მარხვა - საკურნებელად სულისა და ხორცისა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარხვა - საკურნებელად სულისა და ხორცისა

გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდეც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ ადამიანს თავისი უძლური ბუნების გამო არ შეუძლია გამუდმებით თავშეკავება, ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა მარხვისა, რომლის დაცვა საწინდარია იმისა, რომ ოდესმე ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას შევძლებთ.

ხანგრძლივი მარხვები

წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომლებიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს:

ა) დიდი წმიდა მარხვა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;

ბ) საშობაო მარხვა - ქრისტეს შობის წინ;

გ) მარიამობის მარხვა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ;

დ) პეტრეპავლობის მარხვა - მოციქულთა თავთა - წმ. პეტრესა და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ.

დიდი წმიდა მარხვა იწყება აღდგომამდე 49 დღით ადრე და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება. შობის მარხვა გრძელდება 28 ნოემბრიდან 7 იანვრამდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხორციელად დაბადებას. მარიამობის მარხვა ორკვირიანია და გრძელდება 14-დან 28 აგვისტომდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს - მის მიძინებას. პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია 9 დღიდან თვენახევრამდე. ეს იმიტომ, რომ მისი დასასრული უძრავია, დასაწყისი კი მოძრავი და უკავშირდება სულთმოფენობის დღესასწაულს, რომელიც, თავის მხრივ, აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული (აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს). პეტრეპავლობის მარხვა იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და მთავრდება 12 ივლისს (ახ. სტილით), როდესაც ეკლესია იხსენიებს თავთა მოციქულთა - წმ. პეტრესა და წმ. პავლეს.

ერთდღიანი მარხვები

განსაკუთრებულ დღეებში ეკლესიამ დაადგინა ერთდღიანი მარხვები:

ა) ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა მსგეფსისა, რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა იესო ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს;

ბ) ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი (ახ. სტილით);

გ) წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 11 სექტემბერი (ახ. სტილით);

დ) ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი (ახ. სტილით).


მსგეფსი

წელიწადში არის რამდენიმე განსაკუთრებული კვირა ანუ შვიდეული, როდესაც ოთხშაბათი და პარასკევი არასამარხვო დღეებია ანუ ხსნილია. ასეთ შვიდეულს ეწოდება მსგეფსი (ძველ ქართულში ეს სიტყვა ზოგადად შვიდეულის აღსანიშნავად იხმარებოდა, განურჩევლად ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა-ხსნილებისა, დღეს კი მან იმ კვირის მნიშნველობა შეიძინა, რომლის ყველა დღე ხსნილია). მსგეფსი ხუთია:

ა) შობიდან ნათლისღებამდე - 25 დეკემბრიდან (7 იანვარი) 4 (17) იანვრამდე;

ბ) მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - დიდი მარხვის დაწყების წინ მესამე კვირა;

გ) ყველიერის შვიდეული - ბოლო კვირა დიდი მარხვის წინ (ხსნილია ყველითა და კვერცხით);

გ) ბრწყინვალე შვიდეული - აღდგომის მომდევნო კვირა;

დ) სულთმოფენობის შვიდეული - სულთმოფენობის დღესასწაულის მომდევნო კვირა.

როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, თუ რაიმე მიზეზით მარხვის შენახვა არ შეუძლია

ხანდახან ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს: ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ამ შემთხვევაში არასამარხვო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც კი, თუ ეს აუცილებელია. მარხვის შენახვა არ არის სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისთვის 12 წლამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ, ბავშვი თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ასე განსაჯონ: ბავშვისთვის ყოველდღიურად ხორცის მიღება არათუ სავალდებულო არ არის, არამედ მავნებელიცაა, ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.

შობის მარხვა

შობის მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მომზადების პერიოდია. ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა უფლისადმი გაღებული მსხვერპლია წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისთვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - ამბობს წმინდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ”. სვიმეონ თესალონიკელის თქმით, შობის მარხვა განსახიერებს მოსეს ღვაწლს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისგან მიიღო ქვის ორი ფირფიტა მათზე ამოტვიფრული უფლის სიტყვებით. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ვიხილავთ და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან ვიღებთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვაზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით“. შობის მარხვაც უძველესი დროიდან მომდინარეობს (ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ფილასტრი წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ) და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმად უდგას ფესვები მარხვის საეკლესიო ტრადიციას. შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი ნებადართული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერი მიღება. საზოგადოდ კი, მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასეა დღესაც) მწყესმთავრის ლოცვა-კურთხევაზე.