ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
1990 წლის ბოლოს კი აშშ-ში დარეგისტრირდა დაავადების 100 000 შემთხვევა. მათი 80% ქალების წილად მოდიოდა. სწორედ ამან განაპირობა ქრონიკული დაღლილობის ნაციონალური ცენტრის შექმნაც. რამდენადაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომები არასპეციფიკურია, ხოლო პათოგენეზი - გაურკვეველი, დიაგნოსტიკაში განმსაზღვრელი ჯერჯერობით მხოლოდ კლინიკური ნიშნებია. მიიჩნევენ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ერთი “დიდი” და არანაკლებ ექვსი “პატარა” სიმპტომის არსებობა. “დიდ” სიმპტომოკომპლექსს მიაკუთვნებენ გაურკვეველი (უცნობი) ეტიოლოგიის ხანგრძლივ დაღლილობას, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გაივლის და 50%-ზე მეტით აქვეითებს მოძრაობით რეჟიმს. “მცირე” სიმპტომებს მიეკუთვნება კუნთოვანი სისტემის დისკომფორტი, ცხელება, ლიმფური კვანძების ტკივილი, ართრალგია, მეხსიერების დაქვეითება და დეპრესია. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ყელის ტკივილი, ფარინგიტი, აზროვნების დაბინდვა, თავბრუხვევა, განგაშის მდგომარეობა, ტკივილი მკერდის არეში და გაურკვეველი პათოგენეზის ნაკლებსპეციფიკური სიმპტომები.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკის საკითხები
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკის საკითხები მეტად აქტუალურია. ექიმთა ფართო საზოგადოებისთვის ამ პათოლოგიის დეტალები უცნობია, აქედან გამომდინარე, ეს დაავადება ხშირად სხვადასხვა ნევროლოგიური პათოლოგიითა და მდგომარეობით ინიღბება. თუმცა საფუძვლიანი კლინიკური ანალიზი საშუალებას იძლევა, ზუსტად აღიწეროს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის როგორც სრულიად დამოუკიდებელი ნოზოლოგიის სურათი. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარების ადრეულ სტადიებზე ტიპურ კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს:
- სისუსტე, სწრაფად დაღლა, ყურადღების მზარდი დარღვევები;
- მომატებული გაღიზიანებადობა და ემოციურ-ფსიქიკური მდგომარეობის მერყეობა;
- განმეორებითი და მზარდი თავის ტკივილი, რომელიც რომელიმე კონკრეტულ პათოლოგიასთან არ არის დაკავშირებული;
- ძილისა და ღვიძილის დარღვევები, უფრო ხშირად - დღისით ძილიანობა და ღამით უძილობა;
- ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე შრომისუნარიანობის დაქვეითება, რის გამოც პაციენტები იძულებულნი არიან, მიიღონ, ერთი მხრივ, ფსიქომასტიმულირებელი საშუალებები, მეორე მხრივ კი დამამშვიდებელი პრეპარატები. ასეთ დროს ტიპურია დღისით ხშირი და ინტენსიური მოწევა ფსიქიკური სტიმულაციისთვის, საღამოობით კი ალკოჰოლის მიღება ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობის მოხსნის მიზნით;
- წონის კლება (ზოგჯერ - უმნიშვნელო, მაგრამ პაციენტის მიერ აშკარად შემჩნეული), ხოლო ცხოვრების უმოძრაო წესის მიმდევრებში (ფიზიკური აქტივობის დეფიციტით გამორჩეულებში) - I-II სტადიის გაცხიმოვნება;
- სახსრების - ჩვეულებრივ, მსხვილი სახსრებისა და ხერხემლის - ტკივილი;
- აპათია, ემოციური დათრგუნვილობა, მუდმივი უხალისობა და უგუნებობა.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული სიმპტომატიკა პათოლოგიის მიმდინარეობისდაკვალად უფრო და უფრო პროგრესირებს და რომელიმე სომატური დაავადებით მისი ახსნა ვერ ხერხდება. უფრო მეტიც - საფუძვლიანი კლინიკური გამოკვლევით ვერ ხერხდება ორგანიზმის მდგომარეობის ობიექტურ ცვლილებათა გამოვლენა - ლაბორატორიული გამოკვლევები ნორმიდან გადახრას არ ადასტურებს.
საინტერესო საკითხები
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პათოგენეზი დღემდე უცნობია. ცალკეული ავტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვირუსებს, იმუნური რეაქციების არასპეციფიკურ აქტივაციას და ფსიქიკურ ფაქტორებს. მრავალი სპეციალისტი პირდაპირ მიუთითებს არასასურველ ეკოლოგიურ პირობებთან დაავადების კავშირზე. ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე ხშირად ამბობენ, რომ ეს არის “საშუალო კლასის დაავადება”. ამით ხაზს უსვამენ და მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ სოციალურ ფაქტორებს. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არ არის ჩვეულებრივი დაღლა. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლაა, ორგანიზმის დასუსტება და გამოფიტვა ამ თუ იმ სახის სამუშაოს ხანგრძლივი შესრულების ფონზე. ქრონიკული დაღლილობის სინდრომისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი გადაღლა სრულფასოვანი დასვენების შემდეგ გაივლის, ადამიანს შეუძლია მისი დაძლევა და ძალთა აღდგენა. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს, ჩვეულებრივი დაღლილობისგან განსხვავებით, შრომისუნარიანობის აღდგენა ადეკვატური დასვენების შემდეგაც ვერ ხერხდება. “ცივილიზაციის დაავადებად” წოდებული ეს პათოლოგია მამაკაცებზე მეტად ქალებს ემუქრება. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობაში, სამწუხაროდ, დღემდე არ მიუღწევიათ წარმატებისთვის. ერთადერთი მოწოდებული მკურნალობის პათოგენეზური მეთოდი, IგG პრეპარატების ინტრავენური შეყვანა, დღეისთვის უარყოფილია მრავალი გართულების გამო (ფლებიტები შემთხვევათა 55%-ში). აქედან გამომდინარე, სპეციალისტთა ყურადღება კონცენტრირებულია პათოლოგიის პროფილაქტიკასა და ორგანიზმის გაკაჟებაზე.
რა უნდა გაითვალისწინოთ
- ყოველთვის უსმინეთ ორგანიზმს, ნუ უგულებელყოფთ, პირიქით, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მის თუნდაც უმცირეს სიგნალს. ორგანიზმი ყოველთვის გვატყობინებს, რა უჭირს და სად იწყება დარღვევა. მთავარია, სათანადოდ მოვუსმინოთ მას!
- მიაქციეთ ყურადღება ძილის რეჟიმს. როდესაც ორგანიზმი ძილს გთხოვთ, აუცილებლად დაიძინეთ! აღმგზნები საშუალებების (კოფეინი, ალკოჰოლი, ტაურინი, ხმამაღალი მუსიკა, ტელეგადაცემები და სხვა) გამოყენება, განსაკუთრებით - საღამოს 18 საათის შემდეგ, ნეგატიურად აისახება ადამიანის ბუნებრივ ბიორიტმზე, აქვეითებს ძილის ხარისხს. ქრონიკული უძილობა და გამოუძინებლობა მძიმედ აისახება ჯანმრთელობაზე.
- მნიშვნელოვანია აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება, მეგობრებთან, ახლობლებთან რეგულარული შეხვედრა, ოჯახის წევრებთან, მეტადრე ბავშვებთან, დროის გატარება, საყვარელი საქმის კეთება. ყოველივე ეს დადებითი ემოციების, სულიერი სიმშვიდისა და ფსიქიკური კომფორტის საფუძველია.
- სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, იოგა, მედიტაცია, მოდუნების ხელოვნება კომპლექსურად აკაჟებს ორგანიზმს, ჯანმრთელი და გაკაჟებული ორგანიზმი კი ადვილად უმკლავდება სტრესს. გარდა ამისა, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!