პირის სიმშრალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირის სიმშრალე

  • ნერწყვი გვეხმარება საკვების გადამუშავებაში. იგი შეიცავს საჭმლის მომნელებელ ფერმენტ ამილაზას, რომელიც ნახშირწყლების გადამუშავებას პირის ღრუშივე იწყებს;
  • იცავს კბილებს კარიესისგან - გამორეცხავს საკვების ნარჩენებს და კბილის ნადებს;
  • ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას, აკონტროლებს პირის ღრუს ბაქტერიებს;
  • გვეხმარება ღეჭვასა და ყლაპვაში;
  • გამოშრობისგან იცავს პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსს.

- რა არის პირის სიმშრალე?

- პირის სიმშრალე, ქსეროსტომია, დაავადებაა, რომლის დროსაც პირის ღრუში არ არის საკმარისი რაოდენობის ნერწყვი ტენიანი გარემოს შესანარჩუნებლად. პირის სიმშრალე შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და გამოუცდია თითოეულ ჩვენგანს, მაგალითად, მღელვარების დროს, მაგრამ როდესაც ეს მდგომარეობა პრაქტიკულად მუდმივია, ამ არაკომფორტულმა შეგრძნებამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

- რა იწვევს ამ სასარგებლო სითხის გამომუშავების შემცირებას?

- ასეთი მიზეზი რამდენიმეა:

I. მდგომარეობა, როდესაც პირის სიმშრალე დილიდანვე აღინიშნება

1. ინტოქსიკაცია

პირის სიმშრალე ნაბახუსევზე არავის უკვირს, რადგან ალკოჰოლისა და მისი მეტაბოლიტის აცეტილდეჰიდის ამგვარი ეფექტი ყველასთვის ცნობილია. პირის სიმშრალე არც უფრო ექსტრემალური თრობის მოყვარულებისთვის არის უცხო ხილი, რადგან ამას იწვევს პრაქტიკულად ყველა ნარკოტიკული საშუალება.

2. სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები

ლორწოვანის გამოშრობას იწვევს პირით სუნთქვა და ხვრინვა. ამას გაღვიძებისას ყველაზე ძლიერ შეიგრძნობს ადამიანი, რომელსაც ცხვირით სუნთქვა უჭირს (მაგალითად, სურდო აქვს) ანდა დაქვეითებული აქვს რბილი სასის ტონუსი.

II. პირის სიმშრალე დღე-ღამის განმავლობაში

1. თამბაქოს წევა

თამბაქოს წევა იწვევს პირის სიმშრალეს როგორც პირის ღრუს კვამლთან უშუალო კონტაქტის, ისე ნიკოტინის ზემოქმედების შედეგად ნერწყვის გამომუშავების დაქვეითების ხარჯზე.

2. მარილიანი საკვები - აფერხებს ნერწყვის გამოყოფას.

3. ზოგიერთი დაავადება

თუ პირის სიმშრალე დიდი ხანია გვაწუხებს, კონსულტაციისთვის უნდა მივმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა, ეს დაავადების სიმპტომი იყოს. ზოგჯერ ნერწყვის გამოყოფის შემცირება დაავადების ერთადერთი სიმპტომიც კია. ნერწყვის გამომუშავება მცირდება სანერწყვე ჯირკვლების დაზიანების - ანთების, სიმსივნის და ა.შ. - დროს. არც საპირისპირო პროცესია გამორიცხული - პირის სიმშრალე, თუ დიდხანს გაგრძელდა, ხშირად რთულდება სანერწყვე ჯირკვლების ანთებით. სანერწყვე ჯირკვლების ფუნქცია შესაძლოა დაირღვეს:

  • თავისა და კისრის არის ახალწარმონაქმნების სხივური თერაპიის შედეგად;
  • ნერწყვის გამოყოფაზე პასუხისმგებელი ნერვების დაზიანებისას;
  • შეგრენის სინდრომის, აივ-ინფექცია/შიდსის, შაქრიანი დაიბეტის, ინსულტის, ალცჰაიმერის და სხვა დაავადებების დროს;
  • მენოპაუზის დროს. ჰორმონული ფონის ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციაზე. მენოპაუზისა და პოსტკლიმაქსურ (კლიმაქსის შემდგომ) პერიოდში ქალები ხშირად უჩივიან პირის სიმშრალის შეგრძნებას.

გარდა გამომუშავებისა, შესაძლოა დაირღვეს ნერწყვის გამოყოფაც - შესუსტდეს სანერწყვე სადინარების განვლადობა ირგვლივ არსებული ქსოვილების სიმსივნის ან ანთებითი პროცესის შედეგად. ესეც პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალეს იწვევს. ნერწყვის გამოყოფა ასევე შესაძლოა შემცირდეს ასაკთან ერთად, ამიტომ ხანდაზმულები ახალგაზრდებზე ხშირად უჩივიან პირის სიმშრალეს. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს წყურვილის აღქმის დარღვევითაც, როდესაც ტვინი უფრო სუსტად რეაგირებს სითხეზე ორგანიზმის მოთხოვნილებაზე.

III. დროებითი პირის სიმშრალე

1. გაუწყლოება

ფიზიკური დატვირთვის ან ცხელ და მშრალ კლიმატურ პირობებში ყოფნის დროს პირის სიმშრალე იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმმა ბევრი სითხე დაკარგა და დანაკარგის შევსება აუცილებელია.

2. ზოგიერთი მედიკამენტის მიღება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოშრობა შეუძლია ასობით პრეპარატს, რომლებსაც იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დარღვევების, ალერგიის, ინფექციის, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალოდ. ქიმიოთერაპიული პრეპარატები ნერწყვს ხდის უფრო სქელს და ბლანტს, რაც იწვევს პირის სიმშრალეს.

- რა ნიშნებით იჩენს თავს პირის სიმშრალე?

- პირის სიმშრალეზე მიუთითებს:

  • პირის ღრუში წებოვნებისა და სიმშრალის შეგრძნება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ენის წვის შეგრძნება;
  • ყელის სიმშრალის შეგრძნება;
  • გემოს შეგრძნების დაქვეითება ან ლითონის გემო პირში;
  • სტომატიტი;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ღეჭვისა და საუბრის გაძნელება;
  • წყურვილის მუდმივი შეგრძნება;
  • პირის ღრუს ლორწოვან გარსზე - წყლულების, ხოლო ტუჩებზე ნახეთქების გაჩენა;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • პირიდან უსიამოვნო სუნი.

- როგორ შეიძლება მოვაგავროთ ეს პრობლემა?

- პირის სიმშრალის მკურნალობის ერთადერთი გზაა მისი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა.

  • თუ პირის სიმშრალე წამლებმა გამოიწვია, ექიმმა შესაძლოა შეცვალოს წამალი ან დოზა.
  • თუ სანერწყვე ჯირკვლები არასწორად ფუნქციობს, მაგრამ ჯერ კიდევ გამოიმუშავებს ნერწყვს, მაშინ ექიმი თერაპევტი ან სტომატოლოგი დაგინიშნავთ წამალს, რომელიც ჯირკვლების მუშაობას გააუმჯობესებს.
  • თუ პირის ღრუს სიმშრალის მიზეზის აღმოფხვრა სწრაფად ვერ ხერხდება, პირის ღრუს ლორწოვანის ტენიანობა ხელოვნური საშუალებებით უნდა აღდგეს, თუნდაც ნერწყვის შემცვლელით. შესაძლოა, სავლებმა ელექსირმაც შეამციროს პირის სიმშრალე.

გარდა ამისა:

  • უფრო ხშირად სვით წყალი ან ის სასმელები, რომლებიც არ შეიცავს შაქარს.
  • ერიდეთ კოფეინის შემცველ სასმელებს (ყავას, ჩაის, ზოგიერთ გაზიან სასმელს).
  • ნერწყვის გამოყოფის სტიმულაციისთვის დაღეჭეთ საღეჭი რეზინი (უშაქრო). მეტად ეფექტურია ციტრუსების, პიტნისა და დარიჩინისარომატიანი საღეჭი რეზინები.
  • ერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
  • გაითვალისწინეთ, რომ ცხარე და მარილიანმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში მტკივნეულობა და სიმშრალე.
  • დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა - დღეში ორჯერ გაიხეხეთ კბილები ფოსფორშემცველი კბილის პასტით და გამოიყენეთ პირის ღრუს სავლებები.
  • ეცადეთ, ისუნთქოთ ცხვირით, ადენოიდების არსებობის ან ხვრინვის შემთხვევაში მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებლები.