საინტერესო ფაქტები თრობის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საინტერესო ფაქტები თრობის შესახებ

ალკოჰოლი აღწევს სისხლში

მოლეკულათა მცირე ზომისა და განსაზღვრული ფიზიკური თვისებების წყალობით ეთილის სპირტი საუკეთესოდ ერევა წყალს და კარგად იხსნება ცხიმში. ამის გამოა სწორედ, რომ ალკოჰოლი ადვილად გაივლის ბიოლოგიურ მემბრანებს, მიღებისთანავე შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვან გარსში, შემდეგ - კუჭსა და ნაწლავებში და ძალზე სწრაფად ხვდება სისხლში, ამ უკანასკნელს კი ის მთელ ორგანიზმში გადააქვს.

როგორც კი ალკოჰოლი ორგანიზმში მოხვდება, იწყება მისი “განფენა”. ფერმენტების ზემოქმედებით ის წყლად და ნახშირმჟავად იქცევა. ორგანიზმში მოხვედრილი ალკოჰოლის ძირითადი ნაწილი (100 მგ სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე საათში) ღვიძლში იშლება, მისი მხოლოდ 2-5% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების, საოფლე ჯირკვლებისა და ფილტვების (ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად) საშუალებით.

სწორედ ამ ორი პროცესის - ალკოჰოლის ორგანიზმში მოხვედრისა და მისი დაშლის - თანაფარდობაზეა დამოკიდებული სისხლში ალკოჰოლის შემცველობა და, შესაბამისად, თავის ტვინზე მისი დამათრობელი ზემოქმედება.

კუნთოვანი ქსოვილი აკავებს ალკოჰოლს. ეს უკანასკნელი კუნთებში ან იჟანგება (ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი გზით), ან უმალვე მიემართება ღვიძლისკენ. ცხიმოვანი უჯრედები კი სხვაგვარად იქცევა: ცხიმში გახსნილი ალკოჰოლი მათში გროვდება, სადაც სწრაფად დაშლისგან დაცულია. აქედან გამომდინარე, რაც უფრო დიდია კუნთოვანი მასა და ნაკლებია ცხიმოვანი ქსოვილი ორგანიზმში, მით უფრო დაბალია სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია და მით უფრო სუსტად მოქმედებს ის თავის ტვინზე. ალკოჰოლი განსაკუთრებით სწრაფად იწოვება მშიერ კუჭზე მიღებისას, მეტადრე - თუ საკვები არ მივაყოლეთ. სათანადო რაოდენობის საკვები, უპირველეს ყოვლისა - ხორცი, საგრძნობლად აფერხებს ალკოჰოლის შეწოვას და თითქმის ორჯერ აქვეითებს სისხლში მის შემცველობას. როგორც ირკვევა, ამ დროს მოსანელებელი პროდუქტები, რომლებიც იმავე ლორწოვანი გარსის წყალობით აღწევს სისხლში, ხელს უშლის ალკოჰოლის შეწოვას, კონკურენციას უწევს მას მემბრანული ბარიერის გადალახვაში.

თრობა და ადამიანის ხასიათი

თრობის ხარისხი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეც. ერთი მხრივ, უარყოფითი ემოციები (ნაღველი, დარდი, დათრგუნვილობა) თითქოს აძლიერებს ალკოჰოლის შეწოვას და თრობის პროცესს. მეორე მხრივ, შეწოვა შესაძლოა შეფერხდეს ძალიან ძლიერი ემოციის (განრისხება, დიდი სიხარული და სხვა) გავლენით.

აღნიშნულ ფსიქიკურ მდგომარეობათა ქიმიური მხარის შესახებ ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ამის კვალობაზე, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ დათრგუნვილი განწყობა რატომღაც აადვილებს ბიოლოგიური მემბრანების გავლით ალკოჰოლის შეწოვას და შესაძლოა ართულებს მის გადამუშავებას. ძლიერი ემოციები კი, საზოგადოდ, იწვევს სისხლძარღვთა მკვეთრ შევიწროებას როგორც კუჭის, ისე ნაწლავების არეში, რის გამოც ამ უბნებში ნაკლები სისხლი გაივლის და, ბუნებრივია, მათში ალკოჰოლის მოხვედრაც ფერხდება.

ალკოჰოლის კონცენტრაცია

ალკოჰოლის შეწოვის სიჩქარე სასმელში მის კონცენტრაციაზეცაა დამოკიდებული. ერთი და იმავე რაოდენობის ალკოჰოლი ლუდის (5-6%) ან ყურძნის ღვინის (9-20%) სახით ორგანიზმზე გაცილებით სუსტად მოქმედებს, ვიდრე 40-გრადუსიანი არყის სახით. დიდი განზავების შემთხვევაში ალკოჰოლი სისხლში გაცილებით ნელა შეიწოვება, თანაც მისი დიდი ნაწილი, ვიდრე თავის ტვინამდე მიაღწევდეს, დაშლა-გადამუშავებას ასწრებს. სამაგიეროდ, თუ ალკოჰოლთან ერთად კუჭში ნახშირორჟანგიც მოხვდა (მაგალითად, არაყი ლუდთან ან ვისკი სოდიან სასმელთან ერთად), კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი მეტისმეტად ღიზიანდება, სისხლის მოდენა ძლიერდება და ალკოჰოლის შეწოვაც იზრდება.

მყისიერი სარგებლობა

ალკოჰოლს ხშირად სტიმულატორს უწოდებენ. ბევრს ეჩვენება, რომ სასმელი გამოაცოცხლებს, უფრო ენერგიულსა და კომუნიკაბელურს ხდის. გარკვეულწილად ასეც არის - ალკოჰოლის შედარებით მცირე დოზა მართლაც ასტიმულირებს ორგანიზმის აქტიურობას: გულისცემა ოდნავ ძლიერდება, კანისა და კიდურების სისხლძარღვები ფართოვდება, არტერიული წნევა მცირდება, დაძაბულობა და დათრგუნვილობა ქრება.

ერთი სირჩა არაყი სადილის წინ მატებს მადას, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას. არყის ასეთი მცირე ულუფა, ცხადია, ორგანიზმს საფრთხეს არ უქადის, თუმცა ეს მყისიერი სარგებლობა ადამიანს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს, თუ ეს ერთი სირჩა ჩვევად ექცა. ის უფრო და უფრო ხშირად იღებს ალკოჰოლის მცირე ულუფას, უფრო და უფრო ადვილად იტანს უფრო დიდ დოზებს, რომლებიც ადრე წამლავდა და საბოლოოდ საქმე მძიმე პათოლოგიამდე - ალკოჰოლიზმამდე მიდის.

თრობის საფეხურები

ალკოჰოლი სპეციფიკური ნერვული შხამია. ცხიმში კარგი ხსნადობის გამო ის თავის ტვინში (რომლის ქსოვილიც განსაკუთრებით მდიდარია ცხიმით) უფრო ჭარბად გროვდება, ვიდრე სხვა ორგანოებში. თავის ტვინზე ალკოჰოლის ზემოქმედება უშუალოდ უკავშირდება სისხლში მის კონცენტრაციას. ალკოჰოლის რაოდენობის მატებისდაკვალად თავდაპირველად პარალიზებას განიცდის თავის ტვინის უმაღლესი ცენტრები, შემდეგ ითრგუნება შუალედური სტრუქტურები, საბოლოოდ კი ე.წ. დაბალი ცენტრები, რომლებიც ორგანიზმის ძირითად საციცოცხლო ფუნქციებს განაგებს.

სუსტი თრობის დროს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია 0,05%-ზე ნაკლებია (საშუალოდ ეს 100 მლ არაყს შეესაბამება). ასეთ დროს ადამიანი ეშვება, მშვიდდება. შედარებით დიდი კონცენტრაციისას კი ითრგუნება თავის ტვინის ცენტრების აქტივობა, განსაკუთრებით - ქცევის მაკონტროლებელი, თვითკონტროლსა და ყურადღების კონცენტრაციაზე პასუხისმგებელი ცენტრებისა. იწყება ალკოჰოლის მასტიმულირებელი მოქმედების გამოვლენა: ადამიანი ხალისდება, ამაღლებულ განწყობაზე დგება, მჭევრმეტყველების სურვილი იპყრობს, თითქოს ერთბაშად გამოცოცხლდაო, ქცევის კონტროლიც უსუსტდება, რეალობაში ორიენტაციის უნარს კარგავს.

როდესაც ალკოჰოლის კონცენტრაცია სისხლში 0,1%-ს (200 მლ არაყი) მიაღწევს, ვითარდება საშუალო სიმძიმის (ხარისხის) თრობა. თავის ტვინის ქერქის ცენტრები ქაოსურ აგზნებას განიცდის, შესაბამისად, ქერქქვეშა დაქვემდებარებული განყოფილებები მათი მარეგულირებელი გავლენიდან გამოდის, იცვლება ემოციური აღქმა (ასეთ დროს ხშირად საუბრობენ განსაზღვრულ ინსტინქტთა გაღრმავებაზე).

თრობის ამ სტადიაზე ქცევა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის ტემპერამენტსა და ხასიათის თავისებურებებზე: ზოგს მოუსვენრობა იპყრობს, ზოგს - მხიარულება და სიცელქე, ზოგი განსაკუთრებულად მგრნობიარე ხდება და ცრემლებს ვერ იკავებს, ზოგსაც ეჭვიანობა, გაღიზიანება და აგრესია ეუფლება.

სისხლში ალკოჰოლის კიდევ უფრო მაღალი შემცველობისას (0,15%, 300 მლ არაყი) თავის ტვინის მამოძრავებელი ცენტრების აქტივობა ითრგუნება - ადამიანი კუნთებზე კონტროლის უნარს კარგავს, ხოლო ალკოჰოლის მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში (0,25-0,3%, 400-600 მლ არაყი) ვითარდება მძიმე თრობა - ადამიანი სრულიად კარგავს ორიენტაციის უნარს, ძილი ერევა, გონებას კარგავს.

ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში მოგრძო ტვინში მდებარე სასიცოცხლო მნიშვნელობის ცენტრები ითრგუნება, როდესაც სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია 0,5%-ს აღწევს (საშუალოდ 1000 მლ არაყი), იბლოკება სუნთქვის ცენტრი და ლეტალური შედეგი დგება.