კლიმაქსი და მისი თავისებურებანი ქალებთან - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
კლიმაქსი და მისი თავისებურებანი ქალებთან
კლიმაქსი და მისი თავისებურებანი ქალებთან
ტერმინი კლიმაქსი, იგივე “კლიმაქტერული პერიოდი”, როგორც მას მედიკოსები უწოდებენ, წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან “კლიმაქტერ”,
რაც “კიბის საფეხურს” ნიშნავს. რეალურად, ცხოვრების გარკვეულ მომენტში ყველა ქალს უწევს იმ მნიშვნელოვანი საფეხურის გადაბიჯება, რომლის მერეც შვილოსნობის ფუნქციის შესუსტება იწყება.

საყურადღებოა, რომ კლიმაქტერული პერიოდი მამაკაცებთანაც აღინიშნება, თუმცა ის რამდენადმე გვიან იწყება და ჰორმონული ფონის თანდათანობითი (ეტაპობრივი) ცვლილებით ხასიათდება, ამიტომ არ იწვევს ისეთ მკვეთრად გამოხატულ მოვლენებს, როგორიც ქალთა უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი.

ასაკობრივი ცვლილებები იწყება ჰიპოფიზიდან და ჰიპოთალამუსიდან - თავის ტვინის იმ სტრუქტურებიდან, რომლებიც არეგულირებენ (აკონტროლებენ) სისხლში სასქესო ჰორმონთა
გადასვლას. საკვერცხეები ნაკლებ ესტროგენებს გამოყოფენ, აი, მამაკაცის სასქესო ჰორმონების სეკრეცია (გამოყოფა) კი გარკვეული დროის მანძილზე იგივე ინტენსივობით ხდება, ამის გამოა, რომ კლიმაქსის საწყის ეტაპზე ქალებთან ანდროგენებისა და ტესტოსტერონის მაღალი დონე შეინიშნება. ამავე მიზეზით სხეულის მასა შესაძლოა გაიზარდოს, ზოგიერთი ქალი მოკლე დროში 5-8 კილოგრამსაც კი იმატებს,
წონის დაკლება კი არც ისე მარტივია ხოლმე.

კლიმაქტერული პერიოდი რამდენიმე სტადიას მოიცავს:

  • მენოპაუზას (ბოლო მენსტრუაციის დადგომას);
  • პოსტმენოპაუზას, რომელიც მენოპაუზიდან ერთ წელიწადში იწყება და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება;
  • პერიმენოპაუზას, რომელიც იწყება რამდენიმე წლით ადრე ბოლო მენსტრუაციამდე და პოსტმენოპაუზით სრულდება.

პერიმენოპაუზის საშუალო ასაკი 47,5 წელს შეადგენს. ამ პერიოდში სასქესო ჰორმონების დონე თანდათანობით, მაგრამ უწყვეტად ქვეითდება, ოვულაცია (კვერცხუჯრედების მომწიფება) წყდება, ჩასახვა ნაკლებშესაძლებელი ხდება. პირველ რიგში მცირდება გესტაგენების გამომუშავება, რომლებიც მენსტრუალურ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი, მენსტრუაცია სულ უფრო იშვიათი და მოკლე ხდება (60%), ზოგჯერ პირიქით - ჭარბი (35%), ქალების გარკვეულ ნაწილს მენსტრუაცია ერთბაშად უწყდება. ესტროგენების დონის შემცირების კვალად ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა - ალები, ღამის ოფლიანობა, თავის ტკივილი, გუნება-განწყობის დათრგუნვა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, უხასიათობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. თვითშეგრძნების გაუარესება ხშირად დაკავშირებულია თანმხლებ პათოლოგიებთან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან, სიმსუქნესთან.

მენოპაუზა საშუალოდ 51,3 წლის ასაკისთვის დგება, თუმცა არსებობს ადრეული (40 წლამდე) და გვიანი (55 წლის შემდგომ) მენოპაუზა. მენოპაუზის ვადებზე გავლენას ახდენს როგორც მემკვიდრული ფაქტორები, ასევე ცხოვრების წესი, შრომისა და საყოფაცხოვრებო პირობები, კვება, კლიმატი, სპორტთან დამოკიდებულება და სხვა. მწეველ ქალებს მენსტრუაცია შესაძლოა 1,5-2 წლით ადრე შეუწყდეთ.

ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში იმატებს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონე. ამას ემყარება სწორედ მენოპაუზის სადიაგნოსტიკო ტესტები. პოსტმენოპაუზის პერიოდში საკვერცხეები იჭმუხნება და მცირდება. 60 წელს გადაცილებულ ქალებთან საკვერცხეები ოთხიოდე გრამს იწონის, ორჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე შვილოსნობის ფუნქციის მქონეებთან.

კლიმაქსისათვის დამახასიათებელი (ზემოთ ჩამოთვლილი) სიმპტომები მენოპაუზიდან დაახლოებით 5 წელს გრძელდება, შემდგომ, ჩვეულებრივ, ქრება. მათ ნაცვლად ხშირად თავს იჩენს ისეთი მოვლენები, როგორებიცაა საშოს სიმშრალე და ქავილი, სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება, ტკივილი შარდვის პროცესში, შარდვის გახშირება. იცვლება სისხლძარღვებისა და ძვლების მდგომარეობა, რის გამოც ქალებს ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, ინფარქტის, ინსულტისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი ემუქრებათ. ძვლების სიმყიფე (ოსტეოპოროზი) მოტეხილობათა საშიშროებას ქმნის. ცვლილებები მოიცავს მენჯის ფუძის კუნთებსაც, რაც ხშირად საშვილოსნოსა და საშოს დაწევა-გამოვარდნას განაპირობებს.

განსხვავებულია კლიმაქსთან დამოკიდებულებაც - ქალების დაახლოებით ნახევარი აღნიშნულ ცვლილებებს ადეკვატურად ხვდება, 20% დაბერების გარდაუვალ ნიშნად აღიქვამს ყოველივეს, 15%-ს არ სურს ასაკობრივ “ჩაქრობასთან” შეგუება, რაც ხშირად ფსიქიკაზეც უარყოფითად აისახება, ქალების 10%-ს კი პარადოქსული რეაქცია აღენიშნება – სოციალური და ფიზიკური აქტივობა უძლიერდება, აქედან გამომდინარე, თანატოლთა ჩივილებს კრიტიკულად ეკიდებიან ხოლმე.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თუ თქვენ გჭირდებათ ოპერაცია ლიმფური კვანძების ამოკვეთით ან სხივური თერაპია, ყურადღებით გაეცანით ამ ინფორმაციას,
"ლინა ლაინი" პროგრესული ტექნოლოგიების, მეთოდიკის, უახლესი თანამედროვე მოწყობილობებისა და აპარატურის საშუალებით
სიახლე როდია, რომ დაავადებათა პროფილაქტიკა, ანუ მათი არიდება, გაცილებით შედეგიანია, ვიდრე არსებული დაავადების მკურნალობა.
საზარდულის მიდამოში დიდი რაოდენობითაა ისეთი საოფლე ჯირკვლები, რომლებსაც შეუძლია კანის
შოტლანდიელი მეცნიერები აბერდინის უნივერსიტეტიდან აცხადებენ, რომ ქალებმა მენოპაუზის პერიოდში
ანტიბაქტერიული საპნით ხელების დაბანა, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე, არც ისე სასარგებლოა.
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა