რამდენჯერ დგებით ღამით მოსაშარდად? - რა არის ნიქტურია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
რამდენჯერ დგებით ღამით მოსაშარდად? - რა არის ნიქტურია
რამდენჯერ დგებით ღამით მოსაშარდად? - რა არის ნიქტურია
ნიქტურია ღამის შარდვის იმ დონემდე გახშირებაა, რომ ღამით გამოყოფილი შარდის მოცულობა დღისით გამოყოფილისას აჭარბებს. წესისამებრ, ნიქტურია შეუღლებულია პოლიურიასთან ანუ შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან. ნიქტურია ყველაზე ხშირად გვხვდება ასაკოვან მამაკაცებში, რომელთაც გადიდებული აქვთ წინამდებარე ჯირკვალი. ამ დროს ნიქტურიის სამკურნალოდ პროსტატექტომიას - ჯირკვლის ამოკვეთას მიმართავენ. ქვედა საშარდე გზებში მიმდინარე ასაკობრივი ანატომიური და ფიზიოლოგიური ძვრების გამო ღამით შარდის გამოყოფის გახშირება უშუალოდ ასაკთან ასოცირდება. არსებული სტატისტიკით, ნიქტურია აღენიშნება:

7-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების 4%-ს;
50-დან 59 წლამდე ასაკის მამაკაცთა 66%-ს;
80 წელს გადაცილებულთა 91%-ს.

საყურადღებოა შემდეგი საკითხიც: ასაკოვანი პაციენტების საფუძვლიანი გამოკვლევისას ხშირად ირკვევა, რომ მათ ვაზოპრესინის (ანტიდიურეზული ჰორმონის) დონე დაქვეითებული აქვთ. ამ ჰორმონის ფუნქცია ღამის შარდის შემცირებაა. ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებების კვალად, ვაზოპრესინის გამომუშავება მცირდება, რაც ნიქტურიის განვითარებას აძლევს დასაბამს. ნიქტურია იწვევს ძილის დარღვევას, ქრონიკულ დაღლილობას, აქვეითებს შრომის ნაყოფიერებას.
ჯანმრთელ ადამიანს შესაძლოა გამოაჩნდეს ნიქტურიის მსგავსი მდგომარეობა, თუ საღამოობით ხშირად სვამს კოფეინის შემცველ სასმელებს (ჩაის, ყავას, ასევე ალკოჰოლს), რომლებსაც შარდმდენი მოქმედება აქვს.

სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ღამის განმავლობაში ტუალეტში ერთხელ შესვლა ნორმაა, მაგრამ თუ ერთზე მეტჯერ გიხდებათ ძილის გატეხა, ეს თირკმლის დაავადების ნიშანია და საკონსულტაციოდ აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. ნიქტურია თან ახლავს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა გულის უკმარისობა, პროსტატის ადენომა, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ღვიძლის ციროზი, პერნიციოზული ანემია. თუ ნიქტურია გამოწვეულია გულის უკმარისობით, კლინიკურ სურათში გამოხატული იქნება ვენური შეგუბება და სითხის შეკავება ქსოვილებში დღის განმავლობაში. დღისით გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ უმკლავდება ასეთ დატვირთვას, ღამით კი ვენური შეგუბება თანდათანობით გაიწოვება.

თუ ნიქტურიას დროულად მივაქცევთ ყურადღებას და არ გადავდებთ ექიმთან ვიზიტს, გულის უკმარისობის მკურნალობას ადრევე შევუდგებით. თუ ნიქტურიას თირკმლის დაავადებათა გამოვლინებად განვიხილავთ, შარდის გამოყოფის გახშირება ძილის დროს თირკმლის სისხლძარღვთა გაფართოებას და ამ ორგანოს სისხლმომარაგების გაძლიერებას უნდა დავაბრალოთ. თირკმლის დაავადებები ხშირად უწევენ პროვოცირებას გულის უკმარისობას, ამიტომაც ნიქტურიის წარმოშობის თაობაზე დასკვნის გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ ავადმყოფობის დინამიკაზე დაკვირვების შემდეგ. ნიქტურია ხშირად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ადრეული სიმპტომია.

გულისა და თირკმლის უკმარისობის დროს მან შესაძლოა სტაბილიზაცია განიცადოს, რაც მეტად არაკეთილსაიმედო პროგნოზის საფუძველს გვაძლევს. ნიქტურიის დიაგნოსტიკა ზიმნიცკის ცდის საშუალებით ხდება: აკვირდებიან და აფასებენ შარდის გამოყოფის დღეღამურ რიტმს, თირკმელების კონცენტრაციულ ფუნქციას პაციენტის ჩვეულებრივი მოძრაობითი აქტივობის პირობებში. შარდის ყველა ულუფას (ჩვეულებრივ, რვას) ყოფენ ღამისა და დღის ნაწილებად (დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი სამსაათიანი ინტერვალებით ცალ-ცალკე ჭურჭელში აგროვებს შარდს), რის შემდეგაც აანალიზებენ ცალკეული ულუფების მოცულობას და ხვედრით წონას. ნიქტურიის დროს გამოყოფილი შარდის უდიდესი ნაწილი (2/3) ღამის შარდის წილად მოდის. ამასთან, ის არასაკმარისად კონცენტრირებულია. ნიქტურიის მკურნალობა მიმართულია შარდის გამოყოფის დარღვეული აქტის აღმოფხვრისკენ.

ვინაიდან ნიქტურია ხშირად პროსტატის გადიდებასთან არის დაკავშირებული, ინიშნება ალფა1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტი, 5ალფა-რედუქტაზის ინჰიბიტორი ან ორივე ამ პრეპარატის კომბინაცია. იმავდროულად, ძილის მოსაწესრიგებლად შეიძლება სუსტი საძილე პრეპარატების მიღებაც. ნიქტურიის მიზეზად შეიძლება იქცეს სხვადასხვა მედიკამენტის თერაპიული კურსი ან შარდის ბუშტის ჰიპერრეაქტიულობაც. ეს უკანასკნელი შარდის ბუშტის ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ბუშტი შარდის მცირე ულუფის მოხვედრაზეც კი რეაგირებს და შარდის გამოყოფის მოთხოვნილებას იწვევს. შედეგად შარდის ბუშტის სარეზერვო (დაგროვებითი) ფუნქცია ირღვევა. ჰიპერრეაქტიული შარდის ბუშტი ცალკე, დამოუკიდებელი პათოლოგიის სახითაც შეიძლება შეგვხვდეს და სხვა დაავადებასთანაც (მაგალითად, პროსტატის ადენომასთან) იყოს დაკავშირებული, განვითარდეს როგორც მისი შედეგი. თუ მამაკაცებში ნიქტურიის მიზეზი უმეტესად პროსტატის გადიდებაა, ქალებში ღამის გახშირებულ შარდვას მენჯის ფუძის კუნთების ატროფიის გამო შარდის შეუკავებლობა იწვევს.
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჭარბი ცხიმი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზრდის სიმსივნური პათოლოგიის, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და
ავადობის გარდა, არსებობს ბევრი ფარული მიზეზი, რომელიც შეუმჩნევლად გვართმევს სიცოცხლის ძალებს.
გრონინგენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზეც
იმუნური სისტემის დარღვევას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია.

გლოსიტი ენის (უმთავრესად ლორწოვანი გარსის) ანთებაა.
ხვრინვა მეტად აქტუალური სამედიცინო პრობლემაა, რადგან ძილის დროს ყოველი მეოთხე მამაკაცი და ყოველი მეექვსე ქალი ხვრინავს.
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868