ხელოვნური თირკმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელოვნური თირკმელი

- ხელოვნური თირკმლის აპარატის შესახებ ბევრს გაუგონია, მათაც კი, ვისაც ის არასოდეს დასჭირვებია, მაგრამ უმეტესობას მასზე მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. რა არის ხელოვნური თირკმელი და როდის ჩნდება თირკმლის ფუნქციის ჩანაცვლების აუცილებლობა?

- ხელოვნური თირკმლის აპარატი არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს სისხლიდან ურემიული ტოქსინების (თირკმლის უკმარისობისას ორგანიზმში დაგროვილი ტოქსიკური ნივთიერებების) გამოყოფას. სისხლის წმენდის პროცესი ნახევრად გამტარი მემბრანის პრინციპზეა აგებული. ნახევრად გამტარი მემბრანა შედგება მცირე დიამეტრის ფორებისგან, რომლებიც დაბალი და საშუალო მოლეკულური წონის ნივთიერებებს ატარებს, დიდი მოლეკულური წონისას კი აკავებს. ნახევრად გამტარი მემბრანის ამ თვისებას იყენებენ სისხლიდან ურემიული ტოქსინების გამოსადევნად, რომლებიც სწორედ მცირე და საშუალო მოლეკულური წონის ნივთიერებებს წარმოადგენს. სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებები, მაგალითად, ცილები, ორგანიზმშივე რჩება.

პროცედურას, რომლის დროსაც ხელოვნური თირკმლის აპარატის მეშვეობით სისხლიდან გამოიდევნება ურემიული ტოქსინები, ჰემოდიალიზი ეწოდება. ის თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ალტერნატიული მეთოდია.

mkurnali.geთირკმლის ფუნქციის ჩანაცვლება შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმელების ქრონიკული და მწვავე უკმარისობის დროს. უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც საკუთრივ თირკმლის, ისევე სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებები. მოზრდილებში თირკმელის უკმარისობას უმთავრესად გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული, უროლოგიური და ონკოლოგიური დაავადებები, აგრეთვე - ავთვისებიანი ჰიპერტენზია,  ათეროსკლეროზი,  შაქრიანი დიაბეტი, პირველადი და მეორეული გლომერულონეფრიტები, თირკმლის თანდაყოლილი დაავადებები, საშარდე გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებები იწვევს.

- როგორ ტარდება ჰემოდიალიზის პროცედურა?

- ჰემოდიალიზის პროცესში პაციენტის სისხლი გარკვეული ხნის განმავლობაში (4-5 საათს) ცირკულირებს შეკრულ კონტურში. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმიდან გამოყვანილი სისხლი შედის დიალიზატორში, ხოლო დიალიზატორიდან გამოსული გაწმენდილი სისხლი კვლავ პაციენტს უბრუნდება. სწორედ დიალიზატორი ასრულებს ნახევრადგამტარი მემბრანის როლს. ის შედგება მრავალრიცხოვანი ნახევრადსინთეზური/სინთეზური კაპილარული ბოჭკოსგან, რომლებიც ერთ კორპუსშია მოქცეული.

ხელოვნური თირკმლის აპარატში სისხლის ნორმალური ცირკულაციის უზრუნველსაყოფად და სისხლის გასაწმენდად აუცილებელია სისხლის ძლიერი ნაკადი. ვენური სისხლის ნაკადს ამისთვის ძალა არ ჰყოფნის, ამიტომ ოპერაციის გზით წინასწარ იქმნება არტერიულ-ვენური ფისტულა ანუ ანასტომოზი (კავშირი) არტერიასა და ვენას შორის, რის შედეგადაც არტერიული სისხლი ვენურს ერევა და ნაკადი იზრდება.

არის შემთხვევები, როცა პაციენტის სისხლძარღვები არტერიულ-ვენური ანასტომოზისთვის გამოუსადეგარია. ასეთ დროს სისხლძარღვოვან პროთეზს იყენებენ. აპარატის ჩართვისა და ტესტირების შემდეგ მასზე მაგრდება არტერიულ-ვენური მაგისტრალები, დიალიზატორი, ფიზიოლოგიური ხსნარი ისე, რომ შეიკრას სისხლის საცირკულაციო კონტური. აპარატთან მიერთების წინ პაციენტი უნდა აიწონოს, რათა შეფასდეს სეანსებს შორის ორგანიზმში დაგროვილი სითხე. წონის მიხედვით განისაზღვრება ულტრაფილტრაციის რეჟიმიც. პაციენტს სავარძელზე მოთავსებისას უზომავენ არტერიულ წნევას.


კანის ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ ტარდება არტერიულ-ვენური ფისტულის პუნქცია (ჩხვლეტა) და არტერიული ნემსის ბოლოს არტერიული მაგისტრალი უერთდება, ხოლო ვენურისას - ვენური. აპარატის ტუმბოს ამუშავების შემდეგ იწყება სისხლის ცირკულაციის პროცესი. განუწყვეტლივ კონტროლდება ტემპერატურა, სადიალიზო სითხის შემადგენლობა, წნევა დიალიზატორის არტერიულ და ვენურ ბოლოებზე, სისხლის ნაკადის სიჩქარე, ულტრაფილტრაციის სიჩქარე და მოცულობა. პროცედურის შემდეგ ნემსებს იღებენ. პუნქციის ადგილიდან სისხლდენის შესაჩერებლად საჭიროა ხანმოკლე - ხუთ-ათწუთიანი - ზეწოლა. სავარძლიდან ადგომის წინ პაციენტს კიდევ ერთხელ უზომავენ წნევას, რათა თავიდან აიცილონ ორთოსტატიკური კოლაფსი, და წონიან.

- რა არის პერიტონეული დიალიზი, როგორ ტარდება ეს პროცედურა?

- პერიტონეული დიალიზი არის თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის მეთოდი, რომლის დროსაც ურემიული ტოქსინები და ჭარბი სითხე სისხლიდან მუცლის ფარის ანუ პერიტონეუმის გავლით გამოიყოფა. პერიტონეუმით ამოფენილია მუცლის ღრუს შიდა ზედაპირი, მცირე მენჯის ღრუ და მასში განლაგებული შინაგანი ორგანოები. პერიტონეუმში მრავალი სისხლძარღვი გადის და თუ მუცლის ღრუში სითხეს შევიყვანთ, ის იქცევა ნახევრად გამტარ მემბრანად სისხლსა და სითხეს შორის, მის გასწვრივ დაიწყებს მოძრაობას წყალი და მასში გახსნილი საშუალო და დაბალმოლეკულური ნივთიერებები. შეგახსენებთ: სწორედ ნახევრად გამტარი მემბრანა გამოიყენება ხელოვნური თირკმლის აპარატში. ადამიანის მუცლის ფარი მისი ანალოგი აღმოჩნდა. ის შეიცავს მიკროსკოპულ ფორებს, რომლებიც ატარებენ დაბალი და საშუალო მოლეკულური წონის ნივთიერებებს, ხოლო მაღალი მოლეკულური წონისას ორგანიზმშივე ტოვებენ.

გარკვეული ხნის შემდეგ სისხლსა და მუცლის ღრუში არსებულ დიალიზატს შორის ნივთიერებების კონცენტრაცია ერთმანეთს უთანაბრდება - კონცენტრაციული გრადიენტი ნულოვანი ხდება. ამ დროს პერიტონეუმის გასწვრივ ტოქსინებისა და წყლის მოძრაობა წყდება და შესაძლოა, უკუშეწოვა დაიწყოს. ეს იმის მანიშნებელია, რომ საჭიროა ტოქსინებით გაჯერებული ხსნარის გამოდევნა და მის ნაცვლად ახალი დიალიზატის შეყვანა. ამიტომ პერიტონეული დიალიზის დროს ხსნარი საშუალოდ 6 საათში ერთხელ იცვლება. ხსნარის შეცვლა შეუძლებელია პერიტონეული დიალიზის კათეტერის გარეშე. მას მუცლის ღრუში პროცედურების დაწყებამდე 7-10 დღით ადრე ნერგავენ. ეს ოპერაცია პერიდურული (ზურგის ტვინის მაგარი გარსის გარეთა და შიგნითა ფურცლებს შორის არსებული ნაპრალის) ანესთეზიით ტარდება. შესაძლებელია კათეტერის ლაპაროსკოპიული იმპლანტაციაც. კათეტერის ერთი ნაწილი მუცლის ღრუშია ჩაკიდული, მეორე კი ყრუდ გამოდის მუცლის ზედაპირზე. კათეტერი ფიქსირებულია მანჟეტების საშუალებით.

რამდენ ხანს უნდა დარჩეს პაციენტი საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ, ექიმი წყვეტს. პაციენტს საგანგებოდ ასწავლიან კათეტერის გამოყენებას, მოვლას, დიალიზატის შეცვლას და პირადი ჰიგიენის წესების დაცვას. პერიტონეული დიალიზის ხსნარის შეცვლა ძნელი არ არის, მისი შემცველი პაკეტების მიმაგრება და მოხსნა უმტკივნეულო პროცესია.

- რას ემყარება ექიმების არჩევანი პერიტონეულ დიალიზსა და ხელოვნური თირკმლის აპარატის გამოყენებას შორის?

- არჩევანი პაციენტმა უნდა გააკეთოს. ეს მან უნდა გადაწყვიტოს, ჩანაცვლებითი თერაპიის რომელი სახეობა ურჩევნია, ექიმს კი შეუძლია, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, პაციენტს მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი ურჩიოს.

როდესაც შეუძლებელია პაციენტის უზრუნველყოფა სისხლძარღვოვანი მიდგომით ან გულ-სისხლძარღვთა სისტემაა არასტაბილური, ჰემოდიალიზი ვერ ჩატარდება. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია პერიტონეული დიალიზი. პერიტონეული დიალიზი უკუნაჩვენებია, როცა პაციენტს აქვს ნაწლავების ქრონიკული დაავადება ან დივერტიკულოზი, ფილტვების ქრონიკული დაავადება ან თირკმლის გიგანტური პოლიკისტოზი, გადატანილი აქვს მწვავე პერიტონიტი, დარღვეული აქვს მუცლის კედლის მთლიანობა. პერიტონეულ დიალიზსა და ჰემოდიალიზს შორის არჩევანის გაკეთებისას შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს არა სამედიცინო ჩვენება, არამედ პაციენტის სოციალური მდგომარეობა.


- მოსალოდნელია თუ არა პერიტონეული დიალიზის ან ჰემოდიალიზის დროს გართულებათა აღმოცენება?

- გართულების რისკი არსებობს. პერიტონეული დიალიზის ჩატარებისას გართულებამ შესაძლოა თავი იჩინოს როგორც კათეტერის იმპლანტაციის დროს, ისე ოპერაციის შემდგომ პერიოდსა და თვით მკურნალობის პროცესში. კათეტერის იმპლანტაციის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი სისხლდენა, სითხის გაყინვა, კათეტერის მდებარეობა არასწორი აღმოჩნდეს, მოხდეს კათეტერის გამოსასვლელი ადგილის ინფიცირება და კათეტერის არხის ანთება. ჩამოთვლილ გართულებებს მკურნალობენ ადგილობრივად, სადეზინფექციო ხსნარებით, ანტიბიოტიკებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ქირურგიული კორექცია. პერიტონეული დიალიზის ყველაზე ხშირი გართულებაა პერიტონიტი. ის მუცლის ღრუს ინფიცირების შედეგად ვითარდება, ინფიცირების ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი ხსნარის შეცვლისას მუცლის ღრუში ინფექციის შეჭრაა. მიკროორგანიზმები კათეტერის საშუალებით მუცლის ღრუში აღწევენ, ხოლო ტემპერატურა და გლუკოზა ხელსაყრელ პირობებს ქმნიან მათ გასამრავლებლად. პერიტონიტის დაწყების პირველი ნიშანია მუცლიდან გამოსული სადიალიზო სითხის ამღვრევა. პერიტონიტის სიმპტომებია მუცლის ტკივილები და ღებინებაც. პერიტონიტის დადასტურების შემთხვევაში ინტრაპერიტონეულად ნიშნავენ ანტიბიოტიკებს. დასაშვებია მათი შეყვანა დიალიზატში ან ინტრავენურად, ასევე - მიღება ტაბლეტების სახით. პერიტონიტის მკურნალობა სტაციონარში უნდა ჩატარდეს. ჰემოდიალიზის დროს საკმაოდ დიდია კათეტერის ინფიცირებისა და დათრომბვის რისკი. ამ გართულებათა საწინააღმდეგოდ ტარდება მუდმივი საპროფილაქტიკო ღონისძიებები. სისხლძარღვოვანი მიდგომის ყველაზე ხშირი გართულებებია სისხლდენა, ინფექცია, თრომბოზი.

- მოეთხოვებათ თუ არა პაციენტებს განსაზღვრული რეჟიმის დაცვა ჰემოდიალიზის ან პერიტონეული დიალიზის დროს?

- ჰემოდიალიზის სეანსები ტარდება სპეციალურად აღჭურვილ სადიალიზო ცენტრში კვირაში სამჯერ. სეანსის მიმდინარეობისას პაციენტს შეუძლია იკითხოს, უყუროს ტელევიზორს, დაიძინოს ან მიირთვას ანუ აკეთოს ყველაფერი ის, რისი კეთებაც არის შესაძლებელი სავარძელში, აპარატთან მიერთების გამო ნახევრად შეზღუდულ მდგომარეობაში. სეანსებს შორის პაციენტი განაგრძობს ჩვეულებრივ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. წყლისა და ტოქსინების ჭარბი დაგროვების თავიდან ასაცილებლად სეანსებს შორის აუცილებელია ექიმის მიერ წინასწარ განსაზღვრული დიეტის დაცვა.

პერიტონეული დიალიზის დროს პაციენტი ხსნარს იცვლის ექიმის მიერ წინასწარ შერჩეული რეჟიმით შინ ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც საამისოდ შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობებია. პერიტონეულ დიალიზზე მყოფ პაციენტს შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და კლინიკაზე ისე არ იყოს დამოკიდებული, როგორც ხელოვნური თირკმლის აპარატის გამოყენებისას. დიეტა არც ისე მკაცრია, შეზღუდვები უმნიშვნელოა. პაციენტი კლინიკაში მხოლოდ გეგმური გამოკვლევების ჩასატარებლად დადის.