მემკვიდრეობა ანდერძით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მემკვიდრეობა ანდერძით

როგორც ჩვენი რუბრიკის ერთგულ მკითხველებს ახსოვთ, კანონით მემკვიდრეობის ძირითად პრინციპებზე ”ოჯახის მკურნალის” მიმდინარე წლის 21-ე ნომერში ვისაუბრეთ. დღეს კი ანდერძით მემკვიდრეობაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ანდერძით მემკვიდრეობის არსის გასაგებად უწინარესად აუცილებელია თვით საკუთრების როგორც უფლების მნიშვნელობის ცოდნა, რადგან სწორედ საკუთრების უფლებისგან გამომდინარეობს ანდერძით მემკვიდრეობაც.

კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია საკუთრების განსაკუთრებული ფორმა - მემკვიდრეობის უფლება, ანუ საკუთრების მემკვიდრეობით მიღებისა და გაცემის უფლება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ჩარევისგან საკუთრების დაცვას ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში. ამით უზრუნველყოფილია, ერთი მხრივ, სამკვიდროს დამტოვებლის (მამკვიდრებლის) უფლება, თავისი ქონება საკუთარი (”უკანასკნელი”) სურვილის შესაბამისად განკარგოს, მეორე მხრივ კი მემკვიდრის უფლება, მიიღოს მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ქონება. მამკვიდრებელი ყოველივე ამას ახორციელებს ანდერძის საფუძველზე, რომლითაც იგი განსაზღვრავს, სიკვდილის შემდეგ ვის დარჩება მისი ქონება. ამით ნათელი ხდება მემკვიდრეობის უფლების მჭიდრო კავშირი საკუთრების უფლებასთან, რადგან ანდერძის თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა უფლება, მამკვიდრებელმა უკანასკნელად განკარგოს თავისი საკუთრება. მემკვიდრეებისთვის კი მემკვიდრეობის უფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა ნიშნავს იმას, რომ კანონით მემკვიდრეობის მიღების უფლების მქონე პირთა წრე დადგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, როცა არ არსებობს მამკვიდრებლის ანდერძი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ კანონში განმტკიცებულ კანონით მემკვიდრეობაზე უფრო მაღლა დგას მოანდერძის ნება, რომელსაც ის ანდერძის საშუალებით გამოხატავს. ამ მოთხოვნას შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის მიხედვითაც კანონით მემკვიდრეობა, ანუ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე, მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, ”თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი” (სსკ 1306-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მოქმედი კანონმდებლობა განამტკიცებს ანდერძის თავისუფლების პრინციპს. კანონი ანდერძით მემკვიდრეობის ინსტიტუტის განმტკიცებით მამკვიდრებელს მემკვიდრეთა ამორჩევის უფლებას აძლევს.

- გთხოვთ განგვიმარტოთ, როგორი გარიგებაა ანდერძი, შეუძლია თუ არა მოანდერძეს მისი შეცვლა და საჭიროა თუ არა ანდერძის შესადგენად მემკვიდრის თანხმობა.

- ანდერძი არის კანონის მიერ დადგენილი ფორმით შედგენილი მამკვიდრებლის (მოანდერძის) განკარგულება გარდაცვალების შემთხვევაში მისი ქონების ბედის შესახებ. ანდერძი ცალმხრივი გარიგებაა, რომელშიც მხოლოდ მოანდერძის ნებაა გამოხატული. ანდერძის ცალმხრივი ხასიათი მოანდერძეს ანდერძის შედგენის შემდეგაც კი აძლევს თავისი ქონების განკარგვის შესაძლებლობას, ანუ მას შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს ანდერძი თავისი სურვილისამებრ.

ანდერძის შესადგენად საჭირო არ არის მემკვიდრის თანხმობა. უფრო მეტიც - მემკვიდრემ ხშირად არც კი იცის ანდერძის შინაარსი. არსებულ სამართლებრივ სივრცეში ანდერძის უმნიშვნელოვანეს როლსა და მის აქტუალობაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ამ ინსტიტუტის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლეს კანონში - კონსტიტუციაში განმტკიცება.

მემკვიდრეობის უფლება, როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციური უფლებაა. საჭიროა დეტალურად განვიხილოთ, ვინ შეიძლება იყოს მამკვიდრებელი და ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე და არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა ამ პირთა მიმართ კანონმდებლობაში. მამკვიდრებელი (სამკვიდროს დამტოვებელი) ის პირია, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება სხვა პირზე გადადის. ის შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი. აღნიშნულის თანახმად, კანონმდებელი განამტკიცებს მთავარ შეზღუდვას, რომლის შესაბამისადაც იურიდიულ პირს არ შეუძლია გახდეს მამკვიდრებელი. ამგვარი შეზღუდვა გამომდინარეობს თვით ანდერძით მემკვიდრეობის არსიდან, რომლის მთავარ ნიშანს წარმოადგენს ერთი პირის ნამდვილი ნების გამოვლენა საკუთარი ქონების საბოლოოდ განკარგვის შესახებ.

ანდერძით მემკვიდრეობის დროს ყველა შემთხვევაში აუცილებელია, მამკვიდრებელი იყოს ქმედობაუნარიანი პირი. დაუშვებელია, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში იგი იყოს არასრულწლოვანი ან ქმედობაუუნაროდ აღიარებული სრულწლოვანი პირი.


- რა არის ქმედობაუნარიანობა და რისთვის არის იგი საჭირო ანდერძით მემკვიდრეობის დროს?

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ქმედობაუნარიანობა არის ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედების სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ის წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე, მაგრამ არსებობს ორი გამონაკლისი:

ა) ქმედობაუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე;

ბ) პირი, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი მიანიჭებს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას. შესაბამისად, აღნიშნულ პირებსაც შეუძლიათ შეადგინონ ანდერძი ისევე, როგორც სრულწლოვან ქმედობაუნარიან პირებს.

ანდერძით მემკვიდრეობისას მთავარია პირის ნამდვილი ნების დადგენა, ხოლო თუ პირი ქმედობაუუნარო ან შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონეა, მას არ შესწევს უნარი გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება (სსკ 1345-ე მუხლი).

აღსანიშნავია, რომ ქმედობაუნარიანობის დაკარგვა ანდერძის შედგენის შემდეგ ანდერძის ნამდვილობაზე გავლენას არ ახდენს. რაც შეეხება შეზღუდულ ქმედობაუნარიანობას, სამოქალაქო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ასეთად შეიძლება აღიარებულ იქნეს პირი, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.

შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონე პირები ქმედობაუნარიანობით არასრულწლოვანებს უთანაბრდებიან. შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონე სრულწლოვან პირს სასამართლოს მიერ უწესდება მზრუნველობა. კანონის თანახმად,

შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონე პირი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებებისა.

- რამდენად მართებულად მიგაჩნიათ სსკ მე-16 მუხლის დანაწესი, სადაც აღნიშნულია, რომ ”კანონის თანახმად, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება... მზრუნველის თანხმობით”? ესე იგი, თუ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს აქვს ანდერძის შედგენის სურვილი, ამისთვის საჭიროა მზრუნველის თანხმობა?

- საკითხის ასეთი გადაწყვეტა არ უნდა ჩაითვალოს მართებულად, რადგანაც ის (დავეთანხმები სხვადასხვა მეცნიერს) ძირს უთხრის ანდერძით მემკვიდრეობას. ანდერძი ცალმხრივი გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტოოდენ ერთი პირის ნების გამოვლენაც საკმარისია სამართლებრივი ეფექტის მისაღწევად. ანდერძის ცალმხრივობას კი ის განსაზღვრავს, რომ მასში ერთი პირის ნება უნდა იყოს გამოხატული. დაუშვებელია, ამ ნების გამოხატვა დამოკიდებული იყოს ვინმეს თანხმობაზე ან უარზე.

აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ პირს, რომელსაც შეზღუდული აქვს ქმედობაუნარიანობა, არ უნდა მიეცეს ანდერძის შედგენის უფლება, თუნდაც არსებობდეს მზრუნველის თანხმობა და ეს პირობა ნათლად უნდა განმტკიცდეს სამოქალაქო კანონმდებლობაში.

შეზღუდული ქმედობაუნარიანობის გაუქმების შემდეგ პირს გაუუქმდება მასზე დაწესებული მზრუნველობაც და წარმოეშობა სრულწლოვანისთვის შესაბამისი შეუზღუდავი უფლებები და მათთან ერთად დაუბრუნდება ანდერძის შედგენის ანუ მამკვიდრებლად გამოსვლის უფლებაც.

კანონი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ანდერძის შედგენის მომენტში პირს უნდა შეეძლოს თავისი მოქმედების გონივრული განსჯა და თავისი ნების ნათლად გამოხატვა. აღნიშნულის თანახმად, ბათილია ანდერძი, როდესაც პირი ქმედობუნარიანია, მაგრამ ანდერძის შედგენის მომენტში ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ არ შეეძლო გონივრულად განესაჯა თავისი ქმედება და ნათლად გამოეხატა თავისი ნება, რისი საფუძველიც შესაძლოა იყოს დიდი ფიზიკური ტკივილი, ძლიერი სულიერი განცდა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და სხვა.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ანდერძით მემკვიდრეობასთან არის დაკავშირებული. უშუალოდ მემკვიდრეთა უფლება-მოვალეობების შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ. კითხვებით მოგვმართეთ ნომერზე: 893 35-99-09