რატომ ყვითლდება ახალშობილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ყვითლდება ახალშობილი

ამის კვალობაზე, სიყვითლის დადასტურება სირთულეს არ წარმოადგენს. გაცილებით ძნელია მისი მიზეზის დადგენა, რამდენადაც სიყვითლე მრავალ ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებას ახლავს თან. გვესაუბრება ბავშვთა ჰეპატოლოგი, ევროპის ჰეპატოლოგთა ასოციაციის წევრი, მედიცინის დოქტორი ბელა ელიაძე:

- სიყვითლე შეიძლება იყოს როგორც ჭეშმარიტი, ასევე ცრუ. ცრუ სიყვითლე არის კანის ყვითლად შეფერვა, რაც ხდება კაროტინის (A ვიტამინი) შემცველი ხილის ან ბოსტნეულის (სტაფილო, ციტრუსები) ჭარბი მიღების, ასევე - ზოგიერთი მედიკამენტის (აკრიქინი) ან ქიმიური ნივთიერების (პიკრინის მჟავა) მიღების შემდეგ. ამ დროს კანი მოყვითალო-ფორთოხლისფერი ხდება, განსაკუთრებით მკვეთრად იფერება ხელისგულები და ფეხისგულები, ნიკაპი, მსხვილი სახსრების მიდამოები. სამაგიეროდ, ფერს არ იცვლის ლორწოვანი გარსები. ცრუ სიყვითლის დროს სისხლში ბილირუბინის ოდენობა ნორმალურია, პაციენტს კლინიკური ჩივილები არ აქვს.

ჭეშმარიტი სიყვითლე დაავადების ადრეული და ზოგჯერ ერთადერთი ნიშანია. მისი ინტენსივობა ორგანოს ან ქსოვილის სისხლით მომარაგებაზეა დამოკიდებული. ნამდვილი სიყვითლე ვლინდება სისხლში ბილირუბინის დონის მატების - ჰიპერბილირუბინემიის დროს, როდესაც მისი მაჩვენებელი 2მგ% (34 მკმოლ/ლ)-ზე მეტია. 3მგ%-მდე ვითარდება სკლერების სიყვითლე, ხოლო 5მგ%-მდე - კანისა.

- როგორია საერთო ბილირუბინის ნორმა?

- საერთო ბილირუბინის ასაკობრივი ნორმები ასეთია:

  • დღენაკლული ახალშობილი - 8-12მგ% (137-205მკმოლ/ლ);
  • დროული ახალშობილი - 3,4-11,5მგ% (58-195მკმოლ/ლ);
  • 60 წლამდე - 0,3-1,2 (5-12მკმოლ/ლ);
  • 60-დან 90 წლამდე - 0,2-1,1,გ% (3-11მკმოლ/ლ).

- როგორ ზიანდება ღვიძლი სიყვითლის დროს?

- პათოლოგიური პროცესის მიხედვით გამოყოფენ ღვიძლზედა, ღვიძლშიდა და ღვიძლქვედა სიყვითლეებს.

ღვიძლზედა სიყვითლე ვითარდება ერითროციტების დაშლის (ჰემოლიზის) შედეგად, ამიტომ მას ჰემოლიზურს უწოდებენ. მას იწვევს თანადროული და შეძენილი ანემიები; ჰემოლიზით მიმდინარე პათოლოგიები - ინფექციები, დამწვრობა, ინტოქსიკაცია; პოსტტრანსფუზიული (სისხლისა და მისი შემცვლელების გადასხმის შემდგომი) გართულებები; სისხლჩაქცევები (ჰემატომები, ინფარქტი) და სხვა.

ღვიძლშიდა სიყვითლის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური დაავადება. ასეთი დაავადებების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია. არაინფექციურია ტოქსიკური ჰეპატიტები, მწვავე ალკოჰოლური, მედიკამენტური და სხვა ტოქსინებით გამოწვეული ჰეპატიტები. ინფექციურია: A, B, C, D, E, F ვირუსული ჰეპატიტები; ჰერპესული ჰეპატიტი; ციტომეგალოვირუსული ჰეპატიტი; ყვითელი ცხელება; ინფექციური მონონუკლეოზი; შებრუნებითი ტიფი; ნაწლავთა იერსინიოზი; ორნითოზი; ლეპტოსპიროზი; ფსევდოტუბერკულოზი; ლისტერიოზი; სეფსისი; ამებიაზი; სალმონელოზი; სიფილისი.

მინდა, ცალკე გამოვყო გახანგრძლივებული სიყვითლით მიმდინარე პიგმენტური ჰეპატოზები, მემკვიდრეობითი სინდრომები - ჟილბერისა, როტორისა, კრიგლერ-ნაიარისა, დაბინ-ჯონსონისა. ღვიძლქვედა სიყვითლეებს იწვევს ნაღველკენჭოვანი დაავადება, ჰელმინთოზები და სიმსივნეები (ყველაზე ხშირად - პანკრეასის თავის კიბო).

- როგორ უნდა გამოვავლინოთ სიყვითლე?

- სიყვითლის გამოსავლენად ბავშვი უნდა დავათვალიეროთ დღისით, მზის სინათლეზე, ანდა ამ ტიპის განათების პირობებში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამხდრებში სიყვითლე უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე მსუქნებში, რადგან ცხიმი ბილირუბინის ნაწილს შთანთქავს. სიყვითლე ჰიპერბილირუბინემიიდან 2-3 დღის შემდეგ ჩნდება, ხოლო როცა სისხლში ბილირუბინის რაოდენობა ნორმას უბრუნდება, სიყვითლე კანსა და ლორწოვანზე კიდევ რამდენიმე დღე რჩება.

- რას გვეტყვით ახალშობილთა სიყვითლის შესახებ?

- სიყვითლე აღენიშნება დროულ ახალშობილთა 50%-ს და დღენაკლულთა 80%-ს. უმეტესად ეს ფიზიოლოგიური სიყვითლეა და მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა ახალშობილთა სიყვითლე, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ფიზიოლოგიური იყოს, ყოველთვის მოითხოვს ნეონატოლოგის ყურადღებას.

ბილირუბინის მომატებული კონცენტრაცია და ნაღვლის წვენით მისი არასაკმარისი გარდაქმნა შემდგომ შესაძლოა ახალშობილის ორგანიზმში მკვეთრი პათოლოგიური ძვრების მიზეზად იქცეს, ზოგჯერ კრიტიკული მდგომარეობაც კი გამოიწვიოს. კლინიკურად სიყვითლე ვლინდება ბილირუბინის მომატებით 68-120მკმოლ/ლ-მდე.

ჰიპერბილირუბინემიამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული სიყვითლე და ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანება, როცა მისი კონცენტრაცია სისხლში მიაღწევს 306-340მკმ/ლ-ს, თუ ბავშვი დროულია და 170-240მკმოლ/ლ-ს, თუ იგი დღენაკლულია. ამ პათოლოგიას ბილირუბინული ენცეფალოპათია ეწოდება.

ბილირუბინემია კონცენტრაციით 86მკმოლ/ლ-ზე სიცოცხლის I დღეს; 171მკმოლ/ლ სიცოცხლის II დღეს და 200-240მკმოლ/ლ სიცოცხლის შემდგომ დღეებში ფიზიოლოგიურად არ მიიჩნევა.

- რა ძვრები ხდება ამ დროს ახალშობილის ორგანიზმში?

- ახალშობილს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ნაწლავური ბაქტერიებით ჯერ არ არის სრულყოფილად დასახლებული და ბაქტერიული ფერმენტები ბილირუბინზე არ მოქმედებს. ბილირუბინის დაშლა ნაწლავში ხდება სპეციფიკური ფერმენტის - ბეტა-გლუკურონიდაზის - საშუალებით, რის შემდეგაც გამოთავისუფლებული პიგმენტი შეიწოვება სისხლში და უფრო მეტად ზრდის თავისუფალი (შეუკავშირებელი) ბილირუბინის რაოდენობას.


- როდის გამომჟღავნდება ფიზიოლოგიური სიყვითლე?

- ფიზიოლოგიური სიყვითლე ძლიერ იშვიათია დაბადების პირველ დღეს და ახალშობილთა უმრავლესობას გამოაჩნდება დაბადებიდან არა უადრეს 36 საათისა, უმეტესად - მესამე დღეს. ფიზიოლოგიურ სიყვითლეს განაპირობებს ერითროციტებისა და ჰემოგლობინის მაღალი შემცველობა ახალშობილის სისხლში, ასევე - ნაყოფის (ფეტალური) ჰემოგლობინის შემცველი ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზი), ღვიძლის უმწიფრობა.

თავდაპირველად სიყვითლე სახეზე ჩნდება, შემდეგ - ტანზე, კიდურებზე, კონიუნქტივასა და ლორწოვან გარსებზე. ამ დროს სიყვითლე იზოლირებულია, ღვიძლი და ელენთა არ არის გადიდებული, არც ანემია შეინიშნება. ჩვეულებრივ, დროულ ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლე ერთ კვირაზე მეტს არ გასტანს. განავლის შეფერილობა ნორმალურია, შარდი - გამჭვირვალე, ყვითელი, ბილირუბინის რაოდენობა სისხლში არ აღემატება 150მკმოლ/ლ. დღენაკლულ ახალშობილთა სიყვითლე უფრო მკვეთრად არის გამოხატული და ხანგრძლივია.

- რატომ გახშირდა გახანგრძლივებული ფიზიოლოგიური სიყვითლის შემთხვევები?

- ფიზიოლოგიური სიყვითლის განვითარებისა და მისი გახანგრძლივების მიზეზთა შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეგზოგენური (გარეგანი) ფაქტორების ზემოქმედებას: შიმშილს (ძუძუსთან გვიან მიყვანას), ოქსიტოცინის გამოყენებას სამშობიარო აქტის სტიმულაციის მიზნით.

- გარდა ფიზიოლოგიური სიყვითლისა, რა შეიძლება გამოიწვიოს ბილირუბინის მომატებამ?

- ბილირუბინი საკმაოდ ტოქსიკური პიგმენტია - ის პოტენციური ნეიროტოქსინია, თავისუფალმა (არაკონიუგირებულმა, არაშეკავშირებულმა) ბილირუბინმა, რომელიც არ არის დაკავშირებული ცილასთან (ალბუმინთან), შეიძლება გაიაროს ჰემატოენცეფალური ბარიერი და თავის ტვინში გამოიწვიოს უჯრედთა სიკვდილი აპოფტოზით და/ან ნეკროზით. რამდენად დააზიანებს იგი თავის ტვინს, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

- რა იწვევს პათლოგიურ სიყვითლეს?

- ახალშობილებსა და ბავშვებში, ისევე როგორც მოზრდილებში, პათოლოგიურ სიყვითლეს მრავალი ინფექციური და არაინფექციური დაავადება იწვევს.

პირველ რიგში აღსანიშნავია ერითროციტების ჰემოლიზით (დაშლით) მიმდინარე დაავადებები:

  • სისხლის ჯგუფური და რეზუსშეუთავსებლობა (სიყვითლე ვითარდება სიცოცხლის I-II დღეს);
  • თანდაყოლილი მემბრანოპათოლოგიები (სფეროციტოზი და სხვა);
  • ფერმენტოპათიები (გლუკოზა - 6 ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა) - სიყვითლე ვლინდება II-III დღეს;
  • კეფალოჰემატომა, სისხლჩაქცევები, ინფექციები - სიყვითლე ვლინდება III-IV დღეს.

არსებობს პათოლოგიები, რომელთა დროსაც სიყვითლე ვლინდება I-დან VIII დღეს. ესენია თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემიები, დედის რძით განპირობებული სიყვითლე, ჰიპოთირეოზი, პერინატალური პერიოდის გართულებები, სისხლდენები, სეფსისი, ასფიქსია, საშვილოსნოსშიდა ინფექცია და სხვა.

- რას გვეტყვით დედის რძით განპირობებულ სიყვითლეზე?

- ახალშობილებში ხშირია არიასის სინდრომი - სიყვითლე, რომელსაც დედის რძეში არსებული ბეტა-გლუკურონიდაზა იწვევს. ვლინდება სიცოცხლის მე-4-14 დღეს. 24-48 საათის განმავლობაში ძუძუთი კვების შეწყვეტა და ალტერნატიული საკვების მიწოდება ბილირუბინის დონეს აქვეითებს.

- როგორ გამოვლინდება პათოლოგიური სიყვითლე?

- პათოლოგიური სიყვითლის სიმპტომებია:

  • კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე (იქტერულობა);
  • ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება), თუმცა არა ყოველთვის;
  • ენცეფალოპათიის ნიშნები;
  • ტვინისმიერი კივილი;
  • ჰიპერტონია;
  • ცხელება;
  • კრუნჩხვა (მძიმე შემთხვევებში).

- რა განსხვავებაა ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სიყვითლეს შორის?

- მათი განმასხვავებელი ნიშნები ასეთია:

ფიზიოლოგიური სიყვითლე:

  • ვლინდება არა უადრეს 2 დღისა და ქრება მე-10-14 დღეს;
  • ბავშვი აქტიურია, ტემპერატურა - ნორმალური, წოვის რეფლექსი - კარგი;
  • შარდისა და განავლის ფერი არ იცვლება;
  • ღვიძლი და ელენთა გადიდებული არ არის.

პათოლოგიური სიყვითლე:

  • ვლინდება პირველ 24 საათში ან 7 დღის შემდეგ;
  • საერთო მდგომარეობა - დამაკმაყოფილებელი ან დარღვეული;
  • შარდი და განავალი შესაძლოა ფერნაცვალი იყოს;
  • შესაძლოა იყოს ჰეპატოსპლენომეგალია.

დასასრულს, კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი სიყვითლეების გახშირებას. უმცროსი და უფროსი ასაკის ბავშვებში სიყვითლის ხშირი მიზეზია მწვავე ვირუსული ჰეპატიტი. სიყვითლის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ინფექციონისტს.