შეიძლება თუ არა, ბავშვმა იმარხულოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა, ბავშვმა იმარხულოს

- ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი “კი” და “არა”. თუმცა ორივე მოსაზრების შემთხვევაში არსი მარხვისა არ უნდა დავივიწყოთ - მარხვა ეს მხოლოდ გარკვეული პროდუქტების აკრძალვა არ არის, ის მოიცავს სულიერ მარხვას, უარყოფითი ემოციების მართვას, გარკვეული ქმედებებისგან თავის შეკავებას. ყოველივე ეს კი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა ხდებოდეს, არავითარ შემთხვევაში - მშობლების სურვილით და კარნახით, ძალდატანებითა და დაშინებით, რაც, სამწუხაროდ, ძალზე ხშირია. მარხვა უნდა იყოს ადამიანის გააზრებული არჩევანი.

- რას ნიშნავს ეს?

- წარმოვიდგინოთ ხელმოკლე ოჯახი, რომელსაც არ აქვს საშუალება, ხორცით, თევზითა და რძის პროდუქტით იკვებოს. მეორე შემთხვევაში, ადამიანმა შესაძლოა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო თავისივე სურვილით უარყოს ცხოველური საკვები, ყოველგვარი რელიგიური მოსაზრების გარეშე. მარხვა კი სულიერების გარეშე წარმოუდგენელია, მარხვა - დიეტა არ არის.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა: ვინც მხოლოდ საკვების შეზღუდვით შემოიფარგლება მარხვის დროს, ის აკნინებს მას. ჩვენ უნდა ვიმარხულოთ მთელი სხეულით, არა მხოლოდ კუჭით, არამედ თვალით, ყურით, ხელითა და ფეხით. ამით ყველაფერია ნათქვამი.

- რა ასაკიდან შეიძლება დაიწყოს ბავშვმა მარხვა?

- ეს მშობელზეა დამოკიდებული, მან თანდათანობით უნდა შეამზადოს ბავშვის გონება ამ მოვლენისათვის. ბავშვი უნდა ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, ჰქონდეს ეკლესიაში ქცევის ელემენტარული ჩვევები მაინც.

თუ ის ვერ აცნობიერებს მარხვის არსს, არ იცის, ვინ არის იესო ქრისტე, მაშინ არ ღირს ბავშვის “წვალება”. მოიცადეთ კიდევ ერთი წელი, იმუშავეთ მასთან, შეიყვანეთ საკვირაო სკოლაში და თავად მოისურვებს მარხვას თანატოლების მსგავსად.

- როგორ ვამარხულოთ ბავშვი?

- შევთანხმდეთ, რომ ჯანმრთელ ბავშვზე ვსაუბრობთ. ასევე, თუ ოჯახში ზოგიერთი წევრი მარხულობს და ზოგი - არა, ბავშვს კარგად უნდა განუმარტოთ, რატომ მიირთმევენ დანარჩენები მისთვის აკრძალულ ხორცსა თუ კვერცხს, მხიარულობენ, დროს ატარებენ, გვიანობამდე უყურებენ ტელევიზორს, არაფერში იზღუდებიან.

როცა ყველა სადავო საკითხი მოგვარდება და ბავშვთან ერთად გადაწყვეტთ მარხვას, შემდეგ უნდა გადაიჭრას არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი - როგორი ფორმით უნდა იმარხულოთ.

არსებობს ორი გზა:

პირველი - რეალური, ნამდვილი მარხვა და საერთო მაგიდა ყველა მომარხულე წევრისთვის.

მეორე - არასრული მარხვა, მაგალითად, ხორცის შეზღუდვა და მოძღვრის კურთხევით რძის პროდუქტის მიღება.

გონივრული იქნება, თუ ბავშვს გარკვეულ შეზღუდვას მის მარხვამდე რამდენიმე წლით ადრე დაუწესებთ: დიდმარხვაში არ მისცეთ შოკოლადი, ტორტი, აყურებინეთ მხოლოდ ერთ მულტფილმს და ა.შ. ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიფიქროთ და თანაც აუხსნათ, თუ რატომ უზღუდავთ გარკვეულ ქცევებს. ასე თანდათან გააცნობიერებს, რომ მარხვა დიეტა არ არის. მარხვის დაწყებამდე კი კურთხევა ითხოვეთ მოძღვრისგან.

- რა მოვუმზადოთ მარხვისას ბავშვს?

- ყოველ კერძს დაარქვით სახელი, ეს უფრო მიმზიდველს გახდის ბავშვისთვის საკვებს.

კომბოსტოს კატლეტი - “კურდღლის სადილი”

საჭიროა:

  • 1კგ თეთრთავა კომბოსტო;
  • ნახევარი ჩაის ჭიქა - 100გ პურის ფქვილი;
  • ამდენივე მანანის ბურღული;
  • მცენარეული ზეთი;
  • 1 თავი ხახვი, რამდენიმე კბილი ნიორი;
  • მწვანილი - ოხრახუში, კამა.

მოხარშეთ კომბოსტო მარილიან წყალში, გაგრილებული გაწურეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ათქვიფეთ მიქსერით. წვრილად დაჭერით ან გახეხეთ ხახვი და ნიორი, დაჭერით მწვანილი და შეურიეთ ბლენდერში არსებულ კომბოსტოს მასას, თანდათან დაურთეთ ფქვილი და მანანის ბურღული, გააკეთეთ მრგვალი ბურთები, ამოავლეთ დაფქულ ორცხობილაში (პანირებული ორცხობილა) და შეწვით ტაფაზე ზეთში. როცა ერთნაირად დაიბრაწება, გადმოიღეთ თეფშზე. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ ბროწეული.

სუპ-პიურე “მზე”

საჭიროა:

  • 400-500გ გოგრა;
  • 4 ცალი კარტოფილი;
  • 1 თავი ხახვი, კამა, მარილი;
  • 1 ცალი სტაფილო.

დაჭერით ბოსტნეული და მოხარშეთ მარილიან წყალში. რომ მოიხარშება, გააგრილეთ და გადაიტანეთ ბლენდერში, გააკეთეთ პიურე, სისქე არეგულირეთ ბოსტნეულის ნახარშით. თეფშზე გადაღების შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, შეგიძლიათ დაუმატოთ ერთი კოვზი სამარხვო მაიონეზი.

დესერტი “მხიარული კანფეტები”

აიღეთ თანაბარი რაოდენობის ქიშმიში, კურაგა, ნუში, შავი ქლიავი, 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ფანტელები, 1/2 ჩაის კოვზი თაფლი და დარიჩინი.

მანქანაში გაატარეთ - კურაგა, ქიშმიში, ნუში. დაუმატეთ თაფლი და დარიჩინი; დაამრგვალეთ ბურთებად ან მიეცით ნებისმიერი ფორმა და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელებში.

სამარხვო ტრაპეზს მიუსხედით მთელი ოჯახი!