რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა კლიმაქტერულ პერიოდში
კვების რაციონალურ რეჟიმსა და საკვები რაციონის სრულფასოვნებაზე დამოკიდებულია როგორც კლიმაქტერული პერიოდის ნორმალურად (არასასურველი გამოვლინებებისა და გართულებების გარეშე) მიმდინარეობა, ასევე მოგვიანებით _ ხანდაზმულობის ასაკში ქალის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით აქტუალურია კალციუმით, მაგნიუმით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.
ესტროგენების შემცირება ქალის ორგანიზმში განსაკუთრებულ დაღს ასვამს კალციუმის ცვლას, შესაბამისად, ძვლების გამეჩხერება (ოსტეოპოროზი), ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, სიარულის მანერის დარღვევა, ნევროლოგიური ხასიათის დარღვევები _ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ქალბატონებისთვის იშვიათი პრობლემა არ გახლავთ. ცნობილია, რომ კალციუმის იონების არსებობა აუცილებელია არა მხოლოდ კუნთოვანი სისტემის კოორდინირებული ფუნქციობისათვის (შეკუმშვითი ფუნქციის რეგულაციისათვის), არამედ ჰორმონთა ცვლისათვის, სასიცოცხლო პროცესთა ნორმალურად წარმართვისათვის, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებისათვის, ფერმენტთა გააქტივებისათვის, ნეირორეგულატორების (ნეირონთაშორისი კომუნიკაციის აღმასრულებელი ქიმიური ნივთიერებები) გამოყოფისა და საზოგადოდ, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის. ამ თვისების გამო ზოგიერთი ნეიროფიზიოლოგი კალციუმს საუკეთესო ბუნებრივ დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, ის მეტისმეტად მნიშვნელოვანი ელემენტია ქალის ორგანიზმისათვის.
კლიმაქტერულ პერიოდში საკვები რაციონი განსაკუთრებულად მდიდარი უნდა იყოს რძის ნაწარმით, ხილითა და ბოსტნეულით, რეკომენდებულია უჯრედისითა და ცხოველური ცილებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება. რამდენადმე უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმებისა და ძნელად მოსანელებელი კომპონენტების შემცველი საკვების მიღება.
ავტორი თინათინ გოცაძე