საქართველოში უნიკალური რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩატარდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში უნიკალური რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩატარდა

ჩვენი ქვეყნის სამწუხარო რეალობაა, რომ პაციენტები სხვადასხვა სამედიცინო დახმარებისთვის საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, მაშინ, როდესაც რეკონსტრუქციული ქირურგიის თვალსაზრისით, უმრავლეს შემთხვევაში, იმავე შედეგის მიღება და უამრავი მატერიალური რესურსის დაზოგვა ჩვენთანაც შესაძლებელია.

რამდენიმე თვის წინ საზოგადოებამ იხილა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ზურაბ გოგინაშვილისა და ექიმთა გუნდის მიერ ამპუტირებული მარჯვენა ზემო კიდურის რეპლანტაციის ამსახველი ფოტომასალა. როგორ ჩატარდა ოპერაცია და როგორია დღეს პაციენტის მდგომარეობა, ამ საკითხებზე გვესაუბრება ბატონი ზურაბ გოგინაშვილი.

- კლინიკის მიმღებ განყოფილებაში ტრავმულ-ჰემორაგიული შოკით მოიყვანეს 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ხელი ჩაჰყვა ბეტონის შემრევში, რამაც კიდური კი არ მოჭრა, ამოგლიჯა. დაგლეჯილი იყო სისხლძარღვები, კუნთები, ძვალი, რაც ტექნიკურად გაცილებით უფრო რთული საოპერაციოა, ვიდრე მოკვეთილი კიდური.

ცალკე დამუშავდა მოგლეჯილი კიდური. თავდაპირველად გაკეთდა ოსტეოსინთეზი, შემდგომ ეტაპზე კი აღვადგინეთ სისხლძარღვები. დაახლოებით 7 სმ-იანი დიასტაზის გამო ამოგლეჯილი არტერიების პირისპირ მიბმა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამიტომ არტერიის აღსადგენად, ქვედა კიდურიდან ვენის გრძელი სეგმენტის აღება დაგვჭირდა. ვენა და ნერვებიც აღვადგინეთ, გაიკერა კუნთები, კანი და ძალიან სწრაფად კიდურზე სატურაცია 100% იყო, რაც კიდურში სისხლის მიმოქცევის აღდგენაზე მიუთითებდა.

- პაციენტი ხელს ამოძრავებს?

- ხშირად მცდარად ფიქრობენ, რომ ასეთი ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ თითების მოძრაობაც აღდგება. ჩვენ აღვადგინეთ შუათანა და იდაყვის ნერვები. სხივის ნერვი ისე იყო ამოგლეჯილი, რომ მისი პირველადი აღდგენა წარმოუდგენელი იყო, ამიტომ სამი ძირითადი ნერვიდან ორის აღდგენას დავჯერდით. ნერვის გადაბმისას, თუ პროქსიმული ნაწილი დისტალურში არ ჩაიზარდა, ისე ის კუნთამდე იმპულსებს ვერ გაატარებს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს კუნთი მუშაობას. საუკეთესო პირობებში ნერვი დღეში 1მმ-ით იზრდება.

ჩვენს შემთხვევაში მხრის სარტყელში მოძრაობა სრულად არის. იდაყვის სახსარში ჩაზრდა არ ხდება და ამიტომ მოძრაობა შეუძლებელია. ქსოვილებს ბუნებრივი ფერი დაუბრუნდა. ხელი ფაქტობრივად გადავარჩინეთ.

- ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა როგორი იყო?

- ძლიერი დაზიანების გამო სისტემური და ლოკალური ზემოქმედებაც ძალიან დიდი იყო. საზოგადოდ, ასეთ შემთხვევებში გასათვალისწინებელია: ტრავმიდან გასული დრო, ამპუტანტისა და ქსოვილების მდგომარეობა. ამპუტირებული კიდურის მიკერების შემდეგ, სისხლის მიმოქცევაში ჩართვისას, იწყება დაშლის პროდუქტების გამოყოფა, რომლებიც სისტემურად მოქმედებს და იწვევს თირკმელების, ღვიძლის, ფილტვის პოლიორგანულ უკმარისობას, რამაც შეიძლება მოკლას პაციენტი. ოპერაციის შესრულების ტექნიკურ მხარეს რომ თავი გავანებოთ, უმნიშვნელოვანესია ავადმყოფის მდგომარეობის პოსტოპერაციული მართვა.

- რა გართულებებს ელოდით?

- იყო თრომბოზის, ნეკროზის, სისტემური მოქმედების გამო პოლიორგანული უკმარისობისა და სეფსისის საშიშროება.

ძალიან რთული პოლივალენტური, პოლიპროფილური მართვა იყო საჭირო. 26 დღის განმავლობაში დავძლიეთ უმწვავესი ქირურგიული, პოსტოპერაციული მძიმე პერიოდი თავისი გართულებებით, რეანიმატოლოგების: დავით ყაზაიშვილის, ნინო ღრუბელაშვილის, ასმათ ენუქიძის, ანა გილაშვილის, ანესთეზიოლოგ თამარ გოგიჩაიშვილის, ქირურგ მაია ლობჟანიძის, ტრავმატოლოგ გოგი გოგოლაძის პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად. ავადმყოფი მივიყვანეთ რეაბილიტაციის ფაზამდე, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორიც ოპერაცია, რადგანაც სრულფასოვანი რეაბილიტაციის გარეშე წარმატებულ ოპერაციას სასურველი შედეგი ვერ ექნება, რაც ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევაში ძალიან დასანანი იქნება. ამ პაციენტს კარგი შანსი აქვს. 2 თვის განმავლობაში ნერვი 7 სმ-ით ჩაიზარდა, რაც კიდევ გაგრძელდება. ამ პროცესს კი კუნთი მომზადებული უნდა დახვდეს, რასაც, სულ ცოტა, ერთწლიანი ვარჯიში, მასაჟი, ელექტროსტიმულაცია, ფიზიოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა დასჭირდება. რა მოცულობით აღდგება კიდურის ფუნქცია, ამას ვერავინ იტყვის, თუმცა 50%-ითაც რომ აღდგეს, ძალიან კარგი შედეგი იქნება.