ცოლინგერ-ელისონის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცოლინგერ-ელისონის სინდრომი

ცოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს პანკრეასში ან წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში (თორმეტგოჯა ნაწლავში) წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე სიმსივნე. ეს სიმსივნე, რომელსაც გასტრინომას უწოდებენ, დიდი რაოდენობით წარმოქმნის ჰორმონ გასტრინს. თავის მხრივ, გასტრინი კუჭში მჟავას ჭარბ სეკრეციას იწვევს, რასაც წყლულების ფორმირებამდე მივყავართ. ცოლინგერ-ელისონის სინდრომი იშვიათი დაავადებაა. ის ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში შეიძლება აღმოცენდეს, თუმცა უმეტესად 30-დან 50 წლამდე გვხვდება.

როგორ ვლინდება დაავადება

ცოლინგერ-ელისონის სინდრომის ნიშნებია:

  • მუცლის ტკივილი;
  • ფაღარათი;
  • წვის, ტკივილის, ზეწოლის შეგრძნება კუჭის საპროექციო მიდამოში;
  • გულძმარვა, მჟავა წვენის ამოტყორცნის შეგრძნება;
  • გულისრევა და ღებინება;
  • სისუსტე;
  • სისხლდენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში;
  • წონის უმიზეზო კარგვა;
  • მადის დაქვეითება;
  • ანემია.

რა იწვევს ცოლინგერ-ელისონის სინდრომს

ცოლინგერ-ელისონის სინდრომის მიზეზები უცნობია, მაგრამ შესწავლილია იმ სიმპტომების თანამიმდევრობა, რომლებიც ამ დროს ვითარდება. ყველაფერი იწყება ერთი ან რამდენიმე გასტრინომის აღმოცენებით პანკრეასში, თორმეტგოჯა ნაწლავში ან მათ მიმდებარე ლიმფურ კვანძებში. მოგეხსენებათ, პანკრეასი კუჭის უკან მდებარეობს. ის საჭმლის მონელების პროცესისთვის აუცილებელ ფერმენტებს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, პანკრეასი გამოიმუშავებს სხვადასხვა ჰორმონს, მათ შორის - გასტრინს, ჰორმონს, რომელიც კუჭის მჟავა წვენის პროდუქციას აკონტროლებს. პანკრეასის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის საჭმლის მომნელებელი წვენები ერთმანეთს ერევა თორმეტჯოგა ნაწლავში - წვრილი ნაწლავის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ მოსდევს კუჭს. სწორედ აქ აღწევს საჭმლის მონელება პიკს. ცოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს სიმსივნე სწორედ იმ უჯრედებითაა წარმოდგენილი, რომლებიც დიდი რაოდენობით გასტრინს წარმოქმნიან, თავად გასტრინი კი, როგორც ითქვა, კუჭის სეკრეციის სტიმულატორია. დიდი რაოდენობით მჟავა წვენი წყლულების ფორმირებას და რიგ შემთხვევაში ფაღარათს იწვევს. გარდა იმისა, რომ სიმსივნე დიდი რაოდენობით მჟავას გამოიმუშავებს, ის შესაძლოა ავთვისებიანიც იყოს. სიმსივნე ნელა იზრდება, მაგრამ ავთვისებიანობის შემთხვევაში ყველგან შეიძლება გავრცელდეს. უმეტესად ეს ადგილებია ახლომდებარე ლიმფური კვანძები და ღვიძლი.

კავშირი მრავლობით ენდოკრინულ ნეოპლაზიასთან

ცოლინგერ-ელისონის სინდრომი შესაძლოა განპირობებული იყოს თანდაყოლილი მდგომარეობით, რომელსაც პირველი ტიპის მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია ეწოდება. პირველი ტიპის მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის მქონე პაციენტებს პანკრეასის სიმსივნესთან ერთად აქვთ ენდოკრინული სისტემის მრავლობითი სიმსივნეც. გარდა პანკრეასისა, სიმსივნე აღმოცენდება ფარისებრახლო ჯირკვლებში, ზოგჯერ - ჰიპოფიზში. გასტრინომის შემთხვევათა 25% სწორედ პირველი ტიპის მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის კლინიკის შემადგენელი ნაწილია.


როგორ სვამენ დიაგნოზს

ცოლინგერ-ელისონის სინდრომის დიაგნოსტიკა ემყარება შემდეგ მონაცემებს:

  • დაავადების ისტორია - ექიმი დეტალურად გამოიკითხავს დაავადების სიმპტომებს და ინფორმაციას მიღებული მედიკამენტებისა და მათი გამოყენების შედეგების შესახებ;
  • სისხლის გამოკვლევა - მოწმდება სისხლში გასტრინის შემცველობა. მართალია, მისი მომატება შესაძლოა პანკრეასში ან თორმეტგოჯა ნაწლავში არსებული გასტრინომის სიმპტომი იყოს, მაგრამ არც ამ ცვლილების სხვა მიზეზებია გამორიცხული. ჩვეულებრივ, საჭიროა ტესტის რამდენჯერმე გამეორება;
  • გასტრინის დონის განსაზღვრა - ვინაიდან სისხლში გასტრინის მომატებას სხვა მიზეზებიც აქვს, მათ დასადგენად ექიმმა შესაძლოა კუჭის მჟავიანობის განსაზღვრა მიიჩნიოს საჭიროდ. გასტრინის დონე შესაძლოა მომატებული იყოს მაშინაც, როცა დაქვეითებულია კუჭის ლორწოვანის მიერ მჟავას პროდუცირების უნარი ან პაციენტი სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებს. თუ გაირკვა, რომ კუჭი მჟავა წვენს გამოიმუშავებს, ექიმი ნიშნავს სეკრეტინით სტიმულაციის ტესტს. ამისთვის თავდაპირველად განისაზღვრება გასტრინის დონე, შემდეგ პაციენტს უტარდება სეკრეტინის ინექცია და კვლავ განისაზღვრება გასტრინი. ცოლინგერ-ელისონის სინდრომის შემთხვევაში გასტრინის შემცველობა კიდევ უფრო იზრდება.
  • ენდოსკოპია (გასტროსკოპია) -  სპეციალური ხელსაწყოს, გასტროსკოპის, მეშვეობით ათვალიერებენ საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანს, რათა წყლულების არსებობა ან არარსებობა დაადგინონ. ამავე დროს შესაძლოა აიღონ ქსოვილის ნაწილი (ბიოფსია) მიკროსკოპული გამოკვლევისთვის. აღსანიშნავია, რომ ცოლინგერ-ელისონის სინდრომისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ძნელად სამკურნალო წყლულის არსებობა. უჩვეულოა მათი ლოკალიზაცია - წყლული ჩნდება არა მარტო კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში, არამედ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ნაწილებშიც.
  • რადიოლოგიური კვლევა - სიმსივნის დასადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

როგორ მკურნალობენ

ცოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა გულისხმობს როგორც წყლულის, ასევე სიმსივნის მკურნალობას. თუ სიმსივნის ოპერაციული მკურნალობა შესაძლებელია, შესაძლოა სულაც არ გახდეს საჭირო ხანგრძლივი მკურნალობა წყლულის გამო.

სიმსივნის მკურნალობა

ცოლინგერ-ელისონის სინდრომის ოპერაციული მკურნალობა ქირურგის განსაკუთრებულ კვალიფიკაციას მოითხოვს, ვინაიდან სიმსივნე ხშირად მცირე ზომისაა და რთულად მისადგომი. გარდა ამისა, ოპერაციულ მკურნალობაზე შეიძლება ვიფიქროთ მხოლოდ ერთი სიმსივნისას, ხოლო მრავლობითი სიმსივნისას ან მისი ღვიძლში გავრცელებისას ქირურგიული ჩარევის საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში არც კი დაისვას, თუმცა ზოგჯერ მრავლობითი სიმსივნისას ერთი დიდი სიმსივნის ამოკვეთაც წყდება. ზოგ შემთხვევაში სხვაგვარი მკურნალობა ტარდება - ღვიძლის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა, სიმსივნის მკვებავი სისხლძარღვის ემბოლიზაცია, უჯრედების დაშლა (რადიოსიხშირული აბლაცია), მედიკამენტის ინექცია სიმსივნეში, ქიმიოთერაპია.

ჭარბი მჟავიანობის მკურნალობა

ცოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს ჭარბი მჟავას წარმოქმნის დათრგუნვა აუცილებელია. არჩევის პრეპარატებია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. სათანადო დოზით გამოყენებისას ისინი ეფექტურად თრგუნავენ მჟავას პროდუქციას. ამ ჯგუფის პრეპარატებია, მაგალითად, ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ესომეპრაზოლი. ზოგ შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული ჩარევა წყლულის სამკურნალოდ. ჩვეულებრივ, ასეა მაშინ, როცა საჭიროა:

  • წყლულიდან სისხლდენის შეჩერება;
  • წყლულით გამოწვეული კუჭის გასავლის შევიწროების მკურნალობა;
  • სასწრაფო ოპერაცია წყლულის პერფორაციის გამო.

უნდა ვიცოდეთ, რომ...

აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, თუ გვაწუხებს მდგრადი, მწველი, მღრღნელი ტკივილი კუჭის არეში. ექიმთან ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ამ სიმპტომებს ერთვის გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. ცოლინგერ-ელისონის სინდრომისას დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალზე მნიშვნელოვანია.