იდაყვის გვირაბის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იდაყვის გვირაბის სინდრომი

- ბატონო თემურ, რა სიმპტომები ახასიათებს იდაყვის გვირაბის სინდრომს?

- ისევე, როგორც მაჯისა, იდაყვის გვირაბის სინდრომის პირველი სიმპტომიც დაბუჟებაა. ამ შემთხვევაში ბუჟდება მეოთხე და მეხუთე თითები - არათითი და ნეკი, ამასთან, არათითის ის ნახევარი, რომელიც ნეკისკენაა მიქცეული. დაბუჟებას თითებისა და მტევნის ქვედა მესამედის ტკივილი მოსდევს. ტკივილის შეგრძნება შესაძლოა გადაეცეს ხელისგულსა და წინამხარსაც. ეს ჩივილები საწყის სტადიაში ვლინდება. იდაყვის გვირაბის სინდრომისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი სიმპტომი, რომელსაც უეცრად აღმოაჩენენ ხოლმე, ის არის, რომ ჯიბეში ხელის ჩაყოფისას ნეკი გარეთ რჩებათ. ამოიღებენ ხოლმე ხელს, გაისწორებენ თითს და ისე იყოფენ ჯიბეში. ეს პრობლემა სისტემატურ ხასიათს იძენს და ჯიბეში ხელის ჩაყოფას, რაც ასე უყვართ მამაკაცებს, უფრო და უფრო მეტად ართულებს. ზოგიერთი პაციენტი გამოსავალს პოულობს - მუშტად შეკრულ ხელს იყოფს ჯიბეში, ზოგი კი ექიმს მიმართავს. იდაყვის გვირაბის სინდრომის მოგვიანებით სტადიაში მეოთხე და მეხუთე თითები მოხრილი რჩება, მეორე ხელის დაუხმარებლად მათ ვეღარ შლიან. ვეღარც ნეკი თითის განზიდვა ხერხდება. იმის გამო, რომ გამშლელი კუნთების ნერვული ტროფიკა მოშლილია, მომხრელი კუნთები რამდენადმე ძალავს მათ, ასე ვთქვათ, მთელი ძალით ქაჩავს. ამიტომაც იხრება თითები. საყურადღებოა კიდევ ერთი სიმპტომი - პირველ და მეორე, ანუ ცერა და საჩვენებელ თითებს შორის არსებული კუნთი ატროფიის გამო ჩავარდნილია. ეს იმიტომ, რომ ამ კუნთსაც იდაყვის ნერვი უწევს ინერვაციას.

- როგორია პათოლოგიის გავრცელების სტატისტიკა? რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება იგი უპირატესად და რატომ?

- იდაყვის გვირაბის სინდრომი უმთავრესად ახალგაზრდა, 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებში გვხვდება. ის უეცრად იწყება და სწრაფად პროგრესირებს, ანუ დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენიდან რამდენიმე თვეში თითები უმეტესად უკვე მოხრილია. პათოლოგია ყველაზე ხშირად ემართებათ მძღოლებს, ასევე - იმ ადამიანებს, რომლებსაც მაგიდასთან ჯდომისას იდაყვზე დაყრდნობა უყვართ. ამ პოზის მოყვარულებს, როგორც წესი, იდაყვის ნაჭდევი მაგიდის კიდეზე აქვთ ჩამოდებული. სწორედ ამ ნაჭდევში გადის ნერვი, უფრო ზუსტად, ის მხრის ძვლის მედიალურ როკს უშუალოდ კანქვეშ შემოუვლის. ასეთი ზედაპირული მდებარეობის გამო მისი ტრავმირება იოლია. სისტემატური და ხანგრძლივი ზეწოლის გამო ნერვი თანდათან შუპდება. ანთებას მოგვიანებით დეგენერაციული ცვლილებები მოსდევს. ჯანმრთელ კიდურში იდაყვის ნერვის დიამეტრი მისი ანატომიური გვირაბის სანათურს შეესაბამება, ანთებისა და შეშუპების გამო ეს გვირაბი ვიწროვდება, ნერვი კი, პირიქით, ფართოვდება და ვეღარ ეტევა არხში. ხდება კომპრესია (ზეწოლა), რასაც საბოლოოდ ნერვის დეგენერაციულ ცვლილებამდე მივყავართ. პათოლოგია შესაძლოა ტრავმული წარმოშობისაც იყოს. იდაყვის ძვლის მოტეხილობის დროს იდაყვის გვირაბის სინდრომის შემთხვევები ასევე ხშირია.

- იდაყვის გვირაბის სინდრომი უმთავრესად მძღოლების პრობლემააო, ბრძანეთ, გამოდის, რომ ის ერთგვარი პროფესიული დაავადებაა.

- ნამდვილად ასეა. მძღოლების უმრავლესობა, თუ დააკვირდებით, შესვენების დროს დამახასიათებელ პოზაში ზის - ცალი ფეხი ჩამოშვებული აქვს მანქანიდან, მეორე მანქანაში უდგას და, რაც მთავარია, იდაყვით ყოველთვის საჭეზეა დაყრდნობილი.

- რას ეფუძნება იდაყვის გვირაბის სინდრომის დიაგნოსტიკა?

- პირველად დიაგნოზს, ჩვეულებრივ, ის ექიმი სვამს, ვისაც პაციენტი მიმართავს. თითების დაბუჟება რატომღაც ყოველთვის სისხლში პროთრომბინის ინდექსის მომატებასთან ასოცირდება, ამიტომ თერაპევტები, წესისამებრ, კოაგულოგრამის გამოკვლევას ნიშნავენ. თუ ასეთი პაციენტი ნევროლოგთან ან მიკროქირურგთან მოხვდა, დიაგნოზის დასმა არ გართულდება. მთავარია, მოხდეს დიფერენცირება - გაირკვეს, იდაყვის ნერვის დაზიანება პერიფერიული ხასიათისაა თუ ხერხემლის დონეზე არსებული პათოლოგიით არის განპირობებული. სიმპტომების საფუძველზე განისაზღვრება საჭირო გამოკვლევაც - მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან ელექტრონეირომიოგრაფია. იდაყვის გვირაბის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი, როგორც წესი, იმდენად კლასიკურად არის გამოხატული, რომ დიაგნოსტიკა არ ჭირს. მე, მაგალითად, ხელის ჩამორთმევით შემიძლია დავადგინო, დაზიანებული აქვს თუ არა პაციენტს იდაყვის ნერვი. უზარმაზარ, ჯან-ღონით სავსე ადამიანსაც კი ამ დროს ისე აქვს დასუსტებული მტევანი, გალეული და დაპატარავებული კიდურის კუნთოვანი მასა, - უმალვე მიხვდები, რომ აქ იდაყვის ნერვის პრობლემაა.


- იქნებ უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ ელექტრონეირომიოგრაფიულ გამოკვლევაზე...

- ეს გამოკვლევა ერთგვარი ოქროს სტანდარტია იდაყვის გვირაბის სინდრომის დიაგნოსტიკაში. მისი მეშვეობით ხდება იდაყვის ნერვის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, განისაზღვრება ნერვის დაზიანების ხარისხი და დაავადების სტადია. მოგეხსენებათ, იდაყვის ნერვი შერეული ხასიათისაა, ანუ მას სენსორულთან ერთად მოტორული ფუნქციაც აქვს. ნერვის ორივე ფუნქციის გამოკვლევით დიაგნოზი საბოლოოდ ზუსტდება.

- როგორ მკურნალობენ იდაყვის გვირაბის სინდრომს?

- მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიულიც, ქირურგიულიც და შერეულიც, ანუ მოიცავდეს როგორც ქირურგიულ, ისე კონსერვატიულ მეთოდს. მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა ხშირად შედეგიანია, მაგრამ მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა (ოპერაცია შემდგომი თერაპიის გარეშე) პრობლემას ვერ მოაგვარებს. ის, ჩვეულებრივ, კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი ელემენტია. თავდაპირველად - რასაკვირველია, თუ პაციენტის მდგომარეობა საშუალებას გვაძლევს - ინიშნება კონსერვატული მკურნალობა: B ჯგუფის ვიტამინები, ფიზიოთერაპია, კერძოდ, ელექტროფორეზი და ნერვის სტიმულაცია. თუ ერთი კურსის შემდეგ შედეგი მივიღეთ, ქირურგიული მკურნალობა შესაძლოა სულ მთლად დავივიწყოთ, ანდა გადავდოთ ერთი, ორი ან რამდენიმე წლით. მკურნალობის აღნიშნული კურსის პერიოდული განმეორება პრობლემას საბოლოოდ აღმოფხვრის. როდესაც იდაყვის ნერვი მეტისმეტად არის დაზიანებული და კონსერვატიული მკურნალობა უეფექტოა, ინიშნება ქირურგიული მკურნალობა. საზოგადოდ, იმის გამო, რომ იდაყვის გვირაბის სინდრომი უმთავრესად ახალგაზრდობისას ვლინდება, ნერვის ფუნქციის აღდგენის (რეაბილიტაციის) პერიოდი ხანგრძლივი არ არის. მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ფაქტობრივად, მოხრილი თითები იშლება. დაბუჟებაც მალე გაივლის, ტკივილი კი ოპერაციის გაკეთებისთანავე ქრება.

- ძალიან საინტერესოა ქირურგიული მკურნალობის არსი, ოპერაციული ჩარევის დეტალები, რამდენ ხანს მოითხოვს ოპერაცია, ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება თუ ზოგადი გაუტკივარებით და სხვა.

- ოპერაცია ტარდება რეგიონული ანესთეზიით, ანუ საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ მხრის წნულის დონეზე, რათა მხოლოდ ზედა კიდურის გაუტკივარება (გათიშვა) მოხდეს. ოპერაცია, იმის კვალობაზე, რა სირთულისაა პროცესი (ზოგჯერ ქრონიკული ანთების ან ტრავმული ხასიათის დაზიანების გამო ნერვის მიხორცებები აღინიშნება), 40 წუთიდან საათ-ნახევრამდე გრძელდება. შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია წესით (ამ დროს ჩვეულებრივი, კლასიკური განაკვეთები კეთდება), ისე ენდოსკოპიური მეთოდითაც. ეს უკანასკნელი, ცხადია, ტრადიციულ ქირურგიულ მეთოდთან შედარებით ნაკლებტრავმულია. შესაბამისად, პოსტოპერაციული რეაბილიტაციაც გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. ქირურგიული ჩარევის სახეობას პაციენტი ირჩევს, რადგან ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული - ენდოსკოპიური მეთოდით ოპერაცია უფრო ძვირია. ოპერაციის ტექნიკური მხარე ასეთია: ხდება გვირაბის კედლის ჩაჭრა, იდაყვის ნერვის გამოთავისუფლება დაახლოებით 10-15 სმ-ის მანძილზე და მისი გადაადგილება, ანუ ნერვი, რომელიც იდაყვის ძვლის უკან გადიოდა, ძვლის წინ გადაგვაქვს. გამოყოფილ ნერვს კანქვეშა ფასციაში ვახვევთ, ვუქმნით ერთგვარ შალითას, ახალ, ფასციურ გვირაბს, რომელიც, მისი ანატომიური ძვლოვანი არხისგან განსხვავებით, რბილქსოვილოვანია, ამიტომ იდაყვზე დაყრდნობის შემთხვევაშიც კი ნერვზე ზეწოლა აღარ ხდება, ანუ ხელმეორედ ის ვეღარ დაზიანდება. აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ დაავადება განმეორდეს, მინიმუმამდე დაგვყავს.

- ნერვის გადატანა ჩვეული ანატომიური ადგილიდან სახიფათო არ არის? ხომ შესაძლოა, ამ დროს იგი უფრო მეტად დაზიანდეს?

- იდაყვის ნერვი არცთუ მცირე ზომისაა. პირველ რიგში, საჭიროა მისი ანატომიური მდებარეობის ზუსტი ცოდნა. გარდა ამისა, არსებობს ოპტიკური საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც მას 2-2,5-ჯერ ვადიდებთ. ქირურგის პრაქტიკულ გამოცდილებასა და საოპერაციო ტექნიკაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ნერვის დაზიანების ალბათობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ზოგჯერ პოსტტრავმული დაზიანების გამო ნერვი ისეა შეხორცებული, რომ გამოცდილ ქირურგსაც კი შეიძლება გაუჭირდეს მისი გამოყოფა. ოპერაციის შემდეგ აუცილებლად უნდა დაინიშნოს ფიზიოთერაპია, რათა ნერვის ფუნქცია დროულად აღდგეს. მისი განმეორება რეკომენდებულია შორს წასულ შემთხვევებში, როდესაც ნერვი მეტისმეტად არის არის დაზიანებული. ამ დროს ქირურგთან ერთად პაციენტს ნევროლოგიც მეთვალყურეობს.