რა განასხვავებს პარფიუმსა და ტუალეტის წყალს?
ტერმინები - პარფიუმი და ტუალეტის წყალი დაახლოებით XIX საუკუნეში თითქმის ერთდროულად გაჩნდა. თუმცა ითვლება, რომ ტუალეტის წყალს სიცოცხლე ნაპოლეონ ბონაპარტემ შთაბერა წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაში ყოფნისას. დიდი იმპერატორი არომატების მოყვარული იყო და განსაკუთრებით ხშირად ოდეკოლონს იყენებდა. გადასახლების დროს კი მოიგონა ოდეკოლონის ალტერნატივა და მას ტუალეტის წყალი უწოდა. პარფიუმი კი ქიმიკოს პასკალ გერლენის დამსახურებაა. მის სახელს უკავშირდება პირველი პარფიუმერული მაღაზიის გახსნაც.
მიუხედავად იმისა, რომ პარფიუმერიული ხაზის ორივე ნაწარმი ერთსა და იმავე ინგრედიენტებს შეიცავს (დისტილირებული წყალი, სპირტი, ეთერზეთების ექსტრაქტები, საღებავები და დანამატები, რომლებიც სითხეს საჭირო ფერს აძლევს), საბოლოო პროდუქტი განსხვავდება არა მარტო ფერითა და არომატით, არამედ მდგრადობით და სისავსით, რაც პროპორციებზეა დამოკიდებული.
ეთილის სპირტის წილი ტუალეტის წყალშიც და პარფიუმშიც 75%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ ტუალეტის წყალში საშუალოდ 85% სპირტიანი ნივთიერებებია და მხოლოდ 15-10%-ია არომატული ზეთების ესენცია, მაშინ როდესაც პარფიუმში ეს თანაფარდობა შეადგენს 75%-ს 25-20%-თან, რის ხარჯზეც ეს უკანასკნელი უფრო ინტენსიურ არომატს იძენს და პარფიუმერულ ბაზარზე მასზე დიდი მოთხოვნილებაა.
არომატული ზეთების სხვადასხვა კონცენტრაცია არომატის სიმყარეზე მოქმედებს. პარფიუმში მისი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მაღალია, ამიტომ წასმის ადგილას არომატს შვიდ საათამდე ინარჩუნებს. პარფიუმი ახლოსაა სუნამოსთან და მას დღის სუნამოსაც უწოდებენ.
ტუალეტის წყლის შესაძლებლობები მოკრძალებულია, სწორედ ამიტომ დღის განმავლობაში მას რამდენჯერმე მიპკურება სჭირდება და სასურველი არომატი მხოლოდ 2-3 საათით დაგატკბობთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არომატის ხანგრძლივობა ორგანიზმის თავისებურებზეც არის დამოკიდებული.
მამაკაცის პარფიუმერია კი მხოლოდ ტუალეტის წყლითაა წარმოდგენილი.
პარფიუმისა და ტუალეტის წყლის მდგრადობა ხშირად განისაზღვრება იმითაც, სად გამოიყენებთ მას. კოქტეილის საღამოს ან საზეიმო ვახშამს შესანიშნავად ესადაგება პარფიუმერული წყალი, ის თქვენ ელეგანტურობას შეგძენთ.
ყოველდღიური მოხმარებისთვის - საყიდლებზე სიარულისას, სამსახურსა თუ კაფეში, მეგობრებთან ერთად დასვენების დროს უმჯობესია ტუალეტის წყალი, მისი ნაზი სურნელი დამატებით სიმხნევესა და სიმსუბუქეს მოგანიჭებთ.
არჩევისას გასათვალისწინებელია არომატის ხსნადობის დონეც. თუ პარფიუმის კომპონენტებს დასაწყისშივე ძლიერი ეფექტი აქვს და მისი გამოყენებისას არომატი თითქოს ადამიანს მოსავს ვუალით, ტუალეტის წყლის მეშვეობით იქმნება სუნის მხოლოდ მსუბუქი შლეიფი.
დასკვნის სახით:
1. პარფიუმსა და ტუალეტის წყალს შორის მთავარი განმასხვავებელი კომპონენტების პროპორციებია;
2. პარფიუმი, ტუალეტის წყალთან შედარებით, მეტად კონცენტრირებულია, ამიტომ მისი მოქმედება 7 საათამდე გრძელდება, ტუალეტის წყლის სუნი კი მხოლოდ 2-3 საათს ნარჩუნდება;
3. ტუალეტის წყალი დიდწილად სადაგი დღეებისთვისაა, პარფიუმი კი - სადღესასწაულო ვითარებისათვის;
4. მამაკაცის პარფიუმერია ძირითადად ტუალეტის წყლითაა წარმოდგენილი.