ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობები

- კონკრეტულად რა გარემოება შეიძლება მსგავს შემთხვევაში ჩაითვალოს პატივსადებ საფუძვლად?

- პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება ორი გარემოება: 1. თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; 2. შესრულების ვადის დადგენიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. შესრულების მიღება კრედიტორის უფლებაა და არა ვალდებულება. მოვალის მიერ ვადის გადაცილება კრედიტორს ხდის უფლებამოსილს და არა ვალდებულს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

- რას ითვალისწინებს კანონი ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას და ხომ არ არის შეტანილი რაიმე ცვლილება იმ მუხლში, რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს?

- ამ საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, რომელშიც ცვლილება შეტანილია 2007 წლის 29 ივნისის #5127 კანონით. დღეისათვის ეს მუხლი ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: “მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააადგილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია”. იქვე მითითებულია, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დრო აფრთხილებს ადამიანის მაგივრად და აღარაა საჭირო კრედიტორის მიერ მოვალის გაფრთხილება. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს განსაზღვრული ვადით დადებული გარიგებანი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელიტიური ბუნების.

- გთხოვთ, დაწვრილებით (მაგალითების მოყვანით) აგვიხსნათ, რას გულისხმობს აბსოლუტური და რელიტიური ვადის გარიგებები.

- აბსოლუტური ვადა მაშინ არის, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს. მაგალითად, შეთანხმებულია მოგზაურობა განსაზღვრულ დროს, გამოძახებულია ტაქსი განსაზღვრულ მატარებელთან მისასვლელად, შეკვეთილია ტორტი დაბადების დღისთვის და სხვა. ყველა მითითებულ შემთხვევაში თუ მოხდა ვადის გადაცილება, ვალდებულება აზრს კარგავს და შეუძლებელია მათი შესრულება. რელიტიური ვადების შემთხვევაში ვადის გადაცილება აზრს არ უკარგავს ვალდებულების შემდგომ შესრულებას, მხოლოდ ართულებს მას. მოკლედ, შესრულება გამოსწორებადია. მაგალითად, შპს “კოკა-კოლა” ვალდებული იყო, მიეწოდებინა რესტორან “მეტეხისთვის” 2008 წლის ბოლომდე 1000 ბოთლი “კოკა-კოლა”. ვადის გადაცილება დაიწყება 2009 წლის 1 იანვრიდან, მოვალის გაფრთხილების გარეშე. ვადის გადაცილებად მიიჩნევა ისიც, როცა შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას. გაფრთხილება - ეს არის კრედიტორის ცალმხრივი მოთხოვნა მოვალის მიმართ. გაფრთხილების გავრცელებულ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შემთხვევა, როცა კავშირგაბმულობის ორგანიზაცია აბონენტს ზეპირად (ტელეფონით) ან ცალმხრივი გამორთვით ატყობინებს, რომ უკვე დამდგარია აღნიშნული მომსახურებისათვის დადგენილი თანხის გადახდის ვადა. მსგავსი ხასიათის გაფრთხილების შემდეგ მოვალემ ვალდებულება დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის, მათ შორის შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც. ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს კანონის თანახმად შემდეგნაირად არის გადაწყვეტილი: თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, მაგრამ თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა - დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება”. როცა ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა.


- შეუძლია თუ არა კრედიტორს, შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები?

- დიახ, ამ შემთხვევაში კრედიტორს კანონით მინიჭებული აქვს ასეთი უფლებამოსილება. ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით, მაგრამ ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. სამოქალაქო ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმაა. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დადგენილია სამოქალაქო პასუხისმგებლობა სანქციების სახით, მაგრამ ყოველგვარი სანქცია სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას მხოლოდ ის სანქციები წარმოადგენენ, რომლებიც ითვალისწინებენ ვალდებულების დამრღვევი პირისათვის დამატებითი მოქმედების შესრულების დაკისრებას. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

- როგორ გადაწყდება ზიანის ანაზღაურების საკითხი იმ შემთხვევაში, როცა მის წარმოშობაში დაზარალებულიც არის დამნაშავე?

- თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედებაში, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. მხარეებს შეუძლიათ, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

- შეუძლია თუ არა სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირება?

- სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახადის ანგარიშში, ხოლო თუ არ ჩაითვლება, ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს.

- მსურდა ბინის შეძენა, მაგრამ ვინაიდან მთელი თანხა არ მქონდა, მის გამყიდველს ბეს სახით გადავუხადე 2000 აშშ დოლარი. სხვა აუცილებელი საჭიროება გამომიჩნდა, რის გამოც ბინის შესაძენად საჭირო თანხა დღემდე ვერ შევაგროვე, გასაყიდი ბინის მესაკუთრეს ვთხოვე, უკან დაებრუნებინა ჩემთვის ბეს სახით მიცემული თანხა, რაზედაც უარი მითხრა, ჩვენს მიერ დათქმული ვადა 2 თვის წინ ამოიწურაო. უკიდურესად მიჭირს და არ ვიცი, რა გზას დავადგე, სანამ სასამართლოს მივმართავდე, თქვენი შეწუხება გადავწყვიტე. იქნებ ამიხსნათ, როგორ არის მსგავსი საკითხი გადაწყვეტილი მოქმედი კანონის შესაბამისად?

- სამწუხაროდ, პასუხით ვერ გაგახარებთ, რადგან, კანონის თანახმად, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს, ხოლო თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, მაგრამ კანონით გათვალისწინებულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა მაშინაც, როცა კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას (28.12.2002 #1902). თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, მაგრამ თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე.

- გთხოვთ, აგვიხსნათ, რა შემთხვევაში ჩაითვლება კრედიტორი ვადის გადამცილებლად.

- კრედიტორი ვადის გადამცილებლად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გადაცემაზე, საცალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ასევე - შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია. ამ შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს, უარი თქვას მის შესრულებაზე. ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულია აგრეთვე: ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, დეპონირებით, ვალის პატიებით და ზოგიერთი სხვა საფუძვლით ვალდებულების შეწყვეტის შესაძლებლობა; განმარტებულია სოლიდარული კრედიტორებისა და მოვალეების უფლებამოსილებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ ერთ სტატიაში თითოეულ მათგანზე შეჩერება ძნელია, ამიტომ თუ დაინტერესებულ მკითხველს მათ შესახებ რაიმე კონკრეტული კითხვა დაებადება, გთხოვთ მოგვწეროთ, დაგვირეკოთ, შეკითხვა გამოგვიგზავნოთ და, თქვენი სურვილის გათვალისწინებით, ზეპირად გიპასუხებთ ან ჩვენს მომდევნო წერილში (რომელსაც უკვე ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხების განმარტებას მივუძღვნით) გაგცემთ პასუხს.