ნარკომანთა დეტოქსიკაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნარკომანთა დეტოქსიკაცია

mkurnali.geამიტომაც გვსურს, მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ნარკოტიკული ნივთიერებების მავნეობაზე და ამასთანავე გაგაცნოთ აღკვეთის სინდრომის მკურნალობის მნიშვნელოვანი ეტაპი - დეტოქსიკაცია. საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით მივმართეთ კლინიკა

"ბემონის" ექიმს, ნარკოლოგსა და ფსიქოთერაპევტს ლადო ჩანტლაძეს.

 

- ბატონო ლადო, რომელი ნარკოტიკებია გავრცელებული ამჟამად საქართველოში?

- უმთავრესად - ჰეროინი, სუბუტექსი, მეტადონი. ბოლო დროს ასევე ხშირად მოიხმარენ კუსტარულ სტიმულატორებს, კერძოდ, ვინტსა და ჯეფს. შეინიშნება ანტიდეპრესანტების ბოროტად გამოყენებაც, თუმცა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში.

 

- მოდი, მოკლედ დავახასიათოთ თითოეული საშუალება და მათი მკურნალობის პირველ ეტაპზე - დეტოქსიკაციაზეც ვისაუბროთ.

- საკითხს სხვაგვარად თუ მივუდგებით, მკურნალობის პირველ ეტაპად შეიძლება განვიხილოთ თავად პაციენტის მოტივაცია, მისი გადაწყვეტილება, სურვილი, რომ კლინიკაში მივიდეს და მკურნალობა ჩაიტაროს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება დეტოქსიკაცია.

ახლა - რაც შეეხება უშუალოდ ნარკოტიკებს. დავიწყოთ ოპიოიდებით. არსებობს ნატურალური (საძილე ყაყაჩოს წვენი, მორფიუმი), ნახევრად სინთეზური (ჰეროინი, ჰიდრომორფინი), სინთეზური (მეთადონი, პრომედოლი) და აგონისტ-ანტაგონისტური (აგონისტი - ნარკოტიკის მსგავსი ეფექტის მქონე ნივთიერება; ანტაგონისტი - ნივთიერება, რომელიც წინააღმდეგობას უწევს სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას) მოქმედების (სუბუტექსი, პენტაზოცინი) ოპიოიდები.

ჰეროინი ძლიერმოქმედი ნარკოტიკია. ამის გამო მისი გამოყენებისას ხშირია დოზის გადაჭარბება. დოზის გადაჭარბებისა და სიკვდილიანობის შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ჰეროინზე მოდის. სულ რამდენიმე, მაგალითად, 4-5 ინექციის შემდეგ შეიძლება ჩამოყალიბდეს მასზე როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური დამოკიდებულება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა მინარევებს შეიცავს ჰეროინი. მაგალითად, გერმანიაში გვხვდება მუქი ყავისფერი, შავი ჰეროინი. მასში ჰეროინის კონცენტრაცია ნაკლებია, ანუ ერთი საშუალო ულუფა ოდენობრივად ბევრად უფრო მეტია, ვიდრე აღმოსავლური ჰეროინისა ან იმ ჰეროინისა, რომელიც საქართველოში შემოდის. თეთრ ჰეროინში, დიდია ალბათობა, შავი ბაზრის გადამყიდველებმა გაურიონ სხვადასხვა ნივთიერება, ბარბიტურატებით (მათ შორის - თაგვის წამლით) დაწყებული, ტრანკვილიზატორებით დამთავრებული, ყავისფერ ჰეროინში კი მინარევები უფრო მეტად ჩანს, ამიტომ თეთრი ჰეროინის მოხმარების შემთხვევაში უფრო დიდია მინარევების მიღების ალბათობა და აღკვეთის სინდრომიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს - ნებისმიერ ძლიერ ნივთიერებას, მაგალითად, ბენზოდიაზეპინებს, ბარბიტურატებს ხომ თავ-თავისი აღკვეთის სინდრომი აქვს. როცა არ ვიცით, - და ხშირად არ ვიცით, - რა არის ჰეროინში შერეული, მკურნალობა საკმაოდ ძნელია.

თითქმის ყველა პრეპარატი, განსაკუთრებით - ისეთი ძლიერი, როგორიც ნარკოტიკია, ღვიძლის გადასამუშავებელია. ჰეროინი და, საზოგადოდ, ოპიოიდები პირველ რიგში დამანგრეველად მოქმედებს ღვიძლზე, შემდეგ ნეგატიურ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს) და არღვევს მის მოქმედებას. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ყველა სისტემა კავშირშია ერთმანეთთან. ჰეროინი აზიანებს ამ ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლებს და ყველა სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. ჰეროინის საზიანო მოქმედება, დაწყებული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევებით და დამთავრებული ფსიქოემოციური აშლილობებით, საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს. ვითარდება პიროვნების დეგრადაცია. ორგანიზმზე ამ ნარკოტიკის უარყოფითი ზემოქმედების დაწვრილებით ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

 

- მაშინ მკურნალობაზე ვისაუბროთ.

- აღკვეთის სინდრომი - ეს არის იმ სიმპტომთა ერთობლიობა, რომლებიც თავს იჩენს ნარკოტიკული ნივთიერების შეწყვეტის ან დოზის შემცირების შემდეგ, რა თქმა უნდა, მისი ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე, ასევე ნარკოტიკების მეშვეობითაც. ეს უკანასკნელი, ნარკოტიკებით დეტოქსიკაცია, სამწუხაროდ, საქართველოში იურიდიულ დონეზეც კი არ არის დანერგილი. ჩვენთან პრაქტიკაში უნარკოტიკო მეთოდი გამოიყენება. ამ დროს ინიშნება პრეპარატების მთელი წყება: სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ნეიროლეპტიკები, ანტიკონვულსიური პრეპარატები, მიორელაქსანტები, ნორმოთიმიული საშუალებები, ტრანკვილიზატორები... მათი მიღების სქემა იმაზეა დამოკიდებული, რომელ ნივთიერებას, რა ოდენობით და რამდენ ხანს იღებდა წამალდამოკიდებული ადამიანი.

მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც თავისი კრიტერიუმები და დანიშნულება აქვს.

დეტოქსიკაციის საშუალო ხანგრძლივობა ათი დღეა. პირველი სამი-ოთხი დღე კრიზისული პერიოდია, მომდევნო დღეები კი სამედიცინო რეაბილიტაციას ეთმობა. მკურნალობა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებლად სტაციონარის პირობებში უნდა მიმდინარეობდეს.

 

- საინტერესო საკითხი წამოჭერით, ბატონო ლადო: ცნობილია, რომ წამალდამოკიდებული ადამიანები ხშირად თვითონვე მკურნალობენ საკუთარ თავს დოზების შემცირებით. ცნობილია თუ არა თქვენთვის ასეთი ფაქტები?

- რაც უფრო ხშირად და რაც უფრო დიდი დოზით იკეთებს ადამიანი წამალს, მით უფრო იზრდება ორგანიზმის ტოლერანტობა და ნარკოტიკი ისეთ ეიფორიას ვეღარ იწვევს, როგორსაც თავიდან, მოხმარების დაწყებისას, ამიტომ წამალდამოკიდებულები ხშირად თვითონვე არეგულირებენ დოზებს, შეიძლება კლინიკასაც მიმართონ დეტოქსიკაციისათვის. ასეთი მოტივაცია ადვილი ამოსაცნობია...

 

- და ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტისთვის უარი გითქვამთ?

- არა, ასეთი რამ არ მომხდარა, პირიქით, ჩვენ ვეჭიდებით ყოველ ასეთ შანსს, ვცდილობთ, ადამიანს სხვანაირი მოტივაცია შევუქმნათ, საზოგადოებისკენ შემოვაბრუნოთ, მივცეთ გამოჯანმრთელების შანსი.

როდესაც მდგომარეობა შედარებით მსუბუქია ან ადამიანს ნარკოტიკისთვის თავი უკვე დანებებული აქვს და აწუხებს უძილობა, შფოთვა, დისკომფორტი, ამბულატორიული მკურნალობა დასაშვებია, მაგრამ თუ წამალდამოკიდებულება ძლიერია და ადამიანი დიდ დოზებს იღებს, მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში უნდა წარიმართოს. ალბათ, არსებობენ ექიმები, რომლებიც სახლში მკურნალობენ. მინდა კორექტული ვიყო - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. როცა პაციენტი მუდმივი კონტროლის ქვეშ არ არის, შეიძლება, სამკურნალო პრეპარატებზე ნარკოტიკული საშუალება დაიმატოს, რაც, ფაქტობრივად, დამღუპველია.

არის შემთხვევები, როდესაც თავად ნარკოტიკების მომხმარებლები ავრცელებენ ერთმანეთში დეტოქსიკაციის სქემებს, გაუგონიათ რაღაც პრეპარატები და მათი მეშვეობით მკურნალობენ. ასეთი "დეტოქსიკაცია", როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება, მეტიც - ყალიბდება დამოკიდებულება იმ პრეპარატების მიმართ, რომლებითაც `მკურნალობენ~. მინდა, ყველას ვთხოვო, ერიდონ ასეთ "რეცეპტებს" და "სქემებს".

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ეწევიან მსგავს იატაკქვეშა საქმიანობას. მესმის, რომ მკურნალობა ძვირია და ოჯახმა შესაძლოა უფრო იაფის გადახდა არჩიოს, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე! ასეთი "მკურნალობა", მინიმუმ, უშედეგოა, ზოგ შემთხვევაში კი სავალალო შედეგამდე მივყავართ.

ბოლო ხანს კუსტარულად დამზადებული სტიმულატორების სახით კიდევ ერთი პრობლემა დაგვემატა. ფსევდოეფედრონის დასამზადებელი პრეპარატები შედარებით იაფია, ამიტომ მას დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები ეტანებიან. ამავე მიზეზით კლინიკას ამ სახის წამალდამოკიდებულთა ძალიან მცირე რაოდენობა აკითხავს.

კუსტარული სტიმულატორების მოხმარებისას ძალიან მალე ვითარდება შეუქცევადი ნევროლოგიური დარღვევები, ყალიბდება პარკინსონიზმი. შორს წასული შემთხვევების შემობრუნება და კორექცია ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ ტიპის ნარკომანიას ძალიან განსხვავებული კლინიკა ახასიათებს. სტიმულატორების მოხმარება ეტაპობრივად მიმდინარეობს: ადამიანი რამდენიმე ხანს მოიხმარს წამალს, შემდეგ რამდენიმე ხანს ჩერდება და ასე შემდეგ. ამ ტიპის წამალმომხმარებელთა  უმრავლესობა პოლინარკომანია - სხვადასხვა პრეპარატს ურევს ერთმანეთში, რასაც იშოვის, ყველაფერს იკეთებს. ახლახან გლობალური ფონდის დახმარებით ჩატარდა კვლევა, რომელმაც ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა: კვლევაში მონაწილე ნარკოტიკის მომხმარებლებს შორის ჭარბობდნენ კუსტარული სტიმულატორების მომხმარებლები.


 

 

- როგორ მიმდინარეობს მკურნალობა საწყის ეტაპზე?

- არსებობს სპეციალური სქემები, რომლებიც სტიმულატორების მოხმარების შემდეგ დეტოქსიკაციისთვის გამოიყენება. ნევროლოგიური სიმპტომოკომპლექსის ჩამოყალიბებამდე შედეგიანი მკურნალობა შესაძლებელია, - არსებობს სპეციალური ინფუზიური ხსნარები, რომელთა ინტენსიური გამოყენებით ასიდან 50 შემთხვევაში შესაძლებელია იმ შხამების განეიტრალება, რომლებიც ბოლო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მოხვდა ორგანიზმში, - ხოლო როდესაც შორს წასულ ფორმასთან გვაქვს საქმე, მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ საბოლოო შექცევადობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ამჟამად ჰეროინზე მწვავედ დგას სუბუტექსის პრობლემა. მას მოიხმარენ სხვადასხვა პრეპარატთან კომბინაციაში. ეს ძალიან ამძიმებს ადამიანის მდგომარეობას, ცვლის ფსიქოემოციურ სურათს... ხშირად იჩენს თავს ანგიოლოგიური პრობლემები.

სუბუტექსი (ბუპრენორფინი) წამალდამოკიდებულების სამკურნალოდ არის მოწოდებული და, სხვათა შორის, ამ მისიას ძალიან კარგად ართმევს თავს - ჰეროინის აბსტინენციის შემთხვევაში სუბუტექსი სუბუქსონთან ერთად ძალიან კარგი კომბინაციაა კლებითი დოზებით აღკვეთის სინდრომის გასანეიტრალებლად. ის ენის ქვეშ დასადები ფორმით გამოდის, მაგრამ ნარკომანები მას ამუშავებენ და ინტრავენურად იღებენ ნარკოტიკული ეიფორიის მისაღწევად. ბევრს ჰგონია, რომ სუბუტექსის ეიფორია ძნელი შესამჩნევია და ამ პრეპარატს ამიტომაც ანიჭებენ უპირატესობას. გარდა ამისა, სუბუტექსი ხანგრძლივად მოქმედებს. ჰეროინის მომხმარებელი საღამოს გაკეთებული ინექციის შემდეგ დილით უკვე ცუდად არის და წამლის ძებნას იწყებს, ხოლო სუბუტექსის მომხმარებელს შეუძლია, მთელი დღე გაძლოს ულუფის გარეშე.

სუბუტექსი მოქმედებს ცნს-ზე, ღვიძლზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და სხვა, მაგრამ განსაკუთრებული ზიანი ფსიქიკას ადგება. სუბუტექსის მომხმარებლებს სპეციფიკური ფსიქოსომატური დარღვევები აღენიშნებათ.

მკურნალობა, უფრო სწორად, დეზინტოქსიკაცია, ინდივიდუალურია. სუბუტექსის აღკვეთის სინდრომის დროს დისკომფორტის შეგრძნება, ტკივილი და სხვა უსიამოვნო სიმპტომები უფრო გვიან იჩენს თავს, ვიდრე ჰეროინის შემთხვევაში. შფოთვითი მოვლენები, უძილობა, დეპრესიაც უფრო მეტად არის გამოკვეთილი, ამიტომ სასურველია, კრიზისული დღეების შემდეგ მკურნალობაში აქტიურად ჩაერთოს ფსიქოთერაპია.

 

- ელიტური ნარკოტიკის - კოკაინის მოხმარების შემთხვევები თუ არის ჩვენთან?

- კოკაინი ჩვენში არ არის გავრცელებული. ელიტურ ნარკოტიკად საქართველოში რატომღაც მეთადონი ითვლება, რომელიც, არსებითად, იაფფასიანი ნარკოტიკია, მაგრამ საქართველოს შავ ბაზარზე საკმაოდ ძვირი ღირს.

მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ ნარკოტიკად მიიჩნევა ექსტაზიც, რომელიც ასევე ძალიან იაფია ევროპაში, ჩვენთან კი ძალიან ძვირი ღირს, თუმცა ამას დადებითი მხარეც აქვს: სიძვირის გამო ექსტაზიმ ფართოდ ვერ მოიკიდა ფეხი ნარკოტიკულ ბაზარზე, საქართველოში მასზე დამოკიდებული ადამიანები არ არიან.

ექსტაზი პოლინარკომანიის კომპონენტია. მას უმთავრესად ახალგაზრდები, თინეიჯერები ეტანებიან. ექსტაზმა სტიმულატორია და ჰალუცინოგენების ჯგუფში შედის. ეს ძალიან საშიში ნარკოტიკია. დოზის გადაჭარბებისას ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს. მისი მიღებისას იწყება ჰიპერთერმია - ორგანიზმი ცხელდება, ხდება გაუწყლოება, იმატებს არტერიული წნევა, პულსი და თუ მომხმარებელმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს... სხვათა შორის, უცხოეთში ექსტაზის გამსაღებლები თავიანთ კლიენტურას რჩევებსაც აძლევენ, ყველამ იცის, რომ ეიფორიის დროს უნდა სვას წყალი, არ დაიმატოს სხვა ძლიერმოქმედი ნარკოტიკი... თუ მას ლსდ-ს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ამ უკანასკნელის მიღების შემთხვევაში ლეტალობა თითქმის არ აღინიშნება, ექსტაზის დროს კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ექსტაზის ხშირი მიღება იწვევს ფსიქოზს, რომელიც ძალიან მძიმედ მიმდინარეობს.

 

- საძილე საშუალებები?

- საძილე საშუალებები ძალიან უყვართ ქალებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი პაციენტების მკურნალობაც დაგვჭირვებია. სხვათა შორის, ისინი შედარებით მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები არიან. ხშირად ისინი ვერც კი აცნობიერებენ თავიანთ წამალდამოკიდებულებას. სხვათა შორის, ალკოჰოლსა და ბენზოდიაზეპინებს ჯვარედინი ტოლერანტობა ახასიათებთ: თუ ადამიანი ადრე ალკოჰოლს მოიხმარდა, შემდეგ კი ბენზოდიაზეპინებზე გადავიდა, ამ დროს ტოლერანტობა ალკოჰოლის მიმართაც იზრდება.

წამალდამოკიდებული პირები ნარკოტიკებს ხშირად ამატებენ  ტრანკვილიზატორებს, ბენზოდიაზეპინებსა თუ არაბენზოდიაზეპინურ საშუალებებს. ამით მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლოა არ გაიზარდოს, მაგრამ კლინიკა გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, სიმპტომოკომპლექსიც გაცილებით რთულია.

რაც შეეხება ალკოჰოლიზმს, სამწუხაროდ, ბოლო დროს ასეთი პაციენტებიც მომრავლდნენ. რამდენიც უნდა ვიძახოთ, ღვინის ქვეყანა ვართ და კულტურა გვაქვსო, ფაქტი სახეზეა.

 

- ესეც სოციალურ მდგომარეობასა და სიიაფეზე ხომ არ არის დამოკიდებული?

- საქართველოში მართლაც არსებობს ტრადიცია და ამის გამო ალკოჰოლი ფაქტობრივად ლეგიტიმიზებულია. მაგრამ ეს ლეგიტიმაცია ზოგიერთ ადამიანზე ცუდად მოქმედებს, ხოლო მაგარი სპირტიანი სასმელების მოყვარულთათვის ეს შეიძლება სავალალოდაც დასრულდეს.

ალკოჰოლზე დამოკიდებულები უმთავრესად შუახნის და საშუალო ასაკს გადაცილებული ადამიანები არიან.

უბედურება ის არის, რომ ხალხი ვერ აცნობიერებს საკუთარ პრობლემას. მოდიან ალკოჰოლდამოკიდებულები, რომელთაც კრიზისული მდგომარეობა აქვთ და სურთ, მოიხსნან აღკვეთის სინდრომი, გაიკეთონ გადასხმა, დამშვიდდნენ, შემდეგ კი კლინიკას აღარ ეკარებიან და სულ რაღაც ერთ თვეში შეიძლება ისევ ძველ მდგომარეობაში ვიხილოთ... ჰგონიათ, დეტოქსიკაციას გაიკეთებენ და ამით დამთავრდება. სინამდვილეში ამით კი არ მთავრდება ყველაფერი, არამედ იწყება. რესოციალიზაციას, რეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

დაბოლოს, მინდა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილო ყურადღება. საქართველოში დეტოქსიკაცია ნარკოტიკის გარეშე ხორციელდება. ალტერნატიულ გზად ითვლება მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამა. ამათ გარდა მსოფლიოში არსებობს ნარკოტიკის კლებითი დოზებით მკურნალობის მეთოდები. საერთოდ, მსოფლიო პრაქტიკაში, ამერიკისა და ევროპის ნარკოლოგიურ კლინიკებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში, ნარკოტიკის გარეშე დეტოქსიკაცია გამოიყენება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მოტივირებულნი არიან, ნარკოტიკის მოხმარებას თავი დაანებონ. დანარჩენ შემთხვევებში დეტოქსიკაცია ხდება ნარკოტიკების კლებითი დოზებით. ამ დროს გამოიყენება მეტადონი, სუბუტექსი, სუბუქსონი და კოდეინის შემცველი ნივთიერებები და სხვა. ჩვენთან სამკურნალოდ მოსულ ადამიანს არჩევანი არ აქვს: ან მკურნალობა-დეტოქსიკაცია ნარკოტიკის გარეშე, ან მეორე უკიდურესობა - ჩანაცვლებითი თერაპია.

სამწუხაროდ, მკურნალობის კომპლექსური სისტემა: დეტოქსიკაცია, სამედიცინო რეაბილიტაცია, სოციალური რეაბილიტაცია - ჯერ კიდევ არ არის ერთ ჯაჭვად ქცეული და დახვეწილი. კარგი იქნება, თუ იმ ჯარიმის თანხები, რომელსაც დაკავებულებს ახდევინებენ, მათი მკურნალობისკენ იქნება მიმართული. აშშ-ში შემდეგი მოდელი მუშაობს: ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან წამლის მოხმარების ფაქტებზე, აქვთ ალტერნატივა: ან მკურნალობა და რეაბილიტაცია, ან ციხე. თუ რეაბილიტაციის ცენტრში დააშავა რამე, ციხეში უშვებენ. ფაქტია, რომ სახელმწიფოს პაციენტის მკურნალობა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე პატიმრის შენახვა.

ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება. წამალმომხმარებლის შემეცნების დონე, ცნობიერება უნდა შეიცვალოს. ამაში საზოგადოებასთან ერთად მასმედიამაც უნდა ითამაშოს დიდი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი. საჭიროა წამალმომხმარებელთა ოჯახის წევრებთან მუშაობა. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი როგორც ინფორმაციის გაცემის, ასევე თავად მკურნალობისა და რეაბილიტაციის სტრუქტურის, სისტემის დასახვეწად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თავად პაციენტსაც უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს, რა ურჩევნია: უნარკოტიკო დეტოქსიკაცია თუ დეტოქსიკაცია ნარკოტიკის კლებითი დოზებით, დეტოქსიკაცია ძლიერი თუ სუსტი ნარკოტიკით. რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პაციენტსაც უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. ჩანაცვლებითი თერაპიაც ძალიან კარგია, მაგრამ მას თავისი ფუნქციები და კრიტერიუმები აქვს. აუცილებელია ალტერნატივა და ეს პრინციპი მთელ მსოფლიოში დიდი ხანია მოქმედებს. ზოგიერთი პაციენტისთვის უნარკოტიკო დეტოქსიკაცია არ შეიძლება, რადგან გამორიცხული არ არის, ამან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა გამოიწვიოს.