იურიდიული კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იურიდიული კონსულტაცია

რუბრიკის ერთგულ მკითხველთა თხოვნით, რომლებიც მითითებულ ტელეფონის ნომერზე ხშირად გვეხმიანებიან, განვმარტავთ: როგორია სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში; ვინ და რა სახით ახორციელებს მათი ქონებრივი უფლებების მართვას კოლექტიურ საფუძველზე; როგორი წესით ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა; რით განისაზღვრება მისი საქმიანობა, უფლება-მოვალეობები და სხვა. დაპირებისამებრ, აქვე ვუპასუხებთ მკითხველთა შეკითხვებს.

მაინტერესებს, იწვევს თუ არა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას?

- დიახ, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ, ისე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამგვარი უფლებების დამრღვევად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, შესაბამისი უფლების დამრღვევ პირს, შესაძლოა, სასჯელად შეეფარდოს ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაოები, თავისუფლების შეზღუდვა და, დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება; უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე; თუ ნაწარმოები, მომიჯნავე უფლების ობიექტი ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა (საჯარო გაცნობის, მათი ჩანაწერის ასლების გავრცელების, გაქირავების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით), როდესაც აღნიშნულის განმახორციელებელმა პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ უფლების მართვის ინფორმაცია შეცვლილ ან წაშლილ იქნა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე; ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლა; ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის გამოყენებით ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციის მიზნით მომსახურების შეთავაზება და გაწევა; ნებისმიერი ისეთი ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის წარმოება, იმპორტი, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება ან რეკლამირება:

  • რომლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ემსახურება ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლას;
  • რომელსაც აქვს შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა და გარდა ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისა, შესაძლებელია მისი სხვა მიზნით გამოყენებაც;
  • რომელიც თავიდანვე შექმნილია, განკუთვნილია, წარმოებულია ან გადაკეთებულია იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადოს ან ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას.

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება ორგანიზაციას გადაეცემა ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, ამ ორგანიზაციაში მათი წევრობის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიურ უცხოურ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ იგი არ წარმოადგენს საავტორო ხელშეკრულებას. ავტორს, მომიჯნავე უფლების მფლობელს, მათ მემკვიდრეებს, უფლებამონაცვლეებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს უფლება აქვთ, თავიანთი ქონებრივი უფლებები სამართავად გადასცენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, ხოლო იგი ვალდებულია, იკისროს ამ უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე, თუ ასეთი კატეგორიის უფლებათა მართვა, მათი გამოყენების კონკრეტული ფორმების გათვალისწინებით, განეკუთვნება ამ ორგანიზაციის საქმიანობას.


მაინტერესებს, გასცემს თუ არა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისთვის მოსარგებლეებზე ლიცენზიებს და რა პირობებით.

- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიღებული უფლებების შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისათვის მოსარგებლეებზე გასცემს ლიცენზიებს. ლიცენზიების პირობები ანალოგიური უნდა იყოს ერთი კატეგორიის ყველა მოსარგებლისთვის. ორგანიზაციას უფლება არა აქვს, უარი უთხრას მოსარგებლეებს ლიცენზიის გაცემაზე საამისოდ საკმარისი საფუძველის გარეშე. საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისთვის. საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია, აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელშიც აისახება ინფორმაცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან შეთანხმების შესაბამისად, ეს აუცილებელი არ არის ჰონორარის გამოანგარიშებისა და განაწილებისათვის. როდესაც ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი საჯაროდ სრულდება, მის კანონიერ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც ხდება საჯარო შესრულება. აღნიშნული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე სოლიდარულად ეკისრებათ მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას, სადაც ხდება საჯარო შესრულება.

ვინაიდან ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, გთხოვთ, აგვიხსნათ, როგორ არის დაცული მოქმედი კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები.

- საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებს უფლება აქვთ, დამრღვევისაგან მოითხოვონ: უფლების აღიარება, უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს, ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო მათი უფლებების დარღვევის შედეგად; ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები. საყურადღებოა, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დარღვევის არსი, უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე - ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერი გამოყენების შედეგად. საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია, თავისი საქმიანობა განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა იმ მფლობელების ინტერესთა შესაბამისად, რომლებსაც ეს ორგანიზაცია წარმოადგენს, შეგროვებული ჰონორარი გამოიყენოს მხოლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისთვის გასანაწილებლად და გადასახდელად, ჰონორარის გადახდის დროს წარუდგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ცნობებს მათი უფლებების გამოყენების შესახებ. საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს, რომლებსაც ჰონორარის შეგროვებასთან დაკავშირებული უფლებები არ გადაუციათ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის, უფლება აქვთ: მოსთხოვონ ორგანიზაციას ჰონორარის გადახდა განხორციელებული განაწილების შესაბამისად, ასევე - მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამორიცხვა იმ ლიცენზიებიდან, რომლებსაც ეს ორგანიზაცია გასცემს მოსარგებლეებზე სამი წლის ვადით მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მოსარგებლის მიერ გამოყენების დღიდან.

მოსალოდნელ გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად იქნებ აგვიხსნათ, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რომელი ასლები ითვლება კონტრაფაქციულად.

- კონტრაფაქციულად ითვლება ისეთი ასლები, რომელთა დამზადება, გავრცელება, გაქირავება ან სხვაგვარი გამოყენება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევას. კონტრაფაქციულად ითვლება აგრეთვე იმ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლები, რომლებიც დაცულია საქართველოში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის შესაბამისად და რომლებიც უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ისინი არასდროს ყოფილა დაცული ან სადაც მათი დაცვა შეწყვეტილია.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც მკითხველთა ინტერესების გათვალისწინებით ჩვენი ჟურნალის რამდენიმე ნომერში შევაჩერეთ ყურადღება. თუ კვლავ გაგიჩნდებათ კითხვები ინტელექტუალური საკუთრების თაობაზე, გთხოვთ, შეგვეხმიანოთ ტელეფონის მითითებულ ნომერზე: 595 05 11 77 და დაუყოვნებლივ მიიღებთ კანონიდან გამომდინარე პასუხს.