ორგანოთა ტრანსპლანტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანოთა ტრანსპლანტაცია

მიუხედავად ამისა, ორგანიზმის იმუნური პასუხის ხელოვნური დათრგუნვა დღემდე ტრანსპლანტაციის პრობლემად რჩება. დღეს კარგად არის ათვისებული კანის, თირკმელების, ღვიძლის, გულის, ნაწლავების, ფილტვების, ძვლის ტვინის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ძვლების, სახსრების, ვენების, გულის სარქვლების, თვალის რქოვანას გადანერგვის ტექნიკა. 1998 წელს პირველად გადანერგეს წარმატებით ხელის მტევანი. უახლესი მიღწევებია 2005 წელს საფრანგეთში სახის ნაწილის გადანერგვა და 2006 წელს ჩინეთში მამაკაცის სასქესო ორგანოს ტრანსპლანტაცია. გადანერგილია ასევე ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები, ელენთა. რაც შეეხება სისხლძარღვებს, კანს, ხრტილს ან ძვალს, მათ გადანერგავენ ერთგვარი ქსოვილოვანი კარკასის შესაქმნელად, რომელზეც პაციენტის ახალი ქსოვილების ფორმირება უნდა მოხდეს. მსოფლიო ლიდერი ტრანსპლანტაციაში აშშ-ა, სადაც ყოველ მილიონ კაცზე ყოველწლიურად ტარდება თირკმლის 52, ღვიძლის 19 და გულის 8 გადანერგვა. საკუთარი ორგანოსა და ქსოვილების (ერთი ადგილიდან მეორეზე) გადანერგვას რეპლანტაციას ანუ აუტოტრანსპლანტაციას უწოდებენ, ალოტრანსპლანტაცია ერთი სახეობის ორგანიზმიდან მეორეში გადანერგვაა, სხვა სახეობის ორგანიზმიდან გადანერგვას კი ქსენოტრანსპლანტაციას ვუწოდებთ.

სისხლის გადასხმა

სისხლი ის ქსოვილი აღმოჩნდა, რომლის გადანერგვითაც ტრანსპლანტაციის ისტორია დაიწყო. სხვადასხვა ეპოქის ექიმები სისხლის გადასხმას სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ. ზოგი მცდელობა წარმატებით სრულდებოდა, ზოგი - წარუმატებლად, ზოგი - პაციენტის სიკვდილითაც კი. ჰემოტრანსფუზია მხოლოდ მას შემდეგ ჩამოყალიბდა ნაკლებსახიფათო მანიპულაციად, რაც 32 წლის ავსტრიელმა მეცნიერმა კარლ ლანდშტაინერმა ადამიანის ერითროციტებში არსებული ორი A და B ანტიგენი და სისხლის შრატში არსებული ორი ანტისხეული აღმოაჩინა და დაადგინა, რომ სისხლის გადასხმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა წარმატებული, თუ ადამიანს მისი მსგავსი ანტიგენისა და ანტისხეულების შემცველ სისხლს გადაუსხამდნენ. სამედიცინო პრაქტიკაში ლანდშტაინერის დაკვირვება პირველად 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს, როდესაც დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სისხლის გადასხმას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ექიმებმა ისეთი სისხლის შერჩევა დაიწყეს, რომლის ერითროციტები ავადმყოფის სისხლში არ შეწებდებოდა. ეს პროცედურა, ფაქტობრივად, დონორისა და რეციპიენტის A და B ანტიგენების განსაზღვრას გულისხმობდა - დონორის სისხლსა და რეციპიენტის შრატს ერთმანეთში ურევდნენ და თუ ერითროციტები გუნდებად არ იქცეოდა, ავადმყოფს თამამად უსხამდნენ სისხლს.

თირკმელები

სისხლის გადასხმის შემდგომ მეცნიერებმა თირკმელების გადანერგვაზეც დაიწყეს ფიქრი და ექსპერიმენტებს მიჰყვეს ხელი. ამას თავისი ახსნაც ჰქონდა: თირკმელი წყვილი ორგანოა, აქვს საკმაოდ მსხვილი კალიბრისა და სიგრძის სისხლძარღვები და შარდსაწვეთი. ექსპერიმენტები, რომლებიც თირკმელების გადანერგვას ისახავდა მიზნად, რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ამის მიზეზი ისევ და ისევ ორგანიზმის იმუნოლოგიური ბარიერი გახლდათ, რომელიც მოცილების რეაქციის მეშვეობით რეკორდულად მცირე ხანში გამოდევნიდა ორგანიზმში მოხვედრილ ცილოვანი ბუნების სხეულს. თირკმლის გადანერგვა პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში სცადეს. ერთმა ნაკლებად ცნობილმა ქირურგმა, რომელმაც მანამდე იმით გაითქვა სახელი, რომ ძაღლებს თირკმელებს აჭრიდა და კისერზე აკერებდა, გადაწყვიტა, ურემიით დაავადებული ახალგაზრდა ქალისთვის ემკურნალა. მან პაციენტს დაავადებული თირკმელი ამოკვეთა, სანაცვლოდ კი ზედა კიდურზე თხის თირკმელი გადაუნერგა, რომელიც ორგანიზმმა სულ მალე მოიცილა. მოგვიანებით, 1902 წელს, ავსტრიელმა მკვლევარმა ემერიხ ულმანმა თირკმელი ცხოველს გადაუნერგა. ადამიანისთვის თირკმლის პირველი გადანერგვა განახორციელა ქირუგმა ვორონოიმ 1931 წელს. მან მსოფლიოში პირველად ცოცხალი ადამიანის თირკმელი წარმატებით გადაუნერგა მეორეს. რეციპიენტი და დონორი ერთი კვერცხუჯრედისგან განვითარებული ტყუპი იყვნენ. 4 წლის შემდეგ მანვე ჩაუტარა გადანერგვა სხვადასხვა კვერცხუჯრედისგან განვითარებულ ტყუპ ძმას, კიდევ ორი წლის შემდეგ დედის თირკმელი შვილს გადაუნერგა, მომდევნო ოპერაციის დროს კი დონორი უკვე საკმაოდ შორეული ნათესავი იყო - 26 წლის ქალს 60 წლის გარდაცვლილი მამაკაცის თირკმელი გადაუნერგეს. აშშ-ში პირველად ამგვარი ოპერაცია 1950 წლის 17 ივნისს ჩატარდა - 44 წლის ქალმა გადანერგილი თირკმლით 5 წელი იცოცხლა.  დღეს მსოფლიო რეკორდი 37 წელია - სწორედ ამდენ ხანს იცოცხლა ადამიანმა გადანერგილი ორგანოთი. თირკმლის დაზიანება ძალზე სახიფათოა და უმეტესად სიკვდილით სრულდება, ქირურგ-ტრანსპლანტოლოგებს კი მაინც მიაჩნიათ, რომ ბედმა ყველაზე მეტად თირკმლით დაავადებულებს გაუღიმა: ჯერ ერთი, ადამიანს წყვილი თირკმელი აქვს და თუნდაც ერთმა მათგანმა მუშაობა შეწყვიტოს, მეორეს შეუძლია, იტვირთოს დაზიანებული თანამოძმის ფუნქცია; მეორე - დიალიზის წყალობით სიცოცხლე ერთხანს უთირკმლოდაც შეიძლება, ამ ხნის განმავლობაში კი იქნებ შესაფერი დონორიც მოიძებნოს.


გული

გულის გადანერგვა თეორიულად გაცილებით ადრე დამუშავდა, ვიდრე სხვა ორგანოებისა. პირველი ტრანსპლანტაცია განახორციელა ალექსი კარელმა, რომელმაც 1905 წელს ძაღლს კისერზე გადანერგილი გული მიაკერა. მოგვიანებით დამუშავდა გულმკერდშიგა ტრანსპლანტაციის სხვადასხვა ვარიანტი ხელოვნური სისხლის მიმოქცევის გარეშე. 1967 წლის 3 დეკემბერს კეიპტაუნში ქირურგმა კრისტიან ბერნარმა გულის გადანერგვა ჩაატარა. რეციპიენტი იყო 54 წლის მამაკაცი, რომელსაც გულის კორონარული დაავადება და პოსტინფარქტული ანევრიზმა ჰქონდა, ხოლო დონორი - ავტოკატასტროფაში ქალა-ფუძის ტრავმით გარდაცვლილი 25 წლის ქალი.

ფილტვები

ფილტვების ტრანსპლანტაციას ექსპერიმენტული მოდელის უქონლობის გამო ქირურგები საკმაოდ დიდხანს არიდებდნენ თავს. ციკლოსპორინების შექმნამ ერთგვარი ბიძგი მისცა ამ იდეის განხორციელებას. მანამდე, 1968 წელს, ჰიუსტონში დენტონმა გულ-ფილტვის კომპლექსი გადანერგა, მაგრამ პაციენტი 24 საათის შემდეგ გარდაიცვალა. პირველი წარმატებული ოპერაცია სილიკოზით დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდა. გადანერგვა განახორციელა ბელგიელმა ქირურგმა გენტემ. პაციენტმა 10 თვე იცოცხლა.

ღვიძლი

ღვიძლის გადანერგვა ძაღლებზე ექსპერიმენტებით დაიწყო, კლინიკურ პირობებში კი პირველად ამერიკელმა ქირურგმა სტარზლმა განახორციელა 1963 წლის 1 მარტს. ღვიძლის ტრანსპლანტაციაში რეალური შედეგების მიღწევა შესაძლებელი გახდა მოგვიანებით, იმუნოსუპრესორული ტექნიკის სათანადო დახვეწის შემდგომ.

კუჭქვეშა ჯირკვალი - პანკრეასი

კუჭქვეშა ჯირკვლის ანუ პანკრეასის გადანერგვაზე ფიქრი ქირურგებმა დიაბეტის აღმოჩენის შემდეგ დაიწყეს. პიონერები მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მეგობარი ქირურგები ბანტინგი და ბესტი აღმოჩნდნენ. მათ გულმოდგინედ დაიწყეს ორგანოს ფუნქციების შესწავლა და ექსპერიმენტები მეტად მნიშვნელოვანი ჰორმონის - ინსულინის აღმოჩენით დაასრულეს, რომელსაც ჯირკვლის განსაკუთრებული უბნები აწარმოებს. ქირურგებმა ჯირკვლის აქტიური უბნების გადანერგვა ვერ მოახეხეს - მათ რამდენიმე სერიოზულმა პრობლემამ შეუშალა ხელი, კერძოდ:

1. დონორის პოვნის სირთულემ - კუჭქვეშა ჯირკვლის თვითმონელების უნარმა. აღმოჩნდა, რომ სიკვდილის შემდეგ პანკრეასი საკუთარი ქსოვილის მონელებას იწყებს, ამიტომ სხვა ორგანოებზე გაცილებით ადრე ხდება გადასანერგად უვარგისი.

2. გადანერგილი ჯირკვლის შეხორცების სირთულემ - გარდა იმისა, რომ რეციპიენტის ორგანიზმში მოცილების რეაქცია იწყება, საჭმლის მომნელებელი წვენები გადანერგილი ჯირკვლის შიგნით ქსოვილის მონელებისკენ ილტვოდნენ, ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, ინსულინის წარმომქმნელი კუნძულების დაზიანებას იწვევდა.

3. ძალზე რთული აღმოჩნდა ოპერაციის შესრულების ტექნიკაც - გადანერგილი ჯირკვლის უწვრილესი სისხლძარღვების მიერთება დანაწევრებულ ქსოვილებთან იმ პერიოდში იოლი არ გახლდათ. არც ლანგერ-ჰანსის კუნძულების ჯირკვლის საერთო ქსოვილიდან გამოყოფა იყო ადვილი.

მოგვიანებით ყოველივე ეს ქირურგმა ლილეჰაიმმა და მისმა მეგობრებმა მოახერხეს. მათ შეძლეს,  კუნძულოვანი უბნები ისე გამოეყოთ ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან, რომ ისინი გადასანერგად ვარგისი დარჩენილიყო. 1961 წელს ლილეჰაიმმა პირველმა გადანერგა პანკრეასი და მოგვიანებით ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებას პანკრეასის ათი ალოტრანსპლანტაციის შესახებ აცნობა.

ძვლის ტვინი

1958 წელს პარიზში, ჰემატოლოგიის ინსტიტუტში, პროფესორმა მატემ ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია განახორციელა. მანამდე მას რამდენჯერმე უკვე წარმატებით ჰქონდა გადანერგილი ძვლის ტვინი ცხოველებისთვის. პაციენტები 1958 წლის 15 ოქტომბერს ბელგრადის ახლოს, ქალაქ ვინჩეში, ბირთვული კვლევის ინსტიტუტში მომხდარი ავარიის გამო დასხივებული ახალგაზრდები იყვნენ. პირველი პაციენტი აღმოჩნდა ახალგაზრდა სტუდენტი ვრანიჩი, რომლის დონორიც ფრანგი მუშა რემონ კასტანიე გახლდათ. მან ნებაყოფლობით გაიღო ძვლის ტვინი მომაკვდავი ახალგაზრდა ქალისთვის. ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ჩატარდა. რამონ კასტანიეს მკერდის ძვლიდან სპეციალური შპრიცით 200 მილილიტრზე მეტი სისხლთან შერეული ძვლის ტვინოვანი ქსოვილი ამოუღეს და გრანიჩს ვენაში შეუყვანეს. მეორე დღეს ასეთივე ოპერაცია დანარჩენებსაც ჩაუტარეს. საბედნიეროდ, მათ სისხლში დონორის ძვლის ტვინმა წარმატებით იტვირთა დაზიანებული ორგანოს ფუნქცია, ნელ-ნელა აღდგა სისხლწარმოქმნის პროცესი და როცა თრომბოციტების საჭირო რაოდენობა დაგროვდა, სისხლდენაც შეწყდა. ოპერაციიდან 5-6 კვირის შემდეგ პაციენტთა საკუთარი ძვლის ტვინიც ამუშავდა. მას შემდეგ ძვლის ტვინის გადანერგვამ მილიონობით ადამიანი გადაარჩინა.