გაზაფხულის დეპრესიაც არსებობს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
გაზაფხულის დეპრესიაც არსებობს
გაზაფხულის დეპრესიაც არსებობს
სეზონურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმი და ფსიქიკა თავისებური რეაქციებით ხვდება ,
ბევრ შემთხვევაში ეს დეპრესიული მდგომარეობით გამოიხატება. არსებობს შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის დეპრესიაც.

ზამთრის სეზონიდან გაზაფხულის სეზონზე გადასვლა, რიტმის ცვლილება, ორგანიზმისთვის ერთგვარი სტრესია. ზამთარში დაბალი ტემპერატურა, ჭარბი ტენიანობა, ცვალებადი ამინდი, არასრულფასოვანი კვება, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ორგანიზმს რამდენადმე აუძლურებს. შეცვლილი გარემო პირობები მოქმედებს ადამიანზე, მისი ორგანიზმი, ფსიქიკა გარკვეული ძვრებით პასუხობს სეზონურ ცვლილებებს. ადამიანი სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მისი ცხოვრების ყოველი მონაკვეთი გარემოს ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

გაზაფხულის დადგომისას იმატებს დღე და ჰაერის ტემპერატურა,
სახლში მეტი სინათლე შემოდის, სითბო ახალისებს და სულიერ შვებას ჰგვრის ადამიანს, ამიტომ განწყობა მაღლდება. ზამთარში თუ მოდუნებულია, გაზაფხულის დადგომისთანავე აქტიურდება და ენერგიით ივსება. გარემოს ცვლილებებზე ფსიქიკაც რეაგირებს, ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება სხვადასხვა განცდა. გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, გარემოში თანდათან მატულობს მწვანე ფერი, სითბო, მზის სინათლე, გაზაფხულის სურნელი
სიამოვნებას ჰგვრის ყველას. განწყობასთან ერთად იცვლება მოთხოვნილებებიც.

გაზაფხული დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ფსიქიკაზე. მას უჩნდება მოთხოვნილება, დილით ადრე ადგეს. გაღვიძებული ბუნება, მცენარეები ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულის მუშაობას, ხსნის სტრესს. ზამთრის დეპრესია თანდათან ქრება. აღდგება შინაგანი წონასწორობა, გაივლის დაძაბულობა. ბევრი ზამთარში თავს მოდუნებულად, დათრგუნულად გრძნობს, გაზაფხულზე კი ფსიქიკური დაძაბულობა იფანტება, თითქოს ბუნებასთან კავშირს აღიდგენს. ადამიანთა უმეტესობა შეჰხარის გაზაფხულს, ბუნებას. მზის ენერგიას ადამიანის ქცევის მართვაც კი შეუძლია.

თუმცა გაზაფხულზე ყველა კარგად როდი გრძნობს თავს. ზოგზე გარდამავალი პერიოდი ცუდად მოქმედებს. გაზაფხული ამინდის ჭირვეულობით გამოირჩევა, წვიმები, მაგნიტური ქარები ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს. ბევრს სისუსტის შეგრძნება ეუფლება, ეშვება, სიზარმაცე ერევა, ზოგი თავბრუხვევას უჩივის. გაზაფხულზე რომ ამინდი იცვლება და ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, ეს ნორმალურია, თუმცა ბევრი ამას ვერც კი ამჩნევს. ზოგი მართლაც ავადაა მეტეოდამოკიდებულებით. ასეთი ადამიანები ნამდვილ დისკომფორტს განიცდიან. მარტივი მოძრაობების შესრულებაც კი უჭირთ, ამის გამო საკუთარი თავის ზიზღი და უკმაყოფილება, დანაშაულის განცდა და თვითგვემის სურვილი ეუფლებათ. უმეტესობა კი დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდება, ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც გაზაფხულის დეპრესია აქვთ.


დეპრესიასთან ბრძოლა

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევცვლით ბუნებას, თავიდან ვერ ავიცილებთ მაგნიტურ ქარიშხლებს და ვერ ჩავაქრობთ აფეთქებებს მზეზე, მაგრამ შეგვიძლია, ბუნებასა და საკუთარ თავთან თანხმობით ვიცხოვროთ. უმჯობესია, გავიხაროთ როგორც მზის, ისე წვიმის დანახვისას, ვიდრე შინ ჩავიკეტოთ. არ უნდა დაგვიმორჩილოს დეპრესიამ, მოდუნებამ, უნდა დავიცვათ თავი და გარემომცველი სამყარო, ვისწავლოთ თავის კონტროლი, დადებითი თუ უარყოფითი ემოციების მართვა. გთავაზობთ რამდენიმე წესს:

1. ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, მიუწერეთ მიზეზები. დაფიქრდით, საფუძვლიანია თუ არა თქვენი მღელვარება, რამდენად სწორად იქცევით, მოძებნეთ არგუმენტები.

2. დაისახეთ ახალი მიზანი, ჩამოწერეთ ყველა საფეხური, რომელიც კი საჭიროა მის მისაღწევად.

3. დაიწყეთ ყველაფერი თავიდან, შეიცვალეთ დღის რეჟიმი, იარეთ აუზზე, საღამოობით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

4. ეცადეთ, საკუთარ თავს, ახლობლებს სიხარული მიანიჭოთ. ეს სიამოვნებას მოგგვრით.

5. უქმე დღეებში მოდუნდით, ადექით გვიან, მიიღეთ აბაზანა, მოიწესრიგეთ თავი.

6. საღამოს დაგეგმეთ მომავალი დღე, ეცადეთ, არ დაგრჩეთ თავისუფალი დრო.

7. განაახლეთ თქვენი გარემო, შეცვალეთ ავეჯის განლაგება, ფარდები და ა.შ.

8. ყურადღება მიაქციეთ რაციონს, ერიდეთ მაგარ ჩაის, ყავას, მიირთვით იოდით მდიდარი საკვები, ყვავილოვანი და ზღვის კომბოსტო, თევზი, ფეიხოა.

9. ხშირად შეხვდით მეგობრებს, გულახდილად ესაუბრეთ, შეგიძლიათ, იტიროთ კიდეც. ეს ეხმარება განტვირთვას.

გახსოვდეთ, ყველაფერი იცვლება: ცუდს კარგი მოჰყვება, ცხოვრება საოცრად საინტერესო და მშვენიერია.

გაზაფხულის დეპრესიის მიზეზი შეიძლება ადამიანის ბიორიტმების ცვლაც იყოს, რაც ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, ამ დროს კი სასარგებლოა გარკვეული რეჟიმის დაცვა. ქრონობიოლოგები - სპეციალისტები, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიურ ციკლებს შეისწავლიან - ამას ასე ხსნიან: ჩვენი ორგანიზმი, როგორც საათის მექანიზმი, განსაზღვრულ რიტმს ემორჩილება, ხოლო როცა მაღვიძარას რომელიმე ზამბარა მწყობრიდან გამოდის, მთელი საათის სვლა ირღვევა. ასეა ადამიანის შემთხვევაშიც:

საკმარისია, რიტმში თავი იჩინოს თუნდაც ერთმა ყალბმა ნოტმა, რომ მაშინვე პრობლემები ჩნდება.

ვერ გამოიძინეთ? მაშინ ყველაფერი გაღიზიანებთ. გამორიცხული არ არის, თქვენი ბიორიტმის დარღვევის მიზეზი ორიოდე ზედმეტი კილოგრამი იყოს, რომლის მოცილებასაც გულმოდგინედ ცდილობთ. ამისათვის საჭიროა, დღე გონივრულად დაგეგმოთ.

07:00 - გამარჯობა, დღეო!

ეს იდეალური დროა გაღვიძებისთვის. თირკმელზედა ჯირკვლები ჰორმონების პირველ, დილის ულუფას გამოყოფენ. სწორედ ის მოქმედებს პულსის გახშირებასა და სისხლის მიმოქცევის აჩქარებაზე. იმისთვის, რომ დილა მართლაც მშვიდობიანი გქონდეთ, დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი - ეს კუჭ-ნაწლავის მუშაობას გაგიუმჯობესებთ.

07:30 - ვარჯიშის დროა!

მცირე გასეირნების, გარბენის ან ვარჯიშის წყალობით დილიდანვე მიიღებთ იმ ენერგიას, რომელიც საჭიროა მთელი დღის აქტივობისათვის.

08:00-09:00 - ჭამის დროა!

კუჭი აქტივობის მწვერვალზეა, რის წყალობითაც სწრაფად გადაამუშავებს საკვებს და მაქსიმალური რაოდენობის ენერგიას იღებს, რაც ასე საჭიროა ცხოვრების აქტიური წესის შესანარჩუნებლად. უმჯობესია, საუზმეზე მიირთვათ შვრიის ფაფა, ხილის იოგურტი, ერთი ნაჭერი ცეხვილი ხორბლის პური. ყავის ნაცვლად დალიეთ მწვანე ჩაი. ეს შრომის უნარს შეგინარჩუნებთ.

12:00 - შემოქმედებითი აღტკინება

გულის კუნთისთვის ეს ნამდვილი დიდების საათია. ამ პერიოდში თქვენი “ცეცხლოვანი ძრავა” სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით ზომაზე მეტად. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ყავასა და შოკოლადზე. ქრონობიოლოგები გვირჩევენ, ეს დრო ინტელექტუალურ სამუშაოს დავუთმოთ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამ დროს ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას შევძლებთ. ორიგინალური იდეებიც მრავლად გვექნება.

13:00 - სადილის დროც მოვიდა!

სრულფასოვანი სადილის დროა. სასურველია, ის ცილებითა და რთული ნახშირწყლებით იყოს მდიდარი. დესერტად მწარე შოკოლადიც შეიძლება დააყოლოთ. სადილის შემდეგ საქმეებს მაშინვე ნუ შეუდგებით - ამ დროს ბიორიტმის შენელება იწყება, ორგანიზმს დასვენება სჭირდება. თავს ძალას ნუ დაატანთ, შრომა შედეგს ვერ გამოიღებს.

14:00 - შესაფერისი ვიზიტები

შუადღისას ტკივილის შეგრძნება სუსტდება, ანესთეტიკებიც ორჯერ უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე დილით და საღამოს. კარგი იქნება, თუ ამ დროისთვის დაგეგმავთ ვიზიტს, მაგალითად, სტომატოლოგთან.

15:00-16:00 - მოდუნების დრო

ამ დროს გული “თვლემს”, ტვინსა და შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევა შენელებულია, გარდა კუჭისა - ის ამ დროს სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ მუშაობის სურვილი არ გაქვთ, თვალის მოტყუებაზე კი უარს ნამდვილად არ იტყოდით. თუ ამას ვერ ახერხებთ, ისეთ სამუშაოს მაინც მოჰკიდეთ ხელი, რომელიც ინტელექტუალურ ძალისხმევას არ მოითხოვს. მაგალითად, სამუშაო მაგიდა დაალაგეთ.

17:00 - მეორე სუნთქვა იხსნება

ენერგიის დაქვეითება ნელდება, იგრძნობა სასიცოცხლო ძალების მომატება. ტონუსის ასამაღლებლად ნებადართულია შავი ყავის ან რამდენიმე ულუფა მწარე შოკოლადის მიღება.

18:00-19:00 - მასაჟი

სამუშაო დღის შემდეგ ორგანიზმს დამშვიდება სჭირდება. ეს იდეალური დროა მასაჟისთვის. ის გააძლიერებს სისხლის ცირკულაციას, მოხსნის კუნთების დაძაბულობას და საშუალებას მოგცემთ, მოეშვათ.

20:30 - მეჯლისის დროც დადგა

სწორედ ის დროა, თქვენს კანს მიხედოთ. თავდაპირველად ზედმიწევნით უნდა გაიწმინდოთ ის, მერე კი მკვებავი ნიღაბი გაიკეთოთ. ფორები ღრუბელივით იწოვს ფერმენტებს, რის შედეგადაც კანი ღამის განმავლობაში ისვენებს და აღდგება. ექსტრა-რეცეპტი: ერთმანეთში აურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ზეითუნის ზეთი და სქლად წაისვით სახეზე. ეს ნიღაბი გაიჩერეთ არანაკლებ 20 წუთისა. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მეორე დღეს თქვენი სახე იბრწყინებს.

22:00-23:00 - ტკბილი სიზმრები

ძალების აღსადგენად საჭიროა არანაკლებ შვიდსაათიანი ღრმა და სრულფასოვანი ძილი. დაწოლამდე საძინებელი გაანიავეთ, ნელ-ნელა დალიეთ ერთი ჭიქა თაფლიანი რძე.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ისინი, ვინც ღამეს “თეთრად” ათენებენ, ხშირად უჩივიან ცუდ გუნება-განწყობასა და მარტოობის განცდას. ღამის
23-07-2018
დეპრესიის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმს გარკვეული ნივთიერებები რეგულარულად უნდა მიეწოდებოდეს, რაციონი
24-04-2018
დეპრესია მხოლოდ უგუნებობა როდია - ის ორგანიზმში ბიოქიმიურ დონეზე მიმდინარე სერიოზული ცვლილებების შედეგია,
02-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
უმნიშვნელო გაუწყლოებამაც კი შეიძლება დააქვეითის ადამიანის ყურადღების კონცენტრაცია, გააუარესოს განწყობა
ტრანსპორტირების დროს ატამი რომ არ დაზიანდეს, მას გოგირდის აიროვანი კონსერვანტებით ამუშავებენ, რომელიც
ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ კვებას. სიცხეში ყველაზე
კონდიციონერი ზაფხულის სიცხესთან გამკლავებაში გვეხმარება. მაგრამ ექიმები გვაფრთხილებენ ჯანმრთელობისთვის
ადამიანმა გარკვეული ფიზიკური აქტივობა უნდა დაიცვას: დღეში უნდა გაიაროს 10 ათასი ნაბიჯი, 40 წუთი
ეკრანზე დამოკიდებულება, სტრესული გარემო, დაძაბული სამუშაო გრაფიკი, დიდი რაოდენობით
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868