მემკვიდრეთა უფლება-მოვალეობანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მემკვიდრეთა უფლება-მოვალეობანი

მემკვიდრე ის პირია, რომელზედაც გადადის მამკვიდრებლის ქონება. მამკვიდრებლისგან განსხვავებით, მემკვიდრე შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფიზიკური პირი, არამედ იურიდიული პირი და ხაზინაც.

მემკვიდრეებად შეიძლება ჩაითვალონ ის ფიზიკური პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისთვის. ფიზიკური პირი დაბადებიდან გარდაცვალებამდე შეიძლება იყოს როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრე, განურჩევლად მისი ქმედობაუნარიანობისა.

ანდერძით მემკვიდრეობისას მემკვიდრე შეიძლება იყოს ისიც, ვინც ჩაისახა მამკვიდრებლის სიცოცხლეში და დაიბადა მისი გარდაცვალების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, კანონით მემკვიდრეობისგან განსხვავებით, კანონმდებელი აფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებიც შეიძლება მემკვიდრეები იყვნენ ჯერ კიდევ დაბადებამდე, რადგან, გარდა შვილებისა, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც ჩაისახნენ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. აქ მნიშვნელობა არ აქვს, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაბადებული ბავშვები მისი შვილები არიან თუ არა. საანდერძო განკარგულება ზუსტად უნდა მიუთითებდეს კონკრეტულ პირზე, რომელიც ჩასახული იყო მამკვიდრებლის სიცოცხლეში.

- რა შემთხვევაში ითვლება ბავშვი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ჩასახულად?

- ბავშვი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ჩასახულად ითვლება, თუ მისი გარდაცვალების დღიდან ბავშვის დაბადებამდე გავიდა არა უმეტეს ათი თვისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი მემკვიდრედ ყოფნის უფლებას უკავშირებს არა დაბადებას, არამედ ჩასახვას: "მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე". როგორც ვიცით, სამართლის სუბიექტი დაბადებამდე არ არსებობს, შესაბამისად, ასეთ უფლებაუნარიანობას შეზღუდული უფლებაუნარიანობა ეწოდება. შეზღუდული - იმიტომ, რომ იგი მხოლოდ მემკვიდრედ ყოფნის უფლებას ითვალისწინებს და ეს უფლებაუნარიანობა პირობითია, რადგან მისი განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.

- რა შემთხვევაში შეიძლება იურიდიული პირი იყოს მემკვიდრე?

- იურიდიული პირი ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ იგი შექმნილი იყო სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის (სსკ 1308-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პირის უღირს მემკვიდრედ ცნობას.

დადგენილია, რომ არც კანონითა და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ უშლიდა ხელს მამკვიდრებელს უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა მემკვიდრეებად თავის ან თავისი ახლობელი პირების მოწვევას ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებულ იქნება სასამართლოს მიერ (სსკ 1310-ე მუხლი).

ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება. კანონი არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ მოანდერძემ სხვა პირს დაავალოს ანდერძის შედგენა, რადგან ეს არღვევს ანდერძის არსს. ანდერძი მხოლოდ ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას უნდა შეიცავდეს. ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად ანდერძის შედგენა არ დაიშვება.

- ხომ არ არის კანონით დაშვებული რაიმე გამონაკლისი, როდესაც შეიძლება ანდერძი შეადგინოს რამდენიმე პირმა?

- დიახ, ამ წესიდან დაშვებულია მხოლოდ ერთი გამონაკლისი - მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი, მაგრამ მხოლოდ ურთიერთმემკვიდრეობის შემთხვევაში. აქ ხაზი აქვს გასმული ურთიერთმემკვიდრეობას, ე. ი. მემკვიდრეობას ერთმანეთის შემდეგ.

არ შეიძლება, მეუღლეთა ერთობლივი ანდერძი ეხებოდეს სხვა პირს, გარდა მეუღლეებისა. მეუღლეთა ერთობლივი ანდერძი შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით, მაგრამ ჯერ კიდევ ორივე მეუღლის სიცოცხლეში (სსკ 1346-1347-ე მუხლები).

ანდერძი შეიძლება შეეხოს როგორც მთელ სამკვიდროს, ასევე მის ნაწილს. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მოანდერძეს შეუძლია განსაზღვროს სამკვიდროდან თითოეული მემკვიდრის წილი ან მიუთითოს, რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა.

თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის. მაგალითად, თუ ანდერძში მითითებულია, რომ მოანდერძე მთელ თავის ქონებას უანდერძებს შვილებს, მაშინ შვილები სამკვიდროს თანაბრად გაინაწილებენ.


- როგორ განაწილდება სამკვიდრო, თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი არა?

- მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას (სსკ 1348-ე მუხლი). მაგალითად, თუ ანდერძით გათვალისწინებულია მეუღლე და შვილები, მაგრამ ნათქვამია, რომ მეუღლეს ეანდერძა სამკვიდროს ნახევარი, ხოლო შვილების წილზე არაფერია ნათქვამი, მაშინ შვილები თანაბრად გაინაწილებენ სამკვიდროს მეორე ნახევარს.

თუ მოანდერძემ, რომელმაც ანდერძით რამდენიმე მემკვიდრე დანიშნა, ანდერძში მიუთითა ქონებაზე მხოლოდ ერთი მემკვიდრის სასარგებლოდ და მეტი ქონება სამკვიდროში არ აღმოჩნდა, მისი ქონება ანდერძით გათვალისწინებულ ყველა პირზე თანაბრად განაწილდება.

ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, როგორ განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსი ანდერძის გარეთ დარჩენილი ქონების ბედს. სსკ 1350-ე მუხლის თანახმად, თუ ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი არ მოიცავს მთელ სამკვიდროს, მაშინ ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე განხორციელდება კანონით მემკვიდრეობა, რომელიც შეეხება იმ კანონით მემკვიდრეებსაც, რომელთაც ეანდერძათ ქონების ნაწილი.

თუ არიან მხოლოდ ანდერძით დანიშნული მემკვიდრეები, მაშინ მათი წილი თანაზომიერად გაიზრდება. თუ თითოეულ მემკვიდრეს ანდერძით განსაზღვრული აქვს თავ-თავისი წილი, მაგრამ ყველას წილი სამკვიდროს მთლიანად არ ამოწურავს, მაგალითად, თუ მოანდერძემ სამი მემკვიდრე დანიშნა და თითოეულს უანდერძა სამი სახლი, მაგრამ გაუნაწილებელი რჩება სამკვიდროში შეტანილი კიდევ ერთი სახლი, ის გაიყიდება და მიღებული თანხა განაწილდება ანდერძით მემკვიდრეებზე, თუ კანონით მემკვიდრეები არ არსებობენ.

- შეიძლება თუ არა, მოანდერძემ ანდერძით დაავალოს სხვა პირს იმის განსაზღვრა, ვინ როგორი წილი უნდა მიიღოს?

- მოანდერძეს არ შეუძლია ანდერძით დაავალოს სხვა პირს იმის განსაზღვრა, თუ ვინ უნდა მიიღოს წილი და რა ოდენობით - ანდერძის ნამდვილობისთვის მოანდერძე ვალდებულია თვითონ განსაზღვროს მემკვიდრეები და მათთვის გადასაცემი წილის ოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელმა მემკვიდრის პიროვნება განსაზღვრა ისეთი ნიშნებით, რომლებიც რამდენიმე პირს შეიძლება მიუდგეს და შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულად რომელს გულისხმობდა ის, მაშინ ყველა ზემოხსენებული პირი ჩაითვლება მემკვიდრედ თანაბარი წილის უფლებით. მაგალითად, მოანდერძემ ანდერძში მიუთითა, რომ ქონებას უანდერძებს ძმისშვილს, მაგრამ მას ჰყავს მეორე ძმისშვილიც, რომელსაც იგივე სახელი და გვარი აქვს. ამ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია იმის დადგენა, სახელდობრ რომელ ძმისშვილს გულისხმობდა მამკვიდრებელი, ორივე მემკვიდრედ ჩაითვლება თანაბარი წილის უფლებით.

მოანდერძეს შეუძლია, ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა ანდერძით მემკვიდრეს და აღსანიშნავია, რომ იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივი. ამ მიზნით მოანდერძემ შეიძლება პირდაპირ მიუთითოს იმ კანონით მემკვიდრეებზე, რომლებსაც მემკვიდრეობას ართმევს ან საერთოდ არ მოიხსენიოს ისინი ანდერძში, რაც ავტომატურად ართმევს მათ მემკვიდრეობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანდერძში პირდაპირ არ იქნება მითითებული.

- რა უფლებით სარგებლობენ კანონით მემკვიდრეები, რომლებიც საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი ანდერძში?

- კანონით მემკვიდრეები, რომლებიც მოხსენიებულნი არ არიან ანდერძში, ინარჩუნებენ მემკვიდრეობის უფლებას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელსაც ანდერძი არ შეხებია. ასევე მიიღებენ ანდერძით გათვალისწინებულ ქონებსაც, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის ანდერძით მემკვიდრეები ცოცხალი არ არიან ან უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. როცა მთელი სამკვიდრო ანდერძით მემკვიდრეებზეა განაწილებული, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება, მის წილ ქონებაზე კანონით მემკვიდრეობა კი არ წარმოიშობა, არამედ ამ წილს სხვა ანდერძით მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად.

განსხვავებულად უნდა გადაწყდეს საკითხი, როდესაც მოანდერძემ მთელი სამკვიდრო გაანაწილა ანდერძით მემკვიდრეებზე, მაგრამ ერთ-ერთი ანდერძით მემკვიდრის მიმართ ანდერძი ბათილად იქნა ცნობილი. ამ შემთხვევაში იმ მემკვიდრის წილი, რომლის მიმართაც ანდერძი გაბათილდა, გადავა არა ანდერძით მემკვიდრეებზე, არამედ კანონით მემკვიდრეებზე.

ანდერძით მემკვიდრეობის არსისა და მემკვიდრეების უფლება-მოვალეობათა განსაზღვრისას ჩვენ შევეცადეთ გადმოგვეცა ანდერძის შედგენისთვის აუცილებელი პირობები, რომლებსაც კანონმდებელი განამტკიცებს, მაგრამ იგი იმდენად მრავლისმომცველია, ალბათ მკითხველებს კვლავ გაუჩნდებათ კითხვები, რომელთაც სიამოვნებით ვუპასუხებთ.

რაც შეეხება ანდერძის ფორმას, შინაურული, დახურული და სანოტარო წესით მათი შედგენის წესსა და პირობებს (რომელთა განმარტებაც უკვე მრავალმა მკითხველმა გვთხოვა), ამის შესახებ ჟურნალის მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ.