იურიდიული კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იურიდიული კონსულტაცია

- ნაწარმოები, ფონოგრამა და ვიდეოგრამა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში პირველად გამოქვეყნებულად, თუ უცხო ქვეყანაში პირველად გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში ისინი გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ ვრცელდება აგრეთვე შესრულებაზე, რომელიც პირველად განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე; შესრულებაზე, რომელიც ჩაწერილია ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე; ასევე შესრულებაზე, რომელიც ჩაწერილი არ არის ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, მაგრამ ჩართულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში. იმ მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაზე, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია და გადასცემს გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადაცემებით, ეთერის, კაბელის ან სხვა ანალოგიური საშუალებების გამოყენებით; არქიტექტურულ ნაწარმოებებზე, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც ჩართულია შემადგენელ ნაწილად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ არქიტექტურულ ნაწარმოებებში, განურჩევლად მათი ავტორების მოქალაქეობისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა; მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებიც დაცულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

- როგორ გადაწყდება საკითხი იმ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონისაგან განსხვავებული წესები?

- თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონისაგან განსხვავებული წესები, სადავო საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტის დროს საერთაშორისო ხელშეკრულებათა წესები უნდა იქნეს გამოყენებული. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, განურჩევლად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.

- ვრცელდება თუ არა საავტორო უფლება იდეებზე, კონცეფციებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, თუ ისინი აღწერილია, ილუსტრილებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში?

- მოქმედი კანონის თანახმად, საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, თუნდაც ისინი გამოხატული, აღწერილი, ახსნილი, ილუსტრირებული ან ხორცშესხმული იყოს ნაწარმოებში. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია: ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა); დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებები, ქორეოგრაფიული, პანტომიმური და სხვა სასცენო ნაწარმოებები; მუსიკალური ნაწარმოებები ტექსტით ან უტექსტოდ; აუდიოვიზუალური ნაწარმოებები; სკულპტურის, ფერწერის, გრაფიკის, ლითოგრაფიის, სახვითი ხელოვნებისა და სხვა ნაწარმობები; დეკორატიულ-გამოყენებითი ან მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოებები; თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოებები; არქიტექტურული, ქალაქმშენებლობის ან საბაღე-საპარკე ხელოვნების, ფოტოგრაფიული ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოებები; რუკა, გეგმა, ესკიზი, ილუსტრაცია და სხვა მსგავსი ნაწარმოებები, რომლებიც მიეკუთვნება გეოლოგიას, გეოგრაფიას, კარტოგრაფიას ან სხვა დარგებს; გადამუშავებული ნაწარმოებები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების ბწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება; შედგენილი ნაწარმოებები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.

- გთხოვთ რამდენიმე საკითხის განმარტებას:

1. ითვლება თუ არა აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკეული გამოსახულება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად?

2. ხორციელდება თუ არა საავტორო უფლებათა დაცვა გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებებზე?

3. რამდენი სახის კომპიუტერულ პროგრამაზე ვრცელდება კომპიუტერული პროგრამის დაცვა?

1. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკეული გამოსახულება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად არ ითვლება.

2. გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებათა დაცვა ხორციელდება, განურჩევლად იმისა, წარმოადგენს თუ არა საავტორო უფლების ობიექტებს ის ნაწარმოებები, რომლებსაც ემყარებიან ან შეიცავენ ისინი. აქვე განგიმარტავთ, რომ გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებთა დაცვა ხორციელდება ორიგინალური ნაწარმოებების თანაბრად.

3. კომპიუტერული პროგრამის დაცვა ვრცელდება ყველა სახის კომპიუტერულ პროგრამაზე (ოპერაციული სისტემების ჩათვლით), რომელიც კი შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი ენით, ფორმით, საწყისი ტექსტისა და ობიექტური კოდის ჩათვლით.

საავტორო უფლება არ არის დამოკიდებული იმ მატერიალური ობიექტის საკუთრების უფლებაზე, რომელშიც გამოხატულია ნაწარმოები; მატერიალური ობიექტის საკუთრების ან მფლობელობის გადაცემა თავისთავად არ იწვევს ამ ობიექტში გამოხატულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების გადაცემას. საავტორო უფლება არ ვრცელდება: ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე - მათ ოფიციალურ თარგმანებზე; სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები); ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმის მომენტიდან.

- რა შემთხვევაში ითვლება ნაწარმოები შექმნილად?

- ნაწარმოები შექმნილად ითვლება, თუ იგი გამოხატულია ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისთვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისთვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისგან: ლათინური ასო ჩ წრეწირში - ©; განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება); ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

- სად ხორციელდება ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება და რა შემთხვევაში მიიჩნევა პირი დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად?

- ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს ამის საწინააღმდეგო საბუთი. „საქპატენტში“ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი. იმ შემთხვევაში, როდესაც „საქპატენტში“ ნაწარმოებს წარადგენს ავტორის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს საავტორო უფლებებს, განცხადებას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან საავტორო უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია როგორც ავტორი ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო საბუთი. ეს დებულება (ავტორობის პრეზუმფცია) გამოიყენება ასევე ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ არის ცნობილი. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნა ორმა ან მეტმა პირმა (თანაავტორობა), ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს, განურჩევლად იმისა, ეს ნაწარმოები წარმოადგენს ერთ განუყოფელ მთლიანობას თუ შედგება ნაწილებისაგან, რომელთაგანაც თითოეულს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.

- აქვს თუ არა უფლება თანაავტორს, თავისი სახელით გამოაქვეყნოს თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოების ნაწილი?

- ყოველ თანაავტორს უფლება აქვს, გამოიყენოს ნაწარმოების ის ნაწილი, რომელიც მის მიერ არის შექმნილი და რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, თუ თანაავტორებს შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოების ნაწილი მხოლოდ იმ შეთხვევაში ჩაითვლება დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონედ, თუ შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება ნაწარმოების სხვა ნაწილების გარეშეც. შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მის ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას წარმოადგენს. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს აქვს საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე. ამავე დროს, იგი ვალდებულია დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება. მოქმედი კანონის თანახმად, ზოგიერთ გამომცემელს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული უფლებები. ესენი არიან: ენციკლოპედიური ლექსიკონების, მეცნიერული ნაშრომების, პერიოდული და ერთმანეთის გამგრძელებელი კრებულების, გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გამომცემლები. კანონის თანახმად, მათი განსაკუთრებული უფლება გამოიხატება იმით, რომ შეუძლიათ, ასეთ ნაწარმოებთა ნებისმიერი სახით გამოყენების დროს მიუთითონ თავიანთი სახელი ან მოითხოვონ მისი მითითება.

- შეიძლება თუ არა გაზეთში, ჟურნალში ან სხვა პერიოდულ გამოცემაში შესული ნაწარმოების გამოყენება და თუ შეიძლება, რა შემთხვევაში?

- დაუშვებელია გაზეთში, ჟურნალში ან სხვა პერიოდულ გამოცემაში შესული ნაწარმოების გამოყენება სხვა პირის მიერ ამ გაზეთის, ჟურნალის ან პერიოდული გამოცემის გამომცემლის ანდა ნაწარმოების ავტორის თანხმობის გარეშე. აქვე მნიშვნელოვანია, რომ პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ საინფორმაციო საშუალების დამოწმება, რომელშიც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა. „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე შემდეგნაირად არის გადაწყვეტილი: აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისთვის.

- იქნებ აგვიხსნათ, სამართლებრივად რა სახის ურთიერთობა ყალიბდება ავტორსა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს შორის და რა სახის ხელშეკრულება ფორმდება ნაწარმოების გამოყენებისა და ჰონორარის გაცემის თაობაზე?

- აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორთა (თანაავტორთა) მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისთვის. ამ ნაწარმოების ავტორებს (თანაავტორებს) უნარჩუნდებათ უფლება, მიიღონ ჰონორარი მოსარგებლისგან (მაუწყებლობის ორგანიზაციისგან, კინოთეატრისგან და ა.შ.) ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის. ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება აუდიოვიზუალური ნაწამოების დამამზადებელსა და ავტორებს შორის ბათილია. ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები) ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან დამკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დამსაქმებელს უფლება აქვს, სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი (დასახელება) ან მოითხოვოს მისი მითითება. სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას საავტორო გასამრჯელოს (ჰონორარის) ოდენობა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს ავტორსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულებით. დღეს აქ შევწყვეტთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამართლებრივ საკითხებზე საუბარს, სხვა მნიშვნელოვან თემებზე კი, რომლებიც დაკავშირებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვასთან, ჟურნალის უახლოეს ნომრებში მივაწვდით ინფორმაციას დაინტერესებულ მკითხველს.