ტკივილი გულმკერდის არეში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი გულმკერდის არეში

გულმკერდის არეში ტკივილს ბევრი გულს აბრალებს და არცთუ იშვიათად თვითმკურნალობასაც იწყებს, რაც შეცდომაა. ჯერ ერთი, თუ ტკივილი მართლაც გულის პათოლოგიითაა გამოწვეული, სათანადო გამოკვლევას და მკურნალობას მოითხოვს; მეორე - გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლოა გულის კი არა, მაგალითად, ფილტვების ან კუჭ-ნაწლავის დაავადების, ანდა, სულაც, ნევრიტის ან კისრის მალების ოსტეოქონდროზის ბრალი იყოს. ტკივილი გულის არეში ზოგჯერ ხანგრძლივი და ხშირად განმეორებადია, ზოგჯერ - ხანმოკლე და უეცარი. ხშირად განმეორებადი, ხანგრძლივი ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც თავად გულის, ისე გულმკერდის ღრუს სხვა ორგანოების (პლევრა, დიაფრაგმა, შუასაყარი), ნეკნთაშუა ნერვებისა და კუნთების, კისრის მალების დაავადებითაც.

  • გულის ტკივილის გამომწვევ უხშირეს მიზეზს, სტენოკარდიას, ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს.
  • უეცარი, ძლიერი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტმა, აორტის დაავადებამ, ფილტვის დაავადებამ.
  • გულის კუნთისა და მისი პერანგის ანთება, მიოკარდიტი, კარდიომიოპათია და პერიკარდიტი, ასევე შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი.
  • ტკივილის ფუნქციური მიზეზებიდან, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დაავადებებიდან, აღსანიშნავია ნეიროციკულატორული დისტონია და კლიმაქტერიული კარდიოპათია.
  • გულმკერდის არეში განსაკუთრებით მკვეთრი ტკივილი აღმოცენდება აორტის განშრევების, ანევრიზმის გახეთქვის დროს.
  • ტკივილის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში, მიტრალური პროლაფსი.

სტენოკარდია - გულის ანგინა

სტენოკარდიას იწვევს დროებითი შეუსაბამობა გულის მუშაობასა და მოცემულ მომენტში ამ მუშაობის შესასრულებლად საჭირო სისხლით მომარაგებას შორის. სტენოკარდიისთვის დამახასიათებელია ტკივილის ზუსტი ლოკალიზაცია. ზოგჯერ ავადმყოფი თითით ზუსტად მიუთითებს მის ეპიცენტრზე. სტენოკარდიის ერთ-ერთი მიზეზია გულის მკვებავი არტერიების ხანგრძლივი, ქრონიკული ათეროსკლეროზი, რომელსაც იწვევს ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში ქოლესტერინის მომატება), არტერიული ჰიპერტენზია, სიგარეტის წევა, სიმსუქნე, უმოძრაობა, შაქრიანი დიაბეტი და ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა. რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორის შერწყმის შემთხვევაში სტენოკარდიის ჩამოყალიბების ალბათობა რამდენჯერმე იზრდება. სტენოკარდიის კლასიკური გამოვლინებაა ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან მის მარცხნივ. ტკივილი გადაეცემა მარცხენა მხარში, ხელში ან ბეჭში, ზოგჯერ - კისერში, კბილში, ყურში. შეტევა უმეტესად იწყება მცირე ინტენსივობის ტკივილით და 2-3 წუთის განმავლობაში ძლიერდება. თუ შეტევა 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, ინფარქტი უნდა ვიეჭვოთ. სტენოკარდიული შეტევა შეიძლება არა ტკივილით, არამედ ჰაერის უკმარისობით ან არითმიით გამოვლინდეს. ხშირად სტენოკარდიულ შეტევას იწვევს ფიზიკური დატვირთვა, რადგან ამ დროს იზრდება მიოკარდიუმის მოთხოვნა ჟანგბადზე. შეტევას პროვოცირება შეიძლება გაუწიოს სიცივემ, ემოციურმა სტრესმა, ჭარბი საკვების მიღებამ, თამბაქომ, არტერიულმა ჰიპერტენზიამ, პაროქსიზმულმა ტაქიკარდიამ. სტენოკარდია შესაძლოა მოსვენების დროსაც აღმოცენდეს. ამას საფუძვლად უდევს გულის მომმარაგებელი სისხლძარღვების მნიშვნელოვანი შევიწროება. იგი დაძაბვის სტენოკარდიაზე საყურადღებოა. არსებობს არასტაბილური სტენოკარდიაც, რომელსაც ახასიათებს შეტევათა ინტენსივობის მომატება, მათი გახშირება და გახანგრძლივება. ის კიდევ უფრო საყურადღებოა, რადგან, გამორიცხული არ არის, ინფარქტით დასრულდეს. შესაძლოა, სტენოკარდია ტკივილის გარეშეც მიმდინარეობდეს - მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის ფონზე (მუნჯი სტენოკარდია). სტენოკარდიული შეტევის მოსახსელად ავადმყოფმა ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ უნდა დაიდოს ტკივილის მატებისას - ტკივილის პიკზე მისი მიღება შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.


როგორც ითქვა, გულის არეში ტკივილი ყოველთვის სტენოკარდიას არ ნიშნავს, ამიტომ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, სათანადო გამოკვლევებისა და ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ჩატარება. როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ტკივილი? გულის არეში აღმოცენებული ტკივილის მიზეზის ამოსაცნობად დიდი მნიშვნელობა აქვს ტკივილის სტრუქტურის თავისებურებებს.

  • სტენოკარდიისთვის დამახასიათებელია ტკივილის თანდათანობითი მატება და შედარებით სწრაფი ჩაცხრობა. თუ ავადმყოფმა ამ დროს ნიტროგლიცერინი არ მიიღო, ტკივილი რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე გაგრძელდება.
  • მიოკარდიტის, კარდიომიოპათიისა და პერიკარდიტის დროს ტკივილი ტალღოვანია, მუდმივი და თან ახლავს სხვა სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე.
  • ნეიროციკულატორული დისტონია. სტენოკარდიისგან განსხვავებით, როდესაც შეტევიდან შეტევამდე ტკივილი მთლიანად ქრება, ნეიროცირკულატორული დისტონიის დროს იგი ტალღისებურად სუსტდება და ძლიერდება, გრძელდება რამდენიმე საათი ან დღე-ღამეც კი. ამ შემთხვევაში ნიტროგლიცერინი სადიაგნოზოდ არ გამოგვადგება, რადგან იგი ნეიროცირკულატორული დისტონიის დროსაც ამცირებს ტკივილს, რაც ტვინის სისხლის მიმოქცევის ცვლილებით უნდა იყოს გამოწვეული.
  • კლიმაქტერიული კარდიოპათია უმეტესად ქალებს ემართებათ საკვერცხის ჰორმონების ფუნქციის გაქრობის პერიოდში. ამ დროს ტკივილი არა ფიზიკურ, არამედ ემოციურ დატვირთვას უკავშირდება, თან სდევს წნევის მატება, სიმხურვალის შეგრძნება გულმკერდის ზედა ნახევარში.
  • ნეკნთაშუა ნერვებისა და კუნთების დაზიანების დროს ტკივილი ხერხემლის სვეტიდან გულმკერდის წინა კედლისკენ არის მიმართული. ჰერპეს-ზოსტერით გამოწვეული ტკივილის ამოცნობას აადვილებს გამონაყარი.
  • ხერხემლის კისრის მალების ოსტეოქონდროზით გამოწვეული ტკივილი უმეტესად საშუალო და მოხუცებულ ასაკში გვხვდება. ტკივილის შეგრძნება ძლიერდება თავის გატოკებისას, საწოლში გადაბრუნება-გადმობრუნებისას, თან სდევს დაბუჟებისა და მგრძნობელობის დაქვეითების შეგრძნება მკლავსა და მტევანში.
  • მიოკარდიუმის ინფარქტისთვის დამახასიათებელია ტკივილის ინტენსივობის მკვეთრი მატება, რასაც თან სდევს ძლიერი ოფლიანობა, მოუსვენრობა, შიში, რომელიც იმდენად აუტანელია, რომ ავადმყოფები სასწრაფო დახმარებას იძახებენ. თუ სტენოკარდიის დროს ტკივილი ნაკლებინტენსიურია და განსაკუთრებული ცვლილებები არც ეკგ-ზეა გამოხატული, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს შესაბამისი ეკგ-მონაცემები მალევე ვლინდება. ამ დროს ნიტროგლიცერინის მიღება პრაქტიკულად უშედეგოა.
  • ანევრიზმის გახეთქვის დროს ტკივილს, მიკარდიუმის ინფარქტისგან განსხვავებით, ტალღისებური ხასიათი აქვს - პერიოდულად იკლებს და იმატებს. ვრცელდება ზურგის, წელის, ბარძაყის შიდა ზედაპირზე და საზარდულის მიდამოში.
  • მიტრალური პროლაფსი. ამ დროს ტკივილი უმეტესად ფიზიკური დატვირთვისას აღმოცენდება და დიაგნოსტირდება მხოლოდ ექოკარდიოსკოპიის საშუალებით.

სასუნთქი სისტემის დაავადებები

სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნებას ნერვული დაბოლოებების - რეცეპტორების გაღიზიანება იწვევს. ფილტვს, სხვა შინაგანი ორგანოების მსგავსად, ტკივილის რეცეპტორები არ გააჩნია, ამიტომ ფილტვის ქსოვილის დაზიანებამ ტკივილი არ იცის, მაგრამ სეროზული გარსი, პლევრა, შეიცავს რეცეპტორებს, რომლებიც ტკივილს აღიქვამს. პლევრა მჭიდროდ არის შეზრდილი ფილტვის ზედაპირთან და გულმკერდის კედელსაც ფარავს, ამიტომ სასუნთქი სისტემის ნებისმიერი დაავადება, რომლის დროსაც სეროზული გარსი ზიანდება, შესაძლოა გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზად იქცეს. ეს დაავადებებია:

  • მშრალი და ექსუდაციური პლევრიტი;
  • პლევრის ფურცლების შეხორცება (შვარტა);
  • ფილტვების ანთება;
  • სპონტანური პნევმოთორაქსი;
  • სიმსივნის მეტასტაზი პლევრაში;
  • ფილტვში მიმდინარე ნებისმიერი ანთებითი პროცესი (ფილტვების ანთება, აბსცესი, ტუბერკულოზი, ფილტვის ინფარქტი), რომელიც პლევრის ახლოს არის ლოკალიზებული.

რა გვაფიქრებინებს, რომ ტკივილი სასუნთქი სისტემის დაავადებებით არის გამოწვეული?

ტკივილი გამჭოლია, ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისა და ხველის დროს. გულმკერდის მოძრაობის შეზღუდვა ტკივილს ასუსტებს, ამიტომ პაციენტი ხშირად დაავადებულ მხარეს წოლას ამჯობინებს. ანთებით ადგილზე ზეწოლისას ტკივილი ძლიერდება. გარდა ამისა, ხშირად იჩენს თავს სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის დამახასიათებელი ნიშნები: ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, საერთო სისუსტე და ოფლიანობა. დიაგნოზის დასაზუსტებლად პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს. ტკივილის სინდრომი განსაკუთრებით გამოხატულია პნევმოთორაქსის, მშრალი პლევრიტის დროს. პნევმოთორაქსის შემთხვევაში პლევრის ღრუში ჰაერი ხვდება გაგლეჯილი პლევრის ფურცლებიდან. ტკივილი მოიცავს გულმკერდის ნახევარს, თან სდევს ძლიერი ქოშინი და სულხუთვა, პულსის აჩქარება. დიაგნოზი ისმება რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად. მშრალი პლევრიტის დროსაც ტკივილი უმეტესად გულმკერდის ნახევარს მოიცავს, ძლიერდება მოძრაობისას, პოზის შეცვლისას. ავადმყოფი უმეტესად დაავადებული ფილტვის მხარეს წევს. ტკივილს ხშირად თან სდევს ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე. საბოლოო დიაგნოზი აქაც გულმკერდის რენტგენოგრაფიის შემდეგ ისმება.

რატომ იწვევს პლევრიტი ტკივილს?

პლევრიტი პლევრის ანთებაა. პლევრა, როგორც ითქვა, სეროზული გარსია, რომლითაც ფილტვი და გულმკერდის კედელია დაფარული. ფილტვისა და გულმკერდის კედლის მფარავ პლევრის ფურცლებს შორის არის სივრცე, რომელსაც პლევრის ღრუ ეწოდება. პლევრის ზედაპირები დასველებულია სითხით, რომლის რაოდენობა ნორმაში სუფრის კოვზს - 25-30 მილილიტრს - არ აღემატება. ის აადვილებს სუნთქვის დროს ფილტვის მოძრაობას. პლევრის ანთებისას მის ფურცლებზე ანთებითი ფიბრინული ნადები ჩნდება, რაც უსწორმასწორობებს ქმნის და სუნთქვისას ხახუნსა და ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას იწვევს. ამის შედეგია ტკივილი. ყოველივე ეს მშრალ ან, როგორც თანამედროვე ლიტერატურაში უწოდებენ, მწვავე პლევრიტს ეხება. ხშირად ის წინ უძღვის ექსუდაციურ პლევრიტს.

რა იწვევს პლევრიტს?

პლევრიტი დამოუკიდებელი დაავადება არ არის; ის უმეტესად ფილტვის ან სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებების მეორეული გამოვლინებაა. ფილტვის დაავადებათაგან პლევრიტი უმეტესად ფილტვების ანთებისა და ტუბერკულოზის დროს შეიძლება აღმოცენდეს. უკანასკნელი მიზეზი განსაკუთრებით საყურადღებოა. პლევრიტი შეიძლება განვითარდეს ფილტვის აბსცესის (შემოფარგლული ჩირქგროვის), ბრონქოექტაზიის დროსაც. ყველა დასახელებულ შემთხვევაში პლევრიტი, როგორც წესი, ინფექციური წარმოშობისაა, ანუ სხვადასხვა მიკროორგანიზმით - ბაქტერიებით, ტუბერკულოზის მიკობაქტერიით, რიკეტსიებით, პარაზიტებით (ექინოკოკი), უმარტივესებით (ამება), სოკოებით, ვირუსებით - არის გამოწვეული.


რატომ იწვევს გულმკერდისა და გულის არეში ტკივილს ფილტვების ანთება?

გულმკერდისა და გულის არეში ტკივილი ფილტვების ანთებას ყოველთვის არ ახლავს თან; ის აღმოცენდება მხოლოდ მაშინ, როცა ანთებითი პროცესი პლევრის ფურცლებზეც ვრცელდება და იმავე მიზეზით, რომლითაც პლევრიტის დროს. ასეთი რამ უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც ფილტვების ანთება პნევმოკოკებით არის გამოწვეული. კლინკური სურათის ასეთი თავისებურების გამო ფილტვების ანთების ამ სახეს პლევროპნევმონიასაც უწოდებენ.

იწვევს თუ არა გულმკერდის არეში ტკივილს ბრონქიტი?

ბრონქიტისთვის დამახასიათებელია წვისა და ჩახეხვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან. შემაწუხებელი ხველისას პაციენტმა შესაძლოა ტკივილიც იგრძნოს, რაც სასუნთქი კუნთების გადაძაბვის შედეგია.

რომელ სპეციალისტს უნდა მივმართოთ და რომელი გამოკვლევები ჩავიტაროთ?

როგორც ხედავთ, გულმკერდის არეში ტკივილი მხოლოდ სასუნთქ სისტემასთან როდია დაკავშირებული. არსებობს მრავალი პათოლოგია. ჩამონათვალი გაცილებით ფართო იქნება, თუ მოვიცავთ ყველა დაავადებას. ამიტომ, ძალიან ძნელია, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია აღწერილ სიმპტომებზე დაყრდნობით პაციენტმა თავად გადაწყვიტოს, თუ რომელ ვიწრო სპეციალისტს მიმართოს გულმკერდში და გულის არეში ტკივილის შემთხვევაში. უმჯობესია, პირველი ვიზიტი ზოგად თერაპევტთან შედგეს. ის პაციენტის ჩივილების, გასინჯვისა და ჩატარებული მარტივი გამოკვლევების მეშვეობით ზუსტად განსაზღვრავს, რომელი ორგანოა "დამნაშავე" და სათანადო კვალიფიციურ რჩევას მოგცემთ შემდგომი ტაქტიკის შესახებ. ზოგადად კი მოგახსენებთ, რომ სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს დიაგნოზის დაზუსტებისა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის აუცილებელია ფილტვების რენტგენოსკოპია და რენტგენოგრაფია, ნახველის საერთო ანალიზი, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროკარდიოგრაფია. ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზის დასადგენად აუცილებელია პლევრის პუნქცია და მიღებული სითხის დეტალური ლაბორატორიული გამოკვლევა. ამგვარად, პლევრის პუნქცია ერთდროულად სამკურნალო ღონისძიებაცაა, როგორც უკვე მოგახსენეთ, და სადიაგნოზოც. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვთვალეთ კვლევის მეთოდები, პაციენტებს გირჩევთ, ნუ ჩაიტარებთ გამოკვლევას ექიმის რეკომენდაციის გარეშე. შესაფერისი გამოკვლევის შერჩევა სათანადო კვალიფიკაციას მოითხოვს და მხოლოდ ექიმს ხელეწიფება. თქვენ მიერ "შერჩეული" გამოკვლევა სახსრების გაუმართლებელ ხარჯვას გამოიწვევს, ვინაიდან შესაძლოა სპეციალისტისათვის სავსებით არაინფორმაციული აღმოჩნდეს.

როგორია მკურნალობის ტაქტიკა, როცა გულმკერდის ტკივილი სასუნთქი სისტემის პათოლოგიებთანაა დაკავშირებული?

ძირითადი დაავადების წარმატებული მკურნალობა ტკივილის შემცირებასა და გაქრობასაც იწვევს, მანამდე კი ექიმი პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებას ურჩევს. ამ მედიკამენტების თვითნებურ მიღებას ჩვენს მკითხველებს ვერ მოვუწონებთ - გახსოვდეთ, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტთან ერთად დღეს საკმაოდ პოპულარულ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს გვერდითი ეფექტიც აქვთ. მათ თავიდან ასაცილებლად, სასურველია, წამალი შეარჩიოს ექიმმა, რომელიც სათანადო რჩევებსაც მოგცემთ.

სარძევე ჯირკვალი

ქალებში გულმკერდის ტკივილი სარძევე ჯირკვლის პათოლოგიებსაც უკავშირდება. მაგალითად, მისი გავრცელებული მიზეზია მასტოპათია. ტკივილი გადაეცემა მკლავში ან ბეჭში. სხვა დაავადებების გამორიცხვის შემდეგ ზუსტი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ექოსკოპია, მამოგრაფია და მამოლოგთან კონსულტაცია. აღსანიშნავია, რომ მასტოპათიის დროს ტკივილი ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას არ უკავშირდება.

მუცლის ღრუ

გულმკერდის არეში ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემდეგი დაავადებებით:

I. საყლაპავი მილის დაავადებები:

  • ეზოფაგიტი;
  • საყლაპავის დივერტიკული;
  • კარდიოსპაზმი, საყლაპავის დილატაცია, აქალაზია;
  • საყლაპავის სიმსივნე;
  • საყლაპავის წყლული და სხვადასხვა სახის დაზიანება (დამწვრობა, ინტოქსიკაცია და ა.შ.).

II. დიაფრაგმის დაავადებები;

III. მუცლის ღრუს სუბდიაფრაგმული ორგანოების პათოლოგია:

  • კუჭისა და თორმეტჯოგა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
  • ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • პანკრეატიტი;
  • ნაღვლის ბუშტისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
  • ღვიძლისა და ბილიარული ტრაქტის პათოლოგია.

ამ და სხვა პათოლოგიებზე შემდგომში გესაუბრებით.