რატომ არიან ზოგიერთები ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილნი
რატომ? რა განაპირობებს ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილებას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის მეცნიერები კარგა ხანია აქტიურად მუშაობენ. საინტერესო გამოკვლევებისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე უახლოეს მომავალში მათ შესაძლოა რისკჯგუფებიც გამოავლინონ და ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ახალი მედიკამენტებიც შექმნან.
მრგვალ ჭიებზე (გენეტიკურად ადამიანსა და მათ შორის დიდი მსგავსებაა) ჩატარებული ექსპერიმენტებით შეისწავლეს SWI/SNF ცილოვანი კომპლექსის როლი დამოკიდებულების ფორმირების მექანიზმებში. გაირკვა, რომ აღნიშნული კომპლექსის გენეტიკური ვარიაციები მჭიდროდაა დაკავშირებული ალკოჰოლიზმთან, როგორც ადამიანთა, ასევე ჭიების შემთხვევაში. ქცევითი დამოკიდებულების აღმოცენების ალბათობა იზრდება გარკვეულ გენებში განსაზღვრული მუტაციების შედეგად. თითოეულ მუტაციას თავისი წვლილი შეაქვს ამ პროცესში.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, ალკოჰოლიზმის განვითარებაზე პასუხისმგებელი გენების გამოვლენა-შესწავლა მრგვალ ჭიებში ნათელს ჰფენს ადამიანთა ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილების ბევრ მექანიზმს.
თინათინ გოცაძე