მარხვის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარხვის შემდეგ

როგორც რელიგიური, ისე სამედიცინო თვალსაზრისით ეს შეხედულება სრულიად მიუღებელია.

კარგია, როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრებას გადაწყვეტს, გულისყურით ეკიდება მარხვის პროცესს, აზუსტებს, რისი კეთება მართებს ამ პერიოდში და რისი - არა, მაგრამ ცუდია, რომ თითქმის არავინ ფიქრობს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებაც მარხვის დასრულების შემდეგ არის საჭირო.

ზომიერება ყოველთვის და ყველაფერში – ეს არის პრინციპი, რომლის დაცვას ერთხმად გვირჩევენ ექიმებიცა და სასულიერო პირებიც. მარხვის შემდგომ პერიოდში სწორედ ზომიერების დაცვაა აუცილებელი, მით უფრო, რომ მარხვის უკანაკსნელი კვირა ყველაზე მკაცრია.

  • რატომ არის აუცილებელი ზომიერება?

ზომიერების პრინციპის დაცვა, გარდა იმისა, რომ წმინდა ზნეობრივი კუთხით არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია დიდი მარხვის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების გამოც. თითქმის ორი თვის მანძილზე მხოლოდ მცენარეული საკვების მიღება და ერთფეროვანი რაციონი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობაზე აისახება. რაკი ორგანიზმი ცხოველური ცილებითა და ცხიმებით აღარ იტვირთება, ქვეითდება პანკრეასის მიერ იმ ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც ამ კომპონენტების გადამუშავებაში მონაწილეობს. თუ სიმსუნაგეს ვერ ვძლიეთ და აღდგომას ერთბაშად მივეძალეთ ცხოველურ საკვებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ძლიერი დისკომფორტი გარდაუვალია: მოსალოდნელია მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა და სხვა სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებას ახლდეს თან.

  • რა იწვევს ასეთ მძიმე სურათს მაშინ, როცა ადამიანი ჩვეულ კვებას უბრუნდება?

ზემოთ აღწერილი დისპეფსიური ჩივილები იმ პირებს შორის არის ხშირი, ვინც ერთბაშად მიეძალება მარხვის პერიოდში აკრძალულ სურსათს. როგორც უკვე ვთქვით, მთელი მარხვის განმავლობაში ცხოველური საკვებისგან თავშეკავების გამო ორგანიზმში მისი გადამუშავებისთვის საჭირო ფერმენტების ოდენობა შემცირებულია. ფერმენტთა ის რაოდენობა, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი მარხვის შემდეგ გამოიმუშავებს, საკმარისია მხოლოდ მცირეოდენი ცხოველური საკვების მოსანელებლად. სამედიცინო ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, მარხვის შემდეგ ორგანიზმში ცხოველური სურსათის გადამუშავებაში მონაწილე ფერმენტების შედარებითი დეფიციტი ვითარდება. ტერმინი "შედარებითი" აღნიშნავს, რომ ორგანიზმს ამ ფერმენტების გამომუშავების უნარი შესწევს, უბრალოდ, მათი ოდენობაა შემცირებული, ვინაიდან საკვებს, რომლის მონელებისთვისაც ხდება მათი პროდუქცია, ადამიანი გარკვეული ხნის განმავლობაში არ იღებდა.

შესაძლოა, დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ მარხვა საჭმლის მონელებას არღვევს. ასეთი საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება - როდესაც ცხოველური საკვების მიღება განახლდება, თანდათან მოიმატებს ფერმენტების გამომუშავებაც. მთავარია, ადამიანი თანდათან, ნელ-ნელა დაუბრუნდეს ჩვეულ რაციონს, რათა აღნიშნული პროცესი უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად წარიმართოს.

  • ნაყროვანების ცოდვა

ნაყროვანების ცოდვა არა მარტო სულიერად დაგვამდაბლებს, არამედ ხორციელ მდგომარეობასაც ვნებს, განსაკუთრებით - თუ ჯანმრთელობა მანამდეც გვღალატობდა. მადის აღმძვრელი სააღდგომო სუფრა, ნაირგვარი საკვები კუჭის წვენისა და მარილმჟავას სეკრეციის მკვეთრ მატებას იწვევს, ეს კი განსაკუთრებით არასასურველია, როდესაც ადამიანს კუჭის წყლული აქვს. გარდა ამისა, ზომაზე მეტად იტვირთება პანკრეასი - სწორედ მას აკისრია ცხოველური საკვების მონელებაში მონაწილე ფერმენტების გამომუშავება. თუ უხვ საკვებს დიდი ოდენობით ალკოჰოლიც დაემატა, დიდია მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკი.

საფრთხე ნაღვლის ბუშტსაც ემუქრება: ცხოველური ცხიმით მდიდარი საკვები შესაძლოა ნაღველკენჭოვანი დაავადების გამწვავების მიზეზად იქცეს. ყოველივე ეს კი ნაწლავის გაღიზიანებასაც იწვევს. მეტისმეტად ტვირთავს სააღდგომო სუფრა გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მეტადრე - თუ ადამიანი არტერიულ ჰიპერტენზიას ან გულ-სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიას უჩივის. რისკი განსაკუთრებით იმატებს, როდესაც მეტისმეტად ნოყიერი ცხოველური საკვების მიღება ფიზიკურ დატვირთვას (მსვლელობა ლიტურგიისას, ღამისთევა) მოსდევს. ზედმეტი საკვების მიღების გამო საჭმლის მომნელებელ სისტემას უფრო მეტი სისხლი მიეწოდება, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სისხლისა და ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. სწორედ ეს გახლავთ სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის - რისკის მატების მიზეზი. დიდი ოდენობით მარილიანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება კი არტერიული წნევის მატებას განაპირობებს და ჰიპერტონიული კრიზის წინაპირობას ქმნის.

  • როგორ ავარიდოთ თავი უსიამოვნებებს

დიეტოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ტრადიციულ რაციონს თანდათანობით უნდა დავუბრუნდეთ და არა ერთბაშად. თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთი კვირა მაინც არის საჭირო, რათა ორგანიზმი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტები კვლავ საკმარისი ოდენობით გამოიმუშაოს. ავადმყოფებს ადაპტაციისთვის 2-3 კვირა სჭირდებათ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საკვები გონივრულად უნდა იყოს შერჩეული.

იდეალურ შემთხვევაში ცხოველური სურსათის მიღება რძის ნაწარმით უნდა დავიწყოთ. ამ მხრივ საუკეთესოა მაწონი – რძემჟავა პროდუქტი, რომელიც ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. რეკომენდებულია ჭყინტი, უმარილო ყველიც. შებოლილი სულგუნი და თუშური ყველი მარხვის შემდეგ პირველ დღეებში უფრო მძიმე მოსანელებელი იქნება.

როდესაც სააღდგომო სუფრაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით კვერცხს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. არაერთხელ გვსმენია და თავადაც გამოგვიცდია, რომ სააღდგომო კვერცხს განსაკუთრებული გემო აქვს. მიუხედავად ამისა, მარხვის შემდეგ მისი მიღება უნდა შეიზღუდოს - ხსნილის პირველ დღეებში თითო კვერცხზე მეტი არ უნდა მივირთვათ, ვინაიდან კარგად მოხარშული კვერცხი საკმაოდ ძნელი მოსანელებელია.

არამც და არამც არ შეიძლება მარხვის დასრულებისთანავე ცხიმიანი ხორცის (შემწვარი გოჭის, ღორის ხორცის, ლორის, ცხვრის ხორცის) მიღება. უმჯობესია, დავიწყოთ ქათმის, ინდაურის ან საქონლის მჭლე მოხარშული ხორცის პატარა ნაჭრით. არც ცხიმიანი თევზია სასურველი.

საზოგადოდ, უმჯობესია, ხსნილის პირველ დღეებში არასამარხვო კერძებიდან მხოლოდ კვერცხი, კულიჩი და პასკა მივირთვათ, ისიც ზომიერად. მხოლოდ მესამე დღეს შეიძლება, თავს ხორცის მიღების უფლება მივცეთ.

მარხვის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ. ეს რჩევა განსაკუთრებით ხანში შესულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის ადაპტაციის უნარი ქვეითდება.

კატეგორიულად არის აკრძალული ალკოჰოლის ჭარბი მიღება. გარდა იმისა, რომ ეს ჯანმრთელობისათვის მეტად მავნეა, სააღდგომო სუფრასთან ღრეობა რელიგიური თვალსაზრისითაც დაუშვებელია.

  • სანიმუშო სააღდგომო მენიუ

გთავაზობთ სანიმუშო სააღდგომო მენიუს:

  • საუზმე

ტრადიციული სააღდგომო საკვები – ერთი-ორი ნაჭერი პასქა და წითელი კვერცხი. ეს სავსებით საკმარისია, რათა დღესასწაულიც აღნიშნოთ და კუჭსაც არ ავნოთ. თუ ვერ დანაყრდით, შეიძლება, დამატებით მიირთვათ მაწონი ან ბუტერბროდი მოხარშული ხორცით.

  • სადილი

უცხიმო ხორცისგან მომზადებული ნებისმიერი კერძი, მჭლე მოხარშული ხორცი ბოსტნეულის სალათთან ერთად, 1-2 ნაჭერი ხაჭაპური ან პასქა, უგაზო მინერალური წყალი

  • ვახშამი

მოხარშული უცხიმო თევზი ბოსტნეულის გარნირით, ხილი

ეს ყველაფერი უმჯობესია 4-6 ულუფად გაანაწილოთ.

არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვაც ზედმეტ პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

ზემოთ იმაზე ვისაუბრეთ, როგორ იცვლება საჭმლის მონელებაში მონაწილე ფერმენტების წარმოქმნა მარხვისას. მათი გამომუშავების სრულ აღდგენამდე საჭმლის მონელების პროცესი შემაწუხებელი რომ არ იყოს, შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც პანკრეასის ფერმენტებს შეიცავს. საბედნიეროდ, მათი არჩევანი ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში საკმაოდ ფართოა.

  1. ყოველი კვებისას რაციონს დაამატეთ მხოლოდ ერთი ახალი ცხოველური პროდუქტი.
  2. აღდგომის პირველ და მეორე დღეს ნუ მიიღებთ ზედმეტად მარილიან და სანელებლებით უხვად შეზავებულ საკვებს.
  3. ზედმეტად ნუ დანაყრდებით. გაიხსენეთ, რომ ნაყროვანება ცოდვაა არა მარტო მარხვისას, არამედ ნებისმიერ დროს. გახსნილება მარხვის პერიოდში აკრძალული საკვების დაგემოვნებას, მცირე რაოდენობით მიღებას გულისხმობს და არა მაძღრისად კვებას. დიდი მარხვა ხომ სულიერ განწმენდასთან არის დაკავშირებული, ეს კი ზომიერების ცხოვრების წესად ქცევასაც გულისხმობს.