სელენი - მტკიცე ჯანმრთელობის საწინდარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სელენი - მტკიცე ჯანმრთელობის საწინდარი

- რა არის სელენი?

- ორგანიზმის ფუნქციობაში სელენის როლის საფუძვლიანი შესწავლა 25 წელია დაიწყო. უკვე აშკარაა, რომ ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოველმყოფელობაში, განსაკუთრებით კი ბავშვობისა და მოზარდ ასაკში. სელენის დეფიციტს ვხვდებით იმ რეგიონებში, სადაც ნიადაგი მას მცირე ოდენობით შეიცავს. მის ნაკლებობას უმთავრესად 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები განიცდიან. თუ რაციონს სელენის პრეპარატებით გავამდიდრებთ, ჩივილები გაივლის.

- რითია სასარგებლო სელენი?

- ეს მიკროელემენტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგვას და ამით მათ სერიოზული დაავადებებისგან იცავს. გარდა ამისა:

  • ეხმარება ორგანიზმს ისეთი არახელსაყრელი პირობების ატანაში, როგორებიცაა ამინდის მკვეთრი ცვალებადობა, ემოციური და ფიზიკური გადატვირთვა. ბუნებრივი ანტიოქსიდანტური დაცვა ბავშვებს სუსტი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, საკვები რაციონი შეიცავდეს ყველა აუცილებელ ინგრედიენტს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური თვისებები ახასიათებს;
  • სიჯანსაღეს უნარჩუნებს კანს, ხელს უშლის თავზე გნეისის (ქერქების) წარმოქმნას;
  • ხელს უწყობს თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციობას; სხვა ვიტამინებსა და მიკროელემენტებთან კომბინაციაში უზრუნველყოფს ორგანიზმის ხანგრძლივ დაცვას; აქვეითებს შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბების, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციის დარღვევის რისკს;
  • გავლენას ახდენს ვირუსებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო თავდაცვითი ფუქციების ჩამოყალიბებაზე; უნარი შესწევს, გაანეიტრალოს ზოგიერთი კანცეროგენი.

სელენის ანტიოქსიდანტური თვისებები ძლიერდება, თუ მასთან ერთად E ვიტამინსაც მივიღებთ, იოდთან ერთად სელენი ხელს უწყობენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის აქტიური ფორმის გამომუშავებას. ამის კვალობაზე, სელენის დეფიციტითა და იოდის დეფიციტით გამოწვეული დარღვევები ურთიერთკავშირშია, ხოლო თუ ბავშვის რაციონში საკმარისადაა ერთიც და მეორეც, მისი ჯანმრთელობა ორმაგად დაცულია. სელენი რკინის ცვლაშიც მონაწილეობს, ამდენად, მისი დეფიციტი სისხლწარმოქმნის პროცესზეც აისახება და ანემიის განვითარების ხელშემწყობ ერთ-ერთ ფაქტორად არის მიჩნეული.

- რისი ბრალია სელენის დეფიციტის ჩამოყალიბება?

- სელენის მთავარი მტრები ცომეული და ტკბილეულია, საიდანაც მიკროელემენტის ათვისება პრაქტიკულად არ ხდება. ბავშვებს სამ წლამდე ნუ მიაჩვევთ ტკბილეულს, თორემ სელენთან ერთად B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტსაც მივიღებთ. თუ დედა ხშირად კვებავს შვილს კონსერვებით, თუნდაც ქარხნული წარმოების წვენებით, ამით დიდ ზიანს აყენებს მას. სელენის უმნიშვნელო ნაკლებობაც კი ბავშვის ჯანმრთეელობაზე უარყოფითად აისახება. დეფიციტი თავდაპირველად შეუმჩნევლად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ თუ არასწორი კვება გაგრძელდა, მალე იჩენს თავს.

- როგორია სელენის ნორმა ორგანიზმისთვის და რომელი პროდუქტები შეიცავს მას?


- სელენის ნორმა ორგანიზმისთვის ასაკის მიხედვით იცვლება:

  • 6-დან 12 თვემდე საჭიროა 15 მკგ;
  • 1-დან 6 წლამდე - 20 მკგ;
  • 7-დან 10 წლამდე - 30 მკგ;
  • 11-დან 14 წლამდე - 40-45 მკგ.

სელენს პრაქტიკულად ყოველგვარი საკვები შეიცავს, მაგრამ მისი ძირითადი წყაროა მარცვლოვანი კულტურები: ხორბლის ღივი, სიმინდი, ბრინჯი, წიწიბურა და ქერი. ქათმის ერთ კვერცხში 31 მკგ სელენია. მისი მარაგი რომ არ დაიკარგოს, უკეთესია, კვერცხი თოხლოდ მოვხარშოთ. საკმაო ოდენობითაა სელენი ზღვის პროდუქტებსა დ თევზშიც. მათ შორის გამოირჩევა თინუსი. მდიდარია ამ მიკროელემენტით ხორცი: ძროხისა - 40 მკგ, ქათმისა - 55 მკგ, ინდაურისა - 71 მკგ და იხვისა - 68 მკგ, აგრეთვე ღვიძლიც - 53 მკგ. ბოსტნეულიდან სელენის შემცველობით გამოირჩევა ხახვი, პომიდორი, ბროკოლი.

- თერმული დამუშავებისას ხომ არ მცირდება საკვებში სელენის ოდენობა?

- რასაკვირველია, უმი პროდუქტი გაცილებით მდიდარია სელენით, ვიდრე თერმულად დამუშავებული. ქარხნული წესით მომზადებული ბავშვის საკვები 2-ჯერ ნაკლებ სელენს შეიცავს, რაფინირებულ, ე.წ. სწრაფი მომზადების ფაფებშიც შემცირებულია მისი შემცველობა. ამიტომაცაა მიზანშეწონილი სელენის დამატებით მიღება პოლივიტამინების ან ცალკე დანამატის სახით.

გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო კერძის რეცეპტს

ღვიძლის პაშტეტი

რეკომენდებულია 9 თვიდან

საჭიროა:

  • 100 გრამი ხბოს ღვიძლი;
  • 1 თავი საშუალო ზომის ხახვი;
  • 20 მლ ბულიონი;
  • 20 გრამი ნაღების კარაქი.

გარეცხეთ ღვიძლი გამდინარე ცივ წყალში, მოაშორეთ გარსი, ხახვთან ერთად გაახვიეთ პერგამენტში, დადეთ ტაფაზე და შედგით ღუმელში 15-20 წუთით. როდესაც გაჭრისას სისხლს ვეღარ შეამჩნევთ, ღვიძლი მზადაა. ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გასრისეთ საცერში, შეურიეთ კარაქი, ბულიონი, თუ ბავშვი უკვე ერთი წლისაა, შეგიძლიათ დაუმატოთ 2,5 მლ მარილის ხსნარიც. მის მოსამზადებლად 100 მლ წყალი და 25 გ სუფრის მარილი წამოადუღეთ და გადაწურეთ. 200 მლ კერძისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახევარი ჩაის კოვზი ხსნარი.

წვნიანი “ჯანმრთელობა”

1,5 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის

საჭიროა:

  • 3 საშუალო ზომის კარტოფილი;
  • 1 სადილის კოვზი ბრინჯი;
  • 4 სადილის კოვზი მწვანე ბარდა;
  • 1 თავი საშუალო ზომის ხახვი;
  • 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო;
  • 1 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა;
  • 1 ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი;
  • საშუალო ცხიმიანობის არაჟანი;
  • ოხრახუში და კამა.

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, მსხვილად გახეხილი სტაფილო, ბარდა, ბრინჯი, მთლიანად ჩააგდეთ ბულგარული. კარტოფილი რომ მოიხარშება, დაამატეთ ზეთი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა. თეფშზე გადმოღების შემდეგ შეაზავეთ არაჟნით.