სიცილი სერიოზული საქმეა
სიცილი ამშვიდებს ნერვებს და ამაღლებს განწყობას. ორგანიზმში ის სასარგებლო ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ გარდაქმნებს იწვევს - ქსოვილებს ჟანგბადით ამდიდრებს და ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების, ენდორფინების, გაძლიერებულ სინთეზს. სტრესის ჰორმონების შემცირებისა და ბედნიერების ჰორმონების გაძლიერებული სინთეზის წყალობით სიცილი იმუნიტეტსაც აძლიერებს.
გულს უყვარს სიცილი
სიცილის დროს იცვლება სუნთქვის რიტმი, ჩასუნთქვა ხანგრძლივდება, რაც ორგანოთა სისხლმომარაგებას აუმჯობესებს და გულის მუშაობაზეც სასარგებლოდ აისახება. აღსანიშნავია, რომ პირქუში ადამიანები გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე ისინი, ვისაც გულიანი სიცილი უყვარს. მხიარულებს ნაკლებად ემუქრებათ მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი. ეს იმით აიხსნება, რომ სიცილი განამტკიცებს სისხლძარღვებისა და გულის კედლის ამომფენ ენდოთელიუმის უჯრედებს.
ნუ შეგაშინებთ ნაოჭები
არსებობს მოსაზრება, რომ სიცილი ნაოჭებს აჩენს. სინამდვილეში ასე არ არის. გარეგნობაზე სიცილი მხოლოდ და მხოლოდ დადებით გავლენას ახდენს - სახის კუნთებისთვის ის ვარჯიშის ტოლფასია. ასე რომ, ქალბატონებო, იცინეთ, რამდენიც გინდათ!
ფაქტები, ფაქტები
- ახალშობილი 3 თვემდე ვერ იცინის.
- 10-წუთიანი სიცილი წვავს იმდენსავე კალორიას, რამდენსაც საშუალო ზომის შოკოლადის ფილა შეგძენთ.
- 17-წუთიანი სიცილი სიცოცხლის ხანგრძლივობას 24 საათით ზრდის.
- 6 წლის ბავშვი დღეში საშუალოდ 200-ჯერ იცინის.
- მოღიმარი ოფიციანტები და მიმტანები დღეში 1,5-ჯერ მეტ ანაზღაურებას იღებენ სტუმრებისგან, ვიდრე მათი სერიოზული კოლეგები.
- ზრდასრული ადამიანი დღეში საშუალოდ 15-70-ჯერ იღიმება.
- გულიანი სიცილი შესაძლოა საათამდეც კი გაგრძელდეს შეუსვენებლადაც.
- სიცილის უნარი მხოლოდ ადამიანს აქვს.
- ყველაზე სიცოცხლისმოყვარე და ხალისიანი ადამიანები ბრაზილიასა და კუბაში ცხოვრობენ, ყველაზე გაუცინარებად კი სკანდინავიელები მიიჩნევიან.
- სიცილის დროს ჰაერი ფილტვებიდან 100 კმ/სთ სიჩქარით ამოიტყორცნება. ამ დროს ბრონქები თავისუფლდება დაგროვილი ლორწოსგან, რაც აუმჯობესებს სუნთქვას და ამსუბუქებს ანთებით პროცესს ბრონქიტისა და ასთმის დროს.
- სიცილი ზრდის შემოქმედებით უნარს და აადვილებს სირთულეთა გადაჭრას.
- ააქტიურებს თავის ტვინის ლიმბურ სისტემას, აუმჯობესებს კავშირს ტვინის ნახევარსფეროებს შორის.
- უკანასკნელი 270 წლის განმავლობაში მოღვაწე ხელოვანთა და მსახიობთა ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის შესწავლამ ცხადყო, რომ კომიკოსები ტრაგიკოსებზე გაცილებით მეტხანს ცოცხლობენ.
- ერთ საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც სიმსივნური დაავადებების მქონე პაციენტთა ცხოვრებას ეძღვნებოდა, გაირკვა, რომ მათ, ვისაც ხშირად აცინებენ, გაცილებით მაღალი აქვთ გამოჯანმრთელების მაჩვენებელიც და განკურნების ხარისხიც.
- მე-17 საუკუნეში ექიმები ამბობდნენ: “ქალაქში ერთი მასხარას სტუმრობა გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე წამლებით დატვირთული ათეულობით ექიმისაო”.
ახლა კი - სერიოზულად
თუ გსურთ, გაიცნოთ ადამიანი, ჩასწვდეთ მის შინაგან სამყაროს, გაიგოთ მისი სულიერი მდგომარეობა, სულაც არ არის საჭირო ნახოთ, როგორ დუმს, ლაპარაკობს, ტირის ან ღელავს - საკმარისია ნახოთ, როგორ იცინის. გულიანად მოცინარი ადამიანი კარგი ადამიანია! ჩარლი ჩაპლინი ამბობდა: მჯერა, სიცილისა და ტირილის ყოვლისშემძლეობა სიძულვილისა და შიშის დამარცხების საუკეთესო საშუალებააო. ისე არაფერი აახლოებს ადამიანებს, როგორც გულიანი სიცილი. მაჰათმა განდის უთქვამს, იუმორის გრძნობის გარეშე დიდი ხნის წინათ მოვიკლავდი თავსო. ონორე დე ბალზაკს კი მიაჩნდა, რომ სიცილი ნერვების საუკეთესო მკურნალია. ასე რომ, იცინეთ მეტი!