მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიცინის 100 უდიდესი აღმოჩენა

1895 წელს გერმანელი ფიზიკოსი ვილჰელმ რენტგენი ცდებს ატარებდა ელექტრონულ-სხივური მილაკის გამოყენებით, რომელიც წარმოადგენდა მინის ცილინდრს, საიდანაც თითქმის მთელი ჰაერი იყო ამოტუმბული. რენტგენი დაინტერესდა იმ მანათობელი სხივებით, მილაკიდან რომ გამოსხივდებოდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს ფიზიკოსმა მილაკს შავი მუყაო შემოაფარა, ოთახიც ჩააბნელა და მილაკი ჩართო. მოულოდნელად შეამჩნია, რომ მის კაბინეტში არსებულმა ფოტოგრაფიულმა ფირფიტამ ნათება დაიწყო. რენტგენი მიხვდა, რომ მის თავს რაღაც უცნაურობა ხდებოდა. ეს არ გახლდათ ახალაღმოჩენილი კათოდური სხივი, ის მაგნიტის მიახლოებისას არ რეაგირებდა. ეს სრულიად ახალი, იდუმალი მოვლენა იყო, ამიტომ რენტგენმა მიღებულ სხივებს “უცნობი სხივები”, “X-სხივები” დაარქვა. აი, ასე უნებურად აღმოაჩინა მან იმ დროისთვის უცნობი გამოსხივება, რომელსაც ჩვენ რენტგენის სხივებს ვუწოდებთ. რამდენიმე დღის განმავლობაში ფიზიკოსი საკუთარ თავს არ ჰგავდა, მერე კი მეუღლეს უთხრა: “ბერტა, მოდი, შენ მაინც გაჩვენო, რით ვარ აქ დაკავებული, რადგან ამას მაინც არავინ დაიჯერებს”. რენტგენმა მეუღლეს ხელი ფოტოგრაფიულ ფირფიტაზე დაადებინა, “X-სხივებით” დაასხივა და... ასე იხილა დღის სინათლე ხელის მტევნის პირველმა რენტგენულმა გამოსახულებამ. მედიცინის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერტამ ამ დროს წარმოთქვა: “მე ჩემი სიკვდილი დავინახე” - იმ დროს ხომ ადამიანის გარდაცვალებამდე ჩონჩხის დანახვა შეუძლებელი იყო. მისი შინაგანი აღნაგობის გადაღებაც კი არავის მოუვიდოდა აზრად. მედიცინის ისტორიაში საიდუმლო კარი გაიღო, რომლის მიღმაც ახალი სამყარო გადაიშალა. რენტგენმა ნათელი მოჰფინა უმძლავრესი ტექნოლოგიის საიდუმლოს, რომელმაც უდიდესი გადატრიალება მოახდინა დიაგნოსტიკის სფეროში. რენტგენული გამოსხივების აღმოჩენა ერთადერთია მეცნიერებაში, რომელიც შემთხვევით და წინასწარგანუჭვრეტელად მოხდა. მაგრამ როგორც კი მოხდა, მსოფლიომ ის მაშინვე, ყოველგვარი დებატების გარეშე მიიღო. მისი წყალობით ორიოდე კვირაში სამყარომ სახე იცვალა. რენტგენის აღმოჩენაზეა დამყარებული უამრავი თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგია, დაწყებული კომპიუტერული ტომოგრაფიით, რომლის საშუალებითაც იგებენ, რა სტკივა ადამიანს, დამთავრებული ნასას კოსმოსურ-რენტგენოგრაფიული ტელესკოპით (“ჩანდრა”), რომელიც კოსმოსური სიღრმეებიდან წამოსულ რენტგენულ სხივებს იჭერს.

დაავადების მიკრობული წარმოშობის თეორია

ზოგიერთი აღმოჩენა შემთხვევით ხდება, ხოლო სხვების აღმოსაჩენად მეცნიერები დიდხანს მუშაობენ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. 1846 წელი. ვენა. კულტურის უმშვენიერესი კერა. ქალაქის საავადმყოფოში სიკვდილის აჩრდილი დაძრწის. აქ მოთავსებულ მელოგინეთა დიდი ნაწილი იღუპება სამშობიარო ცხელების, საშვილოსნოს ინფექციის დიაგნოზით. როდესაც დოქტორმა იგნაც ზემელვაისმა ამ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, მან ყურადღება მიაქცია ერთ უცნაურ ფაქტს: საავადმყოფოში ორი სამშობიარო განყოფილება იყო. ერთში მშობიარობას ექიმები იღებდნენ, მეორეში - ბებიაქალები. ზემელვაისმა ნახა, რომ იმ განყოფილებაში, სადაც ექიმები ამშობიარებდნენ ქალებს, სამშობიარო ცხელებით მელოგინეთა 7% იღუპებოდა, ხოლო ბებიაქალების განყოფილებაში - მხოლოდ 2%. ამან ძალიან გააკვირვა ზემელვაისი - ექიმები ხომ უკეთესად იყვნენ მომზადებულნი მშობიარობის მისაღებად. მან ამ შეუსაბამობის მიზეზსაც მალე მიაკვლია - შეამჩნია, რომ ექიმებისა და ბებიაქალების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ ექიმები გარდაცვლილ მშობიარეებს კვეთდნენ, მერე კი ისე მიდიოდნენ სხვა ორსულების გასასინჯად ან მშობიარობის მისაღებად, რომ ხელებს არ იბანდნენ. ისევე როგორც ავტოხელოსნები, რომლებიც ერთ მანქანასთან მუშაობას დაამთავრებენ და ხელების დაუბანლად, ზეთიანი ხელებით გადადიან მეორე მანქანასთან. ისინი ხელების დაბანის საჭიროებას ვერ ხედავენ. ზემელვაისი დაფიქრდა: ხომ არ გადაჰქონდა ექიმს დაუბანელი ხელებით გარდაცვლილიდან ცოცხალ პაციენტზე რაიმე უხილავი ნაწილაკები, რომლებიც მძიმე, სასიკვდილო დაავადებას იწვევდა? ამის გასარკვევად მან ექსპერიმენტი ჩაატარა: სთხოვა სტუდენტ მედიკოსებს, ყოველი პაციენტის შეხებამდე ხელები ქლორიანი კირით დაებანათ. მალე სიკვდილიანობა 1%-მდე დაეცა, უფრო დაბლა, ვიდრე ბებიაქალებთან. ამ ექსპერიმენტის წყალობით ზემელვაისი მიხვდა, რომ ისეთ ინფექციურ დაავადებას, როგორიც სამშობიარო ცხელება იყო, მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა და თუ ამ მიზეზს გამორიცხავდი, დაავადება აღარ წარმოიშობოდა. მაგრამ 1846 წელს არავის მოსვლია აზრად, რომ არსებობდა კავშირი ბაქტერიებსა და ინფექციას შორის და ზემელვაისის იდეები სერიოზულად არავის მიუღია. გავიდა ათი წელი და კიდევ ერთმა მეცნიერმა მიაქცია ყურადღება მიკროორგანიზმებს. მას ლუი პასტერი ერქვა. პასტერის ხუთი შვილიდან სამი მუცლის ტიფით გარდაიცვალა, რაც ნაწილობრივ ხსნის, რატომ ეძებდა ის ასე ჯიუტად ინფექციური დაავადებების მიზეზს. პასტერი სწორ კვალზე დააყენა თავისმა სამუშაომ, რომელსაც ის ლუდისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ეწეოდა. პასტერი იმის ახსნას ცდილობდა, რატომ ფუჭდებოდა მის ქვეყანაში წარმოებული ღვინის უდიდესი ნაწილი. მან აღმოაჩინა, რომ ამჟავებულ ღვინოში ბინადრობდნენ განსაკუთრებული მიკროორგანიზმები, მიკრობები. სწორედ ისინი ამჟავებდნენ ღვინოს. პასტერმა დაადგინა, რომ უბრალო გახურების შემდეგ მიკრობები იღუპებოდნენ და ღვინის გადარჩენა შესაძლებელი ხდებოდა. ასე დაიბადა პასტერიზაცია. ამიტომ, როცა წარმოიშვა ინფექციური დაავადებების მიზეზების დადგენის საჭიროება, პასტერმა იცოდა, სად ეძებნა. “მიკრობები იწვევენ გარკვეულ დაავადებებს!” - თქვა მან და დაამტკიცა კიდეც ეს მოსაზრება უამრავი ექსპერიმენტის საშუალებით, რომლებმაც საფუძველი დაუდო უდიდეს აღმოჩენას - დაავადებების მიკრობული წარმოშობის თეორიას. ამ თეორიაზეა დაფუძნებული თანამედროვე მედიცინა. თეორიის თანახმად, განსაზღვრულ დაავადებას განსაზღვრული სახის მიკროორგანიზმი იწვევს. დღეს ეს ჩვენთვის ცხადზე უცხადესია, მაგრამ თავის დროზე ერთ-ერთი რევოლუციური კონცეფცია გახლდათ მედიცინაში.


ვაქცინაცია

მომდევნო უდიდესი აღმოჩენა მე-18 საუკუნეს ეკუთვნის, იმ დროს, როდესაც ყვავილისგან მსოფლიოში დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ექიმები ვერც დაავადების მიზეზს ხვდებოდნენ და ვერც მის საწინააღმდეგო საშუალებებს პოულობდნენ, მაგრამ მოარულმა ხმებმა, რომ ინგლისის  ერთი პატარა სოფლის მცხოვრებლებს ყვავილი არ ეკარებოდათ, ექიმ ედუარდ ჯენერის ყურადღება მიიქცია. ხმების თანახმად, მწველავებს ეპიდემია იმიტომ უვლიდა გვერდს, რომ მათ უკვე ჰქონდათ გადატანილი უფრო მსუბუქი ძროხის ყვავილი. ძროხის ყვავილით დაავადებულებს უწევდათ ტემპერატურა და ხელებზე პატარა წყლულები უჩნდებოდათ, მაგრამ ადამიანის ყვავილი მათ ვერაფერს აკლებდა. ჯენერმა ეს ფენომენი შეისწავლა და ივარაუდა, რომ ამ წყლულიდან გამოსული ჩირქი როგორღაც იცავდა ადამიანის ორგანიზმს ყვავილისგან. 1796 წლის 14 მაისს, ყვავილის მორიგი ეპიდემიის აფეთქების დროს, მან თავისი თეორიის შემოწმება გადაწყვიტა. ჯენერმა აიღო სითხე ძროხის ყვავილით დაავადებული მწველავის ხელზე არსებული წყლულიდან და სხვა ოჯახის ჯანმრთელ რვა წლის ბავშვს შეუყვანა კანში. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვს ტემპერატურამ ოდნავ აუწია და ხელზე რამდენიმე ბუშტუკი გაუჩნდა. პატარა მალე გამოჯანმრთელდა. ექვსი კვირის შემდეგ ჯენერი ისევ დაბრუნდა. ამჯერად ბავშვს ადამიანის ყვავილის შემცველი სითხე შეუყვანა ორგანიზმში და დაიწყო ლოდინი, რით დამთავრდებოდა ექსპერიმენტი. რამდენიმე დღის შემდეგ ჯენერმა მიიღო პასუხი: ბავშვი ჯანმრთელი იყო. ყვავილი მას არ მიეკარა. ყვავილის ვაქცინაციის აღმოჩენამ მედიცინაში რევოლუცია მოახდინა. ეს იყო დაავადების მსვლელობაში პირველი ჩარევა და მისი თავიდან აცილების პირველი მცდელობა. ადამიანის მიერ დამზადებული საშუალება პირველად გამოიყენებოდა დაავადების თავიდან ასაცილებლად, მის განვითარებამდე. ჯენერის აღმოჩენიდან 50 წლის შემდეგ ლუი პასტერმა განავითარა ვაქცინაციის იდეა და დაამუშავა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანთათვის და ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინა ცხვრებისთვის, მე-20 საუკუნეში კი ალბერტ სეიბინმა და ჯონას სოლკმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. და ეს ყველაფერი ჯენერის აღმოჩენის საფუძველზე მოხდა.

ვიტამინები

მომდევნო აღმოჩენა შედეგია სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მუშაობისა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთი საკითხის გადასაჭრელად იბრძოდნენ. სურავანდი, უმძიმესი დაავადება, რომელიც უმთავრესად მეზღვაურებს ემტერებოდა, კანის დაზიანებას და სისხლდენებს იწვევდა. ბოლოს და ბოლოს 1747 წელს სანაოსნო ხომალდის ქირურგმა შოტლანდიელმა ჯეიმს ლინდმა მის საწინააღმდეგო საშუალებას მიაგნო. მან აღმოაჩინა, რომ თუ მეზღვაურების რაციონში ციტრუსებს შეიტანდა, სურავანდის თავიდან აცილება შესაძლებელი ხდებოდა. მეზღვაურების მეორე დაავადება იყო ბერი-ბერი, რომელიც ნერვულ სისტემას, გულს და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებდა. მე-19 საუკუნის დასასრულს ჰოლანდიელმა მეცნიერმა კრისტიან ეიკმანმა დაადგინა, რომ ამ დაავადებას იწვევდა მხოლოდ თეთრი, გაფქცვნილი ბრინჯით კვება; მას, ვინც მუქი ფერის, გაუფცქვნელ ბრინჯს მიირთმევდა, დაავადება აღარ ემართებოდა. უფრო მეტიც - რაციონში მისი ჩართვისას დაავადება უკან იხევდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევა პირდაპირ მიუთითებდა დაავადებასა და კვებას შორის არსებულ კავშირზე, საკითხის არსში გარკვევა მხოლოდ ინგლისელმა ბიოქიმიკოსმა ფრედერიკ გოულენდ ჰოპკინსმა მოახერხა. მან ივარაუდა, რომ ორგანიზმს სჭირდება ნივთიერებები, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ საკვებშია. თავისი ჰიპოთეზის შესამოწმებლად ჰოპკინსმა ექსპერიმენტები ჩაატარა. მან თაგვებს მისცა ხელოვნური საკვები, რომელიც სუფთა ცილების, ნახშირწყლების, ცხიმებისა და მარილებისგან შედგებოდა. თაგვები დასუსტდნენ და ზრდა შეწყვიტეს, მაგრამ მცირე რაოდენობით რძის მიცემის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ. შედეგად ჰოპკინსმა აღმოაჩინა, როგორც თავად უწოდებდა, კვების შეუცვლელი ფაქტორები, რომელთაც შემდეგ ვიტამინები უწოდეს. აღმოჩნდა, რომ ბერი-ბერი გამოწვეულია თიამინის, ვიტამინ ბ1-ის, ნაკლებობით, რომელიც გაპრიალებულ ბრინჯში არ არის, მაგრამ ბევრია ნატურალურში, ციტრუსები კი იმიტომ უშლის ხელს სურავანდის განვითარებას, რომ მათ შემადგენლობაში შედის ასკორბინის მჟავა, ც ვიტამინი. ჰოპკინსის აღმოჩენა უდიდესი ნაბიჯი იყო სწორი კვების რაობაში გასარკვევად. ვიტამინებზეა დამოკიდებული ორგანიზმის მრავალი ფუნქცია, სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლა, ნივთიერებათა ცვლის რეგულირება და სხვა.

(გაგრძელება იქნება)