რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე
ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე
ვინც წმინდანთა ცხოვრებაში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ მრავალ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა კურნებისა, ბრმათათვის თვალის ახელისა, უშვილოთათვის შვილის მინიჭებისა, უეცარი სიკვდილისგან დაცვისა და სხვა, გარდაცვალების შემდეგ კი მრავალმა წმინდანმა მიიღო ნიჭი კურნებისა თუ სხვადასხვა განსაცდელისგან ხსნისა. განსაცდელში მყოფი ადამიანის ლოცვა-ვედრება წრფელი და მხურვალეა. ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე, ამიტომ განსაკუთრებით ევედრება შეწევნას წმინდანებს.


უვერცხლო მკურნალნი კოზმა და დამიანე

კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა
მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნება შეასწავლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული ძმები უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: - ჩვენ საკუთარი ძალით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით; ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებითო. მშობლებისგან მიღებული მდიდარი მემკვიდრეობა გაყიდეს და გლახაკთა დახმარება
დაიწყეს. სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. კოზმასა და დამიანეს ღვთივსათნო ცხოვრებამ, საზოგადოებაში მათმა ავტორიტეტმა, რომის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრო და მკურნალთა შესაპყრობად მეომრები გაგზავნეს. ძმები რომ ვერ იპოვეს, მეომრებმა სხვა ქრისტიანები დაატუსაღეს. მაშინ კოზმა და დამიანე მათ თავად ჩაბარდნენ იმ პირობით, რომ მათი გულისთვის დაპატიმრებულნი გაეთავისუფლებინათ. უფლის რჩეულები თავდაპირველად საპყრობილეში ჩაყარეს, მერე კი სამსჯავროზე წარადგინეს. მათ იმპერატორის წინაშე თამამად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. იმპერატორ კარუსს (282-283), ღვთის განგებით, სნეულება შეეყარა და საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა უფლის ყოვლისშემძლეობაში. ამაყმა თვითმპყრობელმა შემწეობა სთხოვა წმინდა ძმებს და დაიფიცა, ქრისტეს შევუდგებიო. კოზმამ და დამიანემ უწამლეს იმპერატორს. მან ორივე გაათავისუფლა. რაც ვერ შეძლო წარმართთა სიძულვილმა და რომაელ ხელისუფალთა სისასტიკემ, მოახერხა შურმა: მხცოვანი მკურნალი, ძმების მასწავლებელი, მათმა დიდებამ შურით აღავსო, მოწაფეები ტყეში გაიტყუა თითქოსდა იშვიათი სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად, გონებადაბინდულმა, ვერაგულად დახოცა და ცხედრები მდინარეს მისცა (ამ დღის წმინდანები, კოზმა და დამიანე, უნდა განვასხვაოთ მათი მოსახელე წმინდანებისგან, რომელთა ხსენებაც აღინიშნება 17 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს).


დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი
დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, "მეფის თანამეინახე" ევსტორგიოსის და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი - "ყოვლად ლომი" დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, "განსწავლა იგი სიბრძნესა და მწიგნობრობაში", მერე კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს - მკურნალთა მთავარს, რომელიც "ჰკურნებნ მეფესა და ყოველსა ერსა პალატისა მისისასა". გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა სასახლეში. იმპერატორი მაქსიმიანე (284-305; 307-310) მოხიბლა პანტელეონმა და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განსწავლე, რომ პირად მკურნალად დავადგინოო. მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, სადაც წმინდა ხუცესნი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე (ხს. 26 ივლისს) ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა, ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა, უთხრა: "შვილო ჩემო, ასკლიბიოს და ბაგრატ და გალიანოს არარანი იყვნენ, რამეთუ მსახურებდნენ ამაოებასა; და ღმერთნიც, რომელთა ჰმონებდეს მეფე თქუენი, არარანი არიან", - მერე კი ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. მას შემდეგ იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარებას სწავლობდა. ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეძრწუნდა, "განცუიბრდა და მცირედ განდგა კიდე", შემდეგ გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში, თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: "ჰოი, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო-გიჩს, რაითა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაი ესე სახელითა შენითა!" ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. "მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაი", მადლობა შესწირა ღმერთს, მყის მივიდა ერმოლაოზთან, დაუჩოქა და სთხოვა, მოენათლა. წმინდა ხუცესმაც ნათელსცა ნეტარს. პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მას შემდეგ კი, რაც მან მაცხოვრის სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც ვერაფერი უშველეს, ევსტორგიოსმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუღმერთების ქანდაკები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს გაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს მსახურებდა "ხელითა თვისითა", ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. "შეიშურეს მკურნალთა სხუათა საქმეი იგი მისი" და მიზეზს ეძიებდნენ ნეტარის დასაღუპავად. ბოლოს, დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს, შენი რჩეული "ჰკურნებს... მათ, რომელნი ღმერთთა აგინებენ და მისცემს საზრდელს და განდგომილ არს იგი მსახურებისაგან ღმერთთაისა", და თუ დროზე არ წარწყმედ, კიდევ ბევრს გარდააქცევს მამა-პაპათა სჯულიდანო. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა, წმინდანმა კი ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება და თვითმპყრობელის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით განრღვეული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაკიდეს, რკინის სამთითებით "ხუეტეს" და "დაბძარეს" ხორცი მისი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააკრეს და მაღლიდან დააქანეს, რომ დაკუწულიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით უვნებლად გადაურჩა სატანჯველს. ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმინდანის მოძღვარი ერმოლაოზი, მასთან ერთად - ხუცესნი ერმიპე და ერმოკრატე და ჭეშმარიტების აღსარებისთვის სიკვდილით დასაჯეს (იხ. 26 ივლისის საკითხავი), პანტელეონს კი უთხრეს: "აჰა, ეგერა, მოძღუართა შენთა აღიარეს ღმერთთა უფლებაი", უზორეს მათ და ახლა სასახლეში პატივით იმყოფებიანო. ქრისტეს მარტვილმა მიუგო: კარგად ვუწყი, რომ "წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტესსა". გონდაკარგულმა მაქსიმიანემ კვ­ლავ "ტანჯა იგი სატანჯველითა მრავლითა", მერე კი მსახურებს მი­სი მოკვდინება და დაწვა უბრძანა. ჯალათებმა ქალაქიდან გაიყვანეს ნეტარი, მიიყვანეს "ადგილსა მას, სადა-იგი სათნო-უჩნდა უფალსა აღსრულებაი წმიდისაი მის" და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა, წმინდანს კი "არარაი ევნო". სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს, უფლისგან ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა ნეტარს და ამცნო, "ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეთაი, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთ-საყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ხელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ". ჯალათებმა უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე, ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო: "უკუეთუ თქუენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა ნაწილი". მაშინ მხედრებმა კრძალვით ამბორს-უყვეს ნეტარს "და ესრეთ მოჰკუეთეს თავი მისი". წმიდანის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოედინა, ზეთისხილის ხეები კი ნაყოფით დაიხუნძლა. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა პანტელეიმონის ცხედარი პატივით მიაბარეს მიწას (+305). უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები ლავრენტი, ვასოი და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამებრივი ღვაწლის შესახებ. დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ინახება.


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, - ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონებას ემსახურება, ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, წმინდა წერილი გვაუწყებს: “ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი”.

ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუ ადამიანი აღსარებაში გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად სხეულსაც უზიანებენ.

წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენიდან საკმაოდ შორსაა. მაღლობზე დგას და იქამდე მისასვლელად გრძელი კიბე უნდა აიარო. მონასტერში საგანგებოდ გაკეთებული ხის ჩასაბრძანებლით წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეულია დასვენებული. მასთან მიახლება ყველა მომლოცველს შეუძლია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი მორწმუნე მიდის და ისიც, რწმენით მისულს, უნუგეშოდ არავის ტოვებს.

საბერძნეთში ყოფნისას ამ წმინდანისადმი მოწიწება უფრო გამიძლიერდა. იქ მის წმინდა ნაწილებსაც ვეცი თაყვანი. ერთ ამბავს გავიხსენებ: ათენში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ერთ-ერთი ტაძრის შუაგულში, სიწმინდეები იყო დაბრძანებული. თავიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები გვეგონა. მოულოდნელად ერთი ბერძენი ქალბატონი მოგვიახლოვდა და ხმამაღლა გვითხრა: “აგიოს ნექტარიოს”. წმინდა ნექტარიოსმა თავად გვაუწყა ადამიანის პირით, რომ მას ვეთაყვანეთ.

“როდესაც ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს ლახვრის ლოცვა წავუკითხე, ის სულიერმა დაღლილობამ შეიპყრო და თვალები გაეყინა. ეტყობოდა, რომ ბოროტი ებრძოდა”, - მოგვითხრობს ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე.

- როდესაც ადამიანი შეჭირვებულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებულად ევედრება უფალს. ღმერთი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. მთავარია, მივენდოთ მას. ქრისტიანის ცხოვრება ღვთისადმი მინდობის სწავლის პროცესია.

გვესაუბრება სამების ლავრის ტაძრის არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი).

- მამაო, რა არის აღსარება და აუცილებელია თუ არა აღსარების თქმა?
- აღსარება, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მიმართულების გარკვევა, ანუ იმის სწორად და მართებულად გაგება, საით მიდიხარ. როგორც მონაზვნად აღკვეცის ლოცვებში წერია, უნდა იცოდე, ვისგან გარბიხარ და ვის უერთდები.

17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის