ქავილი შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქავილი შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს

თირკმლის დაავადებები

ქავილი შესაძლოა თან ახლდეს თირკმლის მძიმე უკმარისობას. განსაკუთრებით ხშირია ის პაციენტებთან, რომელთაც დიალიზი უტარდებათ - მათ 60-80%-ს აქვს ეს შემაწუხებელი შეგრძნება. მოგეხსენებათ, განასხვავებენ პერიტონეულ დიალიზს და დიალიზს, რომელიც აპარატით ტარდება. ქავილი ორივე შემთხვევაში შეიძლება აღმოცენდეს. თირკმლის დაავადების დროს ქავილი არ არის დამოკიდებული სისხლში ჰისტამინის (ალერგიის დროს გამოყოფილი ნივთიერების) შემცველობაზე, შესაბამისად, მასზე გავლენას არ ახდენს ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებები. თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს ქავილი უმეტესად გენერალიზებულია ანუ მთელ სხეულსაა მოდებული, თუმცა ისიც შესაძლოა, მხოლოდ ზურგზე იყოს ლოკალიზებული. ზემოხსენებული კატეგორიის პაციენტებთან ქავილს შესაძლოა ხელი შეუწყოს მეორეულმა ჰიპერპარათირეოიდიზმმა, რაც ჰიპერფოსფატემიის შედეგია. სხვა კვლევები მიუთითებს ნეიროპათიის, ანემიის, ზოგადი ქსეროზის ანუ კანის სიმშრალის, ენდოპეპტიდაზების ან კინინების - ურემიის დროს დაგროვილი სუბსტანციების - როლზე. თირკმლის დაავადებების დროს აღმოცენებული ქავილი რთული სამკურნალოა. ქავილი თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს ცუდი პროგნოზული ნიშანია.

ენდოკრინული დაავადებები

ქავილის გამომწვევ ენდოკრინულ დაავადებებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, შაქრიანი დიაბეტი გვახსენდება. ამ დაავადების თანმხლები ქავილის მექანიზმი ცუდადაა ახსნილი. ვარაუდობენ, რომ ის უკავშირდება კანდიდოზის (სოკოვანი დაავადების) გამო კანის ადგილობრივ გაღიზიანებას, დიაბეტურ ნეიროპათიას, ავტონომიური დისფუნქციით გამოწვეულ ანჰიდროზს ანუ ოფლის გამოყოფის შეწყვეტას. ქავილი შესაძლოა აღმოცენდეს გრეივსის დაავადების (თირეოტოქსიკოზის) დროსაც. გენერალიზებული ქავილი გრეივსის დაავადების ასიდან 4-11 შემთხვევაში გვხვდება, ჩვეულებრივ, მისი ხანგრძლივი მიმდინარეობისას. სავარაუდო მექანიზმია კანის მომატებული ტემპერატურა, განსაზღვრული ნივთიერებების, კინინების, მომატებული აქტივობა და კანის გაძლიერებული სისხლმომარაგება. გავრცობილი ქავილის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს ჰიპოთირეოიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) ქსეროზის - კანის სიმშრალის გამო. ქავილი შესაძლოა აღმოცენდეს სხვა ენდოკრინოპათიების დროსაც.

ღვიძლის დაავადებები

ღვიძლის დაავადებათა შორის ქავილის მიზეზი უმეტესად ობსტრუქციული ქოლესტაზური სიყვითლეა - სიყვითლე, რომელიც სანაღვლე გზების დახშობისა და ნაღვლის შეგუბების შედეგად ვითარდება. ქავილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიმპტომია პირველადი ბილიარული ციროზის დროს, რომელიც უმეტესად საშუალო ასაკის ქალებთან გვხვდება. ამ დროს ქავილი პაციენტთა 50%-ს აწუხებს, ხოლო ავადმყოფობის ამა თუ იმ ეტაპზე ყველას აღენიშნება. გარდა ამისა, ქავილის ხშირი მიზეზებია მასკლეროზებელი ქოლანგიტი, ვირუსული ჰეპატიტი, მედიკამენტური ქოლესტაზი. სიყვითლის მქონე პაციენტთა 20-25% ქავილს უჩივის, თუმცა ქოლესტაზის არარსებობისას ის იშვიათია. მიუხედავად გენერალიზებული ხასიათისა, ქავილი მეტწილად ტერფებსა და მტევნებზეა ლოკალიზებული. ქავილის ინტენსივობას მხოლოდ მცირე კავშირი აქვს შრატში ნაღვლის მარილების კონცენტრაციასთან. ქოლესტაზის დროს ქავილი დაკავშირებულია ოპიოიდურ პეპტიდებსა და ნაღვლის მარილების ზემოქმედებით კანში პროტეინაზების (განსაზღვრული სახის ნივთიერებების) გამოთავისუფლებასთან. ქოლესტაზური ქავილის მექანიზმი ბოლომდე ახსნილი არ არის. ქავილი ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში (მესამედში) - ორსულთა ქავილი ანუ ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზი - 1-3%-ს აღენიშნება და ქოლესტაზური ხასიათი აქვს, თუმცა სიყვითლე ამ დროს იშვიათია.

ჰემატოლოგიური დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები

ქავილის მიზეზად ასევე შესაძლოა იქცეს ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადება, ზოგიერთი სიმსივნე.

  • ქავილი აღენიშნება ჭეშმარიტი პოლიციტემიის (სისხლის წითელი უჯრედების სიმსივნე) მქონე პაციენტთა 30-50%-ს, ხშირად ლოკალიზებულია ქვედა კიდურებზე. პროვოცირებას უწევს ცხელი შხაპი და აბაზანა. ზოგჯერ ქავილი რამდენიმე წლით უსწრებს წინ დაავადების გამოვლენას.
  • ფუნგოიდური მიკოზის (კანის თ-უჯრედოვანი ლიმფომა) დროს ქავილი უაღრესად ხშირია და არაკეთილსაიმედო პროგნოზურ სიმპტომად მიიჩნევა. ჩვეულებრივ, ის არ ვითარდება კანის ცვლილებების გარეშე, თუმცა აღწერილია შემთხვევები, როცა ქავილი უსწრებს კანისმხრივ გამოვლინებებს.
  • ჰოჯკინის დაავადება ასევე იწვევს ქავილს, თუმცა მისი პროგნოზული მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ნაკლებია. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ჰოჯკინის ლიმფომის შემთხვევათა 30%-ში ქავილი პირველი სიმპტომია და 5 წლით უსწრებს დაავადების კლინიკურ გამოვლენას. ქავილი მწველია, ლოკალიზებულია ქვედა კიდურებზე, უფრო შემაწუხებელია ხანში შესულებთან და შორს წასულ სტადიაზე. ქავილს იწვევს ჰისტამინის დიდი რაოდენობით გამოთავისუფლება მოცირკულირე ბაზოფილების მიერ და ქოლესტაზი.
  • სხვა ჰემატოლოგიური სიმსივნეები. კერძოდ, ქავილი შეინიშნება არაჰოჯკინის ლიმფომის, ლეიკემიის (უმეტესად - ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია), მასტოციტოზის და მრავლობითი მიელომის დროს.
  • კუჭის სიმსივნე. კუჭის ატიპური სიმსივნის დროს ჰისტამინის ინტერმისიული გადმოსროლა ქავილს იწვევს.
ქავილი მოსალოდნელია რკინადეფიციტური ანემიის დროსაც, თუმცა ამ შემთხვევაში მისი მექანიზმი უცნობია და კავშირი ამ სიმპტომსა და დაავადების სიმძიმეს შორის არ არის გამოვლენილი. გარდა ამისა, ქავილი შესაძლოა აღმოცენდეს ვალდენსტრემის მაკროგლობულინემიის, ჰიპერეოზინოფილური სინდრომის, მრავლობითი მიელომის, სისტემური მასტოციტოზის დროს.


გაფანტული სკლეროზი

გაფანტულ სკლეროზს შესაძლოა თან ახლდეს პაროქსიზმული (შეტევითი) ქავილი, მაგრამ ძალზე იშვიათად. სიმპტომს უკავშირებენ ნერვის დემიელინიზაციის არეებში დაზიანებული სინაფსების (სტრუქტურა, რომელიც ნერვული იმპულსის გადაცემას უზრუნველყოფს) გააქტიურებას.

აივ ინფექცია/შიდსი

ქავილი შესაძლოა აღმოცენდეს შიდსის დროსაც კანის დაავადებებთან (მუნი, ფსორიაზი, ქსეროზი) ან სიმსივნეებთან (ლიმფომა, თირკმლის, ღვიძლის ქრონიკული დაავადება) ერთად; ისიც შესაძლოა, ადრეული ინფექციის გამოხატულება იყოს. აივასოცირებული მდგომარეობაა ეოზინოფილური ფოლიკულიტი, რომელსაც ინტენსიური ქავილი ახასიათებს. ზოგ შემთხვევაში აივ ინფექცია იწვევს პროგრესულ ქავილს, რაც შესაძლოა პროსტაგლანდინების სინთეზთან, პერიფერიულ ნეიროპათიასთან იყოს დაკავშირებული.

მედიკამენტები

ქავილი ხშირად ახლავს თან ოპიატების გამოყენებას, განსაკუთრებით - ზურგის ტვინის გარსებში მათ ინტრათეკალურ ან ეპიდურალურ შეყვანას. ქავილის მიზეზად შესაძლოა იქცეს ალერგია ან მორფინის ზემოქმედებით ჰისტამინის უშუალო გამოთავისუფლება.

ნეიროპათია

ნეიროპათიის დროს მთავარი ჩივილი, ჩვეულებრივ, პარესთეზიაა (უცნაური შეგრძნება) და არა ქავილი. ნეიროპათია ხშირად იწვევს ნემსების ჩხვლეტის მსგავს შეგრძნებას, რაც განაპირობებს მოქავების, მაგრამ არა დაკაწვრის სურვილს. ქავილთან ასოცირებული საკმაოდ გავრცელებული დერმატოლოგიური დაავადებაა ნოტალგია პარესტჰეტიცა - უცნობი მიზეზით აღმოცენებული ზურგის ზედა ნაწილის ქავილი, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზურგის ტვინის გულმკერდის ნაწილის ნერვების ტრავმასთან/კომპრესიასთან. ბრაქიორადიალური ქავილი არის წინამხრის მიდამოს გარდამავალი ხასიათის ქრონიკული ლოკალური ქავილი, რომელიც ცალმხრივია ან ორმხრივი და წარმოადგენს სხივის ნერვის კანის ტოტის იზოლირებულ ნეიროპათიას. იშვიათად ქავილი ვრცელდება მხარზე, ბეჭზე, კისერზე, სხეულის ზედა ნაწილზე. სიმპტომატიკა უმჯობესდება დაზიანებულ არეზე ყინულის მოთავსებისას და უარესდება ზაფხულის თვეებში. იშვიათად ბრაქიორადიალური ქავილი ზურგის ტვინის სიმსივნესთანაა ასოცირებული.

ფსიქიკური დაავადებები

ამ სახის ქავილის დიაგნოზი სხვა მიზეზების გამორცხვას ემყარება. პაციენტები, რომლებიც ნევროზულ ქავილს უჩივიან, მიუთითებენ, რომ ქავილის შეგრძნების არარსებობის დროსაც კი იკაწრავენ კანს. ქავილი უმეტესად ვითარდება ღამით, სტიმულების არარსებობის დროს. ასეთი “ნეიროდერმატიტული” ქავილის დროს ნაკაწრები შესაძლოა გაჩნდეს პაციენტის ხელისთვის მისაწვდომ სხეულის ნებისმიერ ადგილას, თუმცა უმეტესად კიდურებზეა ლოკალიზებული. ასეთ პაციენტებთან ხშირია დეპრესია და დისფორიული განწყობა. ქავილის შეტევას ხშირად წინ უძღვის სერიოზული კონფლიქტი და სტრესი.