მათთვის, ვინც ქალაქში რჩება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მათთვის, ვინც ქალაქში რჩება

ნურავინ უარყოფს, რომ სულაც არ უხარია ცხელი ზაფხულის გატარება თუნდაც კონდიციონერით გაგრილებულ, მაგრამ მაინც მოსაწყენ და ხალხით სავსე ოფისში. ასეთ დროს, სპეციალისტების აზრით, სულაც არ არის საჭირო ემოციების შეკავება. არაფერი დაშავდება, თუ აღიარებთ, რომ დიდი სიამოვნებით გაატარებდით თუნდაც ხანმოკლე შვებულებას სადმე სხვაგან და არა სამსახურსა თუ სახლში. ფსიქოლოგიური კომფორტისთვის პრობლემების გაცნობიერება და აღიარებაა საჭირო და არა მათგან გაქცევა. მტკივნეული განცდებისგან გათავისუფლებაში შეიძლება ახლობელიც დაგეხმაროთ. გადაუშალეთ გული და თქვენი სადარდებელი გაანდეთ. გულახდილი საუბარი მეგობართან, რომელსაც შესაძლოა ანალოგიური პრობლემები ჰქონდეს, ნამდვილად მოგგვრით შვებას. ზაფხული მართლაც მხიარული დროა - გარეთ თბილა, ბავშვებს არდადეგები აქვთ, ათასგვარ გასართობს იგონებენ და არც თქვენ გაძლევენ მოწყენის საშუალებას, ისვენებთ, ძალ-ღონეს იკრებთ... მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ასე არ უღიმის ბედი. არის ხალხი, ვისაც ზაფხულის დეპრესია აწუხებს. მათ აქვთ ბიოლოგიური საფუძველი, ზაფხულის პრობლემებმა დეპრესიული განწყობა შეუქმნათ და თავი უბედურად აგრძნობინოთ. მათთვის გაუგებარია, რატომ არიან სხვები ლაღები და მხიარულები, თავად კი სულაც არ აქვთ ეს სასიამოვნო შეგრძნება.

როგორ გავექცეთ ზაფხულის დეპრესიას?

მოდი, ჯერ მისი მიზეზი გავარკვიოთ. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 4-6%-ს სეზონური აფექტური აშლილობა აქვს. დეპრესიის სიმპტომები თავს იჩენს, როცა დღეები მოკლდება და ტემპერატურა ეცემა. პაციენტთა 10%-ს კი დეპრესიას საპირისპირო მოვლენები ჰგვრის. არსებობს მონაცემები, რომ თბილი კლიმატის ქვეყნებში უფრო აქტუალური სწორედ ზაფხულის დეპრესიაა. რატომ უნდა გამოიწვიოს წელიწადის ამ ერთი შეხედვით ძალზე კომფორტულმა დრომ დეპრესია? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ექსპერტებს არ აქვთ. ვარაუდობენ, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხანგრძლივი დღე, მაღალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა. ზაფხულის დეპრესიის სიმპტომებია უმადობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, წონის კლება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრების ჩვეული რეჟიმის შეცვლაც. მან, ვისაც დეპრესიის ერთი ეპიზოდი მაინც ჰქონია, კარგად იცის, რომ ჩვეული განრიგის შეცვლის აუცილებლობა შესაძლოა დეპრესიის გამშვებ ფაქტორად იქცეს. თუ შინ პატარა ბავშვები გყავთ, იძულებული ხდებით, მეტი დრო დაუთმოთ, მოუაროთ, მათ გართობაზე იზრუნოთ, მოზარდებს კი შესაძლოა უსაქმობა, ერთფეროვნება მოსწყინდეთ და წუწუნით შეგაწუხონ. არდადეგებზე ბავშვების დღის რეჟიმი იცვლება და ამან შესაძლოა თქვენი ცხოვრების ჩვეული რიტმიც დაარღვიოს, რაც დეპრესიის აღმოცენებისთვის საკმარისია. ზაფხულის სიცხეში, როცა ხალხი თბილ ტანსაცმელს იხდის და შილიფად იმოსება, ერთბაშად ხდება შესამჩნევი სხეულის ფორმები, რაც ზოგიერთისთვის დამატებითი სტრესფაქტორია. ზოგიერთი ხალხთან ურთიერთობას გაურბის კიდეც და შინ იკეტება, რომ სხეულის ნაკლი დამალოს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს დეპრესიის აღმოცენებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური პრობლემები. ზაფხული წლის ძვირი პერიოდია, ზოგიერთი დაწესებულებისთვის კი ის "უხელფასო შვებულების" დროც არის. წინ სასწავლო წლის დასაწყისია, რაც ფულის დაზოგვის აუცილებლობას განაპირობებს. რა თქმა უნდა, დეპრესიას ესეც უწყობს ხელს. გუნება-განწყობაზე გავლენას ახდენს სიცხეც. ბევრს, ვინც ზაფხულს ზღვაზე ატარებს, ის ძალიან სიამოვნებს, მაგრამ მათთვის, ვინც შინ რჩება, ზაფხულის სიცხე შესაძლოა ძნელი ასატანი აღმოჩნდეს. სიცხის გამო ვეღარაფერს უდებთ გულს, საოჯახო საქმიანობაზეც კი უარს ამბობთ, ვეღარც საღამოობით სეირნობთ - ნებისმიერმა ამ ფაქტორმა შესაძლოა დეპრესია გააძლიეროს.


როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს? რა ვიღონოთ, რომ ნორმალური განწყობა შევინარჩუნოთ?

  • სპეციალისტები გვირჩევენ, ყველა პრობლემას დადებითი რაკურსით შევხედოთ. ზაფხულის და, საზოგადოდ, სეზონურ დეპრესიას დიდი უპირატესობა აქვს - ვიცით, როდის ველოდოთო, ხუმრობით ამბობენ ისინი. ამიტომ, მაისის ბოლო მოახლოვდება თუ არა, საზაფხულო გეგმის შედგენა დავიწყოთ, საჭიროებისას სპეციალისტსაც მივმართოთ.
  • აუცილებელია მოვიწესრიგოთ ძილი. სიცხე, ეზოში გვიანობამდე ჯდომა, მოკლე ღამეები ძილის ხანგრძლივობას ამცირებს. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ძილის დეფიციტი გუნებას აფუჭებს.
  • შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა, განვაგრძოთ მსუბუქი ვარჯიში. ეს დეპრესიისგან დაგვიცავს. თუ ძალიან ცხელა, ჯობს ივარჯიშოთ დილით ადრე ან გვიან საღამოს. კარგად კონდიცირებულ ფიტნესკლუბში სიარული ფინანსებს მოითხოვს, ადრე დილით ეზოში ვარჯიში კი ყველასათვის ხელმისაწვდომია. თუ ამის გამო ადრე ადგომა მოგიხდათ და ძილი დაგაკლდათ, შეიძლება შუადღისას აინაზღაუროთ. გაითვალისწინეთ, საუბარია მსუბუქ, გამამხნევებელ დილის ვარჯიშზე და არა დიდ დატვირთვაზე.
  • დაიცავით ზომიერება კვებაშიც და დატვირთვაშიც. ცხელი ზაფხული მკაცრი დიეტისა და ინტენსიური ვარჯიშისთვის შეუფერებელი დროა. დიეტა გაზრდის შფოთვასა და დისკომფორტს. შეგიძლიათ, ოდნავ შეამციროთ კალორიები პურისა და ტკბილეულის ხარჯზე და ცოცხალი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ.
  • კარგად დაფიქრდით, მართლაც გაქვთ თუ არა ზაფხულში დეპრესიის მიზეზი. იქნებ გასულ ზაფხულს რაიმე ცუდი მოხდა, იქნებ ამიტომ ასოცირდება თქვენთვის ზაფხული მძიმე ემოციებთან, მაგრამ ეს სულაც არ იძლევა საიმისო საფუძველს, რომ ცხოვრების ტრაგიკული მოვლენების გამეორებაზე ყოველ წელს იფიქროთ.
  • კარგად დაფიქრდით, ნუთუ მართლა აუცილებელია სადმე გაემგზავროთ? იქნებ საუკეთესო დასვენება სწორედ შინ დარჩენაა. სხვათა შორის, ისეთ საოცარ ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა, 2011 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 31,4% ზაფხულში შვებულების აღებას სულაც არ აპირებდა. ისინი უბრალოდ სამუშაოდ იყვნენ განწყობილნი. მათ, ვინც შვებულების აღებას გეგმავდა, გადაწყვეტილი ჰქონდათ, სულ 5-6 დღით დაესვენათ, მათი 29,4% კი შვებულების მშობლიურ ქალაქში გატარებას გეგმავდა. გამოკითხულთა უდიდესმა ნაწილმა აღნიშნა, რომ შვებულება შინ მშვიდად ყოფნისა და დასვენების  დროა.
  • თუ მრავალი წელია, ზაფხულში თავს ცუდად გრძნობთ და ამის გამო წამლებსაც სვამთ, წინასწარ ეწვიეთ ექიმს, რათა მკურნალობა დაგეგმოთ. ჯობს დროულად იზრუნოთ პრობლემების თავიდან აცილებაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იცით, რომ დეპრესია სექტემბერში გაგივლით, მის უგულებელყოფას არ გირჩევთ. სამი თვე საკმაოდ დიდი დროა საიმისოდ, რომ თავი ცუდად იგრძნოთ. ეს არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც შეაწუხებს.
  • ეცადეთ ზაფხულის მოახლოებისას პრობლემებსა და თქვენს მწირ ფინანსურ შესაძლებლობებზე კი არ იფიქროთ, არამედ ეცადოთ, იპოვოთ გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.

როგორ დავემალოთ სიცხეს

შესაძლოა, ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ შეკითხვა გაგიჩნდეთ: როგორ დავაღწიოთ თავი ცხელი ზაფხულით მოგვრილ დისკომფორტს, საერთოდ, არსებობს კი საამისო საშუალება? რასაკვირველია, არსებობს, თანაც ერთი კი არა, რამდენიმე.

  • ფრთხილად იყავით სიცხეში, ნუ დატოვებთ მას უყურადღებოდ და სათანადოდ შეცვალეთ თქვენი საქმიანობა.
  • სვით საკმაო რაოდენობის წყალი.
  • ეცადეთ, ხშირად ესტუმროთ გრილ ადგილებს - შადრევნიან სკვერებს, თანამედროვე სავაჭრო ცენტრებს - ისინი კარგად კონდიცირდება.
  • ნუ დარჩებით დიდხანს მანქანაში, რომელშიც კონდიციონერი არ არის ჩართული.
  • მიირთვით მსუბუქი კერძები.
  • ატარეთ მსუბუქი, გრილი, ღია ფერის ტანსაცმელი.
  • ბინაში დაბალ ტემპერატურას შეინარჩუნებთ, თუ მზემომდგარ ფანჯრებს მიხურავთ და მათზე სქელ ფარდებს ჩამოაფარებთ.
  • კარგად გაგაგრილებთ ნელთბილი შხაპი.
  • კარგია ცივი უალკოჰოლო სასმელებიც, აი, ალკოჰოლიანი კი სხეულის თერმორეგულაციას არღვევს.