სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

ეს შეიძლება იყოს შხამების (მჟავები და ტუტეები) შემთხვევითი მიღების ან კუჭის კიბოს შედეგი. კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილიდან სისხლდენას ყველაზე ხშირად შემდეგი დაავადებები იწვევს: გასტრიტი; საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები; მელორი-ვეისის სინდრომი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან სისხლდენა თორმეტგოჯა ნაწლავსა და სწორ ნაწლავს შორის არსებულ უბანში ლოკალიზდება. დივერტიკულიტი, ანგიოდისპლაზია, ნაწლავის პოლიპები, ბუასილი, ანალური ნაპრალი ამ ლოკალიზაციის სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზებია. განავალში არსებული სისხლი შესაძლოა კიბოს, ნაწლავის ანთებითი დაავადების, დიარეით მიმდინარე ინფექციური დაავადების ნიშანი იყოს.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მიზეზები

ამ პათოლოგიის მიზეზებს, სისხლდენის ადგილის შესაბამისად, ორ დიდ ჯგუფად ყოფენ.

კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის მიზეზები

კუჭის პეპტიკური წყლული. წყლული საჭმლის მომნელებელი სისტემის კედლის დაზიანებაა, ეროზია. წყლულები უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჩნდება. ამ ორგანოთა  კედლის დაზიანებას ზოგჯერ სისხლძარღვის დაზიანება და ამის შედეგად განვითარებული სისხლდენაც მოსდევს. მთლიანობადარღვეული ლორწოვანი გარსი კუჭის (მჟავა) წვენის აგრესიული ზემოქმედებისადმი წინააღმდეგობის უნარს კარგავს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, ასპირინის, ალკოჰოლის, სიგარეტის ხანგრძლივი გამოყენება წყლულების განვითარებას უწყობს ხელს. ლორწოვანი გარსი განსაკუთრებული ბაქტერიის -helikobacter pylori-ს - ცხოველმყოფელობის შედეგადაც შეიძლება დაზიანდეს. გასტრიტი - კუჭის კედლის ანთებას შესაძლოა სისხლდენა მოჰყვეს. ეს დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის წვენის აგრესიულმა ზემოქმედებამ ლორწოვან გარსზე, როცა ამ უკანასკნელს ამა თუ იმ მიზეზით წინააღმდეგობის უნარი დაკარგული აქვს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სტეროიდები, ალკოჰოლი, დაწვრობა და მექანიკური ტრავმა გასტრიტის განვითარებას უწყობს ხელს. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება - საყლაპავისა და კუჭის  ვენების გაგანიერება და მისი (ვენების) კედლების გათხელება უმეტესად ღვიძლის დაავადებების შედეგია. ეს პათოლოგია ხშირად ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის ფონზე წარმოიშობა. აღნიშნული ლოკალიზაციის სისხლდენა შესაძლოა ყოველგვარი წინაპირობის გარეშეც დაიწყოს. როგორც წესი, ასეთი სისხლდენა მასიურია და კატასტროფულ შედეგებს იწვევს. მელორი-ვეისის სინდრომი - კუჭის კედლების მთლიანობის დარღვევაა, რომელიც ხშირად მოსდევს ღებინების ან გულისრევის შეტევებს. აღნიშნული პათოლოგიის დროს სისხლდენას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს კრუნჩხვამ, ძლიერმა ხველამ ან ისტერიულმა სიცილმა, სიმძიმის აწევამ, კუნთების გაჭიმვამ, მშობიარობამ. ექიმები ხშირად აწყდებიან მელორი-ვეისის სინდრომის გამოვლინებებს იმ ადამიანებში, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილიდან

დივერტიკულოზი - ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილიდან სისხლდენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დივერტიკულს  უწოდებენ ნაწლავის გამობერილობას, უმეტესად უმნიშვნელოს, შედარებით იშვიათად - ძლიერს. ასეთი წარმონაქმნები მსხვილი ნაწლავის კედლების სისუსტისა და გათხელების შედეგია. როგორც წესი, ადამიანს რამდენიმე დივერტიკული ერთდროულად უჩნდება. ამ დაავადებისადმი მიდრეკილება აქვთ მათ, ვინც შეკრულობით იტანჯება და დეფეკაციას მძლავრი გაჭინთვით იწვევს. ანგიოდისპლაზია. ეს პათოლოგია დივერტიკულთან ერთად სისხლდენის  ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. ამ პათოლოგიის დროს ნაწლავის კედელში ხდება პათოლოგიური დაგროვება ახალწარმოქმნილი წვრილი სისხლძარღვებისა, რომლებიც ადვილად სკდება. ასეთი “ჭრილობებით” დაფარული ზედაპირებიდან უმეტესად პერიოდულად დის სისხლი. ანგიოდისპლაზია ხშირად მსხვილი ნაწლავის დაავადებაა. მის განვითარებას ხელს უწყობს ხანდაზმული ასაკი და თირკმლის ქრონიკული დაავადებები. პოლიპები - ისინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასიმსივნურ დაავადებებს მიეკუთვნება. მსგავსი ახალწარმონაქმნები უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ. უიშვიათეს შემთხვევებში პოლიპი შეიძლება სიმსივნურ ახალწარმონაქმნში გადაიზარდოს. ნაწლავის პოლიპმა შესაძლოა ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს. როდესაც სისხლდენა ნაკლებად უხვი და სუსტია, აღნიშნული ახალწარმონაქმნები შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. ბუასილი და ანალური ნაპრალი - ბუასილს სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული ვენების გაგანიერებასა და შეშუპებას უწოდებენ. დეფაკაციისას, უფრო სწორად, ჭინთვისას, სისხლძარღვის კედლები ზიანდება და სისხლდენა იწყება. ბუასილის დროს სისხლის დანაკარგი ხშირად უმნიშვნელოა, განმეორებადი. განავალში შეინიშნება ალისფერი სისხლი. აღნიშნული პათოლოგიის დროს ძლიერი სისხლდენა იშვიათია. ანალური ნაპრალის დროსაც, ანალური ხვრელის კედლების დაზიანების გამო, სისხლის (ალისფერი) დანაკარგი უმნიშვნელოა. ანალური ხვრელის კედლების მთლიანობა შესაძლოა დაირღვეს მკვრივი განავლის გამოსვლის ან ძლიერი გაჭინთვის დროს, რასაც თან ახლავს სისხლდენა და მწვავე ტკივილი.


სიმპტომები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მწვავე სისხლდენა ვლინდება სისხლიანი პირღებინებით, სისხლიანი ან შავი ნაწლავური გამონაყოფით, კუპრის მსგავსი განავლით. ღებინების დროს გადმონთხეული მასა შესაძლოა ყავის ნახარშისფერი იყოს. ამ პათოლოგიის სიმპტომებს შეიძლება მივაკუთვნოთ: საერთო სისუსტე; სწრაფად დაღლა; ქოშინი; ტკივილი მუცლის მიდამოში; კანის სიფერმკრთალე; სისხლიანი ღებინება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის დროს). მკვეთრი წითელი ან მუქი ბორდოსფერი განავლოვანი მასები შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ქვედა ნაწილიდან (უფრო ხშირად) სისხლდენის მაუწყებელი იყოს, თუმცა ასეთი რამ შეიძლება მოხდეს (იშვიათად) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან აქტიური სისხლდენის დროსაც. უმნიშვნელო ხანგრძლივი სისხლდენა შესაძლოა პაციენტს შეუმჩნეველი დარჩეს ან გამოვლინდეს დაღლილობით, ანემიით, შავი განავლით ან განავალში ფარულ სისხლდენაზე პოზიტიური რეაქციით. ახლა კი ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ იმასაც, რა სახით შეიძლება შევხვდეთ განავალში სისხლს და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს. დავიწყოთ იმით, რომ განავალში სისხლის არსებობა ნაწლავის ლორწოვანი გარსისა და სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევის მანიშნებელია. პაციენტის გამოკითხვისას და ჩივილების მიხედვით ექიმმა შესაძლოა წინასწარ განსაზღვროს ამა თუ იმ დაავადების არსებობა.

  • ალისფერი სისხლი, რომელიც არ არის შერეული განავალში, ბუასილისა და ანალური ხვრელის ნაპრალისთვის არის დამახასიათებელი.
  • ალისფერი სისხლი ტუალეტის ქაღალდზე დამახასიათებელია ბუასილის შიგნითა კვანძებისთვის, ანალური ხვრელის ნაპრალისთვის, სწორი ნაწლავის კიბოსთვის.
  • სისხლი და ლორწო თეთრეულზე ბუასილის გვიან სტადიაში სწორი ნაწლავის გამოვარდნას ახასიათებს.
  • სისხლი თეთრეულზე ლორწოს გარეშე დამახასიათებელია სწორი ნაწლავის კიბოსთვის.
  • განავალთან შერეული სისხლი და ლორწო დამახასიათებელია წყლულოვანი კოლიტისთვის, პროქტიტისთვის, სწორი ნაწლავის პოლიპებისა და სიმსივნეებისთვის.
  • მასიური სისხლდენა შესაძლოა მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზისა და იშემიური კოლიტის ნიშანი იყოს.
  • შავი განავალი (მელენა) დამახასიათებელია ღვიძლის ციროზის დროს განვითარებული საყლაპავის გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენისთვის, კუჭის წყლულისა და კიბოსთვის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის.
  • განავალში არსებული სისხლის მიზეზი უმეტესად კეთილთვისებიანია, მაგრამ ის შეიძლება იყოს მეტად სერიოზული დაავადებების - პოლიპების, ნაწლავის სიმსივნის - გამოვლინებაც, ამიტომ აუცილებელია, განავალში სისხლის აღმოჩენის პირველსავე შემთხვევაში მიმართოთ ექიმს, მაგალითად, ექიმ პროქტოლოგს, და ჩაიტაროთ მის მიერ დანიშნული აუცილებელი კვლევები, უპირველესად - კოლონოსკოპია. ეს დროული მკურნალობისა და დადებითი შედეგის მიღების საწინდარია.

როდის არის საჭირო სამედიცინო დახმარება?

განავალში სისხლის აღმოჩენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლის გამოყოფის ნებისმიერი შემთხვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სამედიცინო კვლევის ჩატარებას მოითხოვს. მუქი ან შავი განავალი შესაძლოა მიუთითებდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ხანგრძლივად მიმდინარე, ნელ სისხლდენაზე. ამ დროს საქმეში ექიმის ჩართვა აუცილებელია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მნიშვნელოვანი სისხლდენის შემთხვევაში, სისხლიანი ღებინება იქნება ეს თუ სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

რა დიაგნოსტიკური საშუალებებია აუცილებელი?

ექიმი აუცილებლად ჩაატარებს კომპლექსურ სამედიცინო გამოკვლევას და შეკრებს ანამნეზს წარმოქმნილი სიმპტომების მიზეზების განსაზღვრისთვის. ხდება სწორი ნაწლავის თითით გასინჯვა. დიდ სამედიცინო ცენტრებში ტარდება ციფრული რექტოსკოპია სწორ ნაწლავში სისხლის ვიზუალური აღმოჩენის მიზნით. ექიმს შესაძლოა დასჭირდეს სპეციალური მოქნილი მილის ცხვირის მიდამოდან კუჭში შეყვანა სისხლდენის მიზეზის განსაზღვრისთვის. ამ პროცედურას ენდოსკოპიას უწოდებენ. ენდოსკოპი - მოწყობილობა, რომელიც კამერიანი გრძელი მილისგან შედგება, ცხვირის გავლით კუჭში ან სწორი ნაწლავის გავლით მსხვილ ნაწლავში შეაქვთ სისხლდენის მიზეზისა და ლორწოვანი გარსის დაზიანების ადგილის გასარკვევად. ეს პროცედურა დიაგნოსტიკური და სამკურნალოცაა, რადგან მიზეზის დადგენასა და სისხლდენის შეჩერებაში გვეხმარება. სისხლდენის დროს ენდოსკოპის მეშვეობით ხდება სისხლმდენი ადგილის მოწვა ან მისი სპეციალური ნივთიერებებით დაფარვა. ეს მცირე ოპერაციული ჩარევაა. შემდეგ მკურნალობა კონსერვატიული მეთოდებით - სამკურნალო პრეპარატებით გრძელდება, მაგრამ თუ სისხლდენა მაინც არ შეჩერდა ან რამდენიმე დღით შეჩერდა და შემდეგ ისევ განახლდა, დაისმის ოპერაციული ჩარევის საკითხი. ოპერაცია უნდა გაკეთდეს მაშინაც, თუ სისხლდენა გარკვეული ხნის (პირველი სისხლდენიდან რამდენიმე თვის, წლის) შემდეგ განმეორდა. ლაბორატორიული კვლევა ექიმს ეხმარება სისხლის დანაკარგის სიმძიმისა და იმ ფაქტორების დადგენაში, რომლებიც ამ პათოლოგიაზე გავლენას ახდენს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მკურნალობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ძლიერი სისხლდენის დროს არ არსებობს თვითმკურნალობის არანაირი მეთოდი - დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. ანალური ნაპრალისა და ბუასილის დროს გაზარდეთ მენიუში ბოჭკოთი მდიდარია საკვების რაოდენობა და მიიღეთ სითხეები შეკრულობის თავიდან ასაცილებლად. ზოგჯერ შინაგანი სისხლდენისას აუცილებელია პირველი დახმარება. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, ავადმყოფს მუცელზე დაადეთ ცივი, ჩაატარეთ შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები. ის მჯდომარე უნდა გადაიყვანოთ. შინაგანი სისხლდენის ნიშნები: ადამიანი სუსტდება, ტკივილს შესაძლოა ვერც კი გრძნობდეს; ფერმკრთალია, ამცივნებს და ცივი ოფლი ასხამს; აქვს თავბრუხვევა და თვალწინ - მუქი რგოლები; სუნთქვა სუსტია და ზერელე; ხელის დაჭერისას მუცელი შებერილი, მაგარი და მტკივნეულია. ავადმყოფმა შესაძლოა ემბრიონის პოზა მიიღოს; მუცელზე შესაძლოა ჩალურჯებული ადგილები ემჩნეოდეს. რა არ უნდა გავაკეთოთ: არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი! არ აჭამოთ; წყალი არ დაალევინოთ.


მკურნალობის საფუძვლები

  • კუჭ-ნაწლავიდან სერიოზულმა სისხლდენამ შესაძლოა ადამიანის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაარღვიოს. უმეტესად ეცემა სისხლის არტერიული წნევა და იმატებს გულის შეკუმშვათა რიცხვი.
  • რეანიმაციული ღონისძიებების აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი ნიშნავს ვენიდან სითხეების გადასხმას. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სისხლის გადასხმაც გახდეს საჭირო.
  • ზოგჯერ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას ქირურგიულად მკურნალობენ.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემდეგ

  • აუცილებლად დაიცავით დიეტა და ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის დანიშნულება, დანიშნულ დროს მიიღეთ მის მიერ გამოწერილი სამკურნალო პრეპარატები.
  • რეგულარულად ეჩვენეთ ექიმს მკურნალობის შედეგების კონტროლისთვის. ეს შესაძლებლობას იძლევა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა აღარ გაგრძელდეს და გართულებები თავიდან ავიცილოთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან სისხლდენა?

  • თავი არიდეთ იმ ფაქტორებს, მაგალითად, ალკოჰოლსა და თამბაქოს წევას, რომლებიც კუჭის სეკრეციას აძლიერებს.
  • მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ზრდის განავლის მოცულობას და დივერტიკულოზისა და ბუასილის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

პროგნოზი

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შედეგი დამოკიდებულია პირველმიზეზსა და მის ლოკალიზაციაზე, სისხლის დანაკარგზე, დროულ დიაგნოსტიკასა და ადეკვატურ მკურნალობაზე, ასევე - ასაკსა და ავადმყოფის საერთო მდგომარეობაზე.