კლიმაქსი და სქესობრივი ცხოვრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლიმაქსი და სქესობრივი ცხოვრება

ვარ 43 წლის. მოულოდნელად შემიწყდა მენსტრუაციული ციკლი, რაც, მგონი, ჩემი ასაკისთვის ადრეა. გენეტიკურად მაქვს ძლიერი თავის ტკივილები. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა რაიმე გზით ციკლის გახანგრძლივება და რა პრეპარატები შეიძლება მივიღო, ასევე - იმოქმედა თუ არა ციკლის შეწყვეტაზე იმან, რომ არ ვეწევი სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას.

ქალის შვილოსნობის ფუნქცია ხშირად 48-50 წლის ასაკში სრულდება. კვერცხუჯრედები მომწიფებას წყვეტენ, ამის კვალობაზე, წყდება მენსტრუაციაც და ქალი ერთი ბიოლოგიური მდგომარეობიდან მეორეში გადადის. კლიმაქსი, თუმცაღა ძალიან იშვიათად, შესაძლოა 30 წლის ასაკშიც დადგეს, მაგრამ ბოლოდროინდელი მონაცემებით, უმეტესად 50-60 წლის ასაკში დგება - ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ხომ ბოლო ხანს საკმაოდ გაიზარდა.

ერთი საინტერესო გადახვევა, რომელიც ისტორიაში ერთადერთ აღრიცხულ შემთხვევად მიიჩნევა: 127 წლის თურქი ედირგერი (1964 წელი, თურქეთი) განცვიფრებული დარჩა, როცა მეუღლემ, ფატიმამ, ტყუპი გაუჩინა. იმ დროს ფატიმა 95 წლის გახლდათ. ის სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდა და კლიმაქსი არ ჰქონია - მის ორგანიზმში კვერცხუჯრედები კვლავაც მწიფდებოდა და, შესაბამისად, მენსტრუაციაც ჰქონდა. ხოლო ინგლისელმა ენი ჰატჩეტმა პირველი შვილის გაჩენა 58 წლის ასაკში მოისურვა და სურვილი ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე აისრულა. მას კლიმაქსი 70 წლისას დაეწყო.

კლიმაქსი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. თავდაპირველად აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა: მენსტრუაცია ზოგჯერ ორი-სამი თვით იგვიანებს, ზოგჯერ კი თვეში ორჯერაც მოდის, გამონადენი ხან უხვია, ხან მცირე. კლიმაქსის პერიოდში სხვადასხვაგვარად იცვლება ქალის ხასიათიც: იყო მშვიდი, გაწონასწორებული, მოულოდნელად კი ბრაზიანი და ავი გახდა; იყო ენერგიული და გახდა დუნე და აპათიური. ზოგჯერ შეინიშნება სიმხურვალის შეგრძნება, მხურვალე ტალღების ან "ალების" შემოტევა - სახე და კისერი წითელი ლაქებით იფარება, იმატებს ოფლიანობა, მცირდება შრომისუნარიანობა.

კლიმაქსი მამაკაცებშიც შეინიშნება, მაგრამ ქალებზე ათი წლით გვიან იწყება და შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მხოლოდ მამაკაცთა 10-20%-შია მოსალოდნელი მძიმედ მიმდინარე, ე. წ. პათოლოგიური კლიმაქსი, რომელიც ორიდან ათ წლამდე გრძელდება და გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და შარდსასქესო სისტემების დაზიანებით ვლინდება. პაციენტები უჩივიან სახის, კისრისა და სხეულის ზედა ნაწილის მოულოდნელ გაწითლებას, ჰაერის უკმარისობას, გაძლიერებულ გულისცემას, ქოშინს, მტევნებისა და ტერფების გაცივებას, შიშის განცდას, დეპრესიას, სისუსტეს, მეხსიერების დაქვეითებას, კანკალს. მცირდება შარდის ბუშტის ტონუსი.

როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებშიც კლიმაქსის მკურნალობა კომპლექსურად ტარდება: შერჩეულ უნდა იქნეს შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმი, ძალიან სასარგებლოა ოთახის ტემპერატურის წყლით სხეულის გაწმენდა და ცურვა, სამკურნალო ფიზკულტურა.

რაციონიდან მლაშე, ცხარე და ცხიმიანი საკვების, სანელებლებისა და ალკოჰოლური სასმელების ამოღება, თამბაქოზე უარის თქმა. ინიშნება ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები, ვიტამინები, ანტისკლეროზული, საჭიროების შემთხვევაში - დამამშვიდებელი და ჰორმონული პრეპარატები. მედიკამენტური საშუალებები ექიმმა სპეციალისტმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს.

თვითმკურნალობა აკრძალულია. აკრძალულია ნათესავ-მეგობრების "გამოცდილების" საკუთარ თავზე მორგება და გამოყენებაც. სხვათა შორის, კლიმაქსთან ბრძოლის საუკეთესო გზად რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ითვლება. საკამათო არ არის, რომ კუნთების მატრენირებელი ვარჯიში, სპორტი ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს და ადამიანს მრავალი დაავადებისგან იცავს. და თუ ეს ყველაფერი აძლიერებს ზედა და ქვედა კიდურების კუნთებს, აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და ფიზიკურ ფორმას, მაშინ რატომ უნდა უგულებელვყოთ სასქესო ორგანოთა კუნთების ანალოგიური შესაძლებლობა?

რეგულარული სქესობრივი ცხოვრება მათ ტრენირებას ახდენს, ამასთანავე, აუმჯობესებს სქესობრივი აქტის ხარისხს. ნებისმიერ ასაკში, მით უმეტეს ხანდაზმულობისას, ადამიანის ყველა არამომუშავე ორგანო სწრაფად კარგავს ფუნქციას და "კვდება". ექიმები ხშირად ამჩნევენ, რა სწრაფად ატროფირდება იმ ქალების საშოს კუნთები, რომლებიც არაფრით არ შეიძლება მოხუცებად მივიჩნიოთ, მაგალითად, 40-50 წლის ქვრივებისა ან იმათი, ვინც უპირატესობას ანიჭებს მარტოხელა (უმამაკაცო) ცხოვრების წესს. სქესობრივი თავშეკავების რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ქალბატონების სასქესო ორგანოთა ანატომია სამწუხარო სურათს წარმოაჩენს. ამ დროს ქალებს, რომლებიც რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, შეუძლიათ ოთხმოცი წლის ასაკშიც კი იამაყონ სასქესო ორგანოების კარგი მდგომარეობითა და ფუნქციური აქტივობით.

გამოკვლევებმა, რომლებიც ამერიკელმა სექსოლოგებმა მასტერსმა და ჯონსონმა სქესობრივი შერწყმის ფიზიოლოგიის სფეროში ჩაატარეს, აჩვენა, რომ 80 წელს მიახლოებული ადამიანების კოიტუსის (სქესობრივი აქტის) დროს ნერვული და კუნთური რეაქციები და სისხლის მიმოქცევა არაფრით განსხვავდება საშუალო ასაკის ადამიანების რეაქციებისგან - რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ პარტნიორები რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან.


გარდამავალი 40 წელი

ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში ჰორმონების დონე თანდათანობით იკლებს. მიუხედავად ამისა, საშუალო ასაკში ქალების უმრავლესობა სქესობრივობის აფეთქებას განიცდის. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ მრავალ ქალბატონს აქვს გარკვეული თანამდებობრივი სტატუსი, სტაბილური ფინანსური მდგომარეობა, შვილები უკვე მოზრდილები არიან და, რაც მთავარია, ქალი უკვე აღარ განიცდის ისეთ სტრესს, როგორსაც ახალგაზრდობისას. და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ პერიოდიდან (საშუალოდ 46 წლიდან) იწყება (არარეგულარული სქესობრივი ცხოვრების შემთხვევაში) ყველა ის უსიამოვნება, რაც მენოპაუზას უსწრებს წინ, - საშოს სიმშრალე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა, - ქალი არანაკლებ სიამოვნებას ღებულობს სქესობრივი აქტის დროს. სამწუხარო ირონია იმაში მდგომარეობს, რომ მამაკაცებში ასაკის მატებასთან ერთად სქესობრივი პრობლემებიც იმატებს...

აღსანიშნავია ისიც, რომ ორმოც წელს გადაცილებულ ქალებს ხშირად აქვთ დარღვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ეს ჯირკვალი კი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელ ჰორმონებს გამოიმუშავებს. ორმოცი წლის ასაკში ასეთი დარღვევები 15 ქალიდან ერთს აღენიშნება, 50 წლის ასაკში კი ათიდან ერთს. ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობის დაქვეითება, ამ ასაკში სქესობრივი ლტოლვის დაქვეითების მთავარი მიზეზია. ასეთი დარღვევების მქონე ქალბატონები თავის ტკივილთან ერთად შესაძლოა სისუსტესა და დეპრესიასაც უჩიოდნენ. ხშირია წონის მომატებაც.

ქალების სქესობრივი რეაქციები საშუალო და ხანდაზმულ ასაკში გაცილებით ნაკლებად იცვლება, ვიდრე მამაკაცების სქესობრივი ლტოლვა. ქალები, რომლებიც სქესობრივი ცხოვრების დასაწყისში, ასე ვთქვათ, ერთგვარი სიცივით გამოირჩეოდნენ, სრულ სქესობრივ განვითარებას 30 წლის შემდეგ აღწევენ, ხოლო საკუთარი შესაძლებლობების პიკს - 35-დან 50 წლამდე. ამ ასაკში, თუ ქალი რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, მისი სქესობრივი შესაძლებლობები პრაქტიკულად არ იკლებს.

ახალი ცხოვრების დასაწყისი

50 წლის შემდეგ სქესობრივ ცხოვრებას ზემოთ გაკვრით უკვე შევეხეთ. ახლა კი იმ ტაბუდადებულ საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც ძალიან იშვიათად, აქა-იქ თუ შეხვდებით სპეციალურ სამედიცინო ლიტერატურაში.

მაშ ასე: შესაძლებელია თუ არა ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში სქესობრივი ცხოვრება?

ბევრს ამ თემაზე საუბარი უხერხულად მიაჩნია, თუმცა არცთუ ისე ცოტა ხანდაზმულ ადამიანს აღელვებს, მაგალითად, ასეთი საკითხები: შეიძლება თუ არა, სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდეს ხანდაზმული წყვილი? ნორმალურია, ბუნებრივია თუ არა ეს? როგორ მიმდინარეობს ნორმალური დაბერება სქესობრივ სფეროში? როგორ ვლინდება ეს?

იმთავითვე გეტყვით, რომ სქესობრივი ცხოვრება ხანდაზმულ თუ მოხუცებულ ასაკში შესაძლებელია და ეს სავსებით ნორმალურია. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების, ფსიქოლოგებისა თუ სექსოლოგების გამოკვლევების მიხედვით, 60 წლის ასაკში მამაკაცთა ორი მესამედი სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, იმავე ასაკის ქალბატონების მესამედი სქესობრივ ინტერესს ამჟღავნებს, ხოლო მეხუთედი - სქესობრივ აქტივობას. 72-75 წლისთვის ეს მაჩვენებლები იკლებს, მაგრამ ციფრები მაინც შთამბეჭდავია: მამაკაცთა 50% სქესობრივ აქტივობას ინარჩუნებს, აი, ქალბატონები კი სქესობრივი ცხოვრებისადმი გაცილებით ნაკლებ ინტერესს იჩენენ.

შემჩნეულია შემდეგი კანონზომიერებაც: რაც უფრო მოწესრიგებულია ახალგაზრდა და მოწიფულ ასაკში სქესობრივი ცხოვრება, მით უფრო დიდხანს ნარჩუნდება სქესობრივი ლტოლვა და სქესობრივი ცხოვრება ხანდაზმულ ასაკში. ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა გაიაზრებს, რომ ხანდაზმული წყვილის სქესობრივი ჰარმონიის საუკეთესო გარანტია სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგებაა. თუმცა ზოგიერთ ხანდაზმულ ადამიანს სქესობრივი კონტაქტის გარეშეც შეუძლია იცხოვროს ბედნიერი, სრულყოფილი ცხოვრებით. შესაძლოა, ისინი ახალგაზრდობაშიც კი არ ანიჭებდნენ დიდ მნიშვნელობას სქესობრივ ცხოვრებას და ასაკის მატებასთან ერთად მისდამი ინტერესი დაკარგეს, მაგრამ არ გამქრალა სიყვარული, არ ჩამქრალა გრძნობა - მან მხოლოდ სხვა სფეროში გადაინაცვლა. გამოხედვა, თბილი სიტყვები და შეხება, ერთმანეთისადმი ყურადღება - ეს ყველაფერი შესაძლოა სიყვარულის ამაღელვებელი გამოხატულება იყოს.

დიახ, ისიც ფაქტია, რომ საშუალო ასაკისა და ხანდაზმული ადამიანების უმრავლესობას სხვადასხვა დაავადება აწუხებს, მაგრამ რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, რეგულარული სქესობრივი ცხოვრება არათუ არ ამძიმებს დაავადებათა მიმდინარეობას, არამედ, პირიქით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უზრუნველყოფს ნერვული სისტემის მოქმედების სტაბილურობას და აუმჯობესებს საერთო თვითშეგრძნებას, თუმცა ისიც მართალია, რომ ზოგიერთი დაავადების დროს სქესობრივი შერწყმა წინააღმდეგნაჩვენებია. ისეთი ასაკობრივი დაავადებები, როგორიც არის რევმატული ტკივილები ბარძაყის მიდამოში, ნაწლავის ზოგიერთი დაავადება ან არტერიული წნევის მომატება, სქესობრივი კონტაქტის დროს ხშირად განსაზღვრულ სირთულეებს ქმნიან. გარდა ამისა, სქესობრივი ლტოლვის შემცირების კვალობაზე სუსტდება სასქესო ორგანოების ფუნქციობაც. მამაკაცებში ეს კოიტუსის დროს სუსტი ერექციით გამოიხატება, ქალებში კი საშოს არასაკმარისი დანოტივებით და შორისის კუნთების მეტისმეტი დასუსტებით. ამ ტიპის უსიამოვნებათა უმრავლესობა შეიძლება სქესობრივი აქტის ტექნიკის საშუალებით გადაილახოს.

რა თქმა უნდა, სქესობრივი ცხოვრება თვითმიზნად არ უნდა იქცეს. სასქესო ორგანოების ბუნებრივი ფუნქცია ადამიანთა მოდგმის შენარჩუნება და გაგრძელებაა. თუ სასქესო ფუნქცია არ გადაიტვირთება, რაც უფრო დიდხანს შევინარჩუნებთ მას, მით უკეთესია ხანგრძლივი სიცოცხლისათვის, მაგრამ მის გადაჭარბებული სიამოვნების წყაროდ ქცევას, მისით ბოროტად სარგებლობას ორგანიზმის ნაადრევად გამოფიტვა და ნაადრევი სიბერე მოსდევს. შემთხვევითი არ არის, რომ ღრმა მოხუცები ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობენ.

დიახ, სიყვარული ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება და ხანდაზმულობისას ის შეიძლება არანაკლებ ლამაზი იყოს. სურვილს გაფრთხილება უნდა. ის სიყვარულისა და სიცოცხლის უძლიერესი სტიმულია.