წელის ტკივილი ქალებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წელის ტკივილი ქალებში

- ქალებთან წელის ტკივილი ყოველთვის ხერხემლის დაავადებების ბრალი არ არის. შემთხვევათა 10-20%-ში ის ქალური ორგანოების დაავადებაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლოკალიზებულია წელის, გავის მიდამოში ან აქვს შემომსარტყვლელი ხასიათი გავის, საზარდულისა და მუცლის წინა კედლის არეში. ეს სიმპტომი აუცილებლად უნდა გააანალიზოს გინეკოლოგმა, რადგან მის მიღმა შესაძლოა იმალებოდეს საშვილოსნოს მილებისა და საკვერცხეების ანთება (ადნექსიტი), ენდომეტრიოზი, მენსტრუალური ციკლის ესა თუ ის დარღვევა, სასქესო ორგანოების დაწევა-გამოვარდნა, სიმსივნური დაავადება. ტკივილს იწვევს მენჯის ორგანოთა სისხლსავსეობა ან ინტოქსიკაციაც.

- კიდევ რა მიგვანიშნებს ამ დროს გინეკოლოგიური წარმოშობის პათოლოგიაზე?

- 30-60 წლის ასაკში ქალების დაახლოებით 40-80%  უჩივის პერიოდულ ან მუდმივ ტკივილს წელის მიდამოში. თუ მისი ჭეშმარიტი მიზეზი არა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, არამედ ქალური დაავადებაა, მაშინ მასთან ერთად თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც. ყველაზე ხშირად გვხვდება მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი სქესობრივი ცხოვრების, შარდვის, დეფეკაციის დროს. ტიპობრივია ისიც, რომ ტკივილი არ იცვლება, მაგალითად, ფიზიკური დატვირთვისას, ანდა იცვლება უმნიშვნელოდ.

- ახასიათებს თუ არა წელის ტკივილი მტკივნეულ მენსტრუაციას?

- მტკივნეული მენსტრუაცია, ალგომენორეა, მენსტრუალური ფუნქციის ისეთი დარღვევაა, რომელიც გამოიხატება შეტევითი და მღრღნელი ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, წელისა და გავის მიდამოში. ტკივილი ხშირად გადაეცემა ბარძაყს, სწორ ნაწლავს. მტკივნეულ მენსტრუაციას ხშირად თან სდევს ძლიერი საერთო სისუსტე. ტკივილის ინტენსივობა ცვალებადია, უმნიშვნელო დისკომფორტიდან ძლიერ ტკივილამდე ვარირებს. ის ზღუდავს ქალის ყოველდღიურ აქტივობას. ჩვეულებრივ, ტკივილი თავს იჩენს მენსტრუაციამდე 1-2 დღით ადრე ან მენსტრუაციის პირველსავე დღეს და ორ-სამ დღეში გაივლის. არცთუ იშვიათად მას თან სდევს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, წონის მატება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა. ამ დროს ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს კონკრეტული ორგანიზმის როგორც ანატომიური, ისე ფუნქციური თავისებურებები. ალგომენორეის წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, თანმხლები ექსტრაგენიტალური დაავადებები, აუტოსენსიბილიზაცია (მგრძნობელობის მომატება) საკუთარი სასქესო ჰორმონების (ესტროგენების, პროგესტერონის) მიმართ. ტკივილი ხშირია სასქესო ორგანოთა განუვითარებლობის (ინფანტილიზმი), საშვილოსნოს ტანის მკვეთრი გადახრის (აძნელებს მენსტრუალური სისხლის გამოსვლას), საშვილოსნოს ყელში აბორტის შედეგად განვითარებული შეხორცების, საშვილოსნოს თანდაყოლილი მანკის დროს. მტკივნეულ მენსტრუაციას უმეტესად არამყარი ფსიქიკის პატრონი ქალები უჩივიან. ნერვული სისტემის მომატებული აღგზნებისას მცირე უქეიფობა მენსტრუაციის დროს შესაძლოა ნამდვილ დეპრესიაში გადაიზარდოს. მენსტრუაციის დროს საშვილოსნო რიტმულად იკუმშება, რათა ჩამოფცქვნილი ენდომეტრიუმი გამოდევნოს. ზოგიერთ ქალს მუცლის ღრუში ტკივილის რეცეპტორები ძალიან მგრძნობიარე აქვს და ისინი ყოველ შეკუმშვაზე ტკივილით რეაგირებენ. მენსტრუალური ტკივილი ხშირად ჰორმონული დისბალანსით, კერძოდ, პროგესტერონსა და პროსტაგლანდინებს შორის თანაფარდობის დარღვევითაც არის განპირობებული.

- ახლავს თუ არა თან ტკივილი საშვილოსნოს ყელის ეროზიას?

- დიახ, ტკივილი საშვილოსნოს ყელის ეროზიასაც ხშირად სდევს თან. ამ დროს ტკივილს უმთავრესად სქესობრივი აქტი იწვევს. შესაძლოა, ამას მოჰყვეს უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენიც. გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილების (ანუ აქტის დასრულების ან შეწყვეტის) შემდეგ ტკივილი პრაქტიკულად გაივლის, თუმცა სისხლიანი გამონადენი შესაძლოა მცირე ხანს კიდევ შემორჩეს.

- რას გვეტყვით ენდომეტრიოზზე?

- ენდომეტრიოზი დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის უჯრედები უჩვეულო ადგილას გადაინაცვლებს, წარმოქმნის კუნძულოვან ჩანართებს და თითქმის ისევე ფუნქციობს, როგორც ენდომეტრიუმი. ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება გამრავლდეს საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედელში, პერიტონეუმზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავში და საშვილოსნოდან კიდევ უფრო შორსაც კი. გავრცელებით ენდომეტრიოზს მესამე ადგილი უკავია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებებისა და საშვილოსნოს მიომის შემდეგ. დაავადების ტიპური სიმპტომია ტკივილი, რომელსაც პაციენტთა 45-60% უჩივის. ტკივილი თავს იჩენს მენსტრუაციამდე ორი-სამი დღით ადრე და პიკს აღწევს მენსტრუაციის პირველ-მესამე დღეს. იგი ლოკალიზდება მუცლის ქვედა მიდამოში, გავის, წელის არეში, მუდმივი და ინტენსიურია და ზოგჯერ მწვავე მუცლის სურათს ქმნის. ტკივილს იწვევს ენდომეტრიოიდული წარმონაქმნის შიგთავსის (სისხლის, ჯირკვლების სეკრეტის) მოხვედრა ირგვლივ არსებულ ქსოვილებში. ტკივილის შეგრძნება თავს იჩენს ენდომეტრიოიდულ კერასთან მეზობელი ორგანოების (ნაწლავები, შარდის ბუშტი) შეხების გამოც.

- კიდევ რა სიმტპომი ახასიათებს ენდომეტრიოზს ?

- ენდომეტრიოზის კიდევ ერთი სიმპტომია დისმენორეა - მტკივნეული და არარეგულარული, გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია, რომელსაც ხშირად წინ უძღვის ყავისფერი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან. ხშირია დისპარეუნია - ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს, რაც გაუსაძლისს ხდის სქესობრივ კონტაქტს. დისპარეუნია განსაკუთრებით გამოხატულია საშოს, რექტოვაგინალური ძგიდის, საშვილოსნოს, გავა-საშვილოსნოს იოგების, სწორნაწლავ-საშვილოსნოს სივრცის დაზიანების ფონზე. გარდა ამისა, ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელია უშვილობა, რაც გამოწვეულია ანოვულაციური მენსტრუალური ციკლით.

- იწვევს თუ არა ტკივილს წელის მიდამოში საშვილოსნოს მიომა?

- საშვილოსნოს მიომაც შეიძლება გამოიხატოს წელის ტკივილით. საშვილოსნოს მიომა კუნთოვანი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა. მის წილად მოდის გინეკოლოგიურ დაავადებათა 10-27%. ვლინდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ყველაზე ხშირად 40 წელს გადაცილებულ ქალებთან გვხვდება. საშვილოსნოს მიომის დროს საშვილოსნოს კუნთოვანი შრის უჯრედები აქტიურად მრავლდება, რაც, უწინარეს ყოვლისა, ქალური სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, ჭარბი სეკრეციით არის გამოწვეული. თუმცა სისხლში ესტროგენებისა და პროგესტერონის ნორმალური შემცველობა მიომის არსებობას არ გამორიცხავს.

- რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას ?

- საშვილოსნოს მიომის კლინიკური სურათი დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, დაავადების ხანგრძლივობაზე, მიომური კვანძების ლოკალიზაციაზე, თანმხლებ გენიტალურ და ექსტრაგენიტალურ პათოლოგიებსა და სხვა ფაქტორებზე. ზოგჯერ ავადმყოფი უჩივის ტკივილს. მუდმივი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის არეში ხშირად იმით არის განპირობებული, რომ გაზრდილი სუბსეროზული კვანძები იწვევენ სეროზული გარსის გაჭიმვას ან მენჯის ნერვულ წნულს აწვებიან. არის შემთხვევები, როცა ტკივილს მიომურად შეცვლილ საშვილოსნოში დისტროფიული და ნეკროზული ცვლილებები იწვევს. მენსტრუაციის დროს შეტევისებური ტკივილი ახასიათებს სუბმუკოზური ლოკალიზაციის სიმსივნეს. ზოგჯერ ტკივილი მუდმივი და ძლიერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიომური კვანძი განიერი იოგის ფურცლებს შორის მდებარეობს. სიმსივნის განვითარების ადრეულ სტადიაზე (რომელიც უმეტესად ქალის რეპროდუქციულ ასაკს ემთხვევა) ვითარდება ხანგრძლივი და ჭარბი მენსტრუაცია (მენორაგია). შედარებით უფროს ასაკში შესაძლოა თავი იჩინოს აციკლურმა სისხლდენებმა, რასაც ხშირად ანემიამდე მივყავართ. საშვილოსნოს ქვედა მესამედში, წინა ან უკანა ზედაპირზე მდებარე მიომურმა კვანძებმა შესაძლოა შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს. ქალების დაახლოებით 28%-ს არაფერი აწუხებს და სიმსივნეს შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევისას.


- იკურნება თუ არა მიომა მედიკამენტებით?

- მიომას კონსერვატიულად მკურნალობენ მძიმე ფორმის, ასევე თანმხლები ექსტრაგენიტალური დაავადებების შემთხვევაში, როდესაც ოპერაციული ჩარევა უკუნაჩვენებია. ჰორმონოთერაპიის დანიშვნა მიზანშეწონილია პრემენოპაუზურ (კლიმაქსის წინა) პერიოდში. სუფთა გესტაგენები ინიშნება, როდესაც მიომის ასაკი არ აღემატება 5 წელს. მენსტრუალური ციკლის დარღვევისას მკურნალობა ტარდება ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატებით. ჰორმონული მკურნალობა ფუნქციური დიაგნოსტიკური ტესტების კონტროლის თანხლებით მიმდინარეობს.

- როდის მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ  მეთოდს?

- საშვილოსნოს მიომის ქირურგიული მკურნალობის ჩვენებაა:

  • სიმსივნის სწრაფი ზრდა და დიდი ზომა;
  • ანემიის საწინააღმდეგო თერაპიის მიუხედავად გამოხატული ანემიზაცია;
  • მიომის სუბმუკოზური ფორმა;
  • საშვილოსნოს ყელის მიომა;
  • კვანძის ნეკროზი;
  • შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა.

ოპერაცია შეიძლება იყოს როგორც პალიატიური (კვანძის ამოსახსვრა), ისე რადიკალურიც (საშვილოსნოს ამპუტაცია ან ექსტირპაცია). ასევე აუცილებელია მასალის აღება ჰისტოლოგიური კვლევისთვის სიმსივნის კეთილთვისებიანობის დასადასტურებლად.

- რას გვეტყვით ორსულობისას განვითარებული ტკივილის შესახებ?

- გავა-წელის მიდამოსა და მუცლის ტკივილს ორსულები ხშირად ნაადრევი მშობიარობის სიმპტომად აღიქვამენ, მაგრამ ყოველთვის ამას როდი ნიშნავს. ორსულობა ჯანმრთელი ქალისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ამ დროს ყველა ორგანო გაორმაგებული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ შესაძლოა თავი შეგვახსენოს ჯანმრთელობის სუსტმა რგოლმა, მაგალითად, ძვალსახსროვანმა სისტემამ. თუ ქალს ორსულობამდეც ჰქონდა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები - ხერხემლის გამრუდება, ოსტეოქონდროზი, მენჯის მოძრაობაში მონაწილე კუნთების განუვითარებლობა და სხვა, დიდია ალბათობა, ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ წელისა და მენჯის ტკივილი დაეწყოს. ორსულობის დროს წელისა და მენჯის სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი ასიდან 30-50 შემთხვევაში გვხვდება, ხოლო მშობიარობის შემდგომ პერიოდში მისი მაჩვენებელი 65-70%-ს აღწევს. მრავალი ორსული უჩივის მფრინავ ტკივილს ხერხემალში, წელის მიდამოში, მენჯისა და გავის ძვლებში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ორსულობის დროს სხეულის სიმძიმის ცენტრი ადგილს იცვლის, წონის მომატების გამო საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე დატვირთვა იმატებს.
  • ჰორმონ რელაქსინის ზემოქმედებით ცვლილებები მიმდინარეობს ბოქვენის სიმფიზში,  მენჯ-ბარძაყის სახსარსა და სხვა შემაერთებელქსოვილოვან წარმონაქმნებში. ეს იწვევს ძვალთაშორისი შესახსრებების გარბილებას - მენჯი ემზადება გაწევისა და მშობიარობისთვის (ზოგიერთ ქალს ეს იხვისებრი სიარულით უვლინდება; მათ არ შეუძლიათ წოლისას გაშლილი ფეხების აწევა, ბოქვენის სიმფიზი ხელის დაჭერისას მტკივნეულია). ამ დროს ბოქვენის სიმფიზში იწყება საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება სხეულის მდებარეობის ცვლისას, ბოქვენი შუპდება, ირღვევა სიარულის მანერა. ეს გამოწვეულია სიმფიზის მნიშვნელოვანი გადაჭიმვით და მასში სისხლჩაქცევების გაჩენით. ზოგჯერ თავს იჩენს წელის რადიკულიტის სიმპტომიც - წელის ტკივილი, რომელიც გადაეცემა ფეხში.

სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ მუცლის ტკივილი ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაზე მიუთითებს. ამ დროს ტკივილი გადაეცემა წელის მიდამოს და ძალიან წააგავს სამშობიარო შეტევებს. ასეთ ტკივილს თითქმის ყოველთვის თან სდევს გამონადენი სასქესო ორგანოებიდან - ბაცი ყავისფერი, მოვარდისფრო ან ალისფერი. მუცლის ტკივილი ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს საშვილოსნოსგარე ორსულობით, რომელიც, ჩვეულებრივ, 5-7 კვირის ვადაზე წყდება. ამას თან ახლავს საშვილოსნოს მილის გახეთქვა. იწყება შინაგანი სისხლდენა, რომელსაც თან სდევს ძლიერი ტკივილი, გულისრევა, გულყრა. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.

- რას გვეტყვით ქალის სასქესო ორგანოების მდებარეობის ანომალიებზე და მათ თანხმლებ ტკივილზე?

- ნორმაში საშვილოსნო მდებარეობს მცირე მენჯის ღრუს ცენტრში, ბოქვენსა და გავის ძვალს, აგრეთვე გვერდით კედლებს შორის. საშვილოსნო გადახრილია წინ, მისი ფუძე მიმართულია მუცლის წინა კედლისკენ, ანუ წინ და ზემოთ, ამას ექიმები ანტევერზიოს (ანტევერსიოს) უწოდებენ. საშვილოსნოს სხეულსა და ყელს შორის ბლაგვი კუთხეა, გახსნილი წინ (ანტეფლეხიო). ამ კუთხის ცვლილებები იწვევს პოზიციის ცვლილებებს. ეს შეიძლება მოხდეს:

  • საშვილოსნოს იოგოვანი აპარატის შესუსტების ფონზე (თანდაყოლილი თავისებურება ან მრავალჯერადი მშობიარობის შედეგი);
  • საკვერცხეებისა და საშვილოსნოს სიმსივნეების, საშვილოსნოს მიომის დროს;
  • მცირე მენჯში ანთებითი და შეხორცებითი პროცესების დროს (საშვილოსნოს დანამატების ანთების დროს - ისინი განლაგებულია გვერდით და რამდენადმე უკან - ხდება საშვილოსნოს შეხორცება მენჯის უკანა კედელთან);
  • საშვილოსნოს უკან გადახრის მქონე ქალები შესაძლოა უჩიოდნენ ტკივილს გავა-წელის მიდამოში და მუცლის ქვემოთ. ტკივილი თავს იჩენს უმეტესად სქესობრივი კონტაქტის და მენსტრუაციის დროს. ამას თან ახლავს შარდვის გახშირება და თანმხლები ტკივილი, შეკრულობა, ჩასახვისა და ორსულობის ბოლომდე მიყვანის სირთულეები. თუმცა ზოგჯერ ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ზემოთ ჩამოთვლილი ანომალიები უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

- როგორ მკურნალობენ?

- მკურნალობა მიმართულია მიზეზის აღმოფხვრისკენ. ინიშნება ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ხდება ენდოკრინული დარღვევების კორექცია. გამოხატული პათოლოგიის დროს შესაძლოა ნაჩვენები იყოს ქირურგიული ჩარევა, რომლის მეშვეობითაც აღმოფხვრიან საშვილოსნოს შეხორცებებს და ამ ორგანოს ანტევერზიო-ანტეფლექსიოს მდგომარეობაში აფიქსირებენ. საშვილოსნოს მობრუნება და გადაგრეხა იშვიათია, ჩვეულებრივ, გამოწვეულია საშვილოსნოს ან საკვერცხის სიმსივნით და მისი მოცილებისას ქრება. სასქესო ორგანოების წანაცვლება ვერტიკალური ღერძის მიმართ განსაკუთრებით ხშირად გვხვდება პერიმენოპაუზის პერიოდში. ახალგაზრდებში ასეთი რამ იშვიათია. საშვილოსნოს ამობრუნება ძალზე იშვიათი პათოლოგიაა, გვხვდება სამეანო პრაქტიკაში მოუცილებელი პლაცენტის დაბადებისას, გინეკოლოგიაში - სუბმუკოზური მიომური საშვილოსნოს კვანძის დაბადებისას. ამასთან, საშვილონოს სეროზული გარსი შიგნით არის განლაგებული, ლორწოვანი კი გარეთ. მკურნალობა გულისხმობს ტკივილის გაყუჩებას და ამობრუნებული საშვილოსნოს ჩასწორებას. გართულების - მასიური შეშუპების, ინფექციის, მასიური სისხლდენის - დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა და საშვილოსნოს ამოკვეთა. საშვილოსნოს აწევას უმთავრესად მეორეული ხასიათი აქვს. შესაძლოა, გამოწვეული იყოს ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობით, ასევე - საშოს სიმსივნით, საქალწულე აპკის ატრეზიის დროს - საშოში სისხლის დაგროვებით და სხვა. წელის მიდამოში ტკივილი საკვერცხის კისტის ერთ-ერთი სიმპტომიც არის. ტკივილს მხოლოდ კისტის ფეხზე შემოგრეხა ან მეზობელ ორგანოებზე ზეწოლა იწვევს. ამ დროს თავს იჩენს ტკივილის შეგრძნება წელის არეში და სიმძიმისა მუცლის ქვედა ნაწილში. საკვერცხის კისტა სიმსივნისებრი წარმონაქმნია, რომელიც კისტურად გადაგვარებულ საკვერცხის ღრუში სითხის დაგროვების შედეგად ყალიბდება. დაგროვილი სითხის ოდენობა თანდათან იმატებს, რის გამოც კისტა ნელ-ნელა იზრდება. საკვერცხის კისტა სხვადასხვა სახისაა. ყველაზე ხშირად გვხვდება ფოლიკულური კისტა. ის უმეტესად 20-დან 40 წლამდე ვითარდება. მისი წარმოშობა საკვერცხის ესტროგენული ფუნქციის დარღვევას უკავშირდება, თუმცა განსაზღვრულ როლს ანთებითი პროცესებიც ასრულებს. შემოგრეხილი კისტის მკურნალობა ქირურგიულია. კისტას საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში ამოკვეთენ, რასაც რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.