რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
თირკმლის გადანერგვა
თირკმლის გადანერგვა
საბედნიეროდ, კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა თირკმლის გადანერგვისთვის, ანუ თირკმლის ტრანსპლანტაციისათვის, პაციენტებს ქვეყნის გარეთ უწევდათ კლინიკისა და სპეციალისტების ძიება. ჩვენი მკითხველებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ თირკმლის ტრანსპლანტაცია ერთ-ერთი ის სერიოზული ოპერაციაა, რომელიც საქართველოში წარმატებით ტარდება. როდის არის აუცილებელი თირკმლის ტრანსპლანტაცია, ვინ შეიძლება გახდეს დონორი, მოსალოდნელია თუ არა გართულებები ტრანსპლანტაციის დროს?
მკითხველებისათვის საინტერესო ამ და სხვა შეკითხვებს ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრის თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა უპასუხებს:

- რა შემთხვევებში ჩნდება თირკმლის
ტრანსპლანტაციის საჭიროება?

- თირკმლის ტრანსპლანტაცია ეგრეთ წოდებული თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთ-ერთი ფორმაა. ის ესაჭიროებათ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ანუ როდესაც არც ერთი თირკმელი არ ფუნქციონირებს დამაკმაყოფილებლად. მცდარია საზოგადოებაში არსებული აზრი, რომ თირკმლის ტრანსპლანტაცია შეიძლება დასჭირდეს პაციენტს, რომელსაც “ამოაჭრეს” ერთი თირკმელი, მაგრამ მეორე თირკმელი
ჯანმრთელი აქვს. ერთი ნორმალურად მოფუნქციე თირკმელი სავსებით საკმარისია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის და ამ დროს თირკმლის ტრანსპლანტაცია არ ტარდება.

- თუ შეიძლება, მკითხველთათვის მოკლედ რომ განმარტოთ თირკმლის ტრანსპლანტაციის არსი.

- თირკმლის ტრანსპლანტაცია გულისხმობს საკუთარი ან სხვისი თირკმლის გადანერგვას ერთსა და იმავე ან სხვა ორგანიზმში მისი ფუნქციის აღსადგენად. თირკმლის ტრანსპლანტაციის ფორმებია:

  • აუტოტრანსპლანტაცია (თირკმლის გადანერგვა ერთი და იმავე ორგანიზმის ერთი ადგილიდან მეორეში);
  • ალოტრანსპლანტაცია (თირკმლის გადანერგვა ერთი და იმავე სახეობის ორგანიზმებს შორის, მაგ.: ადამიანიდან ადამიანში, მაიმუნიდან მაიმუნში და ა. შ.);
  • ქსენოტრანსპლანტაცია (თირკმლის გადანერგვა სხვადასხვა სახეობის ორგანიზმებს შორის, მაგ.: მაიმუნიდან ადამიანში, ღორიდან მაიმუნში და ა. შ.).

ტრანსპლანტაციისათვის თირკმელი შეიძლება აიღონ როგორც ცოცხალი (უხშირესად, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი), ისე გარდაცვლილი დონორისგან. გარდაცვლილი დონორებისგან თირკმელს იღებენ, როგორც წესი, ტვინის სიკვდილის დროს.

- ჩვენი მკითხველებისათვის ცნობილია, რომ არსებობს თირკმლის უკმარისობის მკურნალობის სხვა მეთოდებიც - ხელოვნური თირკმლის აპარატის გამოყენება და პერიტონეული დიალიზი. რა უპირატესობა აქვს თირკმლის ტრანსპლანტაციას აღნიშნულ მეთოდებთან?

- თირკმლის ტრანსპლანტაციის გარდა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ფორმებია ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი. ჰემოდიალიზის დროს თირკმლის ფუნქციას ასრულებს აპარატი, რომელიც ორგანიზმიდან გამოტანილ სისხლს “წმენდს” და ორგანიზმში აბრუნებს. ჰემოდიალიზი “ხელოვნური თირკმლის” სახელწოდებითაც არის ცნობილი. პერიტონეული დიალიზის დროს ორგანიზმის “გასაწმენდად” გამოიყენება პერიტონეუმის ფურცელი. უამრავი პაციენტის მრავალწლიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ თირკმლის ტრანსპლანტაცია, პრაქტიკულად ყველა პარამეტრით, ბევრად სჯობს ჰემო- და პერიტონეულ დიალიზს: ეფექტით, შედეგებით, გართულებების ნაკლებობით, ცხოვრების ხარისხითა და სხვა. დადგენილია, რომ თირკმელგადანერგილი პაციენტები დიალიზზე მყოფ პაციენტებზე მეტხანს ცოცხლობენ.

- ვინ შეიძლება გახდეს ორგანოს დონორი?

- საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ორგანოს დონორი შეიძლება გახდეს პაციენტის ოჯახის წევრი (ბაბუიდან შვილიშვილამდე), უახლოესი ნათესავი (ბიძა, დეიდა, მამიდა, დისშვილი, ძმისშვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი), მეუღლე, თუ ისინი კანონიერად არიან დაქორწინებულნი 1 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში და მეუღლის ნათესავი, თუ მეუღლეები 2 წელზე მეტია კანონიერად არიან დაქორწინებულნი. რამდენიმე წლის წინ ძალაში შევიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დაშვებულია ე.წ. “ახლო ემოციურ კავშირში მყოფი” პირისაგან ორგანოს გადანერგვა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დონორ-რეციპიენტმა დონაციის უფლება სასამართლოში უნდა აიღოს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყველა შემთხვევაში ორგანოსა თუ ქსოვილის დონაცია უნდა იყოს უსასყიდლო და ალტრუისტული. ორგანოებით ვაჭრობა სისხლის სამართლის დანაშაულია!

- ტექნიკურად რამდენად რთულია გადანერგვის პროცედურა?

- თირკმლის ტრანსპლანტაცია რთული ოპერაციაა, თუმცა არსებობს უფრო რთული ოპერაციებიც. საქართველოში თირკმლის ტრანსპლანტაცია 1997 წლიდან წარმოებს. ჩვენს კლინიკაში ორივე ოპერაციის (თირკმლის დონორისგან აღება და პაციენტში ჩანერგვა) საშუალო ხანგრძლივობა 4 საათია.

- რამდენად მოსალოდნელია გადანერგვის პროცესში დონორის ორგანიზმში რაიმე გართულების აღმოცენება?

- თირკმლის ტრანსპლანტაციას, ისევე როგორც ყველა ოპერაციას, თავისი შესაძლო (არა აუცილებელი!) გართულებები აქვს. საზოგადოდ, დონორ-ნეფრექტომია - დონორის ორგანიზმიდან თირკმლის ამოკვეთა ძალიან უსაფრთხო ოპერაციაა. ჩვენს კლინიკაში ბოლო 18 წლის განმავლობაში ნაოპერაციები ყველა დონორი ცოცხალია, არც ერთი არ არის დიალიზზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

- როგორია პაციენტის მდგომარეობა გადანერგვის შემდგომ, რამდენად მნიშვნელოვანია პოსტოპერაციული მეთვალყურეობა?

- თირკმლის ტრანსპლანტაციას ახასიათებს გარკვეული გართულებებიც (როგორც ქირურგიული, ისე თერაპიული). ამ ოპერაციის წარმატებით ჩასატარებლად აუცილებელია, სამედიცინო გუნდს, რომელიც ოპერაციას აწარმოებს, ჰქონდეს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება შესაძლო გართულებების ამოცნობასა და მათ მართვაში. პაციენტების ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობა უაღრესად მნიშვნელოვანია დადებითი შედეგისათვის. ტრანსპლანტაციის ოპერაცია ამ პაციენტების ხანგრძლივი და რთული მკურნალობის პროცესის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ეტაპია. აუცილებელია, ეს ესმოდეს თავად პაციენტსაც და გაითვალისწინოს სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციები. დამყოლი და დამჯერი პაციენტი წარმატების უმნიშვნელოვანესი გარანტია.

- რამდენად მნიშვნელოვანია თირკმლის დროული გადანერგვა?

- თირკმლის ტრანსპლანტაციის შედეგები უშუალოდ უკავშირდება დროულ ოპერაციას. დადგენილია, რომ ადრეულ ეტაპზე წარმოებული თირკმლის ტრანსპლანტაციის შედეგები კიდევ უფრო უკეთესია. დიალიზის დაწყებამდე ჩატარებულ თირკმლის ტრანსპლანტაციას საუკეთესო შედეგები აქვს.

- რამდენად ხანგრძლივია თირკმლის გადანერგვის ისტორია საქართველოში და როგორია სადღეისო შედეგები?

- საქართველოში თირკმლის პირველი ტრანსპლანტაცია ჩატარდა ქართველი და რუსი ქირურგების ერთობლივი ჯგუფის მიერ 1974 წელს. თირკმლები გარდაცვლილი დონორებისა იყო და საქართველოში რუსმა ქირურგებმა ჩამოიტანეს. ოპერაციები მაშინდელ ქირურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა. ქართველი ქირურგების ჯგუფს აკადემიკოსი ლაურ მანაგაძე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ ამ დარგში ხანგრძლივი პაუზა იყო. ცოცხალი დონორებისგან თირკმლის ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაციები უროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა 1997 წელს. ეს იყო ქართველი და ფრანგი ქირურგების ჯგუფი, რომელსაც საქართველოდან აწ გარდაცვლილი ქირურგი, ელგუჯა ღონღაძე ხელმძღვანელობდა. პირველად სწორედ თირკმლის ტრანსპლანტაციის ამ ოპერაციებში ვმონაწილეობდი. 2000 წლიდან თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაციები საქართველოში პროგრამულია და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ჩვენ მიერ ჩატარებული თირკმლის ტრანსპლანტაციის შედეგები წამყვანი ქვეყნების შედეგების იდენტურია. ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ ჩვენს მიღწევებს და ვაქვეყნებთ მათ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, აღვნიშნავთ სამეცნიერო კონგრესებსა და ღონისძიებებზე.

- რა სიახლეებია სადღეისოდ თირკმლის ტრანსპლანტაციის მხრივ და რას უნდა ველოდეთ სამომავლოდ?

- ტექნოლოგიურმა პროგრესმა ტრანსპლანტოლოგიაშიც შეაღწია. დღეს დონორის ოპერაციები ლაპაროსკოპიით ტარდება. აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ტრანსპლანტაციის ოპერაციები რობოტული ტექნოლოგიით ტარდება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა იმუნოსუპრესიული მედიკამენტების ხარისხი და ეფექტურობა. უკვე არსებობს სქემები, რომლითაც შესაძლებელია პაციენტებისთვის ოპერაციის შემდგომი იმუნოსუპრესიის შეწყვეტა.

მეტად პერსპექტიულია გენური ინჟინერიისა და ღეროვანი უჯრედების მიმართულებაც. დარწმუნებული ვარ, მომავალ ათწლეულში ტრანსპლანტოლოგიაში მნიშვნელოვანი პროგრესის მომსწრენი გავხდებით.

- რას ეტყოდით პაციენტებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია და მათ, ვინც ელის ამ ოპერაციას?

- პაციენტებს, რომელთაც უკვე ჩაიტარეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, მინდა მივულოცო ეს დიდი წარმატება და ჯანმრთელობა ვუსურვო. მინდა ვუთხრა, რომ მათ მიიღეს დღეისათვის მედიცინაში არსებული საუკეთესო მკურნალობა. ეს ნიშნავს მკურნალობის საუკეთესო შედეგებს როგორც სამედიცინო, ისე ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით. თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციისა და ცხოვრების ხარისხით ეს პაციენტები ყველაზე ახლოს არიან ჯანმრთელ ადამიანებთან.

პაციენტებს, რომელთაც დაგეგმილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, მინდა ვუთხრა, რომ ამ ურთულეს დარგში წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია გუნდური მიდგომა. დონორმა და რეციპიენტმა უნდა აირჩიონ ის კლინიკა და ის ექიმები, რომლებსაც მაქსიმალურად ენდობიან და უნდა გახდნენ მათი ნაწილი. უაღრესად მნიშვნელოვანია ექიმების რეკომენდაციების გაზიარება და შესრულება. მხოლოდ ერთიანი გუნდური მიდგომით არის შესაძლებელი ამ “ბრძოლაში” გამარჯვება!
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
05-04-2018
ორგანოთა ტრანსპლანტაციის ოპერაციები უკვე წლებია, რაც წარმატებით ხორციელდება. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ორგანოთა გადანერგვაა შესაძლებელი, სამი ათეული წელია, საქართველოც შეემატა.
11-01-2018
ამერიკელმა მკვლევარებმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან ლაბორატორიაში გაზარდეს მინი-ფილტვები და ვირთაგვებს გადაუნერგეს. ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა. კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჯეისონ სპენსი (ჟასონ შპენცე) აღნიშნავს, რომ ამგვარად შექმნილი ფილტვები ბევრი მახასიათებლით პრაქტიკულად ადამიანის ფილტვების ანალოგიურია.
14-08-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
შაქრიანი დიაბეტი თირკმელებს საკმაოდ ხშირად აზიანებს. პირველი ტიპი დიაბეტის მქონე ყოველ მესამე პაციენტს და
კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელსაც თხიერი შიგთავსი აქვს და ის შესაძლოა ნებისმიერ ორგანოში გაჩნდეს.
თირკმლის განვითარების ანომალიები თირკმლის აგებულებისა თუ ფუნქციის თანდაყოლილი დარღვევაა,
ვიდრე თირკმლის დაავადებებით პროვოცირებულ პრობლემებზე დეტალურად მოგაწვდიდეთ ინფორმაციას,
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის