რა არის მარხვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის მარხვა

მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ზოგიერთი მარხვა მრავალდღიანია, ზოგიერთი - ერთდღიანი. დიდი მარხვა სულ ოთხია. მათგან ყველაზე ხანგრძლივია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება. იგი ყველაზე მკაცრიც არის, განსაკუთრებით - პირველ და ბოლო კვირას. თევზი ნებადართულია მხოლოდ ხარებასა და ბზობას.

შობის მარხვა 28 ნოემბერს იწყება, 7 იანვრამდე გრძელდება და შობის ბრწყინვალე დღესასწაულით გვირგვინდება. ბოლო კვირას მარხვა მძიმდება - ამ დღეებში იკრძალება თევზის ჭამა (შაბათ-კვირასაც კი). სწორედ შობის მარხვაში დგება ახალი წელი და ამ დროს მორწმუნეს განსაკუთრებული თავშეკავება და ზომიერება მართებს. პეტრეპავლობის მარხვა 12 ივლისს, პეტრეპავლობის დღესასწაულით სრულდება, დასაწყისი კი მოძრავია, ამიტომ მარხვის ხანგრძლივობა ყოველ წელიწადს სხვადასხვაა. ამ დროს თევზის ჭამა (ოთხშაბათ-პარასკევის გარდა) ნებადართულია. მარიამობის მარხვა იწყება 14 აგვისტოს და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სრულდება.

რაც შეეხება ერთდღიან მარხვებს, მართლმადიდებლები მარხულობენ ყოველი კვირის ოთხშაბათს (ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე) და პარასკევს (ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს), ნათლისღების წინა დღეს - 18 იანვარს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს - 11 სექტემბერს და ჯვართამაღლებას - 27 სექტემბერს. ზოგჯერ ოთხშაბათს და პარასკევს მსგეფსი უწევს ანუ ხსნილია. იმ საკითხს, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა მარხვა, ეკლესია ინდივიდუალურად უდგება. ზოგს მოძღვარი რვა წლიდანვე აძლევს ლოცვა-კურთხევას, იმარხულოს - ჯერ მხოლოდ ოთხშაბათ-პარასკეობით, შემდეგ კი ყველა მარხვა შეინახოს. ორსულობისა თუ ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე - ანემიისა და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს, როდესაც აუცილებელია კვების განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნა, ადამიანს ეძლევა ლოცვა-კურთხევა, მიიღოს ის საკვები, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის არის უმჯობესი. მარხვა უპირველეს ყოვლისა სულიერი მდგომარეობაა. ადამიანი კი მიირთმევს იმ სახსნილო საკვებს, რომლის ლოცვა-კურთხევა აქვს (ხორცეულს, თევზეულს, რძის ნაწარმს), მაგრამ სულიერად მაინც მარხულობს და იმ ლოცვებსა და კანონებს, რომლებიც მარხვის დროს ეძლევა, ასრულებს.

წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით მარხვა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამ დროს ხდება ორგანიზმის გაწმენდა და გაჯანსაღება. მართალია, ხორცსა და რძეზე უარის თქმის გამო ორგანიზმს პროტეინები და ამინონჟავები აკლდება, მაგრამ ეს დეფიციტი ნაწილობრივ ივსება მცენარეული ცილების საშუალებით. მაგალითად, პარკოსნებში (სოია, ლობიო, მუხუდო), არაქისში, თხილში, კაკალში, სოკოში უხვად არის ამინომჟავები, მიკროელემენტები, ვიტამინები, რომლებიც მთლიანად აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნას ცილოვან პროდუქტებზე. უჯრედისით მდიდარი მცენარეული საკვების წყალობით ძლიერდება ნაწლავთა პერისტალტიკა და წესრიგდება კუჭის მოქმედება. ამასთანავე, ნახშირწყლებს ორგანიზმი ცილოვან საკვებზე (ხორცი, თევზი) ადვილად ითვისებს. შესაბამისად, ნაკლები ენერგია ეხარჯება მის გადასამუშავებლად.

მარხვის დროს ნორმალიზდება საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა. ცხოველური ცხიმის მცენარეულით ჩანაცვლება იძლევა მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზებისა და ქოლესტერინის დონის შემცირების საშუალებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს. ცხოველური ცხიმი დიდი ოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ახშობს სისხლძარღვთა განვლადობას და ამცირებს მათ ელასტიკურობას, ქმნის მიდრეკილებას ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ჩამოყალიბებისკენ. მაგრამ ქოლესტერინი აუცილებელიც არის ორგანიზმისთვის. მისგან სინთეზირდება ბევრი საჭირო ნივთიერება, მაგალითად, ჰორმონები, ნაღვლის მჟავები, ზოგიერთი ვიტამინი. ამიტომ ხსნილში ვიღებთ ცხოველურ პროდუქტებს და, მაშასადამე, ქოლესტერინს, ხოლო მარხვის დროს ორგანიზმს ამ ნივთიერებისგან ვასვენებთ.

არსებობს მოსაზრება, რომ ვეგეტარიანული დიეტა გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს.

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ამის ახსნა შეიძლება დაბალკალორიული დიეტის დროს სისხლში საკვები ნივთიერებების დაბალი შემცველობით. როდესაც საკვები ნივთიერება სისხლში უხვადაა, გონებრივი აქტივობა მცირდება. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მაძღრისად ჭამის შემდეგ ადამიანი ითენთება და გონებრივი სამუშაოს თავი აღარ აქვს. ზოგიერთი პროდუქტისგან თავის შეკავება სულაც არ ნიშნავს ერთფეროვან კვებას და საკვები ნივთიერებების უკმარისობას. სამარხვო მენიუში შედის ყოველგვარი ბურღული, პური, სოია, პარკოსნები, სოკო, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი. ტკბილეულის მოყვარულებს შეუძლიათ მიირთვან მურაბა, თაფლი, ჩირი, სამარხვო ნამცხვრები... მთავარია, გვახსოვდეს: მარხვა არ არის შიმშილობა და დიეტა. მარხვა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა. ეს ჩვენი სულის ცხონებისთვის არის საჭირო.