მეურვეობა და მზრუნველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეურვეობა და მზრუნველობა

არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ, მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, დედობის/მამობის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მშობლების ქმედობაუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად ცნობის შემთხვევაში უწესდებათ მეურვეობა და მზრუნველობა აღზრდის მიზნით, ასევე - პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად.

მეურვეობა წესდება აგრეთვე იმ სრულწლოვანი პირის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს მოვალეობები.

  • რა ასაკის ბავშვზე ვრცელდება მეურვეობა და ვის უწესდება მზრუნველობა?

- მეურვეობა უწესდება ბავშვს, რომელსაც არ მიუღწევია 7 წლის ასაკისთვის, აგრეთვე იმ პირს, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედობაუუნაროდ სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო.

რაც შეეხება მზრუნველობას, იგი უწესდება 7-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს. მზრუნველობა უწესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედობაუნარიან პირს მისივე თხოვნით, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს მოვალეობები.

მეურვეობისა და მზრუნველობის თაობაზე სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულებები (ორგანიზაცია-სააგენტოების სახით), ასევე - მათი ტერიტორიული ორგანოები.

მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვას, ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე; მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესებისა თუ შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ყოველ ეტაპზე არის ბავშვის ინტერესების დამცველი და მისი კანონიერი წარმომადგენელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მართავს კონსულტაციებს მეურვის ან მზრუნველის დაწესების, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებზე.

  • რა მოვალეობა აკისრია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას?

- ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას მისი დროებითი განთავსების საკითხს წყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, რომელიც, ამასთანავე, მისი მშობლის (მშობლების) ვინაობის დასადგენად დაუყოვნელივ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენისას მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულნი არიან,

ბავშვის აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში განახორციელონ სათანადო ღონისძიებები ბავშვის ან მისი მშობლის/მშობლების ვინაობის დასადგენად. თუ აღნიშნულ ვადაში ვერ დადგინდა ბავშვის ან მისი მშობლის/მშობლების ვინაობა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, ამ ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღისა, მიმართავს სასამართლოს ნაპოვნი ბავშვის მიტოვებულად აღიარებისთვის.

ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც:

  • სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ;
  • შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები;
  • გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი;
  • ბავშვის მეურვე გარდაიცვალა ან ჩამოერთვა მეურვის ფუნქციები;
  • სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს;
  • მშობელი ქმედობაუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.

მეურვის ან მზრუნველის მოვალეობათა განსახორციელებლად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ნიშნავენ მეურვეს ან მზრუნველს.

  • არის თუ არა კანონით განსაზღვრული გარკვეული ვადა, რომელშიც უნდა მოხდეს მეურვის ან მზრუნველის დანშვნა?

- მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.

მეურვის ან მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სამეურვეო (სამზრუნველო) პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბავშვის ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ქონების მეურვე. მეურვესა და მზრუნველს უფლება აქვთ, სასამართლო წესით მოითხოვონ მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი ბავშვების დაბრუნება ყველასგან, ვინც მათ თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.

მნიშვნელოვანია, რომ მეურვისა და მზრუნველის მოვალეობები სრულდება უსასყიდლოდ. ისინი მოვალენი არიან, იზრუნონ სამეურვეო (სამზრუნველო) პირის რჩენისათვის, შეუქმნან მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყონ მოვლითა და მკურნალობით, დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები როგორც მესამე პირებთან ურთიერთობაში, ისე სასამართლოში. მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად, ხოლო საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

  • რა მოვალეობა აკისრია მეურვეს, რომელიც პატრონობს სულით ავადმყოფს, მისი გამოჯანმრთელების შემთხვევაში?

- სულით ავადმყოფის მეურვე სამეურვეო პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში ვალდებულია, სასამართლოში დაუყოვნებლივ აღძრას შუამდგომლობა სამეურვეო პირის ქმედობაუნარიანად აღიარებისა და მისთვის მეურვეობის მოხსნის შესახებ.

მეურვე სამეურვეო პირის კანონიერი წარმომადგენელია და მისი სახელით, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დებს ყველა გარიგებას. არასრულწლოვანი (თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის) პირი ისეთ გარიგებას, რომლის დამოუკიდებლად დადების უფლებაც არ აქვს, დებს მზრუნველის თანხმობით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონით გათვალისწინებულია გარკვეული შეზღუდვა გარიგებათა დადების დროს, რაც იმით გამოიხატება, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე მეურვეს უფლება არ აქვს, სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება, ხოლო მზრუნველს - სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგებაზე, რომელიც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი ვადით გაქირავებას, თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის, სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორად შესვლას, სესხის აღებას, ქონების გაყოფას ან სხვა ისეთ ქმედებას, რომლებსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ქონების შემცირება.

  • შეიძლება თუ არა სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სახელით ჩუქების ხელშეკრულების დადება?

- არა, კანონი ამას არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს. მეურვისა და მზრუნველის მოქმედება შეიძლება გაასაჩივროს დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის - სამეურვეო (სამზრუნველო) პირმაც, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში სამეურვეო (სამზრუნველო) პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მეურვესა და მზრუნველს მათი მოვალეობებისგან ათავისუფლებს ბავშვის მშობლებისთვის მშობლის მოვალეობათა სრულად აღდგენის ან ბავშვის გაშვილების შემთხვევაში. თუ მეურვე ან მზრუნველი ანგარების მიზნით გამოიყენებს მეურვეობას (მზრუნველობას) ან სამეურვეო (სამზრუნველო) პირს დატოვებს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე, იგი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

თუ სამეურვეო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია შვიდი წლის ასაკს, მეურვეობა წყდება და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე მეურვე ხდება მზრუნველი.

  • რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს მზრუნველობა?

- მოქმედი კანონის თანახმად, მზრუნველობა შეწყდება, თუ:

  • გარდაიცვალა სამზრუნველო პირი;
  • სამზრუნველო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია სრულწლოვანებას;
  • სამზრუნველო არასრულწლოვანი პირი დაქორწინდა.

სხვა სამზრუნველო პირების მიმართ კი მზრუნველობა იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ მოისპო მიზეზი, რომელმაც მზრუნველის დანიშვნა გამოიწვია.

ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მზრუნველობა შეწყდება მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნულია, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილება მეურვის (მზრუნველის) დანიშვნის, გადაყენებისა და განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე მეურვეობასა და მზრუნველობასთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.

აი ის ძირითადი საკითხები, რომლებიც თქვენი თხოვნით დღეს მიმოვიხილეთ. თუ კვლავ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა, დაგვირეკეთ. ტელ.: 893-35-99-09.

თქვენ აუცილებლად მიიღებთ კანონიდან გამომდინარე ამომწურავ პასუხს. მომდევნო წერილს კი, მრავალრიცხოვანი მკითხველის თხოვნით, მემკვიდრეობის სამართლებრივ რეგულირებას მივუძღვნით.