ყველაზე სასარგებლო კერძი
- რომელი წვნიანია ყველაზე სასარგებლო ბავშვისთვის?
- საუკეთესოა ბოსტნეულის სუპი. რაც შეეხება ბულიონს - ხორცის ნახარშს, რაციონში მისი შეტანა სამ წლამდე არ არის სასურველი. ძალზე სასარგებლოა ჭარხალი რკინისა და თუთიის შემცველობის გამო. მისი ფოთლები მდიდარია რკინით, A და C ვიტამინებით.
აიღეთ: 1 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი; 2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი; 1-2 ცალი მოხარშული კვერცხი; 1 სადილის კოვზი ზეთი; 1 ძირი ახალი ნიორი; მწვანე ხახვი, კამა, მარილი - გემოვნებით.
კარგად გარეცხილი ჭარხალი და კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. როცა გაგრილდება, ჭარხალი გახეხეთ მსხვილად, კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, მოხარშული კერცხი - მრგვლად. აადუღეთ დაახლობით 1 ლ წყალი, შიგ ჩაყარეთ ჭარხალი, კარტოფილი, კვერცხი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მწვანე ხახვი, კამა, ჩაამატეთ ზეთი და 10-15 წუთი ადუღეთ. გადმოიღეთ მათლაფაზე და გააგრილეთ. ჭამის წინ შეგიძლიათ დაუმატოთ 1/2 ჩაის კოვზი არაჟანი.
ბროკოლი მდიდარია C და K ვიტამინებით, კაროტინოიდებით, უჯრედისით, ომეგა 3 ჯგუფის ცხიმოვანი მჟავებით. ბროკოლი, სტაფილო და კარტოფილი ერთად ძალიან არგებს ბავშვს, რომელსაც წონის დეფიციტი აქვს.
აიღეთ: 200 გ ბროკოლი; 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი; 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო; რამდენიმე (3-4) ღერი მწვანე ხახვი; 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი; 1 ჩაის კოვზი არაჟანი; კამა; მარილი. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ შიგ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ბროკოლი. ბოსტნეული რომ მოიხარშება და გაგრილდება, დააბლენდერეთ, დაამატეთ ზეთი, მარილი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა. გადაიღეთ თეფშზე და შუაში ჩაუდეთ არაჟანი.
ყაბაყი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის, შეიცავს ც, ბ1, ბ2 ვიტამინებს და კაროტინს (ა პროვიტამინს).
აიღეთ: 1 ყაბაყი; 100 გ თეთრი ან ყვავილოვანი კომბოსტო; 1 საშუალო ზომის სტაფილო; ოხრახუში, ნიახური, მწვანე ხახვი; 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ დაჭრილი კომბოსტო და სტაფილო, მწვანე ხახვი და ნიახური. დაახლოებით 30 წუთი ხარშეთ, მერე გააგრილეთ, დააბლენდერეთ და ისევ ქვაბში გადაიღეთ. დაუმატეთ ზეთი და კუბებად დაჭრილი ყაბაყი. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. შეაზავეთ მარილით და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით და ქურიდან გადმოდგით. ისევ დააბლენდერეთ. თუ ბავშვს წონის დეფიციტი აქვს, კრემ-სუპს, უკვე თეფშზე გადმოღებულს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი. თუ, პირიქით, წონის კონტროლია საჭირო, არაჟნის გარეშე მიეცით.
გაზაფხულის მოსვლა მხოლოდ იმიტომ კი არ გვიხარია, რომ დღე იზრდება, სითბო იმატებს, ბუნება ყვავის, არამედ იმიტომაც, რომ გაზაფხული გვჩუქნის მწვანილს და მხალეულს, ასე აუცილებელს ნაზამთრალი ორგანიზმისთვის, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით მდიდარს. მათ შორისაა ჭინჭარი და მჟაუნა, რომლებსაც სალათების, სუპების მოსამზადებლად ვიყენებთ. ახალმოკრეფილი მწვანილი 3-5 წუთით უნდა ჩავალბოთ ცივ წყალში, რომ მტვერი და ტალახი მოშორდეს, მერე კი გამდინარე წყლით გავრეცხოთ. ჭინჭარი შეცავს ცილას, სახამებელს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, გოგირდს, ფოსფორს, ვიტამინებს. 100 გ ჭინჭრის სალათა სავსებით აკმაყოფილებს C ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. ჭინჭარში ბევრია კალციუმი - ბავშვის ძვლებისთვის აუცილებელი მინერალი - და K ვიტამინი, რომელიც დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების პროცესზე. ჭინჭრის ნორჩი ფოთლებისგან უგემრიელესი სალათა მზადდება: ფოთლებს გადაავლებენ მდუღარე წყალს, ჭრიან, ამატებენ კიტრს, ქინძს, მარილს და არაჟანს. მჟაუნაში ბევრია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულის კუნთისთვის; ასევე - B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით - B1, რომელზეც მოთხოვნილება მით უფრო იმატებს, რაც უფრო იზრდება რაციონში რაფინირებული საკვების წილი. მჟაუნა შეიცავს მჟაუნმჟავას, რომელიც მის მჟავე გემოს განაპირობებს. მცენარის ახალგაზრდა ფოთლები ნაკლებად მჟავეა, რადგან მასში მჟაუნამჟავა ცოტაა. სამაგიეროდ, ბევრია ვაშლის მჟავა, ამიტომ ჯობს, ბავშვს კერძი ახალგაზრდა ფოთლებისგან მოუმზადოთ.
აიღეთ: 1 დიდი კონა მჟაუნა; თითო კონა ოხრახუში, ქინძი, კამა, მწვანე ხახვი; 2-2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი და სტაფილო; 2 სადილის კოვზი ბრინჯი; მცენარეული ზეთი; მარილი. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ შიგ სიგრძეზე დაჭრილი კარტოფილი და გახეხილი სტაფილო, 15-20 წუთის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი მჟაუნა, მწვანილი, ბრინჯი, ზეთი, მარილი. სუპს მათლაფაზე რომ ამოიღებთ, ჩადეთ შიგ 1 კოვზი არაჟანი და, სურვილისამებრ, მრგვლად დაჭრილი მოხარშული კვერცხის ნაჭერი.
ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, სუფრა გაზაფხულის მწვანილეულით დაამშვენოთ.