დაღლილობისა და სისუსტის გამომწვევი დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაღლილობისა და სისუსტის გამომწვევი დაავადებები

ანემია

სწრაფად დაღლისა და სისუსტის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი რკინადეფიციტური ანემიაა. მისი გავრცელების სიხშირე მამაკაცებსა და მენოპაუზის ასაკში მყოფ ქალებში 20-იდან ერთია, უფრო ახალგაზრდა ქალებში კი გაცილებით ხშირად გვხვდება. სისუსტეს იწვევს ყველა სხვა სახის ანემიაც. ამ დროს, ჩვეულებრივ, დაქვეითებულია შრომისუნარიანობა, შეინიშნება კუნთების სისუსტე, სწრაფი დაღლა, კანისა და ლორწოვანების სიფერმკრთალე, გულისცემის აჩქარება. დიაგნოზს ადასტურებს სისხლის საერთო ანალიზი.

ძილის აპნოე

ძილის აპნოე არის მდგომარეობა, როცა ზედა სასუნთქი გზები ძილის დროს პერიოდულად ვიწროვდება ან იხურება, რაც აფერხებს სუნთქვას. ეს იწვევს მზარდი ამპლიტუდისა და ხმიანობის ხვრინვას, რომელიც უეცრად წყდება, მერე კი თავიდან იწყება. ამ დროს მცირდება სისხლში ჟანგბადის შემცველობა. ამ ცვლილებების გამო ადამიანს ღამით ხშირად ეღვიძება, დილით გამოუძინებელი დგება და დაღლილობას უჩივის. ძილის აპნოე ყველაზე ხშირად ჭარბი წონის მქონე შუახნის მამაკაცებს აწუხებთ. მდგომარეობას აუარესებს თამბაქოს წევა და სმა. დაავადების დიაგნოსტიკაში გვეხმარება ზედა სასუნთქი გზების დათვალიერება და ძილის გამოკვლევა - პოლისომნოგრაფია, რომლის დროსაც იწერენ სუნთქვას, კარდიოგრამას, სასუნთქი კუნთების აქტივობასა და სხვა მონაცემებს.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება

როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების აქტივობა დაქვეითებულია, ადამიანი უჩივის დაღლილობას, კუნთების სისუსტეს, უხალისობას, წონის მატებას, შეშუპებისკენ მიდრეკილებას, თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევადობას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება უმთავრესად ქალებში გვხვდება და ასაკთან ერთად ხშირდება. დიაგნოზს ადასტურებს სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (თშH) დონის მომატება. სისუსტე და ადვილად დაღლა დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბისთვისაც. ამ დროს აღმოცენებულ სიმპტომოკომპლექსს თირეოტოქსიკოზს უწოდებენ. პაციენტს აღენიშნება გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, წონის კლება, აღგზნებადობა.

შაქრიანი დიაბეტი

ყველამ იცის, რომ შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი სიმპტომი ადვილად დაღლა და სისუსტეა. ყურადღებას იპყრობს სხვა ნიშნებიც - გაძლიერებული წყურვილი, გახშირებული შარდვა, წონის კლება. აღსანიშნავია, რომ დიაბეტის დროს სისუსტის მიზეზი შეიძლება იყოს გლუკოზის დონის როგორც მატება, ისე დაქვეითებაც. სხვა მიზეზებია სისხლძარღვთა დაზიანება და თავის ტვინში განსაზღვრული ტიპის უჯრედების - მონოციტების მიგრაცია.

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

ამ დროს ორგანიზმში ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი, რაც გამოიხატება ძლიერი საერთო სისუსტით, წნევის დაქვეითებით, უმადობითა და წონის კლებით, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითებითა და კალიუმის დონის მატებით, ხელისგულების, საყელოსა და ქამრის არის გამუქებით. დიაგნოზს ადასტურებს გამოკვლევა.

ინფექციური მონონუკლეოზი

ინფექციური მონონუკლეოზი საკმაოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია სისუსტე, ცხელება, ანგინა, ლიმფური კვანძების, ზოგჯერ ღვიძლისა და ელენთის გადიდება. უმეტესად გვხვდება მოზარდებსა და ახალგაზრდებში. ანგინა და ლიმფური კვანძების გადიდება, ჩვეულებრივ, მალე გაივლის, სისუსტე კი შეიძლება თვეობით გაგრძელდეს. დიაგნოზს ადასტურებს სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის სეროლოგიური კვლევა. აღსანიშნავია, რომ სისუსტე და ადვილად დაღლა თან ახლავს ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას.

გულის უკმარისობა

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ გულის უკმარისობას, რომელიც გულის თითქმის ყველა დაავადების შედეგად შეიძლება აღმოცენდეს, სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება ახასიათებს. ერთი მხრივ, ეს არის დაღლილობა, რომელიც აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვისას, ვლინდება ქოშინით, გულისცემის აჩქარებით და დაკავშირებულია გულის უუნარობასთან, მიაწოდოს ორგანოებს სათანადო რაოდენობის სისხლი გაზრდილი მოთხოვნილების პირობებში. მეორე მხრივ, სისუსტე განპირობებულია უშუალოდ ჩონჩხის კუნთების სისხლმომარაგების დაქვეითებით. გულის უკმარისობასთან დაკავშირებული სისუსტის დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივ, არ არის რთული და ეფუძნება გულის დაავადების არსებობას, გასინჯვით მიღებულ მონაცემებს, კარდიოგრაფიულ და გულის ექოსკოპიურ მონაცემებს.


ღვიძლის დაავადებები

სისუსტე და ადვილად დაღლა ღვიძლის დაავადებებისთვის დამახასიათებელი და საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. ის შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობით, უხალისობით, აპათიურობით, ენერგიის უკმარისობით. ღვიძლის დაავადებების დროს სისუსტე ტიპობრივია ფიზიკური დატვირთვის, თუნდაც ვარჯიშის შემდეგ და იშვიათია დილაობით, ანდა დასვენების შემდეგ (დღის სისუსტე ნაცვლად დილის სისუსტისა). ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებული სისუსტის გამოხატულების ხარისხი ხშირად ცვალებადია. ზოგჯერ ჭირს იმის დადგენაც, ღვიძლის დაავადების ბრალია სისუსტე თუ სტრესისა, შფოთვისა, ძილის უკმარისობისა ან სხვა დაავადებისა. დიაგნოსტიკაში გვეხმარება პაციენტის გასინჯვა, ლაბორატორიული და ექოსკოპიური კვლევა.

სიმსივნე

ძლიერი სისუსტე სისხლის ზოგიერთი ავთვისებიანი დაავადების ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. ამ დროს დიაგნოსტიკაში გვეხმარება სისხლის საერთო ანალიზი, პაციენტის გასინჯვა, რომლის მონაცემების საფუძველზეც გაირკვევა შემდგომი კვლევის აუცილებლობა და ხასიათი. საერთო სისუსტე ხშირად სხვა სიმსივნეებსაც ახლავს თან.  დიაგნოსტიკის პრინციპი იგივეა. მნიშვნელოვანია ისეთი სასკრინინგო კვლევები, როგორებიცაა განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე, ქალებში საშვილოსნოს ყელის ნაცხის კვლევა პაპანიკოლაუს მეთოდით (PAP-ტესტი), მამაკაცებში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PშA) განსაზღვრა.

ცელიაკია

ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ვერ ინელებს საკვებში არსებულ ცილას - გლუტეინს. ის არის ხორბალში, ჭვავში, ქერში. ამ დროს დაღლილობასა და სისუსტესთან ერთად ვითარდება ფაღარათი, მეტეორიზმი, წონის კლება, ანემია.

სისუსტის გამომწვევი მედიკამენტები

ალბათ აზრად არავის მოუვა, რომ სისუსტის მიზეზი შეიძლება ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტი იყოს.

  • წნევის დამწევი საშუალებები - მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქვეითებს გულის შეკუმშვათა სიხშირესა და ძალას, თუ შარდმდენია - იწვევს კალიუმის კარგვას, ამიტომ თუ მკურნალობისას უჩვეულო სისუსტე იგრძენით, მიმართეთ ექიმს. რასაკვირველია, ეს გვერდითი ეფექტი ჰიპერტენზიის მკურნალობაზე უარის თქმის საფუძველს არ იძლევა - წნევის მოწესრიგება აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ გულის, თავის ტვინისა და თირკმლის დაზიანება.
  • სტატინი და ფიბრატები - ეს პრეპარატები მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ გამოიყენება.
  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი და ა. შ.) - მათი დანიშნულებაა კუჭის მჟავა წვენის პროდუქციის დაქვეითება. ამ ჯგუფის პრეპარატების 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის შემცველობის დაქვეითება, რაც უმადობას და სისუსტეს იწვევს.
  • ბენზოდიაზეპინები, იგივე ტრანკვილიზატორები - სისუსტეს იწვევენ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების გამო.
  • ანტიჰისტამინური საშუალებები -ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები - სისუსტეს იწვევენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დეპრესიული ზემოქმედების გამო. ამგვარი ეფექტი შედარებით სუსტია მეორე თაობის პრეპარატების მიღებისას.
  • ანტიდეპრესანტები
  • ანტიფსიქოზური საშუალებები
  • ანტიბიოტიკები - სისუსტის მიზეზები დაუდგენელია.

სულ სხვა მიზეზით...

ადვილად დაღლა და სისუსტე ზოგჯერ სულ სხვა, სრულიად არასამედიცინო მიზეზით არის გამოწვეული. ეს მიზეზებია:

  • ზედმეტი აქტიურობა - თუ მთელი დღე საქმიანობთ და არ ისვენებთ, ბუნებრივია, საღამოს ძალიან დაღლილი იქნებით;
  • სტრესი - მცირე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სტრესი ენერგიით გვავსებს, ძლიერი და ხანგრძლივი კი ჯანმრთელობას ვნებს;
  • კვების ხასიათი - ნახშირწყლების სიჭარბე, ისევე როგორც კალორიების მუდმივი დეფიციტი, დაღლილობას გააძლიერებს;
  • კოფეინიანი სასმელების ჭარბი მიღება, სითხის დეფიციტი და სითხის კარგვა, ბუნებრივია, სისუტეს გამოიწვევს;
  • უმოძრაობა - ამ დროს კუნთები სუსტდება და მცირე აქტიურობაც კი გვღლის;
  • დაბერება - ასაკის მატებასთან ერთად ენერგიის დაქვეითება ნორმალურია, მაგრამ სწრაფი და მკვეთრი დასუსტებისას აუცილებელია დაავადების გამორიცხვა.

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობასა და სისუსტეს

თუ სისუსტე ავადმყოფობით არ არის გამოწვეული, მას შესაძლოა მოერიოს:

  • საკმარისი ძილი;
  • ბალანსირებული, ჯანსაღი კვება და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება;
  • რეგულარული ვარჯიში;
  • რელაქსაცია;
  • შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა;
  • სტრესული ფაქტორების შეძლებისდაგვარად თავიდან აცილება. მაგალითად, სამუშაოს შეცვლა, შვებულების აღება ახლობლებისთვის, პრობლემების გაზიარება;
  • უარი ალკოჰოლზე, ნიკოტინზე, ნარკოტიკებზე.