ორსულობა და გაციება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და გაციება

 

- ქალბატონო მარინე, რა ხდება გაციებისას ორსულის ორგანიზმში და როგორ დაიცვას თავი მომავალმა დედამ?

- ორსულის იმუნური სისტემა ფიზიოლოგიური მიზეზების გამო დათრგუნულია (ეს ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც ხელს უშლის ნაყოფის მოცილებას), ამიტომ მომავალი დედა მეტისმეტად მგრძნობიარეა სეზონური ინფექციების მიმართ. ამასთანავე, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებები ორსულებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს და უფრო ხშირად რთულდება. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ვირუსული ინფექცია, განსაკუთრებით - ორსულობის ადრეულ სტადიებში, ზრდის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის რისკს.

თუ ჩვეულებრივ ადამიანს გრიპის ფეხზე გადატანის შემდეგ ხშირად ემართება ასთენიური სინდრომი (მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, მოთენთილობა), ორსულებში ამას ემატება ემოციური დარღვევები მსუბუქი დეპრესიიდან ქცევის მძიმე მოშლამდე. საწოლიდან წამოდგომისას ორსული გრძნობს თავბრუხვევას, ჩაესმის შუილი, აღიზიანებს კაშკაშა სინათლე, ხმამაღალი საუბარი, ჩართული ტელევიზორი.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ინფექცია?

- კარგი იქნება, თუ შინიდან გასვლისას ცხვირის ნესტოებში შევიზელთ ოქსოლინის 0,25%-იან მალამოს.

- თუ ქალი მაინც გახდა ავად?

- აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. უმჯობესია, იგი შინ მიიწვიოს. ანტიბიოტიკებისა და ანტიბაქტერიული პრეპარატების თვითნებური მიღება ორსულისთვის ერთიორად საშიშია.

- შეიძლება თუ არა ორსულისთვის სითბური პროცედურების ჩატარება?

- ასეთი პროცედურების უმრავლესობა, კერძოდ, ცხელი აბაზანები, მხოლოდ ფეხებისაც კი, ორსულისთვის უკუნაჩვენებია - ისინი ქმნის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის საფრთხეს.

- რას გვირჩევთ?

- თამამად შეგიძლიათ, ხელები ცხელ წყალს შეუშვიროთ. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა სურდოსა და ყელის ტკივილის დროს. გამოიყენეთ მშრალი სითბოც: როდესაც გრძნობთ, რომ ცივდებით, ყელზე შემოიხვიეთ თბილი კაშნე, ჩაიცვით შალის წინდები, შეგიძლიათ, შიგნით ცოტაოდენი მდოგვის ფხვნილიც ჩაიყაროთ, ჩაიცვით თბილი პიჟამა და საწოლში ჩაწექით.

- გაციებისას ბევრი სითხის სმას გვირჩევენ. ნებადართულია თუ არა ეს ორსულებისთვის?

- ორსულმა ყურადღება უნდა მიაქციოს მიღებული და გამოყოფილი სითხის თანაფარდობას, რათა თავიდან აიცილოს შეშუპება. მიღებული სითხის ოდენობა გამოყოფილისას არ უნდა აღემატებოდეს.

თუ არ გაქვთ ალერგია თაფლზე, ჟოლოსა და ლიმონზე, ურიგო არ იქნება, თუ ხშირ-ხშირად დალევთ თაფლიან, ჟოლოსმურაბიან ან ლიმონიან ჩაის, ღამით კი - თაფლით დამტკბარ ვაშლის ნახარშს. სვით მინერალური წყალი, მაღალი სიცხის დროს - შტოშის, წითელი მოცვის წვენი. აიღეთ თანაბარი რაოდენობის ასკილი და ძახველი ან ბარამბო და სალბის ნაყოფი, დააყენეთ და დალიეთ. სასურველია, მიღების წინ ნახარშს ჩაამატოთ 1-2 წვეთი ქაცვის ზეთი.

- როგორ მოვიქცეთ მაღალი სიცხის დროს? შეიძლება თუ არა სიცხის დამწევის მიღება?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაციებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე, მაგრამ ზოგჯერ არანაკლებ საშიშია მედიკამენტის გამოყენება. თუ სხეულის ტემპერატურა 38,5 გრადუსამდეა მომატებული, მისი დაწევა გახეხილი შტოშისა და თაფლის ნარევით სცადეთ: აიღეთ 2 სუფრის კოვზი შტოში, გასრისეთ, გახეხეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და დაასხით 2-3 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ, შეაგრილეთ და ყლუპ-ყლუპად დალიეთ.

თაფლი ძლიერი პოტენციური ალერგენია, მაგრამ მცირე დოზის ერთჯერადი მიღება, არასწორად გამოყენებული პრეპარატებისგან განსხვავებით, ბავშვს საფრთხეს არ უქადის.

სიცხის დამწევად შესაძლოა გამოგადგეთ ცაცხვის ფოთლების, გამომშრალი ჟოლოს ან გამომშრალი ვაშლის ჩაი.

არაჩვეულებრივი სიცხის დამწევი ეფექტი აქვს ჭარხლისა და სტაფილოს წვენებს. მათ შეიძლება დავუმატოთ მეოთხედი ოდენობის მჟავე კომბოსტოს წვენი - ის შეიცავს ბუნებრივ ლიზოციმს და ზრდის დაავადებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.

სვით მხოლოდ ახალგამოწურული წვენი. ის შეიცავს ფიტონციდებს - ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპობს ან თრგუნავს მიკროორგანიზმებს და აფერხებს მეორეული ბაქტერიული ინფექციის განვითარებას.

თუ ტემპერატურამ 39 გრადუსს გადააჭარბა, სხეული დაიზილეთ ძმრიან ხსნარში (1 სუფრის კოვზი ძმარი 0,5 ლიტრ წყალზე) დასველებული ხელსახოცით ან არაყში დასველებული ღრუბლით. წვივებზე შემოიხვიეთ ცივ წყალში დასველებული ნაჭერი.

თუკი ორსულობის ვადა 12 კვირას აღემატება, პარაცეტამოლისა და მისი შემცველი პრეპარატების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის მიერ მითითებული დოზით.

- როგორ მოვიქცეთ, თუ გაციებას დაერთო ხველაც?

- ასეთ დროს შეგიძლიათ სვათ ვირისტერფას, მრავალძარღვას და შავი მოცხარის ფოთლების ჩაი. კარგია ხახვის სიროფიც: საშუალო ზომის ხახვი კანკანად გარეცხეთ, დაფარეთ წყლით, დაამატეთ 50 გრამი შაქარი და 30-40 წუთს ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. სვით თითო ჩაის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, უმჯობესია, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ეფექტურია ორთქლის ინჰალაციაც: კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, ჩაამატეთ ევკალიპტის ფოთლები, კიდევ 2-3 წუთს დატოვეთ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და 5-7 წუთი ისუნთქეთ ნახარშის ორთქლი. უშუალოდ პროცედურის წინ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ სოჭის ზეთი.

ძალიან ეფექტურია თაფლის მასაჟი - აცხრობს ხველას და აქვეითებს ტემპერატურას. აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, შეათბეთ 40 გრადუსამდე, დაისველეთ მასში თითის წვერები და ნელა შეიზილეთ მკერდის ძვლის მიდამოში. მასაჟი გააგრძელეთ 1-2 წუთს. გაიმეორეთ მეორე და მესამე დღესაც.

- გაციებას ყოველთვის სდევს თან გამონადენი. რა ვუყოთ მას?

- მიმართეთ ისევ ხალხურ მედიცინას. სურდოს დროს კარგია ზემოთ აღწერილი ორთქლის ინჰალაცია, ოღონდ ამ შემთხვევაში ცხვირით უფრო მეტად ისუნთქეთ, ვიდრე პირით.

ნახევარ ჭიქა თბილ წყალში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი იოდი და ჩაყარეთ მწიკვი მარილი. ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში. კარგი იქნება, თუ გამორეცხვას დღეში 3-4-ჯერ ჩაიტარებთ.

სურდოს დაწყებისთანავე ჩაიცვით თბილი წინდები, ცხვირზე მიიდეთ შემთბარი მარილიანი ტომსიკა ან მოხარშული კვერცხი. თითოეულ ნესტოში ჩაიწვეთეთ მენთოლის ზეთი და ისუნთქეთ. კარგი იქნება, თუ მენთოლის ზეთს შუბლზე, საფეთქლებზე, ყურებს უკან და ნესტოებთანაც შეიზელთ.


 

- სურდოს საწინააღმდეგო რომელი პრეპარატებია ნებადართული ორსულებისთვის?

- სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატების (გალაზოლინის, ნაფტიზინის) გამოყენება სასურველი არ არის. უკიდურეს შემთხვევაში, გამოიყენეთ სურდოს პიკზე, ისიც 1-2 წვეთი. რაც უფრო იშვიათად გამოიყენებთ ასეთ წვეთებს, მით უკეთესია. თუ  მეტისმეტად ხშირად, დიდხანს ან ბევრს ჩაიწვეთებთ, მათი მოქმედება შესაძლოა გავრცელდეს პლაცენტის არტერიებზე და დაარღვიოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევა. უმჯობესია, მათ ნაცვლად გამოიყენოთ ზღვის წყალზე დამზადებული საშუალებები - აკვამარინი, სალინი,  პინოსოლი, ნაზივინი...

- როგორ მოვიქცეთ ყელის ტკივილის დროს?

- პირველ რიგში, გირჩევთ სოდიან სავლებს: აიღეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი, გახსენით მასში ერთი ჩაის კოვზი სოდა, შეიძლება დაუმატოთ 2-3 წვეთი იოდის ხსნარი. კარგად აურიეთ და დღეში რამდენიმეჯერ გამოივლეთ ყელში. კარგია სალბის, გვირილის, კრაზანას ნახარშიც. ამ ბალახებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება. მათი გამოყენება შესაძლებელია ცალ-ცალკეც და კომბინაციაშიც. ერთადერთი უკუჩვენება მათ მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ინდივიდუალური აუტანლობაა. კარგი იქნება, თუ დღეში 2-ჯერ, ჭამიდან ჭამამდე, პირში ჩაიდებთ ერთ საჩაროზე კოვზ თაფლს და წუწნით.

- რომელი მედიკამენტები შეიძლება გამოვიყენოთ ამ დროს?

- ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკებიდან ნებადართულია ჰექსორალი (აეროზოლი). ორსულობის დროს მისი ნეგატიური ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს. საკმაოდ ეფექტურია ინგალიპტიც, რომელსაც ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.

- საჭიროა თუ არა ავადმყოფობის დროს ვიტამინების დამატებით მიღება? ჩ ვიტამინის სიჭარბე ხომ არ ავნებს ნაყოფს?

- ვიტამინების მოთხოვნილება ორსულობის ვადასა და დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებლად ჩაიტარეთ ექიმის კონსულტაცია. მისი ნებართვის გარეშე არ გაზარდოთ ვიტამინების დოზა. შესაძლოა, ექიმმა დაგინიშნოთ ასკორბინის მჟავა, რომელიც გაძლიერებულად იხარჯება ინფექციის დროს ან ასკორუტინი, რომელიც განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს და ამცირებს გრიპის დროს სისხლდენის რისკს.

ვიტამინები ისე უნდა მივიღოთ, რომ შევივსოთ დაავადებით გამოწვეული დეფიციტი, მაგრამ არ შევქმნათ ჰიპერვიტამინოზი. გახსოვდეთ: A ვიტამინის სიჭარბე ორსულობის ადრეულ სტადიებზე იწვევს ნაყოფის განვითარების მანკებს, ხოლო ჩ და D ვიტამინების სიჭარბემ ორსულობის უკანასკნელ თვეებში შეიძლება პლაცენტის გადამწიფება გამოიწვიოს. უმჯობესია, ხშირად მიირთვათ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, სვათ ახალგამოწურული წვენები (გარდა სტაფილოს წვენისა). ამ შემთხვევაში ვიტამინების დოზის გადაჭარბება არ გვემუქრება.

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • დაავადებას 2-3 დღეში ვერ გაუმკლავდით.
  • ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს, თან სდევს ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები, სისუსტე, თავის ტკივილი, პირღებინება.
  • ხახის ლორწოვანზე გაჩნდა ნადები, ნუშურა ჯირკვლებზე - საცობები.
  • ცხვირიდან გამონადენმა ან ნახველმა მიიღო მოყვითალო-მომწვანო შეფერილობა ან გაუჩნდა სისხლიანი ჩანართები.
  • აღმოცენდა ძლიერი ტკივილი თავის, თვალბუდისა და შუბლის მიდამოში, რომელიც თავის დახრისას ძლიერდება.
  • გაწუხებთ ძლიერი ხველა, ხიხინი, გიჭირთ სუნთქვა.

აკრძალულია სპირტის შემცველი პრეპარატების, განსაკუთრებით - ძირტკბილას, ექინაცეის, ლიმონურას, ჟენშენის, ვარდისფერი როდიოლას ნაყენების, მიღება. ეს საშუალებები მაღლა სწევს არტერიულ წნევას და ახშირებს პულსს, ზრდის ორსულის გულის და ნაყოფის სისხლძარღვოვანი სისტემის დატვირთვას. მათ ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი იმუნოსტიმულატორები, რომლებიც არასასურველ ეფექტებს არ იწვევს. მაგალითად, პირშუშხას ფესვი წვრილად გახეხოთ, შეურიოთ იმავე ოდენობის შაქარი, დადგათ სითბოში და მიიღოთ 1 სუფრის კოვზი გაციების დროს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: დაავადების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ დედობას.