ფერმენტული უკმარისობა თუ საკვების აუტანლობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფერმენტული უკმარისობა თუ საკვების აუტანლობა?

- ჩვეულებრივი ალერგიისას სპეციფიკური ანტისხეულები (იმუნოგლობულინი) საკვებისმიერ ანტიგენებს უკავშირდება. წარმოქმნილი ანტისხეულ-ანტიგენური კომპლექსი აზიანებს ე.წ. პოხიერი უჯრედების გარსს და სისხლში გადაისვრის ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა - ჰისტამინი, სეროტონინი და ა.შ. სწორედ ამ დროს ბავშვს ეწყება მუცლის ტკივილი, კანზე კი წითელლაქოვანი გამონაყარი (ურტიკარია, ჭინჭრის ციება) წარმოიქმნება.

ცრუ ალერგიისა და ფერმენტული უკმარისობის დროს იმუნური რეაქცია არ არის. სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობა იცვლება. ჰისტამინი სისხლში იმიტომ ჩნდება, რომ საკვებთან ერთად ჭარბად ხვდება ორგანიზმში და მისი გამანეიტრალებელი ფერმენტი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ამის შედეგად ბავშვს ალერგიის ნიშნები უჩნდება. სინამდვილეში ალერგიული რეაქცია არაფერ შუაშია - აქ საკვების აუტანლობის მექანიზმი მოქმედებს!

- რა არის ფერმენტის ნაკლებობის მიზეზი?

- მიზეზი მემკვიდრეობით გადაცემული გენის დეფექტია, რომელიც რძის შაქრის - ლაქტოზის, მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილე ფერმენტის სინთეზს უზრუნველყოფს.

ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ლაქტოზა დისაქარიდია - ის ორი მარტივი შაქრისაგან (მონოსაქარიდისაგან): გლუკოზისა და გალაქტოზისაგან შედგება. ბავშვის ნაწლავებს ამ უზარმაზარი, ორმაგი მოლეკულის ათვისება უძნელდება, ამიტომ შუაზე “ყოფს” მას, აშორებს გლუკოზასა და გალაქტოზას. ბიოქიმიური “მაკრატლის” როლს ფერმენტი ლაქტაზა ასრულებს. მის დეფიციტს ლაქტოზის აუტანლობა (ან ლაქტაზის უკმარისობა) ეწოდება.

ზოგჯერ ბავშვს ლაქტოზასთან პრობლემა არ აქვს, მაგრამ არ გააჩნია გალაქტოზის მეტაბოლიზმის ფერმენტი. ბიოქიმიური ჯაჭვიდან ამოვარდნილი გალაქტოზა გროვდება სისხლში და წამლავს ორგანიზმს. ასეთ დროს დიაგნოზი არის გალაქტოზემია. ეს უფრო საშიში მდგომარეობაა, თუმცა, საბედნიეროდ, იშვიათი.

- როგორ ვლინდება?

- გალაქტოზემია თავს იჩენს დაბადების პირველივე დღეებში. ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლე, რომელიც სიცოცხლის მე-7-10 დღეს თანდათან უნდა გაქრეს, უფრო ძლიერდება. ჩვილს ეწყება პირღებინება და ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, დიდდება ღვიძლი, ბავშვი მივარდნილია სისხლში შაქრის სიმცირის გამო. მალე მოდუნება იცვლება ნერვული სისტემის აგზნებით (კრუნჩხვებამდე!), ჭარბი გალაქტოზა წამლავს ორგანიზმს.

ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის განვითარების შეფერხება, კატარაქტა, ღვიძლის ციროზი. დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ერთადერთი სწორი გამოსავალია.

ლაქტაზური უკმარისობა - ასეთი სახიფათო არ არის. ბავშვის ზრდასთან ერთად ფერმენტული სისტემაც ვითარდება და პრობლემაც ქრება. თუმცა მანამდე პატარას უსიამოვნებათა მთელი წყების გადალახვა უწევს: ის ვერ ითვისებს რძეს, ვერ იმატებს წონას, ჩამორჩება ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებას; ნაწლავებში მატულობს ლპობის პროცესი, რაც ზრდის მეტეორიზმს, ბავშვს აწუხებს კოლიკა - ჭირვეულობს, ვერ იძინებს.

ლაქტაზის პირველადი უკმარისობა თანდაყოლილია, ხოლო ფერმენტის აქტიურობის დაქვეითება მეორეული ლაქტაზური უკმარისობაა და ნაწლავთა ინფექციის შემდეგ ვითარდება, უფრო ხშირად კი როტავირუსული აფეთქების შემდეგ, რომლის სეზონურობა შემოდგომიდან გაზაფხულამდე გრძელდება. როტავირუსისგან თავის ასარიდებლად ჰიგიენის დაცვაა საჭირო, რადგან ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი, კონტაქტური და ორალური გზით - დაუბანელი ან ცუდად (უსაპნოდ) დაბანილი ხელებით, ხილით, ბოსტნეულით, ჭურჭლით, სათამაშოებით.

ლაქტაზის პირველადი უკმარისობის დროს ბავშვს ყველაფერი რძის შემცველი ეკრძალება, რძიანი შოკოლადიც კი!

- როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

- მისი რაციონიდან უნდა ამოვიღოთ რძე და ყველაფერი რძის შემცველი - ეს კანონია! გალაქტოზემიისა და ლაქტოზის პირველადი უკმარისობის დროს ინიშნება ულაქტოზო ნარევები, მეორეული უკმარისობისას - დაბალლაქტოზური პროდუქტები ჰიდროლიზებული (დაშლილი) ცილებით. ეს სპეციალური ნარევებია, რომლებიც ლაქტოზის 20%-ზე მეტს არ შეიცავს, მონელების პროცესის სრულყოფილად წარსამართად კი დამატებული აქვს ფერმენტი ლაქტაზა.

ასეთი აკრძალვა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ არავითარი რძე და მისი პროდუქტები (მაწონი, იოგურტი, ხაჭო, არაჟანი, ყველი, რძეზე დამზადებული ცომეული), კერძები მხოლოდ მცენარეულ ზეთზე და არა კარაქზე.

მეორეული უკმარისობის დროს აკრძალულია მხოლოდ რძე. მისი ნაწარმი - დასაშვებია, თუ არ იწვევს პირღებინებას, დიარეას, აირების დაგროვებას, მუცლის ტკივილს. რძემჟავა პროდუქტები რძესთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ლაქტოზას შეიცავს. მათში ლაქტოზა რძის მჟავად გარდაიქმნება, ეს კი ბავშვისთვის უსაფრთხოა.

- იშვიათია ბავშვი, რომელსაც ტკბილეული არ უყვარს, მაგრამ ასეთებიც არიან და მათი უცნაური საქციელი ფრუქტოზის აუტანლობით აიხსნება. რას ნიშნავს ეს და რა არის მისი მიზეზი?

- ბავშვი თუ ჯიუტად უარს ამბობს ტკბილეულზე, უნდა შეუმოწმოთ სისხლში გლუკოზის დონე. თუ ის დაქვეითებულია, ფრუქტოზა კი - მომატებული, ე.ი. სახეზეა ფრუქტოზემია - ფრუქტოზის აუტანლობა.

ფრუქტოზა და გლუკოზა შედის საქაროზის მოლეკულის შემადგენლობაში. ფრუქტოზა ბავშვისთვის “თეთრ საწამლავად” იქცევა, თუ ღვიძლში არ გამომუშავდება მნიშვნელოვანი ფერმენტი - ფრუქტოზა-1-ფოსფატ-ალდოზა, რომელიც ფრუქტოზას ორგანიზმისთვის უვნებელს ხდის. ფერმენტის ნაკლებობისას თირკმელებსა და ნაწლავების ლორწოვან გარსებში გროვდება ტოქსიკური ფრუქტოზა-1-ფოსფატი.

- როგორ გამოვლინდება ფრუქტოზემია?

- პრობლემა ტკბილეულის პირველივე გასინჯვისას ჩნდება. მაგ. თუ კვებათა შორის შუალედში დედამ ბავშვს დამტკბარი ჩაი ან გახეხილი ვაშლი მისცა, ბავშვს ეწყება შეუპოვარი პირღებინება, უარს ამბობს საკვებზე, იკლებს წონას, ჩამორჩება ზრდასა და განვითარებაში, სუსტადაა, ფერმკრთალია, მივადნილი, ღვიძლი გადიდებული აქვს, ეწყება სიყვითლე, უზიანდება თირკმელები. ამ ყველაფერს შაქრის (საქაროზის) აუტანლობა იწვევს.

- რა ვიღონოთ ასეთ დროს?

- საჭიროა კვების კორექცია. ბავშვს ეკრძალება ყველაფერი შაქრის შემცველი. მეძუძური დედისთვის დაუშვებელია ტკბილეული, რადგან შაქარი ადვილად გადადის რძეში. თუ პატარა ხელოვნურ კვებაზეა, მას ეძლევა ლაქტოზისა და დექტრინ-მალტოზის შემცველი რძიანი ნარევები, ხილის პიურეების ნაცვლად, 30-დან 60 გ-მდე გლუკოზა, ხოლო ხორცი, თევზი, მაწონი, ხაჭო და კვერცხი უფრო ადრეულ ასაკში, ვიდრე მათ თანატოლებს.

სტაფილო, კენკროვნები და ხილი (ლიმონის გარდა) 1 წლის შესრულების შემდეგაც მათთვის აკრძალული პროდუქტების ნუსხაშია.

დასაშვებია - თაფლი, ხილფაფა, მურაბა, შესქელებული რძე, იოგურტი, ხახვი, ისპანახი, შეიძლება ასევე ხორბლის ფქვილის პური, ბრინჯი, მანანის ფაფა, ჩაი, კაკაო უშაქროდ. მას ცვლიან გლუკოზით, მალტოზით, დექსტრინმალტოზით.

- ასეთი დიეტა მთელი ცხოვრება გრძელდება?

- დიეტა მთელი ცხოვრება არ არის აუცილებელი. 5-6 წლისთვის უფრო მეტად აქტიურდება დეფექტური გენები, რომლებიც ფრუქტოზის დაშლის ფერმენტებს წარმოქმნის. დიეტოლოგის კონსულტაციით შესაძლებელი ხდება რაციონის თანდათან გაფართოებაც.

- ბევრ ბავშვს შოკოლადზე აქვს ალერგია, სინამდვილეში მისი მიზეზიც ფერმენტული უკმარისობა ყოფილა.

- ამგვარ რეაქციას იწვევს ფერმენტ დიამინოქსიდაზის სიმცირე, რომელიც შლის ჰისტამინსა და მის მონათესავე ნივთიერებებს (ბიოგენური ამინები), რომელთაც შოკოლადი და სხვა პროდუქტები შეიცავს.

- როგორი ნიშნებით გამოვლინდება?

- სიმპტომები ალერგიის მსგავსია: ბავშვს შოკოლადის შეჭმისთანავე ეწყება ქავილი, წითელი ლაქოვანი გამონაყარი, შესაძლებელია შეშუპებაც (კვინკეს შეშუპება). ასთმური რეაქციებისადმი მიდრეკილ ბავშვს ეწყება სუნთქვის გაძნელება. ჰიპერაქტიურ ბავშვებს კი ხშირად უვითარდებათ შაკიკის შეტევა, რადგან ჰისტამინი თავის ტვინის სისხლძარღვებს ავიწროებს. ეს ნივთიერება ნაწლავთა პერისტალტიკასაც აძლიერებს. ამდენად, ყურყური მუცლის არეში და ტკივილი, თხიერი განავალი გამორიცხული არ არის.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს?

- ბავშვს უნდა მისცეს ანტიჰისტამინური პრეპარატი ასაკის გათვალისწინებით და გამორიცხოს მისი რაციონიდან - შოკოლადი და ჰისტამინის შემცველი სხვა პროდუქტები, ასეთებია:

  • კაკაო;
  • პომიდორი;
  • კეტჩუპი;
  • ყველი;
  • მარინადი;
  • მდოგვი;
  • კვერცხი;
  • ღორის ხორცი და ნებისმიერი ცხიმიანი ფრინველი;
  • შებოლილი ხორცი და თევზი;
  • ისპანახი, ხახვი, ლობიო, სოია;
  • ნიახური;
  • ციტრუსები, ანანასი, ავოკადო;
  • ნიგოზი, ქიშმიში.

აუცილებელი არ არის ამ პროდუქტების სამუდამო აკრძალვა. რაციონიდან მხოლოდ ალერგიული რეაქციის გამომწვევი საკვები უნდა გამოირიცხოს. აწარმოეთ კვებითი დღიური, აღნიშნეთ, რა შეჭამა ბავშვმა, რა ოდენობით, რომელ პროდუქტებთან ერთად და რა შედეგი გამოიწვია.

ხშირად შოკოლადის ერთი-ორი ნატეხი არავითარ რეაქციას არ იძლევა, მაგრამ უფრო მეტის შეჭმისას - დიამინოქსიდაზა ვერ უმკლავდება დიდი ოდენობით ჰისტამინს და პრობლემაც მაშინვე ჩნდება.

ამიტომ, გირჩევთ, მიაგნოთ საკვების ბავშვისთვის უვნებელ ოდენობას და არასდროს გადააჭარბოთ მას.

ფრუქტოზის აუტანლობის დროს თვით ყველაზე სასარგებლო ვაშლმაც კი შესაძლებელია პატარას პრობლემები შეუქმნას.

რადგან რძის პროდუქტები მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო კალციუმით, ამიტომ ლაქტოზის აუტანლობისას მენიუდან მათი გამორიცხვის დროს პატარას დამატებით ეძლევა კალციუმი.