისვლა და დაბრუნება მოითხოვს არა უმეტეს 3 საათისა დღეში და, ამასთანავე, არ იწვევს არათანაბარზომიერ ხარჯებს; სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის ცვლილება არა უმეტეს 90 წუთით. ზემოაღნიშნული მიზეზებით გათვალისწინებული გარემოებებიდან ერთდროულად ორივეს შეცვლა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.

გთხოვთ, გვაცნობოთ, შრომის კოდექსში 2013 წლის 4 ივლისიდან შეტანილი ცვლილებების შემდეგ ვინ ჩაითვლება შრომითი ურთიერთობის სუბიექტად. მაია მამფორია

- შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87 და N98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება. დღეს აქ შევწყვეტთ საქართველოს ორგანულ კანონში, შრომის კოდექსში, შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებზე საუბარს, დანარჩენ მნიშვნელოვან საკითხებზე კი ჟურნალის მომდევნო ნომრებში მივაწვდით ინფორმაციას დაინტერესებულ მკითხველს.

თქვენთვის საინტერესო საკითხების გასარკვევად მოგვმართეთ ტელეფონით შემდეგ ნომრებზე:

593 359909; 595 051177