ნაზი და სათუთი ორგანო
ჰერა განიკურნა. თანამედროვე ექიმები ალბათ იტყოდნენ, რომ ჰერას გაუმართლა - სენი დროულად გამოვლინდა და მკურნალობამ სწრაფი შედეგი გამოიღო. ადრეული დიაგნოსტიკა ხომ წარმატებული თერაპიის საწინდარია. ამიტომ, თუ მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე მკერდი გიმაგრდებათ და გტკივათ, მასში გესინჯებათ გამკვრივება, ნუ გადადებთ ექიმთან მისვლას. გახსოვდეთ, რომ ქალის მკერდი ძალიან ნაზი, სუსტი და მტკივნეულად სათუთია, მის ავადმყოფობასა და ტკივილთან ხუმრობა არ შეიძლება! მასტოპათია დაავადებაა, რომლის შედეგადაც იცვლება სარძევე ჯირკვლის ქსოვილის სტრუქტურა. სამედიცინო წრეებში დღემდე არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, რა იწვევს მას, თუმცა ცნობილია რისკის ფაქტორები, რომელთა ერთობლიობაც პროვოცირებას უწევს ამ სენის განვითარებას. მათ ნუსხაში პირველი ადგილები უკავია ხშირ აბორტს, არარეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას, გვიან მშობიარობას, ძუძუთი კვებაზე უარის თქმას - ტყუილად როდი უწოდებენ ექიმები მასტოპათიას “ემანსიპაციის საზღაურს”. სხვა პროვოკატორებს შორისაა სარძევე ჯირკვლის ტრავმები და დაზიანებები, ჰორმონული დარღვევები, სტრესები, ასევე - ჰორმონული პრეპარატების უკონტოლო მიღება და მზის სხივებისა და აბაზანების ბოროტად გამოყენება. პრობლემის დროულ აღმოჩენასა და გაცნობიერებაში დაგეხმარებათ რეგულარული ვიზიტი მამოლოგთან (წელიწადში ერთხელ მაინც) და მკერდის ყოველთვიური თვითდიაგნოსტირება. ის უნდა ჩატარდეს ყოველი მენსტრუაციის დაწყებიდან მე-5-8 დღეს - ამ პერიოდში სარძევე ჯირკვლები არ არის გადიდებული და დაჭიმული. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძუძუსთავის შესახედაობას და მკერდის ზომებს. სარძევე ჯირკვლების ზომებს შორის მცირე სხვაობა ნორმაა, შესამჩნევი კი განგაშის სიგნალად უნდა აღიქვათ. მორიგეობით მოისინჯეთ მარცხენა და მარჯვენა ძუძუ საათის ისრის მიმართულებით ფუძიდან თავისაკენ, ჯერ - ფეხზე მდგომმა, შემდეგ - მწოლიარემ. ფრთხილად მოუჭირეთ ცერი და საჩვენებელი თითები ძუძუსთავს, დარწმუნდით, რომ გამონადენი არ გაქვთ. თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს.
სიზუსტეს + უსაფრთხოება
სარძევე ჯირკვლების მდგომარეობის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი საშუალებაა მამოგრაფია. ის მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში ტარდება. მეთოდი მარტივია, უმტკივნეულო, უსაფრთხო და მაღალი დიაგნოსტიკური ეფექტიანობით გამოირჩევა. მისი მეშვეობით სარძევე ჯირკვლებში პათოლოგიურ ცვლილებებს ასიდან 85-97 შემთხვევაში დროულად აღმოაჩენენ. წესისამებრ, ამ მეთოდს 35 წელს გადაცილებულ ქალებთან იყენებენ, უფრო ახალგაზრდებს კი იკვლევენ ულტრაბგერითი აპარატით. ის შეუცვლელი სადიაგნოზო მეთოდია კისტების, ფიბროადენომებისა და ზოგიერთი სხვა პათოლოგიის დროს.
ჩაატარეთ პროფილაქტიკა
თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და დაავადებებისგან დაიცვათ სარძევე ჯირკვლები - ქალისთვის უმნიშვნელოვანესი და უფაქიზესი ორგანოები, უარი უნდა თქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ჭარბ შოკოლადზე, დაიცვათ მკერდი ტრავმებისგან და ერიდოთ ორპირ ქარს, უპირატესობა მიანიჭოთ საკვებს, რომელიც მდიდარია A, C და E ვიტამინებით. ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკური ქსოვილის ვიწრო ბიუსტჰალტერს, ერიდეთ ლითონისრკალებიან მოდელებსაც. თავი არიდეთ სიტუაციებს, რომლებსაც თან ახლავს უარყოფითი ემოცია. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სტრესი - ის ასუსტებს იმუნურ დაცვას და ზრდის ამ საშიში დაავადების განვთარების რისკს.
ხრიკი მიმზიდველი დეკოლტესთვის
მკერდის კანის მოსავლელად უამრავი საშუალება არსებობს. ერთ-ერთი მათგანია თაფლისა და ხაჭოს ნარევი - ის მართლაც სასწაულს ახდენს, მატებს კანს სინაზესა და სიმკვრივეს. ერთადერთი უკუჩვენებაა ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე.