კიდურების დაბუჟება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდურების დაბუჟება

თავის მხრივ, ნერვის დაზიანება შესაძლოა განაპირობოს ტრავმამ, განმეორებადმა მიკროტრავმამ, ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ, ტოქსიკურმა ფაქტორებმა, შაქრიანმა დიაბეტმა. ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიულ ნეიროპათიას უწოდებენ. სახელწოდება აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ მათგან შორს - უშუალოდ კიდურში. არსებობს პერიფერიული ნეიროპათიის 100-ზე მეტი ტიპი. დროთა განმავლობაში პერიფერიული ნეიროპათია შესაძლოა დამძიმდეს და მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ექიმთან დროულად მისვლა. რასაკვირველია, ეს არ ეხება დაბუჟების შეგრძნებას, რომელიც ეპიზოდურად აღმოცენდება დიდხანს მოუხერხებლად წოლის ან ჯდომის გამო. ის გამოკვლევისა და მკურნალობის ჩვენებას არ წარმოადგენს.

დაბუჟების მიზეზები

პირველ რიგში, დაბუჟების იმ შემთხვევებზე ვისაუბრებთ, რომლებიც პერიფერიულ ნეიროპათიას უკავშირდება. პერიფერიული ნეიროპათიის ათიდან დაახლოებით სამი შემთხვევა დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან. დიაბეტური ნეიროპათიის დროს დაბუჟება და სხვა შეგრძნებები თავდაპირველად ტერფებში აღმოცენდება და თანდათან ვრცელდება ზევით. შესაძლოა, მოიცვას მტევნები, მთელი ზედა კიდურები. ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებულთა ორ მესამედს საშუალოდ ან მძიმედ გამოხატული ნერვის დაზიანება აქვს. არის შემთხვევები, როცა ეს ჩივილები დაიბეტის პირველი გამოვლინებაა. ათიდან 3 შემთხვევაში (ანუ შემთხვევათა 30%-ში) პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზი უცნობია. ასეთ შემთხვევებს იდიოპათიურ ნეიროპათიას უწოდებენ. დანარჩენი 40%-ის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ნერვზე ზეწოლის სინდრომი - კარპული არხის სინდრომი, სხივის ნერვის დამბლა, წვივის ნერვის დამბლა, სხივის ნერვის დამბლა. ხშირად ნერვზე ზეწოლა დაკავშირებულია ორთოპედიულ პრობლემებთან.
  • სისტემური დაავადებები - თირკმლის, ღვიძლის დაავადებები, სისხლძარღვთა დაზიანებით მიმდინარე და სისხლის დაავადებები, ამილოიდოზი, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები და ქრონიკული ანთება, ჰორმონული დისბალანსი (ჰიპოთირეოიდიზმის - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების - ჩათვლით), ნერვზე ზეწოლით მიმდინარე ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი სიმსივნეები.
  • ვიტამინების დეფიციტი. ე, ბ1, ბ6, ბ12  ვიტამინები და ნიაცინი აუცილებელია ნერვის ნორმალური ფუნქციობისთვის. ბ12-ის დეფიციტი, რაც პერნიციოზულ ანემიას იწვევს, პერიფერიული ნეიროპათიის მნიშვნელოვანი მიზეზია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კიდურებში ჩხვლეტის მიზეზი ბ6 ვიტამინის სიჭარბეც შეიძლება იყოს.
  • ალკოჰოლიზმი. ალკოჰოლიზმის დროს დიდია ალბათობა, კვების გაუარესების გამო განვითარდეს თიამინისა და სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინების დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზად იქცეს. გამორიცხული არ არის, ნერვის დაზიანება თავისთავად ალკოჰოლიზმმა განაპირობოს. ამ მდგომარეობას ზოგიერთი მკვლევარი ალკოჰოლურ ნეიროპათიას უწოდებს.
  • ტოქსინები. ნეიროპათია შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმზე მძიმე ლითონების - ტყვიის, დარიშხნის, ვერცხლისწყლისა და ზოგიერთი სხვა საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ქიმიკატის ზემოქმედებამ. ამ ტიპის ნეიროპათიას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტიც, განსაკუთრებით - ფილტვის კიბოს ქიმიოთერაპიისას გამოსაყენებელი საშუალებები, ზოგიერთი ანტივირუსული საშუალება და ანტიბიოტიკები.
  • ინფექციები - ლაიმის დაავადება, ჰერპეს-ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, შიდსის ვირუსი.
  • აუტოიმუნური დაავადებები - გიიენ-ბარეს სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი.
  • ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადება.
  • დაზიანება. ტრავმამ შესაძლოა ნერვზე ზეწოლა, მისი მიჭყლეტა თუ დაზიანება გამოიწვიოს. ამის მაგალითია ყველასათვის კარგად ნაცნობი ნერვის კომპრესია მალათაშუა დისკოს თიაქრის ან მოტეხილობისას ძვლების ცდომის გამო.

სადიაგნოზო კვლევები დაბუჟების დროს

პაციენტები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაბუჟების შეგრძნება, როგორც წესი, პროთრომბინის კონტროლს იწყებენ - მათ მიაჩნიათ, რომ დაბუჟება თრომბოზისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო პროთრომბინის მომატება ამ მდგომარეობის მაღალ რისკზე მიუთითებს. ეს წარმოდგენა არ არის მართებული. დაბუჟების შეგრძნება თრომბოზს არ ახასიათებს. თრომბოზის დროს ყურადღებას იპყრობს კიდურის ტკივილი, შეშუპება, ფერის შეცვლა (მოწითალო-მოლურჯოდ შეფერვა ან, პირიქით, გაფითრება). დიაგნოსტიკისთვისაც სხვა მეთოდები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროთრომბინის განსაზღვრა. რასაკვირველია, ვერ უარვყოფთ, რომ ზოგჯერ დაბუჟება მართლაც მძიმე დაავადების სიმპტომია. ამ შემთხვევაში მას წინ უძღვის კისრის, თავის ან ზურგის ტრავმა, ანდა ერთვის:

  • ცნობიერების თუნდაც ხანმოკლე დაკარგვა ან მოშლა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • სიარულის გაძნელება;
  • თავბრუ;
  • შარდის ბუშტის ან ნაწლავთა მოქმედების კონტროლის უუნარობა;
  • მხედველობის მოშლა;
  • დამბლა;
  • მეტყველების დარღვევა;
  • სისუსტე.

კიდურების დაბუჟების გამო მასთან მისულ პაციენტს ექიმი სრულყოფილად სინჯავს, აგროვებს დაწვრილებით ინფორმაციას მისი სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობების (ალკოჰოლის ჭარბი მიღება), ტოქსინების ზემოქმედების, შიდსისა და სხვა ინფექციების რისკის, ნევროლოგიური დაავადებების ოჯახური ისტორიის შესახებ. დეტალური გამოკვლევა კიდურების დაბუჟების დროს უმჯობესია ნევროლოგის ხელმძღვანელობით ჩატარდეს. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლოა დაიგეგმოს დამატებითი ტესტები:

  • სისხლის საერთო ანალიზი, ელექტროლიტების განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული კვლევა;
  • სისხლის გამოკვლევა დიაბეტის გამოსარიცხად, ვიტამინების დეფიციტის დასადგენად, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დასადგენად, მეტაბოლური დარღვევების გამოსარიცხად. სისტემური დაავადების თაობაზე ეჭვის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს იმუნური კვლევები:
  • თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა - შესაძლოა გამოვლინდეს განსაზღვრული სახის ანტისხეულები, რაც პერიფერიული ნეიროპათიის მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება;
  • ელექტრომიოგრაფია - ტესტი, რომლითაც კუნთის ელექტრულ აქტივობას ადგენენ;
  • ნერვში იმპულსის გატარება.

გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ანგიოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
  • ნერვის ბიოფსია;
  • კანის ბიოფსია ნერვული დაბოლოებების მდგომარეობის შესასწავლად.

ეს ძალზე სერიოზული კვლევებია და სათანადო ჩვენებით მათი დანიშვნა ნევროლოგის კომპეტენციაა.

მკურნალობის მეთოდები

დაბუჟების შეგრძნებისას წარმატებული მკურნალობა სწორ დიაგნოსტიკასა და გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზეა დამოკიდებული. თუ პერიფერიული ნერვის უჯრედი მკვდარი არ არის, მას შესწევს რეგენერაციის უნარი. თანდაყოლილი დაავადებებით გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, შეძენილი მიზეზების შემთხვევაში კი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. მაგალითად, დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის შემცველობის სათანადო კონტროლით შეიძლება შევანელოთ დიაბეტური ნეიროპათიის პროგრესირება, ვიტამინების დეფიციტთან დაკავშირებული ნეიროპათიის შემთხვევაში მდგომარეობას აუმჯობესებს ვიტამინოთერაპია. მნიშვნელოვანია ოპტიმალური წონის შენარჩუნება, ტოქსინების ზემოქმედების თავიდან აცილება, ექიმის მიერ შერჩეული ვარჯიშების შესრულება, ჯანსაღი კვება, ალკოჰოლისთვის თავის არიდება ან შეზღუდვა. ძალზე მნიშვნელოვანია თამბაქოსთვის თავის დანებებაც, რადგან ნიკოტინით გამოწვეული სისხლძარღვების შევიწროებისას მცირდება პერიფერიული ნერვების კვება. ზოგ შემთხვევაში პერიფერიული ნეიროპათიით გამოწვეული დაბუჟების შესამცირებლად ექიმი მიზანშეწონილად მიიჩნევს განსაზღვრული მედიკამენტების დანიშვნას. ჩვეულებრივ, ამ წამლებს კრუნჩხვების ან დეპრესიის სამკურნალოდ იყენებენ, მაგრამ შესაძლოა, ნეიროპათიის დროსაც ეფექტური აღმოჩნდეს.