ისე ვსაუბრობთ, როგორც ვსუნთქავთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ისე ვსაუბრობთ, როგორც ვსუნთქავთ!

ის დიაფრაგმის მოძრაობის შედეგად ხვდება ფილტვებში, შემდეგ ჰაერგამტარ გზებში დამუშავდება და ბოლოს ბგერების სახით გარემოში გადმოიშლება.

ეს ყოველივე კი სუნთქვითი პროცესის შედეგია და სწორედ ამიტომაც უწოდებენ სუნთქვას "ვოკალის ფუნდამენტს", რადგან ფულტვებიდან სათანადო ნაკადით და სიჩქარით ამოსული ჰაერის ნაკადის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყველაზე მარტივი ბგერის სწორად წარმოთქმაც კი.

ვფიქრობთ, გასაკვირი არ უნდა იყოს მეტყველების პროცესზე არცთუ სახარბიელოდ ასახული სუნთქვითი პროცესის სხვადასხვა რგოლში განვითარებული დარღვევები. მეტყველების როგორი პრობლემები იჩენს თავს სუნთქვის პროცესის არასათანადო წარმართვისას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ცხვირით სუნთქვაა გაძნელებული და როგორ მოვაგვაროთ ისინი დროულად, ამ საკითხებთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ "ლოგომედის" ხელმძღვანელის, ექიმ ეკა ჭავჭავაძისგან შევიტყობთ.

– ჰაერის ნაკადი ბგერად ფორმირებამდე ერთგვარ წრთობას გადის სასუნთქ გზებში: ფილტვებიდან ბრონქებში ხვდება, შემდეგ – სასულეში, იქიდან – ხორხში, რომლის ზედაპირზეც გადაჭიმულია ე.წ. მბგერავი იოგები, მათი რხევითი მოძრაობა ბგერის ფორმირების ერთ-ერთი ეტაპია, რხევა იძენს შესაბამის ძალას, სიმაღლეს და სიხშირეს, თუმცა, სრულფასოვანი ბგერის მისაღებად ეს საკმარისი არ არის. მბგერავი იოგების მიერ დამუშავებული ბგერა ხვდება ხახაში და შემდგომ უკვე პირის ღრუში.

– ცხადია, ამის შემდგომ იბადება კითხვა: თუ ყველაფერი სრულდება პირის ღრუში, მაშინ რატომ იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელება მეტყველების მთელ რიგ დარღვევებს?

– საქმე ის გახლავთ, რომ პირის ღრუში მოხვედრილ ბგერას საჭირო ჟღერადობისა და რეზონაციის შესაძენად საბოლოო დახვეწა და კოსმეტიკური დამუშავება სჭირდება, რაც უკვე ცხვირის ღრუს ფუნქციაა, ანუ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხვირი ადამიანის ბგერის საბოლოო რეზონატორია და ჩვენ სწორედ ისე ვსაუბრობთ, იმდენად მომხიბვლელია ჩვენი ხმა, რამდენად თავისუფლადაც ვსუნთქავთ ცხვირით.

– კონკრეტულად რა ტიპის პრობლემების განვითარებაა მოსალოდნელი ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას?

– ცხვირით სუნთქვის გაძნელება მეტყველებისას იწვევს ჰაერის ნაკადის არაბუნებრივი გზით მოძრაობას, რის გამოც ზიანდება საარტიკულაციო ორგანოები, უპირველესად ენა, იკარგება ამ კუნთოვანი ორგანოს ტონუსი და ის ატონიური, ანუ რბილი და მოშვებული ხდება. ეს მოვლენა, ერთი მხრივ, ბგერებს საჭირო ჟღერადობას უკარგავს, მეორე მხრივ – საკვების მიღებისას, მისი მექანიკური დამუშავებისა და ღეჭვისას, ენას უკარგავს ლუკმის მოძრაობის მარეგულირებელი ორგანოს როლს. მკვეთრად გამოხატული ენის ატონია ღეჭვისა და საუბრის დროს იწვევს ჰიპერსალივაციას, ანუ ნერწყვდენას.

ცხვირით სუნთქვის გაძნელება მეტყველების ერთგვარ მანკიერ წრეს კრავს, სადაც ენის კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება პირველი რგოლია, მეორე რგოლი უკვე თანკბილვის დარღვევაა, შესაძლოა განვითარდეს ზედა და ქვედა ყბის თანკბილვის დარღვევები: პროგენია და პროგნატია. გარდა ამისა, თუ ენის კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებისას ცალმხრივი ასიმეტრიულობაა გამოკვეთილი, შესაძლოა, ყოველივეს საარტიკულაციო აპარატის ძვლოვანი ნაწილის დეფორმაციაც მოჰყვეს, კერძოდ, რომელიმე მხარეს ყბა დეფორმირდეს.

ასე რომ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცხვირით სუნთქვის გაძნელება შესაძლოა სერიოზული სტომატოლოგიური პრობლემების მიზეზი გახდეს, აღარაფერს ვამბობ ენისა და მეტყველების დარღვევებზე, რომელთა კორექციაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.

– მეტყველების რა ტიპის დარღვევებია მოსალოდნელი ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას?

– მნიშვნელობა არ აქვს, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას რომელი პრობლემა იწვევს: ადენოიდები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქსოვილოვანი წანაზარდები, თანდაყოლილი (მგლის ხახა, კურდღლის ტუჩი) თუ სხვა, უპირველესად, ირღვევა საუბრის ტემბრი, ადამიანის მეტყველება ხდება ე.წ. დუდუნა, ამ მდგომარეობას რინოლალია ეწოდება, როდესაც საუბარი იძენს ნაზალურ – ცხვირისმიერ ელფერს.

მეტყველებას ახლავს დამატებითი ხმიანობები – ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, რაც მოსაუბრისთვისაც და მსმენელისთვისაც საკმაოდ დამღლელია.

ამ შემთხვევაში საკმაოდ ხშირად ვითარდება ე.წ. კბილთაშუა სიგმატიზმი, როდესაც სისინა (ს, ზ, ც, ძ, წ) და შიშინა (შ, ჩ, ჟ, ჭ, ჯ) ბგერების წარმოთქმისას ენა ზომაზე მეტად გამოდის კბილთაშუა ნაპრალიდან. აქვე დავძენ, რომ უკანასკნელ ხანს საკმაოდ იმატა ცხვირით სუნთქვის გაძნელებით პროვოცირებულმა კბილთაშუა სიგმატიზმმა.

რინოლალიისას ბავშვებს ყველაზე მეტად უჭირთ მ, ვ, ნ, ბგერებისა და მათი შემცველი მარცვლებისა და სიტყვების დიფერენცირება.

– რას ითვალისწინებს რინოლალიური პაციენტების თერაპია?

– საწყის ეტაპზე პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია, სულ მცირე, 3 სპეციალისტთან: სტომატოლოგთან, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან და მეტყველების თერაპევტთან. თავიდან უნდა განისაზღვროს, რამდენად არის ცხვირის ღრუში ჰაერის ნაკადის თავისუფლად გასვლისთვის მექანიკური წინააღმდეგობა და შესაძლებელია თუ არა ამ წინააღმდეგობის მედიკამენტური გზით ლიკვიდაცია, ან გადაწყდეს მისი ქირურგიული გზით მოცილების საკითხი.

მხოლოდ მექანიკური წინააღმდეგობის დაძლევის შემდგომ შეიძლება მეტყველების თერაპიის დაწყება, სხვა შემთხვევაში ის არათუ უშედეგო, ბავშვისთვის საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

საკმაოდ ხშირად, ადენოიდების ამოკვეთის შემდგომ მექანიკური წინააღმდეგობის პრობლემა თითქოს იხსნება, მაგრამ რჩება პირით სუნთქვის საკმაოდ მყარი სტერეოტიპი, ამიტომ პოსტოპერაციული რეაბილიტაცია აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სუნთქვით ვარჯიშებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან ნაკლებად ტარდება.

მექანიკური წინააღმდეგობის საკითხის მოგვარების შემდგომ სტომატოლოგიური დახმარების სტრატეგია იგეგმება, თანკბილვისა და ყბის დეფორმაციის კორექციის გარდა, ხშირად ენის ტონუსიც იმდენად დაქვეითებულია, რომ საჭიროა მისი მექანიკური დაცვა, დამჭერი, ე.წ. კაპების ტარება, რადგან მის გარეშე მეტყველების თერაპია ნაკლებეფექტიანი იქნება და გაცილებით გახანგრძლივდება. ენის სპეციალური მოწყობილობა, ერთი მხრივ, იჭერს ენას და არ უშვებს მას ზომაზე მეტად კბილთაშუა არეებიდან, მეორე მხრივ, ის მასაჟორის ფუნქციასაც ითავსებს, რაც ატონიური ენისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა.

მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს რინოლალიის ე.წ. ფუნქციური ფორმა, როდესაც არ არის მექანიკური წინააღმდეგობა, მაგრამ ბავშვი მაინც საუბრობს ნაზალური ელფერით, ასეთი რამ თან ახლავს ქრონიკულ რინიტებს, ხშირ სურდოებს, ალერგიულ რეაქციებს და შესაძლოა, ბავშვთან არასწორად მეტყველების წაბაძვის შედეგიც იყოს.

– რას ურჩევდით მშობლებს?

– თუ ვამჩნევთ, რომ ბავშვს უჭირს ცხვირით სუნთქვა, ძილის დროს პირი ღია აქვს და ენაც მოჩანს, რომელიც შესაძლოა კბილებს შორისაა მოქცეული, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტსა და საჭიროების შემთხვევაში, მეტყველების თერაპევტს.

შემდგომ უნდა დაისახოს კომპლექსური სამუშაო გეგმა: თუ უკვე დაწყებულია თანკბილვის პრობლემები, ენის კუნთოვანი ტონუსი დაქვეითებულია, აქ საჭიროა სტომატოლოგიური დახმარება.

თუ ცხვირის ღრუში ჰაერის თავისუფლად გატარება არ ხერხდება მექანიკური წინააღმდეგობის გამო, საჭიროა მისი მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობა.

ბოლო ეტაპი მეტყველების თერაპიაა, რომელიც რამდენიმე რგოლისგან შემდგარ ღონისძიებებს ითვალისწინებს:

1. სწორი სუნთქვის აღდგენას;

2. ძველი, არასწორი სტერეოტიპის შეცვლას;

3. ფონემატური სმენის გავარჯიშებას;

4. დარღვეული ბგერათა წარმოთქმის კორექციას.

მოგეხსენებათ, ყოველივე საკმაოდ მოცულობითი და შრომატევადი პროცესია. ასე რომ, მშობლებს ვურჩევთ, თუ შვილებს ცხვირით სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს აღმოუჩენენ, ნუ გადადებენ ვიზიტს სპეციალისტთან, რადგან, როგორც ყოველთვის: დროულად დაწყებული თერაპია პრობლემის სწრაფად და სასურველი შედეგით მოგვარების უპირველესი წინაპირობაა!