ექსპერიმენტები საკუთარ თავზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექსპერიმენტები საკუთარ თავზე

დოქტორი ა. უაიტი 1802 წელს ეგვიპტეში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ჭრილობაში შეიზილა შავი ჭირით დაავადებული ადამიანის ბუბონური (შავი ჭირისთვის დამახასიათებელი წყლულის) ჩირქი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ექიმები იკვლევდნენ ყვითელ ცხელებას, რომელმაც ამერიკასა და აფრიკაში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. იმ დროს ბევრს მიაჩნდა, რომ ამ დაავადებას იწვევდა ნიადაგის ანაორთქლი. როდესაც კუბელმა ექიმმა კარლოს ფინლეიმ პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენება წაიკითხა და წინ წამოსწია ჰიპოთეზა, რომ ყვითელი ცხელება განსაზღვრული სახეობის კოღოს გადაჰქონდა, მას არავინ დაუჯერა, მაგრამ ჯეს ლასეარის სიკვდილმა მისი მოსაზრება დაადასტურა - ექიმმა თავი დააკბენინა კოღოს, რომელსაც ადრე ყვითელი ცხელებით დაავადებული ადამიანი ჰყავდა დაკბენილი.

მრავალმა ექიმმა თავი ტიფით დაისნებოვნა, რათა ამ დაავადების გავრცელების გზები დაედგინათ, გაეგოთ, რომელ მწერს გადაჰქონდა ის და რომელი ცხოველი იყო მათი წყარო. ექიმები შეგნებულად იავადებდნენ თავს ლეიშმანიოზით, ტულარემიით, გონორეით, სიფილისით და მრავალი სხვა დაავადებით. ექსპერიმენტულ შემოწმებას ითხოვდა ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის მეთოდებიც. როდესაც ლუი პასტერმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, ექიმებს ეშინოდათ მისი გამოყენებისა იმ შემთხვევებში, როდესაც დანამდვილებით არ იყო ცნობილი, ჰქონდა თუ არა ცოფი ძაღლს, რომელმაც ადამიანი დაკბინა. ეშინოდათ, თუ ძაღლი ჯანმრთელი აღმოჩნდებოდა, ვაქცინას აცრილში ცოფი არ გამოეწვია.

ექიმმა ემერიხ ულმანმა პასტერს შესთავაზა, ექსპერიმენტი მასზე ჩაეტარებინა. მივიდა პასტერთან და უბრალოდ უთხრა: "გამიკეთეთ აცრა. ვნახოთ, მოვკვდები ცოფით თუ არა". ულმანი არ მომკვდარა, რამაც პასტერის ვაქცინის გავრცელებასა და უამრავი ხალხის გადარჩენას შეუწყო ხელი. 1916 წელს ამერიკელმა პროფესორმა ჯოზეფ გოლდბერგერმა გადაწყვიტა დაედგინა, პელაგრა ინფექციური დაავადება იყო თუ მას ავიტამინოზი იწვევდა. ამისთვის გოლდბერგერმა და მისმა თხუთმეტმა კოლეგამ პელაგრით დაავადებულისგან აიღეს სხვადასხვა მასალა: სისხლი, გამონაყოფი ცხვირიდან და პირიდან, კანის ქერცლები - და მთელი თვის განმავლობაში მათ თავიანთ საჭმელში ურევდნენ. არც ერთი ექიმი პელაგრით არ დაავადებულა, რამაც გააქარწყლა აზრი პელაგრის ინფექციური ბუნების შესახებ. ახლა უკვე ცნობილია, რომ პელაგრა ორგანიზმში ნიკოტინის მჟავას ნაკლებობის დროს ვითარდება.

 

პრეპარატები

მრავალი ექიმი და ქიმიკოსი სხვადასხვა ნივთიერების თვისებათა შესწავლისას არ უფრთხოდა საკუთარ თავზე ცდების ჩატარებას. როგორც ჩანს, მათ სრულიადაც არ აშინებდათ უდიდესი მეცნიერის კარლ შეელეს ტრაგიკული ბედი - ამ უკანასკნელმა სინილინის მჟავა აღმოაჩინა და გემო გაუსინჯა ამ უძლიერეს შხამს. ამერიკელმა ექიმმა როჯერ სმიტმა 1944 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა მცენარეული შხამის კურარეს მოქმედება. ამ შხამს ამერიკელი ინდიელები ნადირობისას იყენებენ - ისრის ან შუბის წვერზე აცხებენ. კურარეს ინექციის შემდეგ დამბლა დაიწყო. თავდაპირველად კისრის კუნთების პარალიზება მოხდა და სმიტმა გაიფიქრა, რომ საკუთარი ნერწყვით დაიხრჩობოდა, შემდეგ დამბლა კიდურის კუნთებზე გავრცელდა, ამის მერე კი ექიმს სუნთქვა გაუძნელდა. მხოლოდ დაუყოვნებელმა რეანიმაციამ შეძლო სმიტის გადარჩენა. ექიმს რისკი ტყუილად არ გაუწევია - მისი გამოკვლევების წყალობით შესაძლებელი გახდა კურარეს მცირე დოზების გამოყენება ქირურგიული ოპერაციისას მუცლის ღრუს კუნთების მოსადუნებლად.

საკუთარ თავზე ჩატარებული ცდების შედეგად დაადგინეს ექიმებმა მათ მიერვე დამუშავებული საშუალებების ეფექტურობა გველის შხამების წინააღმდეგ. ერთ-ერთი პირველთაგანი იყო შვეიცარიელი ჟაკ პონტო, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა თავისივე შექმნილი გველგესლას შხამსაწინააღმდეგო ვაქცინა. 1933 წლის 5 მაისს მან სამ გველგესლას დააკბენინა თავი და გადარჩა. მოგვიანებით ანალოგიური ცდები ჩაატარეს სხვა ექიმებმაც, რათა სხვა სახეობის გველების შხამების ანტიდოტი (შხამსაწინააღმდეგო საშუალება) დაემუშავებინათ და გამოეცადათ. უამრავი ცდა ჩაატარეს ექიმებმა თავიანთ თავზე იმ წამლის მისაგნებად, რომელიც ადამიანს ტკივილისგან გაათავისუფლებდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში აფთიაქარმა ფრიდრიჰ სერტიურნერმა ოპიუმის ფხვნილით ცდების მთელი სერია ჩაიტარა, რათა ტკივილის გასაყუჩებლად ამ წამლის ოპტიმალური დოზა დაედგინა.

იმავე საუკუნის შუა ხანებში პაოლა მანტეგაცა ექსპერიმენტებს ატარებს კოკას ფოთლებით და დაწვრილებით აღწერს თავის შეგრძნებებს ფოთლების დაღეჭვის ან მათი ნაყენის მიღების შემდეგ. სამწუხაროდ, ორივე მეცნიერი ნარკომანიით დაავადდა. საკუთარ თავზე ჩატარებულმა ცდებმა გაუკვალა გზა ეპიდურალურ ანესთეზიას, რომლის დროსაც ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება ზურგის ტვინის არხში შეჰყავთ (იგი დღესაც გამოიყენება). მეთოდის ავტორს, გერმანელ ქირურგ ავგუსტ ბირს, იმისათვის, რომ ზუსტად შეესწავლა ასეთი ანესთეზიის მოქმედება, საკუთარ ზურგის ტვინში (სხვათა შორის, სხვადასხვა ადგილზე) შეჰყავდა კოკაინის ნაყენი.


პარაზიტები

ექიმების ყურადღება არც პარაზიტებს ჰკლებიათ. ხარის სოლიტერით სპეციალურად დაისნებოვნეს თავი რუსმა მეცნიერებმა ჟ. შტრომმა (1930 წელი) და ფ. ტალიზინმა (იმავე საუკუნის ორმოციანი წლების დასასრულს). ზრდასრული ხარის სოლიტერი სიგრძით 4-დან 10 მეტრამდეა, სიგანით - 5-7 მილიმეტრი. საკუთარი თავის დასნებოვნება მეცნიერებმა პარაზიტის განვითარების ციკლისა და მისი დიაგნოსტირების მეთოდების დასადგენად გადაწყვიტეს. ორივე ექსპერიმენტატორმა საკმაოდ რთული პერიოდი გადაიტანა. ფიოდორ ტალიზინმა, რომელმაც ჭიის ორი ლარვა გადაყლაპა, 122 დღე მუცლით ატარა ისინი. ამ ხნის განმავლობაში ექიმს თითქმის განუწყვეტლივ ტანჯავდა გულისრევის შეგრძნება და კუჭის აშლილობა. როდესაც ჭიებმა ზრდა დაასრულეს, მათი სხეულის ქვედა ნაწილებმა მოწყვეტა დაიწყეს, დამოუკიდებლად მოძრაობა შეძლეს და ადამიანის ნაწლავიდან გარეთ გამოაღწიეს. ბოლოს, მას შემდეგ, რაც ტალიზინმა ჭიის გამანადგურებელი პრეპარატი მიიღო, აღმოჩნდა, რომ მის ნაწლავში ცხოვრობდა ორი ჭია, რომელთა საერთო ზომა 9 მეტრი და 80 სანტიმეტრი იყო.

 

საკვები და შიმშილი

არაერთი ექსპერიმენტი იქნა ჩატარებული კვების სფეროშიც. ცდებით განსაკუთრებით გახლდათ გატაცებული ლონდონელი ექიმი უილიამ სტარკი. იგი ირჩევდა გარკვეული ტიპის საკვებს და რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ იმით იკვებებოდა, რათა დაემტკიცებინა, რომ არსებობს "მავნებელი" და "უვნებელი" საკვები. თავდაპირველად სტარკის დიეტა პურისა და წყლისგან შედგებოდა, შემდეგ ამ ნაკრებს მან ზეითუნის ზეთი მიუმატა. შემდეგ სტარკი მხოლოდ ხორცით, პურითა და წყლით იკვებებოდა. ამას მოჰყვა საკვების ახალი კომბინაცია: პური, მუცლის ქონი და ჩაი, ან პური, ერბო, წყალი და მარილი. ამ ცდებმა ექიმს ჯანმრთელობა შეურყია. ის 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაშინ, როცა ჩესტერული ყველის დიეტას იცავდა.

მე-19 საუკუნეში სტარკის მიმდევრები იყვნენ ექიმები იოჰან რანკე და მაქს რუბნერი. ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, შეუძლია თუ არა ადამიანს, მხოლოდ ხორცით იკვებოს (როგორც მოსალოდნელი იყო, დაასკვნეს, რომ არ შეუძლია). ამერიკელმა ექიმმა ტანერმა გადაწყვიტა, სამეცნიერო მიზნით 40 დღე ეშიმშილა. ამ ხნის განმავლობაში მან 33 გირვანქა (16 კილოგრამზე მეტი) დაიკლო. იმისათვის, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფართოდ გავრცელებული დაავადების ბერი-ბერის (ავიტამინოზი, რომელიც ვითარდება B1 ვიტამინის ნაკლებობის დროს) წარმოშობის შესახებ საკუთარი ჰიპოთეზა შეემოწმებინა, ექიმი მაშკოვსკი, რომელიც ახალ გვინეაში მუშაობდა, თერთმეტი თვის განმავლობაში მხოლოდ გაფცქვნილი ბრინჯით იკვებებოდა. მისი მოსაზრება გამართლდა - ექიმს ბერი-ბერის მძიმე ფორმა დაემართა.