გმადლობ, რომ მოხვედი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გმადლობ, რომ მოხვედი

"გამარჯობა. ამ წერილს მედიაპალიტრაში ვგზავნი. არ ვიცი, ვინ წაიკითხავს, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, გულგრილს არ დატოვებს. წელიწადზე მეტია, ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ და როცა ამ საავადმყოფოში სამკურნალო პროცედურებზე შეყვანილი ბავშვების ტირილი გავიგონე, მაშინ ვთქვი, სანამ ვიცოცხლებ, ამ ბავშვებს როგორმე უნდა დავეხმარო-მეთქი. ამ პატარებს აქ ყველაფერი აკლიათ, ტკივილების გარდა. ზოგმა ტკბილეულიც არ იცის რა არის. ამიტომ მათთვის აქ, საავადმყოფოში, რამდენიმე საქველმოქმედო საღამო გავმართე. ამისთვის, სანამ შემეძლო, ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ყველას დახმარებას ვთხოვდი. ზოგი მეხმარებოდა, ზოგი - ვერა. მე მათ არ ვამტყუნებ - ყველას თავისი საზრუნავი აქვს, მაგრამ ვინც დაგვეხმარა, დიდი მადლი ქნა - ბავშვები ისე გაახარა მათმა მოტანილმა ტკბილეულმა, გეგონებოდათ, ვინმე წაართმევსო, უჩუმრად იყრიდნენ ჯიბეებში - ნინო დეიდა დაგვინახავს და  ეწყინება, ასე რომ ვიქცევითო. მსახიობებიც მოვიყვანეთ - საბავშვო სპექტაკლები გამართეს... არ ვიცი, უფრო დიდი რამ თუ შეიძლებოდა გამეკეთებინა, ბავშვების გახარებულ თვალებს რომ ვუყურებდი... ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ გთხოვთ, დახმარება თქვენც გაუწიოთ ამ პატარებს, რაღა თქმა უნდა, თუკი შეგიძლიათ". იმ დღეს ნინომ საავადმყოფოს პატარა პაციენტებისთვის დახატული ნახატები მაჩვენა. ეს სხვანაირი ნახატები იყო: პატარებს დიდების თვალები ჰქონდათ - დიდი ტკივილებით სავსე. მერე ბავშვებთანაც ჩამიყვანა. ვუყურებდი, როგორ გამორბოდნენ ისინი საავადმყოფოს ფოიეში და ეტლში მჯდომ ნინოს ეხუტებოდნენ და სახელს ვერ ვარქმევდი გრძნობას, იმწუთას რომ დამეუფლა; ნინოს გარდა ალბათ ვერავინ მოახერხებდა, ამ პატარებისთვის თუნდაც რამდენიმე წამით დაევიწყებინა ტკივილი და სიხარული მიენიჭებინა... ახლა ნინო ფირცხალაიშვილს მორიგი ოპერაცია გაუკეთეს და საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან მეორეზე, ბავშვთა განყოფილებაში, ბავშვების სანახავად ვეღარ ჩადის. სამაგიეროდ, ბავშვები თავად ადიან მასთან და ნემსებით დაჩხვლეტილ ხელებზე ეფერებიან, აიმედებენ. მათ შორის არის წლინახევრის გოგონაც - ნუ გეშინია, შენ რომ გაქვს ხელებზე ფუჩები (ნანემსარები), ჩვენც გვაქვსო... დღეს ეს პალატა უკვე ნინო ფირცხალაიშვილის სახლია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საკუთარი კერა ნინომ მაშინ დაკარგა, როცა მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა - თბილისში ბინა გაყიდა, რათა ახალი აეშენებინა და... ფული გაქრა! ასეთი რამ ხომ დღესაც ხშირად ხდება... მერე აღმართში ქვაც მიეწია - ონკოლოგიური დაავადებაც აღმოაჩნდა... მთელი ამ ხნის განმავლობში ნახატების გაყიდვით ირჩენდა თავს. ახლაც ხატავს, მაგრამ, საუბედუროდ, არ უმართლებს - მომხდარა ისეც, მთელი წიგნი დაუხატავს, დამკვეთს კი ფული არ გადაუხდია (ასეც ხდება)... მეტისმეტად ბევრი ტკივილია, არა? მაგრამ ნინო ყველა ამ ტკივილს ივიწყებს, რადგან ახლა ფიზიკურ ტკივილებზე უნდა  გაიმარჯვოს... - გმადლობ, რომ მოხვედი, - მეუბნება და სახე უნათდება, - მიყვარს, როცა ჩემს სანახავად მოდიან, რადგან ვინც ჩემთან მოდის, ბავშვებთანაც მიდის და ბავშვებს უხარიათ... მადლობა ღმერთს, რომ ისევ არსებობს ამქვეყნად ისეთი ხალხი, ვინც სამაგიეროდ არაფერს მოელის, ისე აკეთებს სიკეთეს... ერთი ახალგაზრდა გვაკითხავს, შემოვა მისაღებში, უთქმელად დატოვებს ხან ფულს, ხან საჩუქრებს, ბავშვებს გადაეცითო, და მიდის. რამდენჯერმე ტელეფონით ვთხოვე, იქნებ პალატაში ამობრძანდეთ, რომ მადლობა მაინც გადაგიხადოთ-მეთქი. არ არის საჭირო, მაგრამ გიორგი მქვია, თუ რამე დაგჭირდეთ, დამირეკეთ და რაც შემეძლება, გავაკეთებო. ერთხელაც დავურეკე - აქ ერთი ბავშვია, ისეთი გაჭირვებული ოჯახიდან არის, ხალათი და ფლოსტებიც კი არ აქვს-მეთქი. იყიდა და მისაღებიდან გამოაგზავნა. იმას რომ გადასცეს, ვისაც სჭირდებოდა, მეორე ბავშვი ატირდა - მეც მინდაო. ახლა ამაზეც დავურეკე და ზუსტად ისეთივე ხალათი და ფლოსტები მასაც მოუტანა...

- სულ ბავშვებზე ლაპარაკობ. თავად როგორ ხარ?

- ვიბრძვი. მაგრამ ამისთვის მყარი მატერიალური მდგომარეობაც არის საჭირო, მე კი არაფერი გამაჩნია. პლეხანოვზე პაწაწინა ოთახი გვქონდა დაქირავებული. მიყვარდა ეს ოთახი, მზე შემოდიოდა და ვხატავდი, მაგრამ ქირა რომ ვეღარ გადავიხადეთ, დიასახლისმა - ბინა უნდა დამიცალოთო. რა ქნას, მასაც უჭირს, ამიტომაც აქირავებს ბინას. მოკლედ, მოვკრიბეთ ჩვენი ბარგი მე და დედამ და საავადმყოფოში ამოვიტანეთ. განა ბევრია - სულ რამდენიმე ჩანთა. ჩემი ძმა, კიდევ კარგი, რუსული ეკლესიის მორჩილია, იქ ათევს ღამეს. ხანდახან ეკლესიიდან წვნიანიც კი მოაქვს  ჩვენთვის. მე ბევრი არაფერი მინდა, ერთადერთი, ქათმის ბულიონი მიყვარს ძალიან და ისიც ზოგჯერ მნახველებს ამოაქვთ. მადლობა ღმერთს, ექიმებმა საავადმყოფოს პალატაში ცხოვრების ნება დაგვრთეს; ჩვენი განყოფილების გამგემ - თუ აქ ვინმე გეტყვით, რომ პალატა უნდა დაცალოთ, მასთან აღარ ვითანამშრომლებო...

- სხვა თავშესაფრის პოვნა არ გიცდიათ?

- ადრე ქალბატონ სანდრა რულოვსს მივმართე, მისი სამსახურიდან დამირეკეს - განცხადება დაწერე თბილისის მერის სახელზე, ვთხოვთ შესაბამის სამსახურებს, რამე თავშესაფარი მოგცენო. დავწერე, მაგრამ შემატყობინეს, არ გამოვიდა, უარი გვითხრესო... აი, ქალბატონი სანდრას შეკვეთილი პროექტი რომ მაინც გამოსულიყო, ცოტა წელში გავიმართებოდი.

- რა პროექტი იყო?

- ქალბატონ სანდრას იდეა ჰქონდა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ქუდები შეგვეკერა. დავხატე ესკიზები და წარდგენაზე წავედით მე და დედა. წავედი ეტლით - ფეხით სიარული არ შემიძლია. თანაც ამ დროს თურმე ისევ საოპერაციო ვარ და ტკივილებისგან სუნთქვა მიჭირს... პროექტის წარდგენას მთავრობის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ქალბატონი სანდრა ადგა და განაცხადა: მე ძალიან მომწონს ქალბატონი ნინოს პროექტი, თქვენო? ყველამ დაუდასტურა, ძალიან კარგიაო. დავბრუნდი საავადმყოფოში და ქალბატონი სანდრას წარმომადგენელმა დამირეკა: პროექტი მოწონებულია, მაგრამ თავად უნდა მოიძიოთ ფირმა, რომელიც ამ ქუდებს უფასოდ შეკერავსო! ჩემი მდგომარეობით ფირმის მოძიება რომ შემძლებოდა, ამას ხომ ისედაც გავაკეთებდი?! მაგრამ აღარაფერი მიკვირს... აღარც სასწაულების მჯერა... მინდა, ისევ შევძლო სიარული, ჩემს ავადმყოფ ბავშვებთან ჩავიდე, მოვეფერო და გავახარო...

პ.ს. ეს მეც ძალიან მინდა. არა მგონია, ვინმემ ეს წერილი წაიკითხოს და იგივე არ ინატროს. მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ, რა თქმა უნდა, ვინმეს ამის შესაძლებლობა ექნება: ამ მშვენიერი ქალის დასახმარებლად მცირედი გაიღოს. ამისთვის კი მის საბანკო რეკვიზიტებს გთავაზობთ:

"თიბისი ბანკი"; ბანკის კოდი - TBCBGE22;

ანგარიში - GE37TB1187736512500017;

მიმღები - ნინო ფირცხალაიშვილი

ტელ: 592 31 00 14