სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია
სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია
ძუძუს კიბოს რადიკალური ქირურგიული მკურნალობის - მასტექტომიის (“მასტოს” ბერძნულად ძუძუს ნიშნავს, “ექტომ” – მოკვეთას) შედეგად სარძევე ჯირკვლის დაკარგვა ქალისათვის უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმაა.


პაციენტთა დიდი ნაწილი ვერ ეგუება ამ დანაკარგს, ითრგუნება, უქვეითდება შრომისუნარიანობა. ამ კეტეგორიისათვის განსაკუთრებულად აქტუალურია სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია - ოპერაცია, რომელიც დაკარგული მკერდის ქირურგიული გზით აღდგენის საშუალებას იძლევა.

სწორედ ამ საინტერესო და მნიშვნელოვან მეთოდზე გვესაუბრება ყველასათვის კარგად ცნობილი პლასტიკური ქირურგი, საქართველოს რეკონსტრუქციული, პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GEOPRAS), საქართველოს სისხლძარღვთა ქირურგიისა და ანგიოლოგიის საზოგადოების (GAAVS), რეკონსტრუქციული, პლასტიკური და ესთეტიკური
ქირურგიის საერთაშორისო კონფედერაციის (IPRAS), რუსეთის რეკონსტრუქციული, პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (SPRAS), ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის (ISAPS) წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – გუგა კუზანოვი:

- ბატონო გუგა, სხვა საკითხია ესთეტიკური მიზნით მკერდზე განხორციელებული ოპერაციები, მაგრამ რამდენად ხშირად გაკითხავენ ქალები სარძევე ჯირკვლის აღსადგენად?

- მინდა
გითხრათ, რომ მკერდის რეკონსტრუქციის მიზნით მომართვიანობას დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა, როგორც ამბობენ, ეს მაინც ზღვაში წვეთია, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში მასტექტომიების რიცხვი ძალზე დიდია. მკერდის დაკარგვა ქალისათვის დიდი ტრაგედიაა, მით უმეტეს, როდესაც ეს ახალგაზრდა, 45, 50, თუნდაც 55 წლის ქალს ეხება. საშინელი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ დაიძინებ, გაიღვიძებ და მკერდი აღარ გექნება. იდეალური ვარიანტია, როდესაც ონკოლოგ-მამოლოგის მიერ დაწყებულ საქმეს პლასტიკური ქირურგი აგრძელებს და გამოღვიძების შემდეგ ქალს პრობლემაც (სიმსივნეს ვგულისხმობ) მოშორებული აქვს და იმპლანტის წყალობით - ძუძუც შენარჩუნებული. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ასეთი შემთხვევები (არიან მამოლოგები, რომლებიც ამას თანხმდებიან), მაგალითად, კანქვეშა მასტექტომიის შემდეგ, როდესაც მამოლოგი ამთავრებს თავის საქმეს, ჩვენ ვაგრძელებთ ოპერაციას ძუძუს აღდგენით. ამგვარი ჩარევა პაციენტის სურვილსა და ნებაზეა დამოკიდებული. ამ დროს ქალს აღარ აქვს ძუძუს დაკარგვის ტრაგიკული განცდა.

საყურადღებოა, თუ მკერდმოკვეთილ ქალს არ აქვს ონკოლოგ-მამოლოგის (ვინც გაუკეთა ოპერაცია) დასკვნა, რომელშიც კონკრეტულად აღნიშნულია, რომ მას შემდგომი რეკონსტრუქციული ოპერაციისათვის (იმპლანტის გამოყენება იქნება თუ სხვა სახის ჩარევა) უკუჩვენება არ გააჩნია, - მე ხელს არ ვკიდებ.

არის შემთხვევები, როდესაც მოდიან პლასტიკური ოპერაციებისათვის, უნდათ მკერდის გადიდება, მამოლოგთან კონსულტაციის შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ რაღაც პრობლემა აქვთ, მაგალითად, ამოსაკვეთი ფიბროადენომატოზური კვანძი. ასეთ დროს, ონკოლოგ-მამოლოგი მოდის ჩვენს კლინიკაში, ამოკვეთს კვანძს და ამის შემდეგ ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში იდეალურად ვმუშაობთ, მამოლოგი თავის საქმეს აკეთებს, შემდგომ დაკვირვების ქვეშ ჰყავს პაციენტი, და, რა თქმა უნდა, სასურველ ესთეტიკურ შედეგსაც იღებს ქალი.

- როგორ აღადგენთ ძუძუს?

- მკერდის რეკონსტრუქციისთვის (აღსადგენად) გამოიყენება სამი მეთოდი:

1. სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია ხელოვნური მასალებით (ექსპანდერი, იმპლანტები);
2. სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია პაციენტის აუტოქსოვილების გამოყენებით;
3. კომბინირებული რეკონსტრუქცია, იმპლანტების გამოყენება ქსოვილოვან აუტოტრანსპლანტანტებთან კომბინაციაში.

მეთოდის შერჩევა უშუალოდ არის დამოკიდებული პაციენტის აღნაგობასა და წონაზე, გამხდარია ქალი თუ მსუქანი, რა ზომის მკერდი ჰქონდა მოკვეთამდე, კანქვეშა მასტექტომიის შემდეგ კანის რა ნაწილია დარჩენილი, რამდენად დაწეულია დვრილოვანი კომპლექსი. როცა მასტექტომია ცალმხრივად არის გაკეთებული, მაშინ აუცილებელია მეორე მკერდის თავისებურებების გათვალისწინებაც. ამ უკანასკნელს ხშირად ესაჭიროება რედუქციული პლასტიკა, რომ უკეთ მიესადაგოს აღდგენილ მკერდს. სხვა შემთხვევაში, ოპერაციული მეთოდის შერჩევის მიუხედავად (იმპლანტის ჩაინერგება თუ კუნთის როტაცია (შემობრუნება) მოხდება) - სასურველი შედეგი მაინც არ მიიღება.

იმპლანტების გამოყენებით რეკონსტრუქცია შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც მასტექტომიის შემდეგ რჩება მოძრავი და საკმარისი სიგრძის კანი და კანქვეშა ქსოვილი, აგრეთვე შენარჩუნებულია მკერდის დიდი კუნთი. ამ დროს ქსოვილების მატება შესაძლებელია ექსპანდერული დერმოტენზიის გამოყენებით.

ექსპანდერი შეირჩევა ჯანმრთელი სარძევე ჯირკვლის მოცულობისა და ფუძის ფართობის მიხედვით და მისი იმპლანტაცია წარმოებს მოკვეთილი მკერდის არეში, შუათანა ხაზისა და სუბმამარული ნაოჭის დონის გათვალისწინებით. ხსნარის პერიოდული შეყვანით ექსპანდერის მოცულობა მატულობს და ამის ხარჯზე ქსოვილები იწელება (დაახლოებით 3-5 თვის განმავლობაში). ექსპანდერის ტიპის მიხედვით ოპერაცია შესაძლებელია იყოს ერთ ან ორეტაპიანი. პირველ შემთხვევაში გამოიყენება ე.წ. ექსპანდერ-იმპლანტი. მას შემდეგ, რაც ის მიაღწევს საჭირო მოცულობას, ექსპანდერი უკვე იმპლანტის როლს ასრულებს. ორეტაპიანი ოპერაციის შემთხვევაში კი, ექსპანდერის გაბერვის შემდეგ, მას იღებენ და დებენ ენდოპროთეზს. ტექნიკურად ეს ოპერაციები საკმაოდ მარტივი შესასრულებელია, იძლევა კარგ კოსმეტიკურ შედეგს, ნაკლებად ტრავმატულია და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდიც ხანმოკლეა.

- რა მეთოდს მიმართავთ მაშინ, თუ აღარც დვრილია შერჩენილი და აღარც კანი?

- რადიკალური მასტექტომიის შემთხვევა მართლაც ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან ამ დროს ძუძუ მთელი კომპლექსით ამოკვეთილია, გულმკერდზე დიდი ნაწიბურია, კანი დაჭიმული. ამ შემთხვევაში მიდგომა სხვადასხვაგვარია. თუ იმპლანტის გამოყენების გზით მივდივართ, მაშინ კანი წინასწარ უნდა დაიჭიმოს. დვრილი კი ადგილობრივი ქსოვილებისგან კეთდება, შემდგომ მისი ტატუირება ხდება, ფერის ზუსტად დასმა სადღეისოდ პრობლემა აღარ არის. თუ იმპლანტის ჩაყენება შეუძლებელია ან არასასურველი, მაშინ მკერდის რეკონსტრუქცია აუტოქსოვილებით ხდება. ამ მეთოდმა ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან მისი გამოყენებით შესაძლებელია ესთეტიკურად უფრო მისაღები ფორმის მკერდის შექმნა და შედეგიც მუდმივია. მკერდის რეკონსტრუქციისთვის შესაძლებელია სხვადასხვა ნაფლეთის გამოყენება, თუმცა ყველაზე უფრო გავრცელებულია კან-კუნთოვანი თორაკოდორსალური ნაფლეთი, კან-კუნთოვანი TRAM-ნაფლეთი და კან-ფასციური DIEP–ნაფლეთი.

- იქნებ უფრო დეტალურად განუმარტოთ მკითხველს თითოეული ნაფლეთის გამოყენების ჩვენება და უპირატესობანი?

- მკერდის რეკონსტრუქცია თორაკოდორსალური აუტოტრანსპლანტანტით პატარა და საშუალო ზომის მკერდის მქონე პაციენტებთან ხდება. ამ დროს ხდება ზურგის გვერდითა ზედაპირიდან სისხლძარღვოვან ფეხზე აღებული თორაკოდორსალური ნაფლეთის როტაცია მკერდის არეში, (სისხლძარღვებსა და ნერვებს არ ვკვეთთ, უბრალოდ ვაბრუნებთ კუნთს). თორაკოდორსალური კუნთის აღება დონორული ზონის ფუნქციისთვის საზიანო არაა.

რეკონსტრუქცია TRAM-ნაფლეთით საშუალო და დიდი ზომის მკერდის მქონე პაციენტებთან გამოიყენება. კან-კუნთოვან TRAM-ნაფლეთს ვიღებთ მუცლის წინა ზედაპირიდან, იგი შედგება კან-ცხიმოვანი შრისა და მუცლის სწორი კუნთის ნაწილისგან. თავისუფალი, ვასკულარიზებული TRAM-ნაფლეთის გამოყენებისას ვენტრალური თიაქრის განვითარების რისკი გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე მისი კუნთოვან ფეხზე როტაციის დროს. ესთეტიკური შედეგიც თავისუფალი ნაფლეთის გამოყენების დროს გაცილებით უფრო მისაღებია.

რეკონსტრუქცია DIEP–ნაფლეთის გამოყენებით ნაჩვენებია პაციენტებთან საშუალო და დიდი ზომის მკერდით. DIEP–ნაფლეთს ვიღებთ მუცლის წინა ზედაპირიდან, მხოლოდ TRAM-ნაფლეთისგან განსხვავებით ის კან-ფასციურია, ანუ არ ვიღებთ სწორ კუნთს, რაც გამორიცხავს ვენტალური თიაქრის განვითარების საშიშროებას. როგორც DIEP, ისე TRAM-ნაფლეთის გამოყენებისას შესაძლებელია ერთდროულად მკერდის აღდგენა და მუცლის დაპატარავება. 2008 წლის ივლისში, პირველად საქართველოში, სწორედ ჩვენს კლინიკაში ჩატარდა მკერდის აღდგენა DIEP–ნაფლეთის გამოყენებით.

- ბატონო გუგა, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მკერდის რეკონსტრუქციას?

- იდეალურად ჩასმული იდეალური იმპლანტიც კი მაინც უცხო სხეულია ორგანიზმისათვის, შესაბამისად, ორგანიზმი გარკვეულწილად მაინც ებრძვის მას და იმპლანტის გარშემო ვითარდება კაფსულა (ერთგვარი თხელი გარსი). რეალური გართულება ამ კაფსულის ზრდა და გამკვრივებაა, როდესაც კაფსულა გადადის კაფსულარულ კონტრაქტურაში. ამან შესაძლოა შეჭმუხნოს იმპლანტი, შეუცვალოს მას ფორმა, კონტრაქტურა პრინციპში ცუდს არაფერს იწვევს, თუმცა, ვიზუალურად და პალპაციითაც ირკვევა, რომ ეს მკერდი უფრო მკვრივი და განსხვავებულია. ასეთ შემთხვევაში ხდება კაფსულოტომია (კაფსულის გაკვეთა), იმპლანტისა და კაფსულის ამოღება და განმეორებით ახალი იმპლანტის ჩასმა.

რატომ მიმდინარეობს ეს პროცესი, თანაც ჩვეულებრივ, ცალ მხარეს (იშვიათად ორივე მკერდში), რა პერიოდს მოიცავს, უცნობია. შესაბამისად, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. სავარაუდოდ, დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, მასში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე.

მოგეხსენებათ, ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობა და კონტაქტი გვაქვს. მთავარი ის არის, რომ მსოფლიოში მამოპლასტიკის ყველა სპეციალისტს დაახლოებით ერთნაირი სტატისტიკა გვაქვს, კაფსულარული კონტრაქტურა 10-12%-ის შემთხვევაში ვითარდება. მე მყოლია პაციენტი, რომელსაც ეს გართულება სამ თვეში განუვითარდა და პაციენტი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე 12 წლის შემდეგ აღმოჩნდა.

- დასასრულ, პლასტიკური ქირურგის რჩევა ქალებს...

- დაკარგული მკერდის აღდგენა სულ სხვა თემაა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. სხვა მხრივ კი, ყველა ქალს ვეუბნები: პლასტიკური ქირურგია ფუფუნებაა, ესთეტიკაა. რა თქმა უნდა, ყველა ქალს უნდა, ლამაზი და მიმზიდველი იყოს მამაკაცისთვის, მაგრამ მთავარი ჯანმრთელობაა! ქალი უპირველესად ჯანმრთელი უნდა იყოს, რადგან თუ ჯანმრთელობა შეერყევა, სილამაზეც აღარ დასჭირდება!
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
"მკერდის, დუნდულებისა თუ სასქესო ასოს გადიდებისთვის გამიზნული სტანდარტული ოპერაციები მალე
10-09-2018
დღეს ნეიროქირურგთა სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი ვასკულურ ნეიროქირურგიაში WFNS GEORGIA 2018 – VASQULAR EXSPERTS MEETING გაიხსნა.
18-05-2018

ხრტილის რეკონსტრუქცია ჩატარდა მისი საკუთარი ქსოვილისგან

16 წლის საბას ოცნება იმ დღეებზე, როდესაც ის წარმატებული ფეხბურთელი გახდებოდა, იმედგაცრუებით დასრულდა,

05-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელს, რომელიც პენისის გარეშე დაიბადა, ჩაუნერგეს სასქესო ასოს ბიონიკური პროთეზი. მანჩესტერის
"მკერდის, დუნდულებისა თუ სასქესო ასოს გადიდებისთვის გამიზნული სტანდარტული ოპერაციები მალე
კრუზონის სინდრომი - არის გენეტიკური პათოლოგია, რომლის დროსაც ქალას ძვლების ნაადრევად შეხორცების
რუტგერსის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ სელფის დროს ცხვირი 30%-ით დიდი ჩანს. ასეთი ეფექტის გამო ადამიანებმა
მკერდის, დუნდულოს და სასქესო ასოს გადიდების სტანდარტული ოპერაციები ნელნელა წარსულში რჩება.
რეკონსტრუქციული ანუ აღმდგენი ქირურგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალმხრივი დარგია.

03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა