რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
კონტურული პლასტიკა
კონტურული პლასტიკა
ნაოჭები ადრე თუ გვიან ყველას უჩნდება. ეს სიბერის ბუნებრივი გამოხატულებაა. სახის მოვლის თანამედროვე მეთოდების წყალობით შეიძლება გადავავადოთ მათი გაჩენა, შევანელოთ დაბერების პროცესი, მაგრამ მისი შეჩერება შეუძლებელია.

ჯერ კიდევ 15 წლის წინ არჩევანი ნაოჭებთან შეგუებას ან ქირურგის სკალპელს გულისხმობდა. დღეს კოსმეტოლოგების ხელთაა არაქირურგიული საშუალებების ფართო არსენალი ნაოჭების უოპერაციოდ მოსაშორებლად.


ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა კონტურული პლასტიკა. ის:

  • სწრაფია - შედეგი პროცედურის დასრულებისთანავე ჩანს;
  • ეფექტური - აქრობს როგორც წვრილ, ისე მსხვილ ნაოჭებს, ცხვირ-ტუჩის ღრმა ნაკეციც კი სწორდება;
  • უსაფრთხო - მთელ მსოფლიოში 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე
    წარმატებით გამოსცადა საკუთარ თავზე ეს მეთოდი.

კონტურული პლასტიკის მოქმედების მექანიზმი მარტივია: თუ ნაოჭის ქვეშ ნემსით შევიყვანთ რაიმე ნივთიერებას, ნაოჭი გადასწორდება. ამ მეთოდით ნაოჭებთან ბრძოლა გასული საუკუნის შუა წლებიდან დაიწყეს, თუმცა პირველ ცდებს წარმატება არ მოჰყოლია. სირთულეს ის წარმოშობდა, რომ სითხე, თუმცაღა მისი შეყვანა უსაფრთხო იყო,
მცირე ხნით თუ ასწორებდა ნაოჭებს, ხოლო უფრო მკვრივი სუბსტანციების, მაგალითად, პარაფინის, სილიკონის გამოყენებას მრავალი გვერდითი ეფექტი ახლდა თან.

ამჟამად წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები ქმნიან სპეციალურ ფილერებს - შემავსებლებს (ინგლ. ტო ფილლ – შევსება). ტარდება მასშტაბური კლინიკური კვლევები, შემუშავებულია ასეულობით გელის წარმოების ტექნოლოგია, მაგრამ ფართო გამოყენება მხოლოდ ათამდე მათგანმა პოვა.

შედარებით უსაფრთხო აღმოჩნდა ჰიალურონის მჟავას შემცველი ფილერები.

ჰიალურონის მჟავა კანის ბუნებრივი სტრუქტურული ელემენტია, მაგრამ სწრაფად გაიწოვება და ეფექტიც თანდათანობით მცირდება, ამიტომ კოსმეტოლოგები იყენებენ მის საფუძველზე დამზადებულ ფილერებს: ღესტყლანე, ჟუვედერმ, შურგიდერმ. თითოეული მათგანი გამოდის სხვადასხვა ფორმითა და კონცენტრაციით, ასე რომ, ყველას შეუძლია, მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი იპოვოს.

მათ, ვისთვისაც ჰიალურონის მჟავა უკუნაჩვენებია, სთავაზობენ Eლლანსე-ს - ფილერს, რომელიც შეიცავს ბიოდეგრადირებად სინთეზურ ნივთიერებას პოლიკაპროლაქტონს, რომელსაც მედიცინაში გაწოვადი ძაფების დასამზადებლად იყენებენ.

რამდენ ხანს ძლებს შედეგი?
6 თვიდან 2 წლამდე. ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფილერზე, მის შემადგენლობასა და კონცენტრაციაზე, ასევე - ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

რა მოხდება, როდესაც გელი გაიწოვება?

ნაოჭები თანდათან ისევ გაჩნდება. მაგრამ ფილერები მხოლოდ კი არ ასწორებს კანს, არამედ ასტიმულირებს მისი კომპონენტების (კოლაგენის, ელასტინის, ჰიალურონის მჟავას) სინთეზსაც, რომელთა ნაკლებობაც ნაოჭების გაჩენას იწვევს, ამიტომ კონტურული პლასტიკა არა მარტო არსებული ნაოჭების გასწორების, არამედ მათი გაჩენის თავიდან აცილების საშუალებაც არის.

მტკივნეულია თუ არა?

იმას, რაც ერთისთვის მტკივნეულია, მეორე ადვილად იტანს. ცხადია, ინექცია არავის სიამოვნებს, განსაკუთრებით იქ, სადაც საქმე სახეს ეხება, ამიტომ კოსმეტოლოგები ყველაფერს აკეთებენ, რათა ნაოჭების პლასტიკა ზედმიწევნით უმტკივნეულო იყოს. ამისათვის, წესისამებრ, საკმარისია პროცედურამდე 30-60 წუთით ადრე სახეზე ტკივილგამაყუჩებელი კრემის წასმა. ინექციის გზით ანესთეზია თითქმის არასოდეს ხდება საჭირო.

კონტურულ პლასტიკასთან ნებისმიერი კოსმეტოლოგიური მეთოდის შეხამება შეიძლება, გარდა პროცედურის შემდეგომი პირველი დღეებისა, როდესაც კანისთვის სრული სიმშვიდეა საჭირო.

გვერდითი ეფექტები
ვინაიდან გელი ნემსით შეჰყავთ, ნაოჭების პლასტიკის შემდეგ მოსალოდნელია:

  • ზომიერი შეშუპება - რამდენიმე საათით;
  • ნანემსარის წერტილოვანი ნაკვალევი - რჩება 1-2 დღეს;
  • მცირე ზომის ჰემატომები (იშვიათად);
  • ჰერპესის რეციდივი (შესაძლოა, ინექციამ კანი გააღიზიანოს, თუ ამ ადგილას ადრე ჰერპესული გამონაყარი იყო).

უკუჩვენებები:

  • ინფექციურ-ანთებითი პროცესი ინექციის ადგილას;
  • კანის ახალწარმონაქმნები, მათ შორის - ხალი;
  • პილინგი და სხვა კოსმეტიკური პროცედურები, რომელთა შემდეგ კანს სიმშვიდე სჭირდება;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • ალერგიული რეაქციები;
  • ტემპერატურული რეაქციით მიმდინარე დაავადებები;
  • აუტოიმუნური დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტი დეკომპენსაციის სტადიაში;
  • კელოიდური ნაწიბური;
  • არასრულწლოვანება.

სახის მოვლის წესები
ეცადეთ, კონტურული პლასტიკის შემდეგ პირველ დღეებში ხელით არ შეეხოთ კორექციის ზონას.

არ ისარგებლოთ კოსმეტიკით.

არ დაიბანოთ პირი წყლით.

პირველ ღამეს ჯობს ზურგზე მწოლიარემ დაიძინოთ.

სამი დღის განმავლობაში ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.

ნუ გაიკეთებთ მასაჟს, ნუ ჩაიტარებთ კოსმეტიკურ პროცედურებს კორექციის უბანში.

ნუ მიიღებთ ნურავითარ წამალს კოსმეტოლოგთან შეუთანხმებლად.

კონტურული პლასტიკიდან ორი კვირის განმავლობაში ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას, მოარიდეთ კანი ულტრაიისფერ სხივებს: ნუ წახვალთ სოლარიუმში, შინიდან გასვლის წინ წაისვით მზისგან დამცავი კრემი, რომლის შPF 30-ის ტოლი მაინცაა.

ვინაიდან კონტურული პლასტიკის შემდეგ სახეზე ერთხანს რჩება ინექციების ნაკვალევი, დაგეგმეთ პროცედურის თარიღი ისე, რომ რამდენიმე დღე არ მოგიწიოთ სამსახურში წასვლა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონტურული პლასტიკის პირველი პროცედურის დროს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
14-15 იანვარს, სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში", ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ საინფორმაციო მხარდაჭერით,
საფრანგეთში კანის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. პაციენტი იყო 33 წლის მამაკაცი,
გლუვი კანის მოდა ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოვიდა, სადაც თმის მოცილება კარგი გემოვნების ნიშნად მიიჩნეოდა.
15 ივნისი 2018
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
12 ივნისი 2018
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.