ქავილი შინაგანი ორგანოების დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქავილი შინაგანი ორგანოების დაავადებების დროს

მსგავსი შეკითხვების აღმოცენება ბუნებრივია გახანგრძლივებული ქავილის დროს. სამწუხაროდ, ანალოგიური ინტერესი არცთუ უსაფუძვლოა. გენერალიზებული ანუ მთელ სხეულზე გავრცელებული ქავილი, რომელიც არ არის გამოწვეული კანის რაიმე დაავადებით, შესაძლოა სხვადასხვა ზოგადი დაავადების გამოვლინება იყოს. შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ შინაგან ორგანოთა ის დაავადებები, რომლებიც ქავილის მიზეზი შეიძლება გახდნენ.

ქავილი ღვიძლის დაავადებების დროს

მკითხველისათვის, ალბათ, ბუნებრივი იქნება, რომ შინაგან ორგანოთა დაავადებათაგან ქავილის გამომწვევ მიზეზთა შორის უპირველესად ღვიძლის დაავადებებს განვიხილავთ.

ღვიძლის დაავადებების დროს ქავილის მიზეზია ქოლესტაზი – ღვიძლის უჯრედებში წარმოქმნილი ან სანაღვლე გზებში არსებული ნაღვლის გამოყოფის (სეკრეციის) დარღვევა. ჩვეულებრივ, ქოლესტაზური ბუნების ქავილი გავრცელებულია (გენერალიზებულია), უხშირესად რკალისებურად ვრცელდება, მოიცავს მტევნებს და ტერფებს – იმ არეებს, რომელთა ქავილიც სხვა დაავადებების დროს უჩვეულოა. დროთა განმავლობაში ქავილი მთელ სხეულზე აღინიშნება.

ქოლესტაზური ქავილის მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია – პირველადი ბილიარული ქოლანგიტი (ბილიარული ციროზი), ორსულთა ქოლესტაზი, მასკლეროზებელი ქოლანგიტი, ვირუსული ჰეპატიტები, მედიკამენტებით გამოწვეული ქოლესტაზი, ქოლესტაზი, დაკავშირებული კენჭით ან სიმსივნით სანაღვლე გზების დახშობასთან.

ენდოკრინული დაავადებებით გამოწვეული ქავილი

კარგადაა ცნობილი, რომ სხეულის სხვადასხვა არის ქავილის მიზეზი შეიძლება გახდეს შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტისას ხშირია ლოკალური – სხეულის ამა თუ იმ არის (საშო, კანის ნაკეცები, ტერფები) ქავილი. ასეთი ქავილი დიაბეტით დაავადებულ პაცენტებს ხშირად აქვთ სოკოვანი ინფექციის, კანის სიმშრალის (ქსეროზის), დიაბეტური ნეიროპათიის, სოკო კანდიდათი გამოწვეული ინფექციების დროს. ამავე დროს, როგორც ლიტერატურაშია მითითებული, მთელი სხეულის, ანუ გენერალიზებული, ქავილი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა შორის უფრო ხშირი არ არის, ვიდრე სხვებთან.

დიაბეტური ნეიროპათია შეიძლება იყოს ქვედა კიდურების, თავის ან სხეულის კანის აუხსნელი ქავილის მიზეზი.

საშოს ქავილი ხშირად არის დაკავშირებული არაკონტროლირებულ დიაბეტთან – დიაბეტთან, რომლის დროსაც გლუკოზის მაჩვენებლი არ არის მოწესრიგებული.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფართოდ გავრცელებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები არა მარტო წონის თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებებს იწვევენ; დადგენილია, რომ თირეოტიქსიკოზისას (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე), განსაკუთრებით კი გრეივსის დაავადების დროს, ხშირია გენერალიზებული (მთელი სხეულის) ქავილი. თირეოტოქსიკოზისას შესაძლოა ქავილის მიზეზი იყოს ჭარბი ჰორმონების ზემოქმედებით სისხლძარღვთა გაფართოება (ვაზოდილატაცია) და შედეგად ქავილის უფრო ადვილად აღმოცენება, ასევე მეტაბოლიზმის გაძლიერება.

ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოთირეოზიც. მართალია უფრო იშვიათად, ვიდრე თირეოტოქსიკოზი. ჰიპოთირეოზის დროს ქავილი დაკავშირებულია კანის სიმშრალესთან – ქსეროზთან.

ურემიული ქავილი

თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს, როცა ტარდება ჰემოდიალიზი და/ან პერიტონეული დიალიზი, ან დაავადების შორს წასულ შემთხვევებში, ქავილი არის ხშირი და საკმაოდ შემაწუხებელი ჩივილი. ურემიული ქავილი გენერალიზებულია – გავრცელებულია მთელ სხეულზე, მაგრამ შეიძლება უფრო მეტად ზურგის არეში იყოს გამოხატული. პაციენტთა დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ ქავილი უფრო ინტენსიურია საღამოს და ღამის საათებში. დიალიზის პროცედურისას ან მის შემდგომ პერიოდში ქავილი შეიძლება გაძლიერდეს.

ურემიული ქავილის მექანიზმი საკმაოდ რთულია. ის არ არის დაკავშირებული რაიმე ერთ ფაქტორთან და მრავალი მათგანის ურთიერთქმედების შედეგია.

სიმსივნურ დაავადებებთან ასოცირებული ქავილი

გენერალიზებული ქავილი შესაძლოა სისხლის სისტემის (ჰემატოლოგიური) სიმსივნეების სიმპტომიც იყოს. აღსანიშნავია, რომ ასეთი კავშირი მკვეთრი არ არის ე. წ. სოლიდური სიმსივნეებისას (სიმსივნეები, რომლებიც აღმოცენდებიან ქსოვილებიდან და ახასიათებთ განსაზღვრული გავრცელება). სამწუხაროდ, ჰემატოლოგიური სიმსივნეებისას ქავილი შეიძლება წლების განმავლობაში უსწრებდეს წინ დაავადების სიმპტომების გამოვლინებას.

ქავილი შესაძლოა განპირობებული იყოს სიმსივნესთან დაკავშირებული კანის ცვლილებებით. კანის დაზიანებას სხვადასხვა სიმსივნის დროს სამედიცინო ტერმინოლოგიით კანის პარანეოპლასტიურ (სიმსივნესთან დაკავშირებულ) დაავადებებს უწოდებენ. კანის პარანეოპლასტიური დაავადებებია: ერუფციული სებორეული კერატოზი, ავთვისებიანი შავი აკანტოზი, დერმატომიოზიტი, ერითროდერმა.

ქავილის გამომწვევი ყველაზე ხშირი სიმსივნეებია ჰოჯკინის ლიმფომა, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ფუნგოიდური მიკოზი, ჭეშმარიტი პოლიციტემია, ლეიკემიები, პლაზმური უჯრედების დისკრაზია, კუჭის კარცინოიდული სიმსივნეები.

ჰოჯკინის ლიმფომა – დაახლოებით შემთხვევათა 30%-ში ქავილი ჰოჯკინის ლიმფომის პირველი სიმპტომია. აღწერილია შემთხვევები, როცა ქავილი სხვა კლინიკური სიმპტომების აღმოცენებას 5 წლით უსწრებდა. ქავილი ხშირად ლოკალიზებულია ქვედა კიდურებზე, იწვევს კანის ცვლილებებს (ნაკაწრები, გასქელება). ჰოჯკინის ლიმფომასთან დაკავშირებული ქავილი უფრო მძიმეა ასაკოვან პაციენტებს შორის და დაავადების უფრო მეტად განვითარებულ ეტაპზე. ქავილი უარესდება ღამის საათებში.

ჭეშმარიტი პოლიციტემია – ამ დაავადებისას პაცეინტთა დაახლოებით ორ მესამედს აქვს წყლით გამოწვეული (აქვაგენური) ქავილი – წყლის ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ძლიერი ქავილი, რომელსაც ახლავს ჩხვლეტის, წვის შეგრძნება. უხშირესად ქავილი ლოკალიზებულია გულმკერდზე, ზურგზე, წინამხრებზე, წვივებზე.

წყლით გამოწვეული (აქვაგენური) ქავილი შეიძლება წლების განმავლობაში წინ უსწრებდეს ჭეშმარიტი პოლიციტემიის დიაგნოზს. მსგავსი ქავილი შეიძლება აღმოცენდეს სხვა დაავადებების დროსაც.

ფუნგოიდური მიკოზი – ქავილი ფუნგოიდური მიკოზის (კანის თ უჯრედოვანი ლიმფომა) ხშირი გამოვლინებაა. აღწერილია შემთხვევა, როცა ქავილი წლების განმავლობაში წინ უსწრებდა დაავადების კლინიკურ ნიშნებს.

სისხლის სისტემის სხვა სიმსივნეები – ქავილი შეიძლება გამოვლინდეს არა-ჰოჯკინის ლიმფომის დროსაც, თუმცა მონაცემები მისი სიხშირის შესახებ მწირია. ქრონიკული ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს ლეიკემია, განსაკუთრებით კი ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, ასევე მრავლობითი მიელომა.

კუჭის კარცინოიდი – კუჭის გარკვეული სიმსივნისას – კარცინოიდისას, რომელიც ნეიროენდოკრინული სიმსივნეა, ხდება სისხლში ჰისტამინის გადასროლა, რაც იწვევს სხეულის ზედა ნაწილის მკვეთრ სიმხურვალეს, სიწითლეს (ალებს) და ქავილს.

ქავილის გამომწვევი ინფექციები

ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს სრულიად განსხვავებული ინფექციური დაავადებით. მაგალითად, ჩუტყვავილას დროს ქავილი ერთ-ერთი გავრცელებული და შემაწუხებელი სიმპტომია.

ქავილი ხშირია აივ ინფექციისას და მკვეთრად აუარესებს პაციენტთა ცხოვრების ხარისხს. ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს აივ-ინფიცირებულთა შორის ხშირ კანის დაავადებებთან – ქსეროზი, სებორეული დერმატიტი, კანის სოკოვანი ინფექცია ან ისეთ იშვიათ დაავადებასთან, როგორიცაა ეოზინოფილური ფოლიკულიტი.

აივ-ასოცირებული ეოზინოფილური ფოლიკულიტი, რომელიც ხასიათდება ძლიერი ქავილით, შეიძლება აღმოცენდეს დაავადების განვითარებულ ეტაპზე. დაავადებას ახასიათებს გამონაყარი სხეულის ზედა ნაწილზე, კიდურებზე, სახეზე. გარდა ეოზინოფილური ფოლიკულიტისა, აივ ინფექციის დროს შეიძლება აღმოცენდეს ქავანა გამონაყარი ან ქავილი, რომელიც დაკავშირებულია დაავადებებთან (ლიმფომა, თირკმლების ქრონიკული დაავადება, ღვიძლის დაავადებები).

ქავილი რევმატული დაავადებების დროს

ქავილი ხშირი სიმპტომია ისეთი რევმატული დაავადებების დროს, როგორებიცაა: დერმატომიოზიტი, სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია), შეგრენის სინდრომი. ქავილის მიზეზი რევმატული დაავადებების დროს ბოლომდე გარკვეული არ არის, შეგრენის სინდრომის დროს დიდი ალბათობით კანის სიმშრალითაა გამოწვეული. დერმატომიოზიტის დროს პაციენტებს ხშირად აქვთ ძლიერი ქავილი, რაც მათ არ აძლევს ძილის საშუალებას და ყოველდღიურ აქტივობასაც არღვევს.

ნერვული სისტემა და ქავილი

ნერვული სისტემის დისფუნქცია შეიძლება ქავილის მიზეზი გახდეს სხვადასხვა დაავადების დროს.

ბრაქიორადიალური ქავილი – ეს არის ადგილობრივი (ლოკალური) ქავილი, რომელიც მოიცავს წინამხრის არეს იდაყვის სახსართან ახლოს. ქავილი შეიძლება იყოს პერიოდული, ცალმხრივი ან ორმხრივი, ზოგჯერ შეიძლება გავრცელდეს მხარზე, ბეჭზე, კისერზე, ტორსის ზედა ნაწილზე. მდგომარეობა უმჯობესდება ადგილობრივად სიცივის ზემოქმედებით, რაც დიაგნოზის დადგენაში გვეხმარება. აღნიშნული ქავილის მექანიზმი ბოლომდე ახსნილი არ არის, თანამედროვე თეორიის თანახმად, ხელშემწყობი ფაქტორია ზურგის ტვინის კისრის სეგმენტის ნერვების ფესვის „ჩაჭედვა“, ხოლო დამამძიმებელი ფაქტორი – მზის სხივების ზემოქმედება. უკანასკნელ მოსაზრებას განამტკიცებს ის გარემოება, რომ ბრაქიორადიალური ქავილი ხშირად აქვთ საშუალო ასაკის, ღია ფერის კანის მქონე, მზიანი კლიმატის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან გარეთ. მათი მდგომარეობა უარესდება ზაფხულის პერიოდში.

პარესთეზიული ნოტალგია – ბრაქიორადიალური ქავილის მსგავსად, ქავილის ამ სახესაც ახასიათებს ადგილობრივი ქავილი, რომელიც ნევროლოგიური ბუნებისაა. თანამედროვე შეხედულების თანახმად, მიზეზია ხერხემლის გულმკერდის ნერვების „ჩაჭერა“. ქავილი ცალმხრივია და მოიცავს ზურგის შუა და ზედა ნაწილის არეს ბეჭის ძვლის კიდესა და ხერხემალს შორის. ვიზუალურად ვლინდება კანის გამუქება, ნაკაწრები.

ჰერპესის შემდგომი ნევრალგია – შემომსარტყლავი ჰერპესის, ანუ ჰერპეს ზოსტერის შემდგომი ტკივილით, ანუ პოსტჰერპესული ნევრალგიით პაციენტთა 30-58%-ს აქვს ქავილი.

გაფანტული სკლეროზი – გაფანტული სკლეროზისას პაციენტს იშვიათად შეიძლება აწუხებდეს გენერალიზებული ქავილის მძიმე განმეორებადი ეპიზოდები.

სხვა ნევროლოგიური მიზეზები – ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს წვრილი ბოჭკოების ნეიროპათიით, რომლის მიზეზი ზოგჯერ უცნობია, ზოგჯერ კი დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან, ინფექციასთან, აუტოიმუნურ დაავადებებთან. ნეიროპათიული ქავილი შეიძლება აღმოცენდეს ცერებროვასკულური (თავის ტვინის სისხლძარღვების) კატასტროფების და ისეთი იშვიათი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა ტრიგემინური ტროფიკული სინდრომი, კრეიტცფელდტ-იაკობის დაავადება.

ქავილი – მედიკამენტების გვერდითი ეფექტი

ქავილის გამომწვევ მედიკამენტთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მექანიზმიც, რომლითაც სხვადასხვა მედიკამენტი ქავილს იწვევს, განსხვავებულია. ქავილი შეიძლება აღმოცენდეს მედიკამენტებით გამოწვეული კანის სიმშრალის გამო ან უკავშირდებოდეს ფოტოტოქსიკურობას (მზის სინათლისადმი მგრძნობელობის ზრდა). ქავილი ვითარდება მედიკამენტებით გამოწვეული ქოლესტაზისას (ნაღვლის შეგუბება), თან ახლავს სიმსივნის მკურნალობას იმუნოთერაპიული საშუალებებით, ხშირად თან სდევს ოპიატების გამოყენებას, აღენიშნებათ ნარკოტიკული საშუალებების (კოკაინი, ამფეტამინები) მომხმარებლებს.

ფსიქოგენური ქავილი

როგორც გავრცელებული (გენერალიზებული), ასევე ადგილობრივი (ლოკალური) ქავილი შეიძლება აღმოცენდეს ფსიქიკური ან სომატოფორმული დაავადებების დროს. ფსიქიკური ქავილის მაგალითია ფსიქოგენური ექსკორიაცია (ნაკაწრი) ანუ ნევროზული ექსკორიაცია – დაავადება, რომლის დროსაც პაციენტი იგლეჯს და იკაწრავს ჯანმრთელ კანს. როგორც წესი, ამ პაციენტებს აქვთ შემაწუხებელი ქავილი. სხეულის დათვალიერებით ნაკაწრები შეიძლება გამოვლინდეს მთელ სხეულზე, თუმცა უფრო ხშირია კიდურებზე. როგორც წესი, მდგომარეობა უარესდება ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე.

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორები ზემოქმედებენ არა მარტო ფსიქოგენური მიზეზით გამოწვეულ, არამედ სხვადასხვა დაავადებასთან დააკავშირებულ ქავილზეც. კვლევებმა გამოავლინა, რომ უარყოფითი ემოციისას ქავილისადმი მგრძნობელობა იზრდება. ასეთი ურთიერთგავლენის შესწავლა გრძელდება. აღმოჩნდა, რომ ქავილი, მთქნარების მსგავსად, გადამდებია. ეს განსაკუთრებით ხშირია იმ პაციენტთა შორის, რომელთაც სხვადასხვა ზოგადი დაავადებით გამოწვეული ქრონიკული ქავილი აქვთ.

უცნობი მიზეზის ქრონიკული ქავილი

უცნობი მიზეზის ქრონიკული ქავილი არის ქრონიკული ქავილი, რომლის მიზეზის გამოვლენაც ვერ ხერხდება. მართალია, ასეთი შემთხვევები არ შემოიფარგლება ხანშიშესული პაციენტებით, მაგრამ მდგომარეობას ხანშიშესულთა ქავილსაც უწოდებენ. ქავილის მიზეზების დადგენის შედეგად უცნობი მიზეზის ქრონიკული ქავილის შემთხვევათა რიცხვი უნდა შემცირდეს

როდის მივმართოთ ექიმს

როგორც ვხედავთ, ქავილის მიზეზი მრავალფეროვანია. ზუსტი მიზეზის დადგენა და სათანადო კვლევების შერჩევა ექიმის განათლებასა და კომპეტენციას მოითხოვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვა დაავადების მსგავსად, ქავილის შემთხვევაშიც ჯობს დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმს მივმართოთ. რასაკვირველია, ეს არ ეხება ქავილის ხანმოკლე, ერთჯერად ეპიზოდს, რომლის მიზეზიც ხშირად აშკარაა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. ექიმს უნდა მივმართოთ, თუ:

  • ქავილის ხანგრძლივობა 2 კვირას აღემატება და მდგომარეობა არ უმჯობესდება კანის სათანადო დატენიანებისა და გამღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილების მიუხედავად;
  • ქავილი ძლიერია და არღვევს ყოველდღიურ საქმიანობას და/ან ძილს;
  • უეცრად დაიწყო და მიზეზი აუხსნელია;
  • ვრცელდება მთელ სხეულზე;
  • თან ახლავს წონის კლება, ცხელება, ღამით ოფლიანობა.